რა რიტუალებით გამოირჩეოდა ხატზე დაფიცება სვანეთში და როგორ ხდებოდა მსხვერპლთა რაოდენობის „გაქვითვა” სისხლის აღების დროს
მთის მკაცრ სამართალზე ქართულ ეთნოგრაფიაში ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია არსებობს, მათ შორის ისეთებიც არის, რომლებიც თავისი სისასტიკით სამართლის ნორმებს ნამდვილად სცილდება. საქართველოს მაღალმთიანეთში, მათ შორის სვანეთში, დღემდე არსებობს საუკუნეების წინ დამკვიდრებული დაუწერელი კანონები, რომლებიც ყველა სამართლებრივ ნორმაზე უფრო მკაცრია და მას დღემდე ჰყავს უამრავი დამცველი და მიმდევარი. სვანური „ვენდეტა” – სისხლის აღება და ხატზე დაფიცების ძველისძველი რიტუალი, რომელსაც, როგორც ჩვენი რესპონდენტი გრიშა ონიანი ამბობს, დღემდე არც ერთი სვანი არ ღალატობს. მთისთვის ჩვეული ტრადიციები დღემდე ისეა შემორჩენილი, როგორც ეს ძველ დროში იყო.
გრიშა ონიანი: სისხლის აღება შურისძიების ერთ-ერთი უძველესი ზომაა, რომელსაც სვანეთში და არა მხოლოდ სვანეთში მიმართავდნენ თემური წყობილებიდან დღემდე. სამაგიეროს მიზღვის ეს ფორმა ადამიანის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა, მაგრამ მისი მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელი გახდა. შურისძიების ეს ფორმა თავისი შემზარაობითა და ტრადიციულობით დღესაც სახეზეა. სვანეთში ყველა დანაშაულს თავისი შესაბამისი სასჯელი მიესადაგება. შეიძლება ითქვას, რომ სვანური სამართალი რომაულ სამართალზე უფრო მკაცრია. ეს სამართალი რამდენიმე მძიმე დანაშაულს მოიცავს: განზრახ მკვლელობა, შემთხვევითი მკვლელობა, შემოკვდომა და გაუპატიურება. გაუპატიურებაც ისევე სასტიკად ისჯება, როგორც განზრახ მკვლელობა. თუ გადასახდელია რამე, გაუპატიურების დროსაც ისე ხდება „გადახდა,” როგორც მკვლელობის დროს. ასეთ შემთხვევებში, დაზარალებული არ იღებს გადაწყვეტილებას ცხელ კვალზე, არც დამნაშავე ცდილობს შერიგებას. ჯერ საქმე უნდა დაიწმინდოს, საქმის მომწიფების შემდეგ დამნაშავე ეძებს და არჩევს მოციქულებს დაზარალებულის ოჯახში შესაგზავნად. განზრახ მკვლელობის შემთხვევაში, დაზარალებული მოციქულებს სახლში არ უშვებს, პირიქით, შეურაცხყოფილია მოციქულებისგან, რადგან ასეთ საქმეზე მის ოჯახში მისვლა არ უნდა გაებედათ. თუ ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა, ცხადი ხდება, რომ დაზარალებულმა სისხლი უნდა აიღოს. ამ შემთხვევაში დამნაშავე და მისი ოჯახი ტოვებენ თავის საცხოვრებელს, ან, მზადაა, რომ სისხლი დაიღვაროს. სისხლის აღება არ არის ერთჯერადი პროცესი, ის თანდათან იკრებს ძალას და შავ მორევში ითრევს ადამიანებს. სისხლის აღების შეწყვეტის მიზეზი მსხვერპლთა გათანაბრებაა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მაგრამ, მდგომარეობას ართულებს ის საკითხი, რომ ხშირად ერთი მხარისთვის თავისი მოკლული ბევრად მეტად ფასობს, ვიდრე მეორე მხარისთვის. ასეთ შემთხვევებში, დაზარალებულის ოჯახი არა მკვლელს, არამედ მის ოჯახში გამორჩეულ ადამიანს კლავს. შესაძლოა, სისხლის აღების მსხვერპლი თემის საუკეთესო წევრიც გახდეს. ფიზიკური და მორალური გატოლების შემდეგ მოციქულები ახერხებენ შერიგებას და ეს ხანგრძლივი და მეტად ემოციური პროცესია.
– როგორ ხდებოდა სისხლის აღების რიტუალი სვანეთში, რომელი გვარები იყვნენ ერთმანეთთან ყველაზე მეტად გადამტერებული? როგორც ამბობენ, არის გვარები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში იბრძოდნენ პირველობისთვის.
– სისხლის აღების ბევრად უფრო მძაფრი ეპიზოდები არსებობს ზემო სვანეთში; სისხლის აღების სულ სხვადასხვა წესია უბატონო სვანეთში: ბარსზემოურში და ბარსქვემოურში; ქვემო სვანეთში კიდევ უფრო განსხვავებული წესებია. ტრადიციებში იმდენად დიდია განსხვავება, რომ ზემო და ქვემო სვანეთში სამართალიც სხვადასხვაგვარია. ზემო სვანეთში ძლიერ გვარებს მიეკუთვნებოდნენ: ჯაფარიძეები, შამფრიანები, აფრასიძეები, გოშთელიანები. ქვემო სვანეთში სისხლის აღების ყველაზე ტრადიციული გვარი გაზდელიანია. დაპირისპირება გვარებს შორის ზემო სვანეთში ყოველთვის უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ქვემო სვანეთში. სისხლის აღება ხშირად რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა და მსხვერპლთა რიცხვი ოცსაც აღწევდა ხოლმე. გახმაურებული დაპირისპირება იყო ჩართოლანებსა და ჯაფარიძეებს შორის, რაც რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა და ორივე მხრიდან რვა ადამიანზე მეტი შეიწირა. იმ ისტორიებს შორის, რომლებიც სვანეთში სისხლის აღებით იყო ცნობილი, დღემდე რჩება ლეგენდად ქცეული ისტორია ორ ცნობილ გვარს, – ონიანებსა და ჯანხოთელებს შორის, რაც მოგვიანებით, მეშვიდე-მერვე თაობაში, შერიგებითა და ხშირ შემთხვევაში, დამოყვრებითაც დამთავრდა. ვინაიდან ამ ისტორიის შემდეგ დიდი დროა გასული, თავს უფლებას ვაძლევ, ვისაუბრო დეტალებზე, ლეგენდად მოარულ ამბავზე, რომელიც ცხენისწყლის ხეობაში, კერძოდ, ლაშხეთში დატრიალდა: ყასბალათმა და ბექურბიმ ნაადრევად გადაწყვიტეს დამოყვრება და აკვანში ჩაკრული ყასბალათის მზეთუნახავი გოგო ბექურბის ბიჭზე დაწინდეს. გოგონას ბექურბის მაუზერიდან ამოღებული ოქროსფერი ტყვია ოქროს ბეჭედთან ერთად აკვანში თავქვეშ ამოუდეს: ბეჭედი – ქორწინების ნიშნად, ტყვია კი – ღალატის საპასუხოდ. ბექურბის ბიჭს, ლევანს კი თავქვეშ ყასბალათის მაუზერის ორი ტყვია შეუცურეს – ღალატის შემთხვევაში მამისა და შვილის მოსაკლავად. ყასბალათმა და ბექურბიმ ორნახადი არყით ადღეგრძელეს მოყვრობა და თავ-თავის გზაზე გასწიეს. ყასბალათის თამარი ულამაზესი გოგო გაიზარდა, ბექურბის მოკლეხელება და დაბალფეხება ბიჭი კი თამარის შესადარი ნამდვილად არ იყო. ბავშვები წამოიზარდნენ. მათი დაწინდვის ამბავი ყველამ იცოდა, მაგრამ, მათი გარეგნობის შემხედვარე, ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ერთ დღეს ყასბალათს გზად თავისმა დირექტორმა გამოურა, ის სიმპათიური, განათლებული ახალგაზრდა კაცი იყო. თამარის დანახვამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ციოგმა არად ჩააგდო სვანური ტრადიცია, ის ბეჭედი, რომელიც თამარს 16 წლის წინ ამოუდეს ბალიშის ქვეშ და ყასბალათს პირდაპირ განუცხადა, რომ თამარი მისი ცოლი იყო. მან ნიშნობის ბეჭედი მდინარეში გადააგდო, ტყვია კი თავის მაუზერში ჩააგდო.
ბექურბის სვანეთში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, შვილის ღალატსა და შეურაცხყოფას არავის აპატიებდა. ლევანს არ გააჩნდა გამბედაობა, რომ შური ეძია, მაგრამ, მამის დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდა, ციოგი მოეკლა: ერთ დღესაც, გზაზე დახვდა მას და „ბერდენკიდან” ტყვია დაახალა. ბექურბიმ შვილი საგულდაგულოდ გადამალა. დადგა სისხლის აღების რთული, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი საქმე. რამდენჯერმე შეიკრიბნენ ციოგის მამის ბიძაშვილები, რადგან, სვანური ტრადიციით, სისხლის აღების რიტუალში მამის მხარე უნდა ყოფილიყო მონაწილე. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სისხლი სამ კაცს უნდა აეღო. ვინაიდან ლევანი გახიზნული იყო, ჯერ ბექურბის მოკვლა გადაწყდა, მაგრამ, ბექურბი ფრთხილი კაცი იყო და უიარაღოდ არსად დადიოდა, სროლაში კი მას ბადალი არ ჰყავდა. ერთ ღამეს, მათ, ვისაც სისხლი უნდა აეღო, ბექურბი წისქვილთან მოიხელთეს და რამდენიმე გასროლით ადგილზევე მოკლეს. ბექურბის მეუღლემ წისქვილთან მკვდარი ქმარი რომ იპოვა, გლოვისა და ლოყების ხოკვის გარეშე, სასწრაფოდ მოიხსნა ლეჩაქი, გარდაცვლილის ტვინის ნამთხლევის შეგროვება დაიწყო სიბნელეში, ფუთად გამოკრა, ქმრის ცხედარი მხარზე მოიკიდა და სოფელში ისე ჩაიტანა. მთელმა სოფელმა იგლოვა ვაჟკაცობით ცნობილი ბექურბი. მისი მკვლელობის ორი მონაწილე გააციმბირეს, თუმცა, ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ, ორივე გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს მკვდარი. მდინარეში დაიხრჩო მკვლელობის მესამე მონაწილე. ალბათ, გაინტერესებთ, რა ბედი ეწია ლევანს? როდესაც მან იგრძნო, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ვერავინ დაიცავდა, თოვლიანი მთების გადავლით ქუთაისამდე ჩააღწია, ფეხები მოყინული და დაზიანებული ჰქონდა და, ამიტომ, სამკურნალოდ მიაკითხა ექიმს, რომელსაც სვანეთთან დიდი კავშირი ჰქონდა. ექიმი დაინტერესდა, რატომ გადალახა მან ასეთ ექსტრემალურ პირობებში მთა, რომ ქუთაისამდე ჩასულიყო. ლევანმა ექიმს უამბო თავისი ისტორია. აღმოჩნდა, რომ ექიმი გარდაცვლილი ციოგის მეგობარი იყო. მან პირდაპირ მკვლელისგან მოისმინა მეგობრის მკვლელობის დეტალები. როგორც ამბობენ, ლევანი იმ ექიმის კაბინეტიდან აღარ გამოსულა – ის იქვე, ადგილზე, გულის შეტევით გარდაიცვალა.
– რას იტყვით ხატზე დაფიცების ძველისძველ რიტუალზე?
– ეს რიტუალი ისეთივე მკაცრი და ძველისძველია, როგორიც სისხლის აღება. ხატზე დაფიცება საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც წინ უძღვის სხვა რიტუალები, მათ შორის – მისჯა. დამნაშავემ თავისი თავი უნდა წარმოიდგინოს დაზარალებულის ადგილზე, მის ადგილზე „დადგეს”. დაფიცების რიტუალში მონაწილეობას იღებენ შუამავლები, მოციქულები, რომლებიც არკვევენ დეტალებს იმის შესახებ, რაც მოხდა. ისინი ორივე დაპირისპირებულ ოჯახში მიდიან და შეაჯერებენ იმ ინფორმაციას, რასაც ამ ოჯახებიდან გამოიტანენ. შემდეგ შუამავლები მიდიან კუნძულზე, რომელსაც ორი მდინარე ჩამოუდის. მოციქულები ამ კუნძულზე რჩებიან მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ სხვა ადამიანებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ, პურსა და შაშხსაც თოკზე და ქვაზე გამობმულს აწვდიან. როცა კუნძულზე გადაწყდება სამართალი, მერე იწყება დაფიცების რიტუალი. ეს არის სამართლის ერთგვარი ზეიმი, რომელიც ტარდება ეკლესიაში, წმინდა გიორგის ხატთან, რომელიც სვანებისთვის მთავარი სალოცავი ხატია. რიტუალის შესრულებისას ხატზე უნდა დაიფიცოს იმ ხალხმა, რომლებსაც მოკლულის ოჯახი მოითხოვს. ის ადამიანი, ვინც ხატზე დაფიცებაში იღებს მონაწილეობას, სრულად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომ ის ადამიანი, ვისაც უდგება სიტყვაში, მის ამა თუ იმ ნათქვამში მართალია და ამაში ბოლომდე არის დარწმუნებული. დამფიცებელთა რაოდენობა შეიძლება იყოს ექვსი, ცხრა, თორმეტი, რაც ნიშნავდა „თორმეტ თავკაცს.” რაც უფრო დიდია საქმე, მით უფრო ბევრია დამფიცებელი. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ დამფიცებლის როლში ყოფნას ცუდი შედეგებიც მოჰყოლია და, ამიტომაც იყო, რომ დამფიცებელი განსაკუთრებით ფრთხილობდა. სვანი კაცი ვერაფრით ვერ გაბედავს ტყუილზე ხატზე დაფიცებას. მე, მაგალითად, არ ვარ მორწმუნე, უფრო მეტიც, ათეისტი ვარ, მაგრამ, ამ რიტუალს ისეთ პატივს ვცემ და ისეთი შთაგონება მაქვს, ხატზე ჩემი შვილის ამბავზეც კი ვერ დავიფიცებ.