კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა დრო ზუსტი და რის გამო ემატება 30 ივნისს დროს ერთი წამი

ცა ადამიანის ინტერესის ამოუწურავი სფეროა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ცისა და დედამიწის ურთიერთობა ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება. ახალი აჟიოტაჟი გამოიწვია ცისა და დედამიწის ურთიერთობაზე ერთმა უცნაურმა ფაქტმა – ივნისის ბოლო წუთის ხანგრძლივობა სამოცის ნაცვლად სამოცდაერთი წამი იქნება. იმის გასარკვევად, თუ რატომ მოხდება სამოცდამეერთე წამის ხელოვნურად ჩამატება, მივმართეთ ცნობილ ასტრონომსა და პოეტს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, შალვა საბაშვილს.

– ბატონო შალვა, საიდან ჩნდება დროის მიმდინარეობაში ეს ზედმეტი წამი?
– ეს არც ისე მარტივი კითხვაა. ვისაც პასუხი მართლა აინტერესებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს. დაწყება კი შორიდან მოგვიწევს. კერძოდ იმით, თუ რას წარმოადგენს დრო. ეს ურთულესი საკითხია და მას მრავალი ასპექტი აქვს. ამაში პირადად დავრწმუნდი, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, ვმუშაობ ახალ წიგნზე „დრო და სამყარო”. ეს ასპექტებია – ფილოსოფიური, ასტრონომიული, ფიზიკური, ტექნიკური, ფსიქოლოგიური და სხვა.
– და რა გაირკვა, რა არის დრო?
– ბოლომდე ეს არცაა ნათელი. იმაზეც კი დავობენ, არსებობს დრო ობიექტურად არსებულ სამყაროში, თუ ის მხოლოდ მოაზროვნე ადამიანის მიერ არის ხელოვნურად შემოტანილი. ამას ვერ ჩავუღრმავდებით. მაგრამ თუ დროის გაზომვას მოვისურვებთ, ეს კი აუცილებელია საზოგადოებრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და წელთაღრიცხვის სისტემების შესაქმნელად, იძულებულნი ვიქნებით, დროის ობიექტურად არსებობა ვაღიაროთ. სხვანაირად როგორ გავზომავთ იმას, რაც არ არსებობს? მეტიც, უნდა ჩავთვალოთ, რომ დრო მიმდინარეობს თანაბრად – სხვანაირად ისევ აზრი ეკარგება მის გაზომვას ზუსტი საათებით.
– ვინ დაიწყო მისი გაზომვა პირველად?
– რასაკვირველია, ასტრონომებმა. ეს ასტრონომიის გარიჟრაჟზე მოხდა, 5000 წელზე ბევრად მეტი ხნის წინ. ვგულისხმობ საათების დამზადებას და, ასევე, კალენდრების შექმნას. ორივე შემთხვევაში, საჭირო იყო დროის საზომი ერთეულების, ანუ ეტალონების მოფიქრება. შევთანხმდეთ, რომ დრო არის სამყაროში მიმდინარე ცვლილებების ზომა, ანუ რაც მეტი მოვლენა ხდება, მით მეტი დროა გასული. მაშინ დროის გაზომვას შევძლებთ ბუნებაში მიმდინარე თანაბარი პროცესებით. ასეთები შეიძლება ბევრი ვიპოვოთ, მაგრამ ყველაზე შესაფერისი და მდგრადი ესაა ასტრონომიული მოვლენები. ადამიანმა მათგან სამი გამოარჩია. პირველი – დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო, რაც ციურ სხეულთა ამოსვლა-ჩასვლას იწვევს და რომლის პერიოდია დღე-ღამე; მეორე – მთვარის გარეგნული ფორმის ცვლილება, მილევიდან გავსებამდე, რაც განსაზღვრავს თვეს; მესამე – დედამიწის გარემოქცევა მზის გარშემო, რაც იწვევს სეზონთა ცვლას და რომლის პერიოდია წელიწადი. არსებობს დღე-ღამის, თვისა და წელიწადის ბევრი სახესხვაობა, მაგრამ მთავარი არსი უკვე მივუთითეთ. ამ ერთეულთა ხანგრძლივობას ასტრონომები განუწყვეტლივ აზუსტებენ, მაგრამ ისინი უკვე დიდი სიზუსტით ჰქონდათ დადგენილი ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ეგვიპტის, შუამდინარეთის, ჩინეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერებს. დანარჩენი ერთეულები ამათგან გამომდინარეობს. მაგალითად, ითვლება, რომ დღე-ღამე 24 საათისგან შედგება, საათი – 60 წუთისგან, წუთი – 60 წამისგან და ასე შემდეგ. ოღონდ საინტერესოა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დღე ცალკე იყოფოდა 12 საათად და ღამე თავის 12 საათად. მაგრამ, დღის სიგრძე წლის განმავლობაში ცვალებადია – ზაფხულში თითქმის ორჯერ ხანგრძლივი, ვიდრე ზამთარში. ასევე, ღამისაც, ამიტომ საათების სიგრძეც ცვალებადი იყო. მხოლოდ ბერძენმა მეცნიერმა, კლავდიუს პტოლემემ, მეორე საუკუნეში შემოიღო მთლიანი დღე-ღამის დაყოფა ოცდაოთხ თანაბარ საათად.
– ანუ დღე-ღამის მოყვანილი განმარტება ზუსტი არ არის? რატომღა აქვს დღე-ღამეს სხვადასხვა სახეობა?
– საქმე ისაა, რომ დედამიწის ბრუნვას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, ვამჩნევთ მისგან გამოწვეულ ცის თაღის მოჩვენებით ბრუნვას, რომელიც დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით ხდება. ეს გამოიხატება მზის, მთვარის, პლანეტების თუ ვარსკვლავების ყოველდღიური ამოსვლა-ჩასვლით. ყოველი ციური სხეული ყოველდღიურად ცაზე სრულ წრეს შემოწერს და დღე-ღამე დროის სწორედ ის შუალედია, რაც გადის მნათობის ამოსვლიდან მეორე, ანუ მომდევნო ამოსვლამდე. ოღონდ ეს მთლად ზუსტი არაა. ასტრონომები დღე-ღამედ მიიჩნევენ დროის შუალედს მნათობის ორ მომდევნო ზედა კულმინაციას, ცაზე უმაღლეს მდგომარეობას შორის. მზის შემთხვევაში, ესაა შუალედი შუადღიდან მომდევნო შუადღემდე, რაც 24 საათს უდრის და მას მზისიერი შუადღე ჰქვია; ვარსკვლავები კი ცაზე სრული წრის შემოვლას დაახლოებით ოთხი წუთით ადრე ასრულებენ, ანუ ვარსკვლავიერი დღე-ღამე 23 საათსა და 56 წუთს შეიცავს.
– რა არის ამ განსხვავების მიზეზი?
– ვარსკვლავიერი თაღი ბრუნავს როგორც მთლიანი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მზე კი წლის განმავლობაში იცვლის თანავარსკვლავედებს (თევზი, ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა და მერწყული), მოძრაობს რა ცის დღეღამური ბრუნვის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ვარსკვლავთა მიმართ მისი დღეღამური ბრუნვა შენელებულია, მზისიერი დღე-ღამე კი პირიქით, 4 წუთით გახანგრძლივებული. მთვარე კიდევ უფრო ჩქარა გადაადგილდება ვარსკვლავიერ ფონზე აღმოსავლეთისკენ, ამიტომ ეგრეთ წოდებული მთვარისიერი დღე-ღამე მზისიერზე გრძელია ორმოცდაათი წუთით.
– ჩვენი საათები რა სახის დღე-ღამეს იყენებენ?
– რა თქმა უნდა, მზისიერს. მაგრამ მზის მოძრაობა ზოდიაქოზე, თანავარსკვლავედების მიმართ მოჩვენებითია. ჩვენი პლანეტა გარემოექცევა მზეს და ამიტომ, ყოველდღე მას სხვადასხვა ვარსკვლავისკენ ვხედავთ. ხოლო, რადგან დედამიწა ელიფსზე გარემოიქცევა, მისი მოძრაობა არათანაბარია – ზამთარში აჩქარებული, ზაფხულში შენელებული. თანაც, დედამიწის ორბიტა დახრილია ეკვატორის სიბრტყისადმი, რაც დამატებით უთანაბრობებს იწვევს. ამის შედეგად მზისიერი დღე-ღამე მუდმივი არაა! ის წლის ყოველ დღეს განსხვავებულია. სახელდობრ, ყველაზე ხანგრძლივი ის მარტშია, ყველაზე ხანმოკლე კი, თითქმის ერთი წუთით, ივლის-აგვისტოში. ცხადია, ასეთ უთანაბრო ეტალონზე დროის აღრიცხვას ვერ დავამყარებთ. ამიტომ ასტრონომები იყენებენ ამ ეტალონის წლიურ საშუალოს, ეგრეთ წოდებულ, საშუალო მზისიერ დღე-ღამეს. ყველა სახის საათები - მზის, წყლის, ქვიშის თუ სხვა მექანიკური საათი, საშუალო მზისიერ დღე-ღამეზეა დამყარებული. ამიტომ ადვილად მიხვდებით თუ რა არის საშუალო მზისიერი საათი, წუთი და წამიც.
– ეს ეტალონები მაინც თუ არის აბსოლუტურად უცვლელი?
– საქმეც ისაა, რომ არა! მეოცე საუკუნემდე დროის დინება დედამიწის ბრუნვასთან იყო გაიგივებული, ანუ დედამიწის ბრუნვა აბსოლუტურად თანაბარი ეგონათ. მერე კი გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო. ფიზიკამ დაადგინა, რომ სფეროს ბრუნვა მისი რადიუსის ზრდისას ნელდება, შემცირებისას კი ჩქარდება. ამის უკეთ გასაგებად გაიხსენეთ როგორ არეგულირებს ყინულზე მოციგურავე ტრიალის სიჩქარეს მკლავების გაშლა-დაკეცვით. დედამიწის მყარ სხეულში, ოკეანეებსა თუ ატმოსფეროში მასათა ყოველგვარი გადანაცვლება კი, დედამიწის ზომის (რადიუსის), ცვლის ტოლფასია. ასეთებია – ვულკანური ამოფრქვევები, სტაბილური ქარები თუ წყლის მასების პერიოდული გადანაცვლება აორთქლებით, ნალექებით თუ თოვლის დნობით ოკეანიდან ხმელეთისკენ ან პირიქით. ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, დღე-ღამის ხანგრძლივობა სეზონურადაც იცვლება თითქმის წამის რამდენიმე მეათასედის ფარგლებში. მაგალითად, მიწისძვრის დროს დღე-ღამის ხანგრძლივობის ცვლილება სულ წამის მემილიონედის ფარგლებშია. არის დღე-ღამის სიგრძის უეცარი, ჯერაც აუხსნელი რხევებიც. დედამიწის ბრუნვის ეს უთანაბრობები ზუსტი საათების მეშვეობით გამოვლინდა, მაგრამ დღე-ღამეში 86 400 წამია. თუ დღე-ღამის ხანგრძლივობა ცვალებადია, ცვალებადი გამოდის წამის ხანგრძლივობაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედამიწის ბრუნვის სისტემატური შენელება, რომელიც მთვარის მიერ აღძრული ზღვის მოქცევებითაა განპირობებული: ოკეანე ამობურცულია დედამიწა-მთვარის შემაერთებელი წრფის გასწვრივ, ეს შვერილი კი განუწყვეტლივ უკან იხევს დედამიწის ბრუნვის გამო და წყლის ღრმა ფენებთან ხახუნით ანელებს ამ ბრუნვას. აღმოჩნდა, რომ ყოველ ათი ათას საუკუნეში დღე-ღამის ხანგრძლივობა 15 წამით იზრდება. შესაბამისად, იცვლება წამის ხანგრძლივობაც. ამიტომ 1956 წელს ზომისა და წონის საერთაშორისო კომიტეტმა, ეგრეთ წოდებული, ეფემერიდული წამი განსაზღვრა როგორც 1899 წლის 31 დეკემბრის 12 საათის მომენტისთვის 1 : 315 569 259 747 ნაწილის ხანგრძლივობა. ამით წამის ცვალებადობა აღიკვეთა, მაგრამ რადგან რეალური დღე-ღამე სულ უფრო ხანგრძლივდება, ამგვარი ეფემერიდული აღრიცხვით წელიწადები უფრო ადრე დგება, კალენდარულ წლებთან შედარებით. სხვაობა საუკუნეში დაახლოებით 1 წუთს უტოლდება. (1982 წელს ის 52 წამი იყო). დედამიწის ბრუნვის პერიოდის რხევათა გამო  თვით დროის აღრიცხვა იყო უთანაბრო, ამიტომ მთვარე-პლანეტების მოძრაობაც ხან აჩქარებული, ხან შენელებული გვეჩვენებოდა. ეფემერიდული, თანაბარი დროის შემოღებამ აჩვენა, რომ უთანაბრო დედამიწის ბრუნვაა და არა მნათობების მოძრაობა.
– მაშინ რატომ ხდება ერთი წამის დამატება?
– 1964 წლიდან წამის განმარტება საერთოდ აღარ არის დაკავშირებული დედამიწის ბრუნვასთან და ეფუძნება ატომურ პროცესებს. კერძოდ, წამად მიიჩნევა დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ცეზიუმ-133 ატომის ძირითადი მდგომარეობის ზეწმინდა დონეებს შორის 9 192 631 770 გადასვლა ხდება. ეს ხსნის დედამიწის ბრუნვის უთანაბრობით გამოწვეულ ყველა სიძნელეს დროის აღრიცხვაში. ატომური საათების სვლის სიზუსტე ფანტასტიკურია – 1 წამის ტოლი ცდომილება მხოლოდ 10 000 წელიწადში დაგროვდება. 1972 წლის 1 იანვრიდან ყველა ქვეყანა ატომურ დროს იყენებს. ოღონდ გამოირკვა, რომ თანაბარი, ეფემერიდული დროით მსვლელი იდეალური საათების მიმართ ატომური საათები წელიწადში დაახლოებით 0.9 წამით აჩქარებულია. ასეთი საათები ყოველი შემდგომი წლის დაწყებას 1 წამით ადრე იტყობინება. ეს რომ ასე არ მოხდეს და ატომური საათებით დაფიქსირებული წელიწადი არ დაშორდეს ჩვენი კალენდრების საფუძველს – ტროპიკულ წელიწადს (ესაა დროის შუალედი გაზაფხულის ორი მომდევნო დღემატულობის მომენტს შორის), საჭიროა ატომური საათით აღრიცხულ წელიწადს 1 წამი დაემატოს. ეს ხდება ხოლმე ან წლის ბოლოს (31 დეკემბერსა და 1 იანვარს შორის) ან ნახევარწლის ბოლოს (30 ივნისსა და 1 ივლისს შორის). ამ ოპერაციის შედეგად წლის ან ნახევარწლის ბოლო წუთი 60-ის მაგივრად 61 წამს შეიცავს ხოლმე. კონკრეტულად კი, წამთა რიგითი ათვლა რომ არ დაირღვეს, ზედმეტი წამი ემატება ბოლო წუთის 58-ე წამის დასრულებისთანავე. მიზანი, ვიმეორებ, დროის ატომური აღრიცხვის დამთხვევაა დროის ბუნებრივ სვლასთან. აქვე აღვნიშნავ, რომ ნაკიანი წლის 366-ე დღე ზოგს ამგვარი წამებით დაგროვილი ჰგონია, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან...

скачать dle 11.3