ვინ შეცვალა ბადრი პატარკაციშვილის ძმის ცხოვრება და როგორ გადმოიბირა მან თბილისში ნიუიორკელი ცოლი
ბადრი პატარკაციშვილის უმცროსი ძმა, კობა პატარკაციშვილი, ბოლო რამდენიმე წელია, თბილისში დამკვიდრდა და ბიზნესსაქმიანობაც წამოიწყო. ამერიკაში გატარებული წლების შემდეგ თბილისურ რეალობას არათუ მოერგო, უკვე ამერიკელი მეუღლეც „გადმოიბირა” მშობლიურ ბანაკში. მათი ვაჟი, 2 წლის ნიკოლოზი, უკვე მამის გვარზე ხტის – პატარკაციშვილების ნაბოლარა მემკვიდრე, მამის მსგავსად, ცხოვრებას ხან ამერიკაში ატარებს, ხან კი – თბილისში, სადაც ის ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლად მოინათლა.
კობა პატარკაციშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში თბილისში დავმკვიდრდი, ამჟამად, ჩემი საქმეების გამო, სულ აქ ვარ, თუმცა, ხანდახან მაინც მიწევს ხოლმე სხვა ქვეყნებში ყოფნა. იყო პერიოდი, როცა ძალიან დიდხანს მომიწია სხვაგან ცხოვრება. მაშინ, როდესაც თბილისიდან წავედი, აქ ძალიან რთული სიტუაცია იყო. აქედან ამერიკაში, სულ სხვა სამყაროში მოხვედრილს, ბევრჯერ მიფიქრია, როგორ შევძლებდი უკან დაბრუნებას, მაგრამ, ეს სულ არ აღმოჩნდა რთული – მე ხომ აქ დავიბადე და გავიზარდე! შესაბამისად, მერე სამშობლოში დაბრუნებულს აღარ გიჭირს შეჩვევა იმასთან, რაც შენია, თან, თბილისშიც უკვე სხვა სიტუაცია დამხვდა, რა შედარებაა დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, რაც ათი წლის წინ იყო?!
– თქვენი ამერიკელი მეუღლე მიეჩვია თბილისს?
– ვანესას უფრო გაუჭირდა. მას საქართველოში ჩემს გარდა არავინ ჰყავდა, არ იცოდა ენა, არ იცოდა სად წასულიყო. ახლა ეს ბარიერები გადალახა – უკვე მეგობრებიც ჰყავს ჩემს სამეგობროში, დამოუკიდებლადაც დადის, სადაც სურს წასვლა. მომავალ წელს ვანესა დაამთავრებს სწავლას – ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ბიზნეს-მენეჯმენტს სწავლობს და, მერე, ალბათ, მუშაობასაც დაიწყებს. თუ აქ ვიქნებით აქ იმუშავებს, თუ ამერიკაში ვიქნებით – იქ. ვანესა ხშირად დადის ამერიკაში და იქაც ბევრ დროს ატარებს, არ ეზარება ხშირად ფრენა (იცინის). მისი მშობლები ნიუ-იორკში ცხოვრობენ და მათ გარეშე უჭირს ხოლმე დიდხანს გაძლება. მეც ხშირად მივდივარ მათთან. ვანესაზე უკეთ თბილისში თავს ჩვენი შვილი გრძნობს, ნიკოლოზი უკვე 2 წლის ხდება, ყველა სხვადასხვა ენაზე ვესაუბრებით და ცოტა იბნევა, თუმცა, თვითონაც ყველა ენაზე ცდილობს სიტყვების თქმას. ნიკოლოზი საოცარი ბიჭია, მან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ამდენს შეძლებდა (იცინის). ნიკოლოზი ნამდვილი პატარკაციშვილია, ჩვენებური ხასიათი აქვს – ძალიან პრინციპული ბავშვია; ზუსტად იცის, რა უნდა და როდის უნდა; როცა რაღაც ვერ გამოსდის, არ ნებდება, მაინც ცდილობს, ბოლომდე მიიყვანოს.
– როგორც ვიცი, ნიკოლოზი მართლმადიდებლურად მონათლეთ და მასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო თქენმა მეუღლემაც.
– ძალიან მინდოდა, რომ ჩემი შვილი მართლმადიდებელი ყოფილიყო. შესაძლოა, მამაჩემს რომ ეცოცხლა, ბავშვი ებრაულად მომენათლა და გამეზარდა, მაგრამ, რადგან მე თვითონ არ ვარ ღრმად გაცნობიერებული ებრაულ სარწმუნოებაში, ეს გადაწყვეტილებაც თავისუფლად მივიღე. ბადრი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ამას ჩვეულებრივად მიიღებდა, რადგან თვითონ ხასიათით ლიბერალი იყო. ძალიან დიდ პატივს სცემდა ებრაულ სარწმუნოებას, მაგრამ, ასევე პატივისმცემელი იყო ქრისტიანული რელიგიის, ეს კარგად ჩანდა ქართული ეკლესიის მიმართ მის დამოკიდებულებაში. ბადრი სარწმუნოების მიხედვით არ არჩევდა ადამიანებს. ჩვენგან განსხვავებით, მამა ძალიან იცავდა ძირითად ებრაულ ტრადიციებს. როცა ის გარდაიცვალა, მე პატარა ვიყავი და მან ვერ მოასწრო ჩემთვის რელიგიური მიმართულება მოეცა, აეხსნა ებრაული წეს-ჩვეულებები; თუმცა, სანამ ცოცხალი იყო, მეც მასწავლიდა ლოცვებს, სინაგოგაშიც დავყავდი დღესასწაულებზე. 9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ებრაულ რელიგიაში 13 წლიდან ერთვება ბავშვი, მაგ დროს კი მამა ჩემ გვერდით აღარ იყო და ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართა. ახლა ამიტომაც გავაკეთე თავისუფალი არჩევანი, როცა ნიკოლოზის მონათვლა გადავწყვიტე. მანამდე ჯერ ვანესა მოინათლა ქრისტიანულად – თვითონ გამოთქვა ამის სურვილი. ამჯობინა, რომ იგივე რელიგია ჰქონოდა, რაც მის შვილს. ნიკოლოზის ნათლობის ცერემონიალი ძალიან ლამაზი იყო, მისმა უწმინდესობამ მონათლა ჩემი შვილი სამების პატარა ეკლესიაში, მერე საპატრიარქოში მიგვიღო პატრიარქმა, დალოცა ნიკოლოზი და ოქროს ჯვარი აჩუქა.
– ამბობენ, რომ თქვენი შვილის ნათლია ბერძენი მილიონერია.
– მე მისი მილიონები არ დამითვლია, თუმცა, შეძლებული ბიზნესმენია (იცინის) და მასაც ნიკოლოზი ჰქვია, როგორც მის ნათლულს. მე და ნიკოლოზი უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით, დიდი ხნის მეგობრები ვართ. მეც ხშირად ჩავდივარ ხოლმე მასთან საბერძნეთში. პატარა ნიკოლოზმა ცოტა უფრო „დამაბა” თბილისში, თუმცა, მაინც გვიყვარს ბევრი მოგზაურობა. ჩემზე ნაკლები მოგზაური ნამდვილად არაა, დაბადებულიც არ იყო, როცა თვითმფრინავი „გაიცნო” – მაშინ ვანესა ორსულად იყო და, მგონი, ოცჯერ მაინც იფრინა. დაიბადა თუ არა ნიკოლოზი, თვითმფრინავში ჩავსვით და თბილისში ჩამოვიყვანეთ, მას შემდეგ ხომ საერთოდ, სულ თბილისსა და ნიუ-იორკშია, ბებიასთან და პაპასთან.
– თქვენც ხშირად ჩადიხართ მეუღლის მშობლებთან?
– კი, მაგრამ, როცა ნიუ-იორკში ვარ, მაინც სასტუმროში ვარჩევ ცხოვრებას. სიდედრი და სიმამრი ყველგან სიდედრი და სიმამრია, თუნდაც ამერიკელები იყვნენ (იცინის). ჩემს მეუღლესთან ერთად რამდენჯერმე ვიყავი ჩასული დომენიკის რესპუბლიკაშიც, საიდანაც არის ვანესა წარმოშობით. ვანესა თბილისში რომ არის, ხომ იღებს „მსხვერპლს” ჩემთვის?! ამიტომ მეც უნდა დავუბრუნო, მაგრამ, ჩემი „მსხვერპლი”, მგონი, უფრო სასიამოვნოა ხოლმე (იცინის). ძალიან მომეწონა დომენიკის რესპუბლიკა. კარიბის კუნძულები იდეალური ადგილია დასასვენებლად. ისეთ ეგზოტიკურ გარემოში ხარ, არ ფიქრობ, იმის იქით სხვა სამყაროც თუ არსებობს.
– როგორ ცხოვრობს პატარკაციშვილების დიდი ოჯახი?
– პატარკაციშვილების ოჯახი დღეს უფრო დიდია და მრავალრიცხოვანი, ვიდრე იყო. ამ წლებში, ბადრის სიკვდილის შემდეგ ბევრი ბავშვი გაჩნდა. სამწუხაროა, რომ ბადრი მათ დაბადებას ვერ მოესწრო. ბადრის მერე, ყველგან, სადაც ის ცხოვრობდა, ყველაფერი ხელუხლებლადაა, მაგალითად, მისი მანქანების კოლექცია ისევ იქაა და ისევ ისე, როგორც იყო. ჩვენ ყველას ძალიან გვწყდება გული, რომ ბოლო დროს ადამიანთა ჯგუფს ბადრი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა გარკვეული პოლიტიკური პერიპეტიები არის ხოლმე და პარალელების გავლება სჭირდებათ, ბადრის კი მათთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული.
– ჰგავხართ ცხოვრების აზარტით უფროს ძმას, რომელიც თქვენს ასაკში უკვე წარმატებული და მდიდარი ადამიანი იყო?
– ჩვენ ვგავართ ერთმანეთს ბევრი თვისებით, დამოკიდებულებით სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ბადრის ცხოვრება ჩემთვის დიდი მაგალითი იყო იმ წესების დაცვის თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა იცხოვრო. მე ჯერ ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ ბადრის დავეწიო, თუმცა, ასაკს, ალბათ, არც აქვს დიდი მნიშვნელობა. შეიძლება, 20 წლის ასაკში იშოვო მილიონი, მაგრამ, 40 წლის იყო და საერთოდ ვერაფერიც ვერ იშოვო. მე ჯერჯერობით ბადრის მასშტაბებისგან შორს ვარ (იცინის), თუმცა, ერთია ფულის შოვნა და მეორე – დამოკიდებულება ფულის მიმართ. არც ბადრის და არც მამაჩემს არ ჰქონიათ არაჯანსაღი დამოკიდებულება ფულის მიმართ. ბადრი ძალიან ხელგაშლილი იყო, ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება უყვარდა. ბედნიერი მაშინ იყო, როცა გასცემდა და სიკეთეს აკეთებდა. ხშირად მიფიქრია: ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული გიდევს იმ მომენატში საფულეში; ხანდახან, ეს შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, ხანდახან – ძალიან ცოტა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. მთავარი ისაა, ვინ ხარ, როგორი პიროვნება. ფულმა ცხოვრების აზრი არ უნდა დაგაკარგვინოს და იდეაფიქსად არ უნდა გექცეს, თავში არ უნდა აგივარდეს. ახალგაზრდა კაცი ვარ და მეც მიყვარს კარგად ცხოვრება; კარგია კარგი ბრენდი, კარგი ვილა და კარგი მანქანა, ვილა ჯერ არ მაქვს, თუმცა, არც ესაა პრობლემა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და უარს ვერ იტყვი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი სწორად ცხოვრებაა. დღეს ჩემი ცხოვრების სტილი ძალიან აქტიურია – სულ რაღაც საქმეში ვარ ჩართული, მაგრამ, ეს მომწონს. სანამ ახალგაზრდა ვარ, ბევრი რამ უნდა მოვასწრო, დასვენება მერეც შეიძლება, როცა დავბერდები (იცინის).