რა უამბო თავის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს კორეელმა სპორტსმენმა, სუ იონ ლიმ და რატომ გადაწყვიტა მან საქართველოში ჩამოსვლა
გრძელი შავი თმა, ულამაზესი ნავარჯიშები სხეული, საოცარი ღიმილი – ეს ის პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც თბილისში სულ რაღაც სამი დღით ჩამოსული მაგიდის ჩოგბურთელის, სუ იონ ლის დანახვისას გრჩება. ჩოგბურთის მაგიდასთან მის გრძელ თმას ნაკლებად ამჩნევ, ისეთ ჯადოქრობებს აკეთებს ჩოგნით, თავბრუ გეხვევა. სუ თბილისში პრეზიდენტის და ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა. ის ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღ წესს გაუწევს პროპაგანდას, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში სპორტის სხვადასხვა სახეობის დანერგვას. როგორც სუ ჩატარებული მასტერ-კლასის შემდეგ დაგვპირდა მაგიდის ჩოგბურთის მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოში გაიზრდება.
სუ იონ ლი: სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ვოცნებობდი ამ ქვეყანაში მოხვედრაზე. ეს ის ქვეყანაა, რომლის მიმართაც საოცარი მოლოდინი მქონდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყნის მიმართ. მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინსა და წარმოდგენას გადააჭარბა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, განსაკუთრებით კი ხალხი. ადამიანური ურთიერთობები, კულტურა... პირდაპირ გეტყვით, უკვე ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა ამ სიყვარულის გაზიარებისთვის. ყველა, ვინც საქართველოში იყო სულ მიყვებოდნენ რა საოცარი ბუნება, სამზარეულო, ღვინო გაქვთ...
– როგორც ჩანს, თქვენც მოგეწონათ.
– დიახ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი სამზარეულოთი, სრულიად განსხვავებული გემო და არომატებია. ბუნებაზე ხომ უკვე ზედმეტია ლაპარაკი. თან, როგორც მეუბნებიან, ყველაფერი ის, რითაც არიან აღფრთოვანებული საქართველოს ვიზიტორები, თბილისს გარეთაა. ამჟამად ძალიან მოკლე სამუშაო ვიზიტი მაქვს და ვიმედოვნებ, აქ კიდევ მოვასწრებ ჩამოსვლას და რეგიონების მონახულებას.
– თქვენი ბიოგრაფიის შესახებ მოგვიყევით, როგორია თქვენი სპორტული კარიერა?
– მაგიდის ჩოგბურთის თამაში თერთმეტი წლის ასაკში დავიწყე სამხრეთ კორეაში. რამდენიმე თვეში მე პროფესიონალი მოთამაშე გავხდი, ჩემი მწვრთნელი კი – ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი. ის დღემდე წვრთნის სამხრეთ კორეის ეროვნულ ნაკრებს მაგიდის ჩოგბურთში. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მოგზაურობა. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის ტურნირებში ვმონაწილეობდი, ჩემი ქვეყნის სახელით ვიგებდი შეჯიბრებებს. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ, უკვე ორი წელია, რაც აქტიურ სპორტში აღარ ვარ. მაგრამ, როგორც სპორტის ელჩი, უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული. ასევე, მაგიდის ჩოგბურთის სპიკერი ვარ მთელ მსოფლიოში.
– საქველმოქმედო საქმიანობებში რა სახით ხართ ჩართული?
– ძალიან ბევრს ვმუშაობ ბავშვებთან, უამრავ პროექტში ვმონაწილეობ, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან ურთიერთობას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ადამიანებამდე მივიტანოთ, რომ მაგიდის ჩოგბურთი, ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც ყველას შეუძლია ითამაშოს. ის არ ითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს და არის თამაში, სადაც ფიზიკაც და გონებაც ერთნაირადაა ჩართული. მაგიდის ჩოგბურთი, ეს ის სპორტია, რომელიც სრულიად სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას მაძლევს. მაქვს პატივი, რომ ამ ყველაფრის შუაგულში ვიყო და ადამიანებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ, სპორტის და ჩემი გულის ნაწილი გავუზიარო.
– რამდენადაც ვიცი, სამოდელო საქმიანობითაც ხართ დაკავებული.
– ასეა. მაგიდის ჩოგბურთმა უამრავი სხვა ასპარეზი გამიხსნა – როგორიცაა: სამოდელო საქმიანობა, მსახიობობა ასევე, როგორც სპორტსმენს და სხვა. უკვე მრავალი წელია, რაც სამოდელო სფეროში ვარ, ბევრ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს არის: სარეკლამო გადაღებები, პოდიუმი, მაღალი მოდა, სატელევიზიო რეკლამები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სპორტს უკავშირდება, ხალხი როგორც სპორტსმენს ისე მიცნობს და ამიტომაცაა, რომ ძირითადად, სპორტული პროდუქციის რეკლამირება მიწევს. ცოტა ხნის წინ მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაციისთვის სარეკლამო თამაში მქონდა. NBA-ს სუპერვარსკვლავ კალათბურთელს, „კლიფერსის” მოთამაშეს, ბლეიქ გრიფინს შევხვდი. სხვათა შორის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და ისე ვითამაშე (იცინის). ადამიანების უმრავლესობას, მით უმეტეს ათლეტებს, მიაჩნიათ, რომ მაგიდის ჩოგბურთის თამაში უადვილესია და ამას ძალიან იოლად შეძლებენ. წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამხელა განსხვავებაა პროფესიონალ მოთამაშესა და მოყვარულს შორის. ბლეიქი მემუქრებოდა, იოლად მოგიგებო, მაგრამ ისტორია იმით დასრულდა, რომ კალათბურთის მოედანზე დავამარცხე (იცინის).
– ვიცი, რომ პირველი მოწვევა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ჩვენი პრეზიდენტისგან მიიღეთ. იქნებ გაიხსენოთ ეს შეხვედრა.
– სამხრეთ კორეაში ვიყავი, როდესაც თქვენი პრეზიდენტი იქ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სპორტის მინისტრის მიწვევით მასთან შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ბევრი ვისაუბრეთ სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე სკოლებში. მასთან საუბარში მოვყევი ბავშვების ფიზიკურ აღზრდაში ჩემი გამოცდილების შესახებ. სპორტსმენობის გარდა, განათლება მაქვს მიღებულ სპორტულ ფსიქოლოგიაში. მაქვს სერტიფიკატები, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება ფიზიკური აღზრდის დროს. მაქვს სკოლებში მასტერ-კლასებისა და წვრთნების ჩატარების გამოცდილება, ასევე კორეისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელის ლიცენზია. ვასწავლი მწვრთნელებს, თუ როგორ უნდა გაწვრთნან ბავშვები. ყველაფერ ამით პრეზიდენტი და სპორტის მინისტრი დაინტერესდნენ, გადაწყვიტეს, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და განვითარების პროგრამები დაიწყონ და საქართველოში მომიწვიეს. ამისთვის კიდევ ერთხელ, მადლობა.
– რომ არა თქვენი გაცნობა, ალბათ, პრეზიდენტის ეს ინიციატივაც არ იარსებებდა.
– დიდი მადლობა, თუ ასე ფიქრობთ. მიხარია, ამ საკითხში ჩემი ჩართულობა, ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდის საქმეს კიდევ ერთ აგურს თუ შეჰმატებ... მგონი, მართლა არ ვაკეთებ ჩემს საქმეს ცუდად (იცინის). დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა. ზოგადად, მაგიდის ჩოგბურთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ადგილი უკავია. ჩინეთში ეს სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, ნაციონალური სპორტია. იგივე ხდება აზიის ბევრ ქვეყანაში. ამერიკაში კი, ცოტა ხნის წინ, ისიც კი არ იცოდნენ, მაგიდის ჩოგბურთი სპორტის ოლიმპიური სახეობა თუ იყო. თუმცა, ნელ-ნელა იქაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, უფრო მეტად კი – სოციალური. ის ხელს უწყობს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
– როგორია თქვენი ყოველდღიური გრაფიკი, რთული იყო თქვენი განრიგისთვის ამ სამი დღის „წართმევა”?
– ამჟამად, ლოს-ანჟელესში ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ბევრი მოგზაურობა მიწევს, ამიტომ სამი დღით აქ ჩამოსვლაც ჩემთვის პრობლემა არ არის. იშვიათად, მაგრამ მაინც მაქვს თავისუფალი დრო და მას ზუსტად ისე ვატარებ, როგორც ყველა სხვა. სხვათა შორის, გატაცებული ვარ საბრძოლო ხელოვნებით, ეს ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება. მიყვარს პლაჟზე ყოფნა, კინოში, კონცერტებზე სიარული, მეგობრებთან ერთად ლანჩი. ცხოვრების უბრალო წესი მაქვს და ამ დროს ყველაზე მეტად ვისვენებ.