როდის იყო ლიკა ევგენიძე თავქარიანი და ვისთან ეშინია მას შეცდომების დაშვების
ლიკა ევგენიძემ ძალიან მოკლე დროში დაიმკვიდრა ტელევიზიაში ადგილი და, დღის ის მონაკვეთი, რომელშიც მუშაობს, მის გარეშე წარმოუდგენელია. ტიტული „შუადღის მშვენება” არ მოსწონს და ამაში მეც ვეთანხმები, რადგან ლიკა გაცილებით ღრმა, საინტერესო და შინაარსიანი ადამიანია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოიდგინოთ. თუმცა, ამაში, მგონი, თავადაც გარწმუნებთ ყოველდღიურად.
ლიკა ევგენიძე: ზაფხულზე ფიქრი ჯერ არ დამიწყია, ივლისის ბოლომდე ვმუშაობთ და, ამიტომ, მთლიანად სამსახურზე ვარ კონცენტრირებული. დასვენების პერიოდში, ალბათ კი არა, აუცილებლად მომიწევს ამერიკაში წასვლა, რადგან „გრინ კარტა” მოითხოვს რაღაც პერიოდულობით ჩასვლასა და საბუთების მოწესრიგებას. თუმცა, კონკრეტულად გეგმები დაწყობილი ნამდვილად არ მაქვს. წელს ალბათ იქნება ისეთი ზაფხული, როდესაც შევძლებ, ჩემს შვილს ხელი ჩავკიდო და ერთად დავისვენოთ. ჯერ მაინც ისევ პატარაა და კიდევ ველოდები იმ დროს, როდესაც ყველგან ერთად ვივლით. ვგიჟდები ამ მომენტზე, პარკისა და მსგავსი ადგილების გარდა, სხვა ადგილებშიც ერთად რომ ვიქნებით. რამდენიმე დღის წინ ყვარელში წავედით, გადასარევად გაუძლო გზას და იქაც მოილხინა. მივხვდი, რომ უკვე დიდობისკენ წავიდა.
– ბაღში მიყვანას აპირებ?
– ჯერ პატარაა, მაგრამ, ბაღი აუცილებელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი თვითონ, დამოუკიდებლად ამყარებს კონტაქტს გარე სამყაროსთან. იქ ეჩვევა ანგარიშის გაწევას, მეგობრების მოფრთხილებას. ერთი წელი მაქვს იმისთვის, რომ ბაღის საკითხი გადავწყვიტო. ჩემი პატარა და ბაღში დადის და დედაჩემი კარგ კონსულტაციებს გამიწევს.
– ყოველდღიური პირდაპირი ეთერი რთული არ არის?
– იმდენად ავეწყვეთ და ისე გავითავისეთ ყველაფერი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მართალია, ძალიან ვიღლებით, ვიხარჯებით, მაგრამ, ამ კომუნიკაციისგან ბევრ საზრდოსაც ვიღებთ. ვხვდებით უამრავ საინტერესო ადამიანს, ვიხილავთ თემებს, მათ შორის ისეთსაც, რომელზეც აქამდე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. არის ჩემთვის ძალიან ახლო და საინტერესო თემები. ერთი სიტყვით, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სამსახურის გამო თბილისს მიჯაჭვული ვარ. თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, თავისუფალ დღეებს არც ვითხოვთ.
– ბავშვის აღზრდის საქმეებში ერთად ხართ ცოლ-ქმარი ჩართული?
– მაქსიმალურად ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია. ორივე ვმუშაობთ, დაკავებულები ვართ და თავისუფალ დროს ბავშვთან ურთიერთობისთვის ვიყენებთ. ჩემი სამსახური მაძლევს იმის საშუალებას, რომ სამი საათის შემდეგ ანა-სოფიასთან ვიყო. შაბათ-კვირას უფრო ვახერხებთ აუზზე ერთად წასვლას, ქალაქგარეთ გასვლას, მთელი დღის ერთად გატარებას. ახლა დაცხა და უფრო მეტი არჩევანი გვაქვს. უიქენდებზე ბათუმში წასვლა და ამით დასვენების დღეების გალამაზებაც კარგი აზრია. ორშაბათი-პარასკევი ის დღეებია, როცა სამსახურიდან სახელოსნოში მივდივარ და ვმუშაობ – ამის გარეშე არ შემიძლია, ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის ეს აუცილებელია. ჩემთვის ერთ ძალიან საყვარელ მხატვართან დავდივარ, იქ ვხატავ და თან რჩევებსაც ვიღებ, მასტერ-კლასია. ეს ის სამყაროა, სადაც საკუთარ თავთან ვრჩები. ხელოვნება საკუთარი თავის შეცნობაა, რაც დაუსრულებელი პროცესია. ყველას სხვადასხვა ვნება აქვს და ამ ვნებას განვითარებას თუ მისცემ, უფრო კარგად შეძლებ საკუთარ თავში გარკვევას.
– რამდენად ათამამებთ პატარას?
– არ მიყვარს ბავშვის გათამამება და არც მე ვყოფილვარ ოდესმე გათამამებული. ბავშვი იმ ასაკის რომ ხდება, როცა მასთან საუბარი შეგიძლია, სულ უნდა იყოს კომუნიკაცია, მუდმივად. რაც ბავშვი გამიჩნდა, სულ სხვა ცხოვრება დავიწყე, სხვანაირი გახდა სამყარო, სხვა ფიქრები შემოიჭრა ჩემს გონებაში, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა. უფრო თავქარიანი ვიყავი, შიშის გრძნობა არ გამაჩნდა, ახლა კი ჩემს ცხოვრებას ამ გაუცნობიერებელი შიშის განცდა სულ თან ახლავს, სულ ფორიაქი მაქვს... ეს კი ჩემი შვილისგან წამოვიდა. შვილი – ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და სამუშაოა, რომელიც მშობელს აქვს. სულ ვფიქრობ, რამე არ შემეშალოს, რაღაც კითხვაზე არასწორი პასუხი არ გავცე. ამდენ ზრუნვაში იმასაც შიშობ, არ გაგითამამდეს და, ამისთვის, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი მაინც ბევრი შვილია. ყოველთვის ვიცოდი, რა შეიძლებოდა და რა – არა; როგორ უნდა მოვქცეულიყავი. უნდა გააცნობიეროს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს და ბევრ რაღაცას უნდა გაუწიოს ანგარიში, ბევრი და-ძმა კი ამას ძალიან უწყობს ხელს. ძალიან მინდა და უკვე ვფიქრობ მეორე შვილზე. სხვა რაღაცეები შემოდის ბავშვის ცხოვრებაში. ამდენი და-ძმა რომ მყავს, ეს მხოლოდ საჩუქარია. ვეცდები ყოველთვის გახსნილი ვიყო ჩემს შვილთან, სულ ვისაუბროთ, რომ არ იყოს რაღაც საიდუმლოებები. გარდატეხის ასაკში რომ ვიყავი, სულ ვამბობდი, მე ჩემს შვილს არაფერს დავუშლი, არასდროს ვეჩხუბები-მეთქი, მერე და მერე ხვდები, რომ სხვანაირად შეუძლებელია.
– შენ თუ შეცვალე შენი ცხოვრების სტილი?
– ადრე არჩეულ გზას რომ არ გავყევი (ლიკა პროფესიით მსახიობია, – ავტორი), ალბათ, იმის ბრალია, რომ რაღაც ფასეულობები გადავაფასე. არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი, ეს ჩემი ინდივიდუალური არჩევანია. ჩემთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით ამ ბალანსის დაცვაც არ არის რთული. ბავშვისთვის მშობლების შრომისმოყვარეობის მაგალითიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემი შვილი აქედანვე შევაჩვიო, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და ბევრი რამის მიღწევა შეუძლია.
– ბავშვმა თუ შეცვალა შენი და შენი მეუღლის ურთიერთობა? უამრავი ახალგაზრდისთვის მისაბაძი წყვილი ხართ და ალბათ შენი გამოცდილება საინტერესოა.
– დიდი მადლობა, თუ ვინმეს ასე მიაჩნია, ჩემ თავზე ამის მოსმენა ცოტა უხერხულიცაა და, თან, სასიამოვნოც. ბედნიერების რეცეპტები არ არსებობს, თანაც ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. არც მიყვარს ამ ურთიერთობების გამომზეურება. პირიქით, ზუსტად ის ურთიერთობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არ ჩანს. რაც შეეხება ბავშვს, ჩემმა შვილმა გაცილებით უფრო გააღრმავა და გაამძაფრა ქმრისადმი ჩემი გრძნობა. შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ, რაც უფრო იზრდება ბავშვი, პირდაპირპროპორციულად იზრდება ჩემი გრძნობაც ნიკუშას მიმართ. არ მინდა, სასაცილოდ გამომივიდეს, მაგრამ, ასეა, რასაც ვგრძნობ, იმას ვამბობ.
– ამბობენ, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არსებობს კრიზისული წლები, რომელიც ძნელი გადასალახავია...
– არ ვიგონებ არაფერს, მართლა არ ყოფილა ასეთი პერიოდი. რა თქმა უნდა, ოჯახში არის ხოლმე წაკამათება, პატარ-პატარა კონფლიქტები, მაგრამ, კრიზისული პერიოდი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ იმ ეტაპზე შევქმენით ოჯახი, როდესაც ზუსტად ვიცოდით, ცხოვრებაში რა გვინდოდა, რა გზით უნდა გვევლო; საერთო ინტერესებიც გვქონდა და, რა თქმა უნდა, უდიდესი სიყვარული. არც ერთი ეტაპი პრობლემური არ ყოფილა, პირველივე დღიდან ჰარმონიულად განვითარდა ურთიერთობები. პატარ-პატარა ჩხუბებს რაღაც სილამაზეც ახლავს: მერე გაბუტვა, დილით ყვავილების დახვედრება... – ამასაც თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ, რაც ჩემთვის ბედნიერებაა, ის ვიღაცისთვის, შეიძლება უდიდესი პრობლემა იყოს, ან – პირიქით, ისევე, როგორც სიმართლე, სიყვარული, კარგი ურთიერთობა და სხვა. ახლა ჩემს ბუდეში ბედნიერი ვარ და ეს, ალბათ, ყველაფერზე მეტყობა.