კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მოუყარა თავი ოთარ შაფათავამ ქართველ „შპიონებსა“ და მათ უკრაინელ საყვარლებს და როგორი სერიალები „აბამენ” ქართველ მაყურებელს ტელევიზორთან

 ტელეკომპანია „პიკზე” ახალი მძაფრსიუჟეტიანი სერიალი „დოსიე – პიკადორი” დაიწყო, რომელსაც რეჟისორი და პროდიუსერი ოთარ შაფათავა იღებს.  მის „ანგარიშზე” თითქმის ყველა ის ცნობილი ტელესერიალია, რომლებიც ქართულ ტელესივრცეში ბოლო წლებში გამოჩნდა: „ცხელი ძაღლი”, „ყავა და ლუდი,” „მგლების ხორუმი,” „თენდება გვიან”... მოკლედ, სერიალები, რომლებიც ქართველ  მაყურებელს კარგად ახსოვს. როგორ ხდება ქართული სერიალების გადაღება და რატომ არის ეროტიკა ქართული ტელესერიალების  „აქილევსის ქუსლი” , ამის შესახებ ბატონი ოთარისგან შეიტყობთ, რომელიც ძალიან საინტერესო რესპონდენტი  აღმოჩნდა. ინტერვიუ გადასაღებ მოედანზე – მსხიობების, ძაღლებისა და ცნობილი ქართველების „აჩრდილების”  გარემოცვაში შედგა, და ალბათ, ამიტომაც, ცნობილი სერიალების ცნობილმა პროდიუსერმა  ერთობ  ეგზოტიკური როლი მეც  მომარგო...  

– ბატონო ოთარ, როგორი სერიალები არის პოპულარული ქართველი მაყურებლისთვის და რა ჟანრით ხდება უფრო მეტად მათი  „დაბმა” ტელეეკრანებთან?
– საქმე ისაა, რომ ქართულ ტელებაზარზე გაყიდი ნებისმიერ პროდუქტს, თუ მას კარგად დაგეგმავ. ყველა „თავმოყვარე” არხს უნდა ჰქონდეს საკუთარი პროდუქტი. ყველაზე „ყურებადი“ პროდუქცია მაინც არის სერიალი, რა ჟანრსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ახალ სერიალს, რომელიც  უკვე გადის ტელეკომპანია „პიკზე”,  უფრო დაძაბული სიუჟეტი აქვს, ვიდრე იმ სერიალებს, რომლებზეც წლების წინ მომიწია მუშაობა. ეს არის შპიონაჟური დეტექტივი მელოდრამის ელემენტებით. 
  – როგორც ვიცი, ახალ სერიალში, გარდა ცნობილი მსახიობებისა, თამაშობენ არაპროფესიონალი, მაგრამ, ცნობილი სახეებიც. ეს ახალი „ტრიუკია” ქართული სერიალისთვის?   
– ვფიქრობ, რომ ცნობილი და ნიჭიერი სახეების გამოჩენა ცუდი არ უნდა იყოს, ჩვენს სერიალში ძალიან საინტერესო სახე შექმნა დათო ევგენიძემ, რომელიც პროფესიონალი მსახიობი არ არის, მაგრამ ნიჭიერი კაცია და ამ როლსაც კარგად გაართვა თავი. ის თამაშობს მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი სპეცაგენტის როლს, რომელსაც ქართული სპეცსამსახურები გააუვნებელყოფენ. ამ  სერიალში, რა თქმა უნდა, დაკავებულია ზურაბ ყიფშიძე, რომელსაც აქვს თავისი, უთქმელი შარმი, რაც ყველა დიდ მსახიობს აქვს ხოლმე.  ბატონ ზურაბთან ერთად სერიალში მის ცნობილ ძაღლსაც  კი ვიღებთ (იცინის). გადავიღეთ გიორგი გურგულია, ოთარ გიორგაძე, სერიალის მიწურულს გამოჩნდება ზაზა იაქაშვილიც; არაჩვეულებრივი სახე შექმნა მიშა  გომიაშვილმა – მან გერმანელი მეცნიერი ითამაშა. მაგრამ, მალე გაირკვევა, რომ ის მეცნიერი სულაც  არ არის. მოკლედ, ჩვენთან ასეა: რაღაც იწყება და მერე სულ სხვაგან გადადის.  გვყავს ძალიან საინტერესო ორი უკრაინელი ქალბატონი. მათი ლაიტმოტივი არის ვნება, მაგრამ მეორე სეზონში ერთ-ერთი მათგანი, ვიქტორია ვარლეი, რომელიც ასახიერებს ნატალია საფაროვას გმირს, თავისი საყვარლის, დათო ევგენიძის გმირის გამო შპიონაჟის ძალიან რთულ გზას შეუდგება. მინდა გითხრათ, რომ  დათო ევგენიძეს მარტო ერთი საყვარელი არ ჰყავს, ასევე, არც ვიქტორიასთვის არის დათო ერთადერთი... მოკლედ, დიდი ვნებათაღელვა გვაქვს (იცინის).  
– ვნებიან სცენებში უკრაინელი ქალბატონები რატომ დააკავეთ, ქართველი მსახიობების დათანხმება ინტიმურ სცენებში რთულია?
– ვერ გეტყვით ცხოვრებაში უჭირთ თუ არა ქართველ ქალ მსახიობებს ეროტიკული სცენები, მაგრამ, სერიალებში ნამდვილად აქვთ ეს პრობლემა. ამას  აქვს თავისი ახსნა: ეროტიკული სცენის კარგად  გადაღება მაინც რეჟისორის ოსტატობაზეა დამოკიდებული.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას, საფარს. მაგალითად, თუ ეროტიკას იღებ  საწოლში, მნიშვნელობა აქვს, როგორი უნდა იყოს საწოლი. შეიძლება, ეროტიკული სცენა გათბობის რადიატორზე გადაიღო და ძალიან კარგი გამოვიდეს, მაგრამ, შეიძლება, ყველაფერი გქონდეს: ფანტასტიკური საწოლიც და მაინც ვერაფერი ვერ გადაიღო. გადაღების დროს ყველაფერი უნდა გათვალო: თუ  სადომაზოხისტური მიდრეკილებების ადამიანს იღებ,  ის სხვა პოზას აირჩევს, თუ ისეა საქმე – ბოშო, აქანე რა ვქნაო – სხვა პოზაა საჭირო; თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართულ მაღალმთიან სოფლებშიც ზუსტად იმავეს შეიძლება აკეთებენ საწოლში და უფრო მეტი ვნებითაც, რასაც აკეთებენ „ფლეიბოის“ ვარსკვლავები. თავისთავად ცხადია, ასეთ სცენებში  ძალიან მნიშვნელოვანია  თავად მსახიობი. როგორც კი მსახიობი წარმოიდგენს თავს ასეთ სცენაში, მაშინვე სვამს შეკითხვას: რა „გავაკეთო“?  სინამდვილეში, ცხოვრებაში ხომ არ კითხულობს ასეთ რამეს?
– ეროტიკული სცენების ჰონორარი, ალბათ, განსაკუთრებით მაღალია?
– ეროტიკულ სცენებში გადაღების  პრობლემა ფულთან არაა მიბმული, მთავარია მოლაპარაკება, სადაც მონაწილეობას იღებს მეორე „მე“ – ის ვინც ჩვენში შიგნითაა.  თუ ის, მეორე „მე“,  თანახმაა,  ყველაფერი კარგად მიდის, ოღონდ, იმ „მესთან“ ჩემს მეორე „მეს“ ვალაპარაკებ, მე არ ვჩანვარ (იცინის).
 – თქვენი ყველა სერიალი ექსტრემალურ კრიმინალურ სიუჟეტზეა აგებული. ეს ერთგვარი აზარტია რეჟისორისთვის თუ, უბრალოდ,  კომერციულად მომგებიანი თემაა? 
–  ეროტიკა და სექსი, მგონი, ექსტრემი არ არის (იცინის) ჩემი ინტერესის სფერო ხშირად არის კრიმინალური სცენარი, იმიტომ, რომ მაინტერესებს ის იდუმალება, რომელიც ყოველთვის ახლავს ასეთი ტიპის ისტორიას. საზოგადოებისთვის ასეთი ისტორიები საინტერესოა და, შესაბამისად, ეს ჟანრი კომერციულად უფრო მომგებიანია, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, ეს გარკვეული აზარტი ნამდვილად არის. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ტელეეკრანთან ამ თემით ვერ დააბამ, ნებისმიერი დიდი რეჟისორის, თუნდაც, ვუდი ალენის ფილმები, ამ ტიპის ინტრიგას ყოველთვის მოიცავს. 
– ქართველ მსახიობებს კრიმინალურ სცენებში გადაღება, ალბათ,  არ უჭირთ.
– ასე ვერ იტყვი. კარგ მსახიობს არ უჭირს, ცუდს – გაუჭირდება.  დრამატურგიას თუ სწორად ააგებ, რითაც ყოველდღიურად მიდის სერიალი, არაა პრობლემა.  თუ  რეჟისორს ძალიან კარგ მსახიობთან გაქვს საქმე, ლოკალურად გადადიხარ იქ, რასაც იღებ.  მაგ დროს სიჩუმე – „მატორ” – ძალიან მისტიკურად მოქმედებს შენზე. შემოდის კაცი კოსტიუმში, მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძე და, ხვდება, დავუშვათ გრიბოედოვს; შენ უსმენ, უსმენ და, რაღაცნაირად, შედიხარ იმ დროში, იმ ეპოქით ცხოვრობ. მაგრამ, „სტოპ“, „სტოპ“ და – ისევ რეალობას უბრუნდები.  როცა რიდლი სკოტი „გლადიატორს” იღებდა, წარმომიდგენია, რას გრძნობდა; გამორიცხულია,  იმ რომში არ დაბრუნებულიყო.  რაც უფრო გრანდიოზულია სცენა, მით უფრო მძაფრია განცდაც. 
– გადაღება მოულოდნელობების გარეშე, ალბათ, გამორიცხულია.
– რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გათვლი და ვერ დაგეგმავ, გადაღების დროს საკმაოდ ბევრი ჩეპე შეიძლება მოხდეს. ერთხელ იყო შემთხვევა,  როცა მსახიობმა დაიწყო ტირილი – ასე სჭირდებოდა მიზანსცენას. ისე შეგვიყოლია მისმა თამაშმა, ისე გავიყურსეთ, დაგვავიწყდა, გვეთქვა: „სტოპ!“  დაახლოებით სამ წუთამდე მაინც იტირა თავისი „ჩამოსვლებითა” და „ასვლებით”. ეს ტირილისთვის ძალიან  დიდი დროა. ბოლოს, როცა გაიგო, რომ ამდენ ხანს ტირილი არ გვჭირდებოდა და დაგვავიწყდა, კინაღამ მოკვდა ადამიანი.   
– რეჟისორებს გაქვთ როლები, რომლებსაც სიამოვნებით მოირგებდით?
– სხვის მაგივრად ვერ გეტყვით, მე კი პირადად, სიამოვნებით ვითამაშებდი ან ექიმ მამოლოგს ან ბუღალტერს – მაინტერესებს ეს სამყარო და  ვცდიდი საკუთარ ძალებს (იცინის), ამ ექსპერიმენტზე წავიდოდი, თუმცა, ტვინში იმდენ ექსპერიმენტს ვატარებ, ცხოვრებაში ექსპერიმენტებს თავს ვარიდებ. ცხოვრებაშიც რომ ექსპერიმენტები ვატარო, აქამდე ასათიანზე მოვხვდებოდი.
– წლების განმავლობაში, როცა ტელეკომპანია  „იმედში”  მუშაობდით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყავით. იმასაც ამბობენ, რომ „რუხი კარდინალი” შეგარქვეს.
– მე ვიყავი „ტელებიუროკრატი,” მეხებოდა შემოქმედებით საწარმოო საკითხები. იქ  „რუხი კარდინალი” სხვა ვინმე იყო (იცინის). სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა რუხი კარდინალობის, ეს ყველაფერი უფრო  თავად  „რუხი კარდინალების“ მოგონილი მგონია, რომ თამაშში თავიანთი როლი შეამცირონ. 
– ახლა როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
– ჩვეულებრივი.  სულ მინდოდა, მქონოდა ეგზოტიკური ჰობები, მაგრამ არ გამომივიდა. ვხატავ – ეს არის ჩემი სისუსტე, სანამ კინოსარეჟისოროზე ჩავაბარებდი, სამხატვრო  აკადემია დავამთავრე.  ხშირად, როცა სერიოზულ თემებსა და გადაწყვეტილებებზე ვფიქრობ, ვიწყებ ხატვას – ვხატავ პერსონაჟებს, ოღონდ, არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ, ემოციებს ადამიანების სახით. 
ყოველთვის მქონდა მიდრეკილება რაღაც ტიპის კუნძულისადმი – მინდოდა ასეთი კუნძულის აღმოჩენა და ცოტა ხნით იქ გადაბარგება. სიამოვნებით წავიდოდი ასეთ მოგზაურობაში, ასეთ ველურ  კუნძულზე, მერე კი დავურეკავდი  ჩემს რომელიმე  ახლობელს და ხმას არ ამოვიღებდი  ტელეფონში... – რა მაგარი იქნებოდა, არა?!  მე –  იქ, ველურ გარემოში და, ის ჩემი ახლობელი, აქ, „მარშრუტკით“ რომ მიდის სამსახურში, ამას ალბათ, აქვს თავისი შარმი (იცინის). დიდი მაგელანი არ ვარ, მაგრამ, ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ინდოეთმა – ფანტასტიკური, ღრმა ქვეყანაა. კალკუტაში  ვნახე ჩრდილი, რომელიც არის შავი და, იქ რომ შეხვალ,  იკარგები. იქვე სხედან უპოვარი ხეიბრები. უცხო სუნელების ქალაქია, ისეთ სურნელს შეიგრძნობ, საოცარს. სულ ვამბობ:  რაღაც რომ ვიგრძნო, ისეთი რამ, თქმაც რომ არ ღირს, აუცილებლად წავიდოდი იქით, ოღონდ, ისე, ერთი გზის ბილეთით – „ვან  ვეი თიქეთ”  (იცინის).

скачать dle 11.3