კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კომპლექსები მოუხსნა ირინა გუდაძეს სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები” და როგორ დაემსგავსა ის შეგნებულად საკუთარ შვილებს

მსახიობი ირინა გუდაძე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”. ის ლიკუნასა და კატოს დედის როლს ასახიერებს. დიდი პაუზის შემდეგ მისი ეკრანზე გამოჩენა მაყურებელს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა. სერიალში თუ ორი შვილის დედაა, რეალურ ცხოვრებაში მას ერთადერთი შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს. მართალია, ჩვენი რესპონდენტი რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ის თეატრს მიღმა აღმოჩნდა. რა მოჰყვა ამ ყველაფერს და რას საქმიანობდა მას შემდეგ, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– საკმაოდ დიდი პაუზა გქონდათ, მაყურებელს თავი ცოტა ხნის წინ შეახსენეთ სერიალით „ჩემი ცოლის დაქალები”. რას საქმიანობდით ამ წლების განმავლობაში?
– 2003 წელს რუსთაველის თეატრში შემცირება მოხდა და მეც მოვყევი სხვა მსახიობებს შორის. ეს ფაქტი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, იმდენად მტკივნეულად განვიცადე. აღარც არტისტობა მინდოდა და აღარც არაფერი. საშინლად დავკომპლექსდი. როცა თეატრიდან გიშვებენ, როცა რეპერტუარში 5 სპექტაკლში ხარ, საოცარი ეჭვები გიჩნდება საკუთარ თავთან მიმართებაში. ჩავთვალე, რომ ვარ უნიჭო, არაფრის გამკეთებელი, არ ვჭირდები თეატრს და ასე შემდეგ. მერე მივხვდი რომ ასე არ შეიძლებოდა გაგრძელება. რადგან თეატრისკენ გახედვაც აღარ მინდოდა, ფიქრი დავიწყე, რა გამეკეთებინა. დავფიქრდი და სახლში საბავშვო ბაღის გახსნა გადავწყვიტე. თან, 10 ლარის მეტი არაფერი მქონდა. მოკლედ, ჩემმა შვილმა და სიძემ შპალერი მაჩუქეს, მე და ჩემმა მეუღლემ კი, ჩვენი ხელით გავაკეთეთ რემონტი. ბაღის ამბავი მალე გავრცელდა. ვინც მიცნობდა და მენდობოდა, მომიყვანეს ბავშვები. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ მერე კარგად ავეწყვე და დავამყარე ამ ბავშვებთან ურთიერთობა. მას შემდეგ უკვე 6 წელი გავიდა. საოცრება იცი, რა იყო? როგორც კი ბაღი გავხსენი და მთლიანად გადავერთე იმ სამყაროში, იმდენი შემოთავაზება მქონდა, ვერ აგიწერთ. ჯერ ოთარ ეგაძემ მიმიწვია რუსთაველის სარდაფში „ძია ვანიაზე.” ძალიან კარგ ხალხთან მომიწია მუშაობა და ამან ცოტა მდგომარეობიდანაც გამომიყვანა. მერე ისევ სარდაფში ვიმუშავე სპექტაკლზე „თავადის ქალი მაია.” მერე სერიალებშიც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მივხვდი, რომ ბაღის პარალელურად, ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდი. ამიტომ, მსახიობობაზე უარი ვთქვი და მთლიანად ბავშვებთან გადავერთე. თეატრს გვერდიდან ვუყურებდი, თითქოს მსახიობი არც არასდროს ვყოფილიყავი. გავიდა დრო და ჩემი შვილიშვილები წამოიზარდნენ. სერიალებში მსახიობებს რომ უყურებდნენ, ხან ვისზე მეკითხებოდნენ და ხან ვისზე, ბებიკო, ამას იცნობო? მერე თეატრში მყავდა და სპექტაკლის მერე მთხოვეს, მსახიობებთან სურათი გადაგვიღეო. ამ ფაქტმა ცოტა გული დამწყვიტა, ჩემი შვილიშვილები სხვებს შესცქეროდნენ, როცა გვერდში ჰყავდათ ბებია, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. უცებ მომინდა, ბავშვებს თავისი ბებიაც ენახათ სცენაზე. საოცარი დამთხვევა მოხდა. ამ ფიქრებში ვიყავი, ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ირინა „ჩემი ცოლის დაქალებში” გვინდა დაგამტკიცოთ დედის როლზეო. ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი. როცა გადაღება მაქვს, საბავშვო ბაღში ჩემი შვილი მეხმარება. სამი შვილი ჰყავს და ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება ნამდვილად აქვს.
 „ჩემი ცოლის დაქალებმა” ჩემი ცხოვრება შეცვალა. ისევ გამოვჩნდი და ხალხმა გამიხსენა. თითქოს ახალი ცხოვრება დავიწყე. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ჩემი პერსონაჟი ცოტა ხანში ისევ ამერიკაში მიდის.
– თქვენს გმირზე რას გვეტყვით?
– გადაღებები რომ დავიწყეთ, ტვინი დამეღალა იმაზე ფიქრით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი პერსონაჟი. მერე მივხვდი, რომ ის არის დედა, რომელმაც თავისი შვილების გამო დატოვა ყველაფერი, დაივიწყა პირადი ცხოვრება, წავიდა ამერიკაში. იქ კი ყველაფერს აკეთებს, რომ შვილები ჰყავდეს უზრუნველყოფილი. რომ გავიგე, ამ სერიალში უნდა მეთამაშა, ჩემს შვილებს, კატოს და ლიკუნას ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, როგორები იყვნენ, რომ რაღაცით დავმსგავსებოდი მათ. ვაკვირდებოდი მათ თვისებებს, რომელიც შეიძლებოდა ჩემგან ჰქონოდათ გამოყოლილი გენეტიკურად. მსგავსება რომ ვიპოვე, ეშხში შევედი და გემოც გავუგე, ამერიკაში მიშვებენ.
– ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, არ გაგიჭირდათ კამერასთან მუშაობა?
– საერთოდ არ მახასიათებს თვითდაჯერებულობა. არ ვიცი, ეს ასაკმა მომიტანა, თუ ჩემმა პაუზამ. აქ მოვედი თუ არა, პირიქით მოხდა ყველაფერი. პირველივე დღიდან ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა. გავხდი თვითდაჯერებული, ძალიან მშვიდად და წყნარად ვმუშაობ. იმდენად მსიამოვნებს ამ სერიალში მუშაობა, რომ გადაღების პროცესით „ვკაიფობ.”
– ალბათ, თქვენი შვილიშვილები ძალიან გახარებულები არიან თქვენი გამოჩენით.
– ძალიან გახარებულები და ბედნიერები არიან.
– დარწმუნებული ვარ, მაყურებულმა გაგიხსენათ და ბევრ კომპლიმენტსაც იღებთ.
– სულ რაღაც ერთი კვირის წინ, სახლიდან გავედი, საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის ფოტოები უნდა დამებეჭდა. ატელიეში შევედი და ვინც მემსახურებოდა გაღიმებული მომესალმა. ვიფიქრე, მიცნო, როგორც მათი კლიენტი-მეთქი და მეც მივესალმე. უკვე დავიწყებული მქონდა, ვინმეს თუ შეიძლებოდა ვეცნე, როგორც მსახიობი. როგორ მომწონხართ სერიალშიო, მითხრა. როგორც აღმოჩნდა, მთელი მომსახურე პერსონალი უყურებდა „ჩემი ცოლის დაქალებს.” მერე მეორე მაღაზიაში მითხრეს, გიყურებთ, როგორი კარგი დედა ხართო. ძალიან გამიხარდა ასეთი ყურადღება. ვიგრძენი, რომ ფორმაში არ ვიყავი, შევედი სწრაფად სადარბაზოში, წავისვი პომადა, შევიღებე თვალები, თმა დავივარცხნე, მოვწესრიგდი და უკან გამოვედი. უკვე ყველგან მცნობენ, გამიხსენა ხალხმა. მოკლედ „ჩემი ცოლის დაქალებმა” მეორე სუნთქვა გამიხსნა. ვატყობ, შინაგანად ძალიან ხალისიანი და უფრო სხვანაირი გავხდი.
– მაყურებელი, რომელმაც თქვენი ისტორია არ იცოდა, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად დაგაფასებთ და შეგიყვარებთ, ხოლო ვისაც თქვენი „თავისუფალი თემა“ აქვს ნანახი, მათთვის ძალიან სასიხარულო იქნება თქვენი, როგორც მსახიობის გახსენება.
– „თავისუფალი თემა,” რომელიც რუსთაველის თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი იყო, დღემდე ჩემი სავიზიტო ბარათია. ვისაც ნანახი აქვს, დღემდე ახსოვს და რომ მხვდებიან, დიდი სიყვარულით მომიკითხავენ ხოლმე. მაყურებელს მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი სიყვარულისთვის. მინდა, მათ კარგი, ხარისხიანი, სპექტაკლები, ფილმები და სერიალები ვუსურვო. როცა ხარისხიან საქმეს აკეთებ, შენ თვითონ იღებ ამით სიამოვნებას. თან, გემოვნებას უხვეწს მაყურებელს. მაგალითად, „თავისუფალ თემაში” მეათე კლასის მოსწავლეს ვთამაშობდი. ძალიან დადებითი პერსონაჟი ვიყავი. იმ პერიოდში, მეათე კლასელების უმეტესობა სწორედ ისეთი ვარცხნილობით დადიოდა, როგორიც მე მქონდა. ბევრისგან მომისმენია, ძალიან გბაძავდით იმ პერიოდშიო. საერთოდ საკუთარ თავს ყოველთვის ვაკონტროლებ, არ მინდა, რამე შემეშალოს. არ მინდა, ვინმემ დამინახოს და თქვას, ეს ის არ არისო? მაყურებლისთვის მაგალითი უნდა იყო, მათთვის, ვისაც მოსწონხარ, უყვარხარ და გცნობს, როგორც მსახიობს. რომ გნახავს, უნდა თქვას, რა კარგად გამოიყურებოდაო. ჩემი მაყურებელი მე ძალიან მიყვარს. ერთ რაღაცას ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს. სულ მინდოდა, ამის თქმა და მიხარია, რომ ახლა მეძლევა ამის შესაძლებლობა. იმ პერიოდში, როცა თეატრიდან წამოვედი, როგორც აღვნიშნე ძალიან ცუდად ვიყავი. როცა სპექტაკლში, „თავადის ქალი მაია” ვითამაშე, მინდა აღვნიშნო, რომ დეპრესიამ თავისი ქნა და ის ჩემი ყველაზე ცუდად ნათამაშები როლი იყო. თამაში ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ, უარი ვერ ვუთხარი რეჟისორს. თან, ისიც ვიფიქრე, იქნებ ამით მდგომარეობიდან გამოვიდე-მეთქი. ერთ-ერთ სპექტაკლზე საშინელება დამემართა, საოცარი არაპროფესიონალიზმი გამოვამჟღავნე. მაშინ ვიფიქრე, რომ მართლა არ ვიყავი თეატრში ყოფნის ღირსი. ეს რუსთაველის სარდაფში მოხდა. მაყურებლის წინ ავანსცენაზე ვიჯექი. წინ ორი ხულიგანი ბიჭი იჯდა, რომლებიც საოცრად კარგ ხასიათზე იყვნენ. ამ დროს ტრაგედიას ვთამაშობდით. უცებ ამ ბიჭებმა აურიეს. მონოლოგი შევწყვიტე, ავდექი, ძალიან დიდი მადლობა-მეთქი, ვუთხარი ამ ბიჭებს და სცენიდან გავედი. ამას მე ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ. ეს ჩემი ძალიან დიდი ჩავარდნაა, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიონალური. ჩემი პროფესიის წინაშე ვიხდი ბოდიშს, ძალიან არ მსიამოვნებს ამის გახსენება და ძალიან მრცხვენია. ასეთი რამ მსახიობმა არასდროს არ უნდა გააკეთოს. თუ პროფესიონალი მსახიობი ხარ, იმის უნარი უნდა გქონდეს, თავი ხელში აიყვანო და აჯობო ვიღაც შემთხვევით მოხვედრილ მაყურებელს. სულ მინდოდა, ეს მომენანიებინა და მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა.

скачать dle 11.3