ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-23(597)
მიხომ სალომე კაბინეტში დაიმარტოხელა და კარი შიგნიდან ჩაკეტა.
– რას აკეთებ?
– არ მინდა, ლელიმ დაგვინახოს, ხელს შეგვიშლის. ხაფანგი თითქმის მზად მაქვს. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ყველაფერი გამოგვივა.
გოგომ უნდობლად გაბუსხა ტუჩები:
– მეეჭვება. შენს ცოლთან ვერ მოაგვარე ურთიერთობა და ამ საქმეს მოაბამ თავს?! ლელიც ისეა გაბრაზებული... არა, არაფერი გამოგივა და, ჯობია, შევეშვათ.
მიხომ მხრები აიჩეჩა:
– მაშინ, მივცეთ საშუალება შენს დაიკოს, გათხოვდეს მილიონერზე და მერე ნახავ, ზემოდან რომ დაგიწყებს ყურებას.
– არა, გამორიცხულია, ის ტიპი, მაგას ცოლად არ მოიყვანს! – იყვირა სალომემ, – ეს უსამართლობა იქნება!
– უსამართლობა კი არა, ჩვენი სისულელე იქნება. გეუბნები, შანსი გვაქვს.
– რისი შანსი? რომ ერთმანეთს დავამდურებთ? – გამოცოცხლდა სალომე, – აუ, რა მაგარი იქნება! მაგრამ, მოვახერხებთ? რადგან იმ ტიპმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესე იგი, რაღაც სერიოზული ხდება, ხომ?!
– ჩვენც სერიოზულად ავამღვრევთ წყალს, მაგისთანები გამომსვლია?! – დაიქადნა მიხომ სიცილით.
– ცოლმა კი გამოგაგდო გარეთ და... – დასცინა სალომემ.
– გოგო, ნუ ხარ შენ დედაშენივით უკუღმართი და ბოღმა!
– დედაჩვენივით, – გესლიანი ღიმილით შეუსწორა გოგომ.
– კარგი, დედაჩვენივით... მაგრამ, ეს შველის საქმეს? მოკლედ, შენ ჩემკენ ხარ თუ არა?!
– დავუშვათ, შენკენ ვარ. მაგრამ, შენ რა ინტერესი გაქვს, მაინც ვერ ვხვდები.
– რა ინტერესი უნდა მქონდეს, რას გულისხმობ?
– ორი ვარიანტი მაქვს, – თვალები მოჭუტა სალომემ და ენა გააწკლაპუნა, – პირველი: ან მართლა ძალიან ბოროტი ხარ, რაც, პრინციპში არც გამიკვირდება, და, მერე...
– მიდი, მიდი, მეორე ვარიანტიც მაინტერესებს, – შეაგულიანა მიხომ.
– არა, ჯერ არ გეტყვი. ამ მეორე ვერსიას ჩემთვის შევინახავ...
– ჩერჩეტი ხარ, რა! მესამე ვერსიაც არსებობს – ის, რომ, უბრალოდ, ვერთობი, „კაიფს“ ვიჭერ.
– „კაიფს“ იჭერს... – გამოაჯავრა სალომემ, – მოიცა, რა, „კაიფისთვის“ გცხელა? ლელი დიდხანს ვერ აგიტანს აქ.
– იმდენ ხანს ამიტანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. შენ კიდევ არ იცი, რა „ტკბილი და მურაბა“ ურთიერთობები გვაქვს მე და დედიკოს.
– ნამდვილი გადარეულების ოჯახია, – ამოიოხრა სალომემ, – შორიდან, ალბათ, როგორ სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი...
– ლელი გაისარჯა ამისთვის – გათხოვილსა და შვილიანს ორშვილიანი კაცის „შებმა“ მოუნდა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: მე და შენ ერთი დედა და სხვადასხვა მამა გვყავს; შენ და ამ ორს – საერთო მამა და სხვადასხვა დედა... ასე გამოვიდა დიდი, ტკბილი, ექსტრავაგანტური ოჯახი. მოკლედ, აღარ გვინდა ამაზე, საქმეს მივხედოთ. მაგრამ, ჯერ მშია... წამოდი, გამიკეთე რამე.
– აუ, რა უნდა გაგიკეთო, კვერცხის შეწვაც არ ვიცი. ლელი გაჭმევს.
– ლელი რასაც მაჭმევს, კი ვიცი... უჰ, გადარევდა მაგას ის ქალბატონი.
სალომემ თავი დაუქნია.
– ეგრეა. რაც იმას შეხვდა და დაბრუნდა, ჯერ თავის ტკივილის წამალი დალია, –განაგრძო მიხომ, მერე შუბლი შეიხვია და მესამე ფინჯან ყავას სვამდა წეღან.
– კარგად შეგისწავლია დედაშენის ხასიათი – ეგრევე ხვდები, როდის მოერიდო.
– რა უნდა მაგის მიხვედრას?! ყოველთვის ასეთი იყო.
– მართლა?! – იკითხა სალომემ და ამოიოხრა, – მეგონა, ადრე მაინც იყო სხვანაირი.
– როდის ადრე?! – დასცინა მიხომ, – მამაშენს რომ ყვარობდა, იმ პერიოდს ხომ არ გულისხმობდი?
– არა! – გამოაჯავრა სალომემ და ძმას ენა გამოუყო, – აუტანელი ხარ!
– ჰო, ვიცი, მაგრამ, რას იზამ, გენეტიკაა. ამიტომ, გამოვიყენოთ გენები და ჩვენი პიროვნული ღირსებები, რათა ცოტა გავერთოთ და ქეთის დავანახვოთ, ვინ არის მისი ჭეშმარიტი ახლობელი.
– კარგად გამოგდის შავი იუმორი. თუმცა, მე მაინც ვერ მივხვდი, რის გაკეთებას აპირებ.
– თავის დროზე ყველაფერს გაიგებ, საყვარელო... – მიხომ დას ნიკაპზე მოუთათუნა ხელი – ყველაფერს...
***
ვახომ ჭიქები ვისკით შეავსო და შიგ ყინულებიც ბლომად ჩაყარა.
– მოკლედ, მაგარ შარში ვარ და რამე უნდა მიშველო. ასეთი გადარეული არასდროს ყოფილა. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება.
– გეყოფა, შენს ადგილას ჩუმად მაინც ვიქნებოდი, – ხელი ჩაიქნია ასათიანმა, – მით უმეტეს, რომ მშვენივრად იცი, რაც ხდება. არაფერმა არ გაჭრა...
– საშინელი ჯიუტია, სისულელემდე ჯიუტი.
– არა. ქალია, ჩვეულებრივი ქალი! რატომ გიკვირს? შენ მისი ქალური ღირსება შელახე, მის თავმოყვარეობას შეეხე და, ბუნებრივია, რომ სამაგიეროს გადახდას ცდილობს.
– ისეთიც არაფერი ჩამიდენია, რომ ასე გაბოროტებულიყო.
– კიდევ ვერ გაიგე? ქალია-მეთქი! ქალი კი ნებისმიერ ასაკში ქალია, სამოცდაათი წლისაც რომ იყოს. თანაც, ზოგჯერ სწორედ ასაკში შესულები გრძნობენ ხოლმე უფრო მძაფრად საკუთარ ქალობას. ეს ოცი-ოცდაორი, თუნდაც ოცდახუთი წლის გოგოს არ ესმის და არც უნდა გაგიკვირდეს. შენ საკუთარი შვილების დედას ატკინე გული. მერედა რისთვის? რაში გჭირდებოდა ის ქათმისტვინა მარიკო?
– არაფერში არ მჭირდებოდა და არც არაფერი ყოფილა, – ვახომ ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა, – გეფიცები, კოცნის იქით საქმე არ წასულა, იმაშიც შენ შეგვიშალე ხელი.
– ჰმ, ესე იგი, თავი დამნაშავედ უნდა ვიგრძნო. – თურმე, ხელი შემიშლია! კოცნა არ არის ღალატი?!
– ახლა, ნუ გამაგიჟებ. კოცნა რა ღალატია?!
– შენ თვითონ არ მითხარი, ხელი შემიშალეო?! ანუ, რაში შეგიშალე ხელი? კოცნის შემდგომ ეტაპზე გადასვლაში? ჩანაფიქრი და შორს მიმავალი გეგმები ხომ გქონდა?! სწორედ ეგ გახლავთ ღალატი... თუ, აქამდე არ იცოდი?!
– ოღონდ ახლა ცისიამ გაყრა გადაიფიქროს და, ვიტყვი, რომ ყველაზე მოღალატე არსება ვარ მთელ დედამიწაზე, – ამოიოხრა ვახომ, – შენს ხუმრობასაც კი მივესალმები და გავიზიარებ.
– რომელ ხუმრობას? – წარბი შეიკრა ასათიანმა.
– ცოლი რომ მოგყავს, იმას.
– შენ ფიქრობ, რომ ვიხუმრე? ცდები. ძალიან სერიოზულად ვფიქრობ და ჩამოყალიბებული ვარ საკუთარ გადაწყვეტილებაში. მთავარია, ქეთიმ არ მითხრას უარი.
ვახო გაოგნდა:
– რა თქვი? შეიძლება ქეთიმ უარი გითხრას?! ანუ, შენ ხელი სთხოვე და ახლა გეშინია, რომ ის უარს გეტყვის?!
– ჰო. იმაზე რთული გამოდგა მასთან ლაპარაკი, ვიდრე წარმომედგინა.
ვახო ადგა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა, თან ხელებს იქნევდა. მერე გაჩერდა და ასათიანს ისე შეხედა, თითქოს საერთოდ პირველად ხედავდა:
– მამაშენმა თუ იცის ეს ამბავი?
დიმას გულწრფელად გაეცინა:
– მამაჩემმა იცის თუ არა? ნუ გადამრიე, რა მნიშვნელობა აქვს ამას? შენ ფიქრობ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერევა მამაჩემი? ან, საერთოდ, მივცემ ვინმეს ამის უფლებას? ასე ცუდად მიცნობ?
– კარგად რომ გიცნობ, იმიტომაც ვერ ვიჯერებ. ასეთი ხუმრობა არ ვარგა. ოჯახი რომ ძალიან სერიოზული საქმეა, ამის გამოცდილება უკვე მაქვს. ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? ზოგჯერ საკუთარი თავი მეცოდება. მით უმეტეს, რომ ცისია მიყვარდა და შემეფერებოდა კიდეც.
– აჰა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ანუ, შენ მიგაჩნია, რომ ქეთი არც მიყვარს და არც ჩემი შესაფერისია?! რომ გითხრა, ძალიან ცდები-მეთქი?!
– არ ვცდები, ზუსტად ასე ვფიქრობ: ქეთი არც გიყვარს და არც შენი შესაფერისია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს დროებითი ეიფორიაა, რომელიც აუცილებლად გაგივლის და მერე ინანებ. დამიჯერე, არ გინდა... საკუთარი თავი თუ არ გეცოდება, ის გოგო მაინც შეიბრალე, ტყუილად იმედს ნუ ჩაუნერგავ. მშვენივრად იცი, რომ ზღაპრულ პრინცამდე ვერ „გაქაჩავ“ და ძალიან მალე მოგბეზრდება მასთან. შენ სხვანაირი ქალი გჭირდება.
ასათიანი ცოტა ხანს ჩუმად იჯდა და ნიკაპს ისრესდა. მერე გაიღიმა:
– რომ გისმენ, ასე მგონია, საკუთარი სინდისის ხმა მელაპარაკება...
ვახო გამოცოცხლდა:
– აბა, რისთვის ვართ ძმაკაცები?! მე შენი სინდისის ხმა ვარ, შენ – ჩემი... ვიცი, რატომაც გაგიტაცა მაგ გოგომ, მაგას „პიგმალიონის“ სინდრომს ეძახიან. მაგრამ, ნუ დაემსგავსები ჭირვეულ ბავშვს, რომელიც ჯერ ფეხებს აბაკუნებს, ეს სათამაშო მომეცითო, მერე კი ამ მობეზრებულ სათამაშოს სანაგვეში ისვრის.
– უცნაური სინდისის ხმა მქონია და აქამდე არ ვიცოდი. მხოლოდ იმაში გეთანხმები, რომ თავს ვერ დავდებ, ქეთი მიყვარს-მეთქი, მაგრამ, ეს დროებითია. დარწმუნებული ვარ, მალე ეს პატარა პრობლემაც აღარ იარსებებს. სიმართლე რომ გითხრა, მე ზუსტად არ ვიცი, რა არის სიყვარული. შეიძლება, სწორედ ისაა, რასაც ამ გოგოს მიმართ ახლა ვგრძნობ. მის გვერდით უფრო კარგად მივხვდები ამას.
– მერე, ამისთვის ქორწილი და ჯვრისწერა რა საჭიროა? ისეც შეგიძლია, მის გვერდით იყო.
ასათიანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ვახომ ხელები გაშალა:
– აღარ ვიცი, როგორ გადაგაფიქრებინო ეს ახირება.
– არც არის საჭირო. მე ვგრძნობ, რომ ბოლომდე ვიქნები გახსნილი მასთან და „დახურული“ – საზოგადოებისგან. ეს იქნება ის, რაც ახლა მინდა და მაინტერესებს.
– იმაზე არ ფიქრობ, მერე რა იქნება?
– რომ ვფიქრობ, იმიტომაც შევირთავ ცოლად.
– დროებითია ეს ყველაფერი, რატომ არ მიჯერებ? შენზე ვიდარდო თუ იმაზე, რომ ოჯახი მენგრევა?
– საკუთარ სისულელეებზე იდარდე, გაცილებით აჯობებს. იცი, ქეთისთან ხანმოკლე ურთიერთობისას რას მივხვდი? ადამიანების უმრავლესობას გვაქვს ბუნებრივი, ადამიანური სურვილები, რომელთა განხორციელებაში რაღაც გაუგებარი, არავინ რომ არ იცის, ვისგან დაწესებული, უამრავი ტაბუ გვიშლის ხელს. ამიტომაც, იშვიათად ვართ ბედნიერები. ჩვენს წრეში მაინც განსაკუთრებით იგრძნობა ეს. ვიწრო დიაპაზონის საზღვრებში ვეძებთ პარტნიორს, ცხოვრების თანამგზავრს... შემიძლია, ამის ბევრი მაგალითი მოვიყვანო. იცი, კიდევ რა არის პრობლემა? ჩვენი გარემოცვა. იმ საზოგადოებას ვგულისხმობ, რომელიც გარშემო გვყავს. ის არასოდეს დაგვტოვებს მარტო და ჩვენ ამისიც გვეშინია. მე ყველას ვერ ავუმხედრდები და სურვილიც არ მაქვს ამის, მაგრამ, იმას მაინც გავაკეთებ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ წავალ. მთავარია, ქეთიმ არ თქვას უარი.
– სულელი იქნება, უარი რომ თქვას, – ჩაილაპარაკა ვახომ წყრომით, – გეხვეწები, მითხარი, რა დაინახე ამ გოგოში ამისთანა? ოღონდ, გულწრფელად, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს.
– არ ჰგავს იმ ქალებს, რომლებთანაც აქამდე საქმე მქონია.
– სულ ეს არის? ამიტომ მოგყავს ცოლად? გაგიჟდი?
– არა, მარტო ამიტომ არა. მომისმინე, ის ისეთია, როგორიც მე ვარ.
– სისულელეა!
– დამაცადე, ჯერ ბოლომდე არ მითქვამს. მე მიყვარს ამბები სამოქალაქო ომზე და... ნუ იცინი, შენ ეს არ იცი... მე კარგად ვიქნები ქეთისთან...
– მარტო იმიტომ, რომ ჭკვიანია და შავ-თეთრი კინო უყვარს?! – ვახომ გაოცებით დაუსტვინა, – მარტო შენ შეგეძლო, ჩემს დასარწმუნებლად ასეთი არგუმენტები მოგეყვანა. მეჯიბრები თუ მართლა ვერ ხედავ თქვენ შორის არსებულ წინააღმდეგობას?
– გეტყვი, რა იქნება ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც, შესაძლოა, ჩვენ შორის წარმოიშვას, ანუ, პრობლემას რაც შექმნის: თუ ქეთი მეტისმეტად ბევრს იფიქრებს. მას სულ ემახსოვრება, რომ მე მდიდარი ვარ, თვითონ კი...
– აჰა, ანუ, მართალი ვყოფილვარ, როცა თქვენ შორის განსხვავებულობაზე მივუთითებდი?!
– ნუ სულელობ. ჩვენ სხვა დროში და სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ. ლოგიკურიც არის, კაცი იხდიდეს ფულს ქალის კომფორტში.
– ეგ მაშინ, როცა სიყვარულზეა ლაპარაკი, – გახუმრება სცადა ვახომ, მაგრამ ასათიანმა ისეთი სიძულვილით შეხედა, მაშინვე მოიღუშა: – რა იყო, ვიხუმრე. რას იბღვირები?!
– შენმა იდიოტურმა ხუმრობებმა სადამდეც მიგიყვანა, კი ვხედავ. მაინც არ იშლი შენსას?! – გაბრაზდა დიმა, – მოკლედ, გეუბნები: მალე ქორწილი მექნება. ახლა კი, ერთხელ კიდევ დაგდებ პატივს და ვეცდები, ცისიასთან შეთანხმებას მივაღწიო.
– ვითომ, გამოვა რამე?
– არ ვიცი. მე ვეცდები, დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებული.
– ჩემზე რატომ?
– იმიტომ, რომ ცისიას დარწმუნებას მარტო შენ შეძლებ. მე შემიძლია, მხოლოდ დავამშვიდო და კიდევ ერთი შანსი მოვაცემინო. მაგრამ, იმასაც ვფიქრობ, შეიძლება კი, საერთოდ, შენი ნდობა? როგორ ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე?! მართლა არ მინდა, ცისიასთან შევრცხვე.
– შეიძლება ჩემი ნდობა, შეიძლება!.. შენც თუ გამწირავ, დავიღუპები, – შეეხვეწა ვახო და ოთახში შემოსულ ცოლს გაუღიმა: – ცისია, ხომ შემირიგდები? ძალიან გთხოვ, ერთი, ბოლო შანსი კიდევ მომეცი.
– სხვათა შორის, პასუხისმგებლობას შენ კი არა, დიმა იღებს. ასე რომ, შენ თავი ქუდში გაქვს, ვაჟბატონო.
– ცისია, მაძლევ შანსს?
– უსინდისო რომ არ იყო, მაგას არ მკითხავდი. შანსს მთხოვ იმიტომ, რომ დროებით ჩააწყნარო სიტუაცია და მერე ზუსტად ისე მოიქცე, როგორც აქამდე იქცეოდი. დიმასაც რომ არიგებდი ჭკუას, ეგეც გავიგონე. აბსოლუტურად ვეთანხმები. როცა პიროვნება და მისი ინდივიდუალიზმი გიზიდავს, ეს ძალიან დიდხანს გრძელდება. დიმა, შენ არავის მოუსმინო, მით უმეტეს – ჩემს ქმარს. ადამიანებს ძალიან იშვიათად უყვარდებათ ერთმანეთი – ჭეშმარიტ სიყვარულზე ვლაპარაკობ. არ უნდა თქვა უარი, როცა ასეთ სიყვარულს იპოვი.
ვახო პირდაღებული მიაშტერდა ცოლს. დიმამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა ქალს:
– მართალი ხარ, ცისია, ამიტომაც, ერთი შანსი აუცილებლად უნდა მისცე ვახოს.
ცისიამ ხელი ჩაიქნია:
– კარგი, რა, დიმა!.. ხომ ზუსტად მიხვდი, რისი თქმაც მინდოდა? რა საჭიროა ვახოს ადვოკატობა, ისედაც ყველაფერი გასაგებია. თუ მივცემ შანსს, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავში ჩამოყალიბდეს. მეეჭვება, რამე შეიცვალოს, მაგრამ, მინდა, შენ დაინახო, ვის დასაცავად გამოიდე თავი. ახლა კი მანქანის გასაღები მომეცი, ვაჟბატონო, ბავშვები უნდა მოვიყვანო.
ვახომ გასაღები გაუწოდა...
– მე მოვიყვანდი.
– არა. იყავი შენ და იფიქრე... ნახვამდის, დიმა! ხელი არ გაუშვა იმ გოგოს. რადგან რაღაც განსხვავებული იგრძენი, ამ გრძნობას უნდა ჩაებღაუჭო და გაუფრთხილდე...
***
ქეთისთვის სიურპრიზი იყო იმის აღმოჩენა, რომ სალომემ, მუდმივად ანჩხლი კატასავით რომ ჰყავდა ჩასაფრებული, მის მიმართ პოზიცია შეცვალა და ახლა სულ ალერსიანად უღიმოდა, თან, ლელისთანაც დის თავგამოდებულ დამცველად იქცა... იმ დილით კი, საერთოდ, საკუთარ თავსაც აჯობა. ქეთი რომ სამზარეულოში შევიდა, სალომეს უკვე მზად ჰქონდა მისთვის საუზმე – ყავა და კვერცხში ამოვლებული შემწვარი პური. განცვიფრებულმა ქეთიმ მადლობის თქმა ძლივს შეძლო.
– სამადლობელო არაფერია, მაინც ადრე გამეღვიძა... შენ ისე იღლები, თან, გიოც ხომ არ წავიდოდა სკოლაში...
– არც კი ვიცი, რა ვთქვა, – ქეთის გული აუჩუყდა, – იმდენი ხანია, ჩემზე არავის უზრუნია...
– ჰო, ცუდად ვიქცეოდი, – სალომემ თეატრალურად ამოიოხრა, მაგრამ, ქეთისთვის შეუმჩნეველი დარჩა მისი სიყალბე, – ჩემი ბრალიც არ არის. ეგოიზმი ჭარბობდა ჩემში, ამიტომ, ვერც ჩვენს ნათესაურ კავშირს ვაცნობიერებდი. ასეა თუ ისე, მაინც დები ვართ და, რაც უნდა მოხდეს, ერთმანეთზე უფრო მეტად შეგვტკივა გული, ვიდრე სრულიად უცხოებს.
– მართალი ხარ, ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ...
– ვიცი, რისი თქმაც გინდა... ვაღიარებ, ჩემი ბრალია, ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ, გეფიცები, მინდა, ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანო. შევძლებ ამას, თუ, რა თქმა უნდა, ცოტათი დამეხმარები.
ქეთიმ გაუღიმა:
– სიამოვნებით. რა უნდა გავაკეთო?
– არაფერი. საშუალება უნდა მომცე, უფრო მეტი ვიცოდე შენ შესახებ. მე ხომ, ფაქტობრივად, არ გიცნობ... აქამდე არ გამჩენია სურვილი, გამეცანი, რასაც ძალიან ვნანობ... – სალომემ დამნაშავესავით დააფახულა წამწამები და ქეთის გული საბოლოოდ მოიგო. გოგომ შვებით ამოისუნთქა:
– რა კარგია, სალომე, როგორ მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდი! ახლა, ალბათ, გამოვა ჩვენი დობა, რაც ყოველთვის მინდოდა, მიუხედავად ყველაფრისა...
– ჰო, მშობლების დანაშაულზე შვილებმა პასუხი არ უნდა ვაგოთ. იმათ თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ, ჩვენ – ჩვენი გვაქვს... შეიძლება, დღეს სამსახურში გამოგიარო? ძალიან მაინტერესებს, სად მუშაობ...
ქეთი შეყოყმანდა:
– სულ ცოტა ხნით, ძალიან გთხოვ... – ყელი ორი თითით გამოიწია სალომემ.
– კარგი, მისამართს გეტყვი... ჩემი მობილურიც ჩაიწერე. დამირეკე და შესვენების დროს მოდი. იქვე კარგი კაფეა და დაგპატიჟებ.
სალომეს ძალიან გაუჭირდა ბოლომდე ეთამაშა თავისი როლი. გაწითლდა და ტუჩი მოიკვნიტა:
– მობილურიც სამსახურმა გიყიდა? ძალიან გაგიმართლა. აშკარად გაფასებენ.
– ჰო, კარგი უფროსი მყავს, – ამჯერად უკვე ქეთი გაწითლდა, – კარგი, წავედი და დამირეკე.
– აუცილებლად... აუცილებლად დაგირეკავ, – ქეთიმ ფეხზე მდგარმა დალია ყავა და სალომეს ხელი დაუქნია. სამზარეულოს კართან კი ლელის შეეჩეხა, სწრაფად მიესალმა, მაგრამ, სანამ ქალი რამეს ეტყოდა, მომენტით ისარგებლა და გაქრა.
ლელიმ შვილსღა შეუბღვირა.
– რა იყო, ლელ, გიკვირს, ადრე რომ ავდექი?
– არა, მე ის მიკვირს, ამ ქალბატონს რომ დაუტკბი, რაც, ძალიან არაბუნებრივად მეჩვენება.
– სულაც არ დავუტკბი. ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც მქონდა, უბრალოდ, ვსაუზმობდი და შემოვიდა. ხომ არ ვეტყოდი, არ ჭამო და ყავა არ დალიო-მეთქი? ბოლოს და ბოლოს, მისი ფულით არის ნაყიდი ეს ყველაფერი...
– აჰა, ხედავ, როგორ ალაპარაკდი? ხომ არაფერი ჩაიფიქრეთ ჩემ წინააღმდეგ? მითხარი, შეგპირდა, რომ თავისი შემოსავლის ნაწილს შენ მოგცემს თუ მის გარდერობში თავისუფლად ძრომიალის უფლება მოიპოვე ფინჯანი ყავით?
– დედა, რა უცნაური ლაპარაკი იცი ხოლმე, – ტუჩი უკმაყოფილოდ აიბზუა სალომემ, – სულ პირიქით არის ყველაფერი, შენ კი რაღაც-რაღაცეები გეჩვენება.
– მართლა?! აბა, როგორ სხვანაირად არის ყველაფერი? მოყევი, მაინტერესებს.
– როგორ და, მაინტერესებს მისი სამსახურის ამბები, ძალიან მაინტერესებს. უამრავი კითხვა გვაქვს ორივეს, შენც და მეც. მაგას კი ვერაფერს დააცდენინებ, ვერც ერთ სიტყვას. თუ ჩემ მიმართ ნდობა გაუჩნდება, უფრო მეტის გაგებას შევძლებ.
– მე მარტო ის მაინტერესებს, საიდან გაუჩნდა ამ ყველაფრის საყიდელი ფული. მამაშენმა თავი გაიგიჟა, ერთი ლარიანიც კი არ გამიგზავნია მისთვისო. მეხვეწა, ბავშვი გზას არ იყოს აცდენილი, მიხედეო... ეს ბავშვი ყოფილა, თურმე, მე კი – მისი ზედამხედველი. თითქოს მაგის გარდა სხვა საქმე არ მქონდეს.
– სამსახურმა რომ მობილურიც უყიდა, იცოდი?
– გადავირევი!.. ეს რა ტვირთი ავიკიდე, ღმერთო, რისთვის დამსაჯე ასე?!
– ორშვილიანი კაცი რომ მოინდომე ქმრად, ხომ იცოდი, ის შვილები თან რომ მოჰყვებოდნენ?! – ჭკუა დაარიგა სალომემ და ლელი აყვირდა:
– მე მტრებად საკუთარი შვილები მექცნენ და სხვასთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს? რისთვის ვიწვალე თქვენს გაზრდაზე? უმადურები ხართ ორივე! შენ ჩემ წინააღმდეგ მაგ გომბიოს შეეკარი, ის უქნარა ხომ საერთოდ აქ გადმოსახლდა თავისი პრობლემებით. სად გდია? წადი, გააღვიძე, შემოეთრიოს. მისი ცოლის ამბავი საერთოდ არ აინტერესებს: მე კი გული მაქვს გახეთქილი!
– გული იმიტომ გაქვს გახეთქილი, რომ პრობლემებს თავად იქმნი. არც მე ვარ შენი მტერი და არც მიხო.
– გააღვიძე, საქმე მაქვს შენს ძვირფას ძმასთან!
– მღვიძავს უკვე, – ოთახში თვალების ფშვნეტით შემოვიდა მიხო, – ისე ყვირი, აქ დაიძინებს ვინმე? ერთი დილა მაინც ხომ შეიძლება სიმშვიდე შეინარჩუნო?
– სიმშვიდე ჩემთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა. ერთი ადამიანიც კი არ არსებობს ისეთი, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს.
– ლელი, გეყოფა. ადამიანი მარტოა დაბადებისას და მარტოა გარდაცვალებისას – ეს ბუნების კანონზომიერებაა.
– ხმა ჩაიწყვიტე! წარმოდგენა არ გაქვს, რას აპირებს შენი ცოლი! ვის ჰგავხარ ასეთი უპასუხისმგებლო? მამაშენს ეს მაინც ჰქონდა მოჭარბებული.
– სამაგიეროდ, შენ გაკლდა, – სიტყვა არ შეარჩინა მიხომ და ლელი საბოლოოდ გადარია.
– ახლა რომ გაგაგდებ სახლიდან და ქუჩაში მოგიწევს ღამის გათენება. ბომჟივით, ჭკუასაც ისწავლი და ჩემი პასუხისმგებლობის ხარისხსაც უკეთ შეაფასებ.
– აუ, როგორი ავარდნა იცი ხოლმე. დამშვიდდი, რა! მოყევი, რა ნებავს ქალბატონს.
– ყველაფერი! – მიახალა ლელიმ, – როგორი იდიოტიც შენ ხარ, ცოლიც ისეთივე გყავს. რა არ ვუთხარი და ვერაფერი ვერ შევაგნებინე.
– აჰა, ანუ, აჩენს იმ ბავშვს?! კარგი, ბატონო, გააჩინოს. თავად ნახავს, რა შარსაც აიკიდებს.
– იდიოტი ხარ-მეთქი, აბა, რას ვამბობ? შენ ფიქრობ, იმ გოგოს ბავშვის მოშორებაზე ველაპარაკებოდი? არც მიფიქრია!
– აბა, რაზე ელაპარაკებოდი და შოკშიც რატომ ხარ?
– იმიტომ, რომ ბავშვის ჩვენთვის მოგდებას აპირებს!
– რაო?! – მიხომ მთელი ხმით იბღავლა.
– მშვენიერია! ახლა შენ შეინარჩუნე სიმშვიდე!
– ვერ გააკეთებს მაგას! ვუჩივლებ...
– ფეხებს ვერ მოსჭამ, ზუსტად იცოდე. ხელი მოწერილი გაქვთ და, საინტერესოა, სასამართლოში რას იტყვი? უვარგისი რომ ხარ, მეც ვიცი და ჩემს ნაგავს გიტან, ასე თუ ისე... მოსამართლემ კი, დიდი-დიდი, შენს ცოლს დედობის უფლება ჩამოართვას... ეს გინდა? ან, შეგიძლია, ბავშვი უპატრონოთა თავშესაფარში მიიყვანო? შენგან არ გამიკვირდება.
მიხომ შეიგინა და ოთახიდან გავარდა. სალომე უკან მიჰყვა:
– ნუ ინერვიულებ, ყველაფერი მოგვარდება. მართლა ხომ არ მოგიგდებს ბავშვს? გამორიცხულია. შენს ცოლს ხომ ვიცნობ, ეგეთი ურჩხული ნამდვილად არ არის.
– მაგას ვუჩვენებ... შანტაჟზე მოდის? მაგ ჩემისამ, მკითხა, რომ დაორსულდა? ან, რა ვიცი, ჩემგან კი არის ორსულად?!
– ნუ ყვირი. ყვირილით, ჩხუბით და გინებით ვერაფერს შეცვლი. მოდი, მეორე მხრიდან შევხედოთ ამ სიტუაციას.
– რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, მაგარ ქაქში ვარ. არ დავბრუნდები მაგასთან, სულ რომ შუაზე გასკდეს. დეგენერატკა! რით უნდა შევინახო ეგ ბავშვი, სამსახური მაქვს თუ რა?! ლელის დავუჯდები ჩემი შვილიანად და ნახავს მერე... თავისი ხელით წაიყვანს ბავშვს თავშესაფარში.
– გამორიცხულია, დედა ამას არ გააკეთებს, ან, შენ როგორ მოისვენებ, როცა გეცოდინება, რომ შენი შვილი თავშესაფარშია? აუ, არა, რა!..
მიხომ სიგარეტის კოლოფს ცელოფანი კბილებით შემოხსნა და ისევ შეიგინა.
– უნდა წავიდე და იმ შანტაჟისტს დაველაპარაკო.
– მერე მე?! ჩვენი გეგმა?! დღეს დილით ზედ გადავყევი ქეთის და მასთან სამსახურში მისვლის ნებაც დამრთო.
ვახომ ამოიოხრა:
– შენ მიდი, მე ჩემიც მეყოფა.
– აუ, მიხო... მარტო მე რას ვიზამ, შენ არ დამპირდი, მოვიფიქრებ რამესო?
– ახლა ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ.
– აუ... აბა, რა ვქნა?! – აწუწუნდა სალომე.
– ტვინი ნუ გამიბურღე! უკეთესს ვერაფერს გააკეთებ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
– არ წავიდე?
– წადი, წადი... თან ყურადღებით იყავი, ანუ, ყურები დაცქვიტე... შეხედე-შემოხედე და მერე მომიყევი.
– სულ ეს არის?
– ჯერჯერობით ეს არის. აბა, რა გინდა, რომ გითხრა. მიდი და ოფისი დანაღმე-მეთქი?!
– აუ, იმ ტიპის გაცნობა რომ მინდა?!
– მერე, იმოქმედე და გაიცანი, ქეთი მოგიხერხებს ამას. მე მართლა ძალიან გაღიზიანებული ვარ და, სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებ, საერთოდ არაფერზე აღარ შემიძლია არც ფიქრი და არც ლაპარაკი... ოჰ, თიკო... შენი დედაც!..
***
ქეთიმ მორიდებით შეაღო ასათიანის კაბინეტის კარი. დიმას თვალები გაუბრწყინდა.
– მეგონა, არ მოხვიდოდი. არც ერთ მესიჯზე არ მიპასუხე...
– ვფიქრობდი... – ქეთი დაჯდა.
– შეგეძლო, გეპასუხა და ისე გეფიქრა... – გაუღიმა დიმამ და შეკრული მუჭი დაანახვა, – ეს შენთვის ვიყიდე...
– არ ვიცი, ეგ რა არის, მაგრამ, ვფიქრობ, ნაადრევია.
– ქეთი, მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე... – დიმა ადგა და გოგოსთან ახლოს მივიდა. ქეთიმ გაიგონა, როგორ გამალებით დაუწყო გულმა ცემა, – ასათიანმა ნელა გაშალა ხელი...
– ასეც ვიცოდი... არა, მე ვერ ავიღებ ამას. არ შემიძლია. ჯერ არ შემიძლია...
– ნახე მაინც, რა არის.
– ვხვდები, ბეჭედია...
– ვერ გამოიცანი, ჯერ, საყურე გიყიდე. იმდენ ხანს ვარჩიე... თუ არ გამომართმევ, ფანჯრიდან გადავაგდებ, – ასათიანმა ისე გაიქნია ხელი, თითქოს კოლოფის ფანჯრიდან გადაგდებას მართლა აპირებდა. ქეთის წარბი არ შეუხრია, იჯდა და ასათიანს საყვედურნარევი მზერით შეჰყურებდა.
– ასე ნუ მიყურებ, თორემ, მართლა მრცხვენია. თუმცა, არ ვიცი, რატომ უნდა მრცხვენოდეს. იმ საღამოსაც გითხარი და ახლაც გაგიმეორებ, მე ზუსტად ვიცი, რა მინდა და რას ვაკეთებ... ჩვენ ერთად კარგად ვიქნებით... ოფიციალურად გთავაზობ, ცოლად გამომყევი.
ქეთიმ მხოლოდ შეხედა. დუმილი დიდხანს გაგრძელდა და ასათიანი მოუსვენრად აწრიალდა, მერე კოლოფი გახსნა და გოგოს წინ დაუდო, ძვირფასი თვლების ბრწყინვალებამ ლამის თვალი მოსჭრა ქეთის.
– მეგონა, სხვანაირად მოიქცეოდით.. განსაკუთრებულად, – თქვა თავჩაქინდრულმა, ცრემლნარევი ხმით.
– ანუ, მუხლზე დაჩოქილს უნდა მომერთმია? – გაეღიმა დიმას, – ეგეც შემიძლია.
– არა, ეგ არაფერ შუაშია. ზუსტად ის გააკეთეთ, რაც მე ვიწინასწარმეტყველე... თუ ახლა ამ საჩუქარს ავიღებ, მეც იმათ დავემსგავსები... იმ ქალებს, თქვენში მხოლოდ მატერიალურ შესაძლებლობებს რომ ხედავენ და მაშინვე ჩვეულებრივი გავხდები. მითხარით, გინდათ ეს?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში