როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
გზირიშვილი
გვარი გზირიშვილი წარმოშობილია ხელობა-თანამდებობისგან. გზირი ძველად სოფლის მოხელეს, მამასახლისის ხელქვეითს ნიშნავდა, იყო მის განკარგულებათა შემსრულებელი.
მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან „გზირისშვილი-გზირიშვილი, განაკერტს მცხოვრები, ფლობს ქონებას, აქვს მამული, გაყოფისას მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს, ეს მოხდა 1537-1538 წლებში“.
„თეიმურაზ მეფემ განუახლა ენისელთ ნაცვალ ხოსროსა და გზირიშვილის მამულის წყალობა“ (1662 წელი).
„გზირიშვილი გოდერძი, მძოვრეთში, შიდა ქართლში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, მამულით, ერგო ედიშერს“ (1688-1703 წლები).
კასპში მცხოვრები გზირიშვილი თედოს ოჯახიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
სამღერეთის მცხოვრები წიტურა გზირიშვილი 1640 წელს წილად ერგო, ხოსია ბარათაშვილს. აქედანაა გაჩენილი გვარი ხოსიაშვილი.
საქართველოში 1 182 გზირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 288, კასპში – 246, საგარეჯოში – 181. არიან სხვაგანაც.
იგითხანიშვილი
რთულფუძიანი საკუთარი სახელიდან იგითხან, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად გმირს, მამაც ბატონს ნიშნავს, წარმოიშვა გვარი იგითხანიშვილი. იგითხან თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარ-სახელია.
იგითხანიშვილის ძველი გვარი ჩუტკერაშვილი იყო.
იგითხანაშვილები დღეს იგითხანოვებად არიან ჩაწერილი.
საქართველოში 44 იგითხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 32, ახალციხეში – 5, ადიგენში – 1. არიან სხვაგანაც.
ხოჯაშვილი
გვარის ფუძეა ხოჯა, ხოჯო. მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი.
ამავე ძირისაა გვარები: ხოჯავა, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი.
ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერით, ხოჯაშვილები მებატონეები იყვნენ და მათ ჰქონდათ მამულები და სოფლები.
საქართველოში 110 ხოჯაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, თიანეთში – 18, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.
სამელია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სამე, სამველი.
გვარი სამელია დასახელებულია მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს შედგენილ ნაჟანეულის (ოტობაია) საეკლესიო მრევლს შორის. ამავე სოფელში ოცი წლის შემდეგ მოიხსენიება მარსალია სამელია.
გვარში სა – ართრონი (წინსართი) უნდა იყოს, მელა კი გარეული ცხოველია და მას ემატება ია სუფიქსი.
საქართველოში 102 სამელია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 62, ზუგდიდში – 28, თბილისში – 12.
ფალიანი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფალია.
„ფალია შირიმიდგას ჭალას მცხოვრებს, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, მეორე-მესამე წელიწადს – ერთი ღორი, ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ლიჯი ღომი, მეოთხე წელიწადს – ერთი საკლავი“ (1621 წელი).
„ფალიანი გავაშელი, მოწმე სეტისა და ლაღამის ხევთა შორის დადებული საერთპირო დაწერილისა (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეები); მოურავი ლენჯერელთა და სეტიელთა შორის სანადირო ადგილებზე დავის შემდეგ შერიგების დაწერილისა“.
„ფალიანი მიქაელი იყო თავმდები ქოჩორიანთა მიერ ივანე სეტიელისთვის მიცემული სათიბის ნასყიდობის დაწერილისა“ (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).
ამავე ძირისაა გვარები: ფალაშვილი, ფალულაშვილი, ფალულიშვილი, ფალიაშვილი.
საქართველოში 417 ფალიანი ცხოვრობს: მესტიაში – 197, თბილისში – 131, გარდაბანში – 19. არიან სხვაგანაც.
დიხამინჯია
დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ კი – პატრონს, მიწის მეპატრონეს, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.
„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).
1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიასა და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.
საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს. თბილისში – 171, მარტვილში – 146, სენაკში – 90. არიან სხვაგანაც.
ჯავარაშვილი
იოანე ბაგრატიონის წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს თავად-აზნაურთა გვარებისა“, წერია: „ჯავარასშვილი-ძავარაშვილი-ჯარაშვილი, აზნაური ჯავარაშვილი. ამათნი წინაპარნი იყვნენ ძველად, 1039 წელს, ახალციხის კერძო ჯვარის ციხის მოურავად და ოდეს მიიღო თურქმან ახალციხე, მაშინ მოვიდა ჯავარა ვინმე ამათნი წინაპარნი და დაესახლა გაღმა მხრის სათარხნოს ადგილთა შინა სამეფოსა ადგილსა და ესენიცა ცნობილ იყვნენ დროსა სვიმონ მეფისასავე აზნაურად და აწ რომელნიცა არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა ჯავარაშვილად მოხსენებული ჯავარის გამო სახელისა“.
აზნაური ჯავარაშვილები ჯარაშვილების მონათესავენი ყოფილან და ტრაქტატშიც არიან მოხსენიებულნი.
ჯავარაშვილები არიან ქართველი ებრაელებიც.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯავარია, რომელიც არაბულია და ქართულად „მარგალიტს“ ნიშნავს.
საქართველოში 175 ჯავარაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 60, გურჯაანში – 34, თბილისში – 25. არიან სხვაგანაც.
ზუკაკიშვილი
გარე კახეთში, კერძოდ კი – პატარძეულში, საგარეჯოს რაიონში, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი ზუკაკი, რომელიც შემდგომ გვხვდება ფუძედ, გვარში – ზუკაკიშვილი.
ზუკაკიშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიება.
„ზუკაკიშვილები, ბერთუბანს მცხოვრები აზატი კაცები... ყველა ზუკაკისშვილს, დიდსა თუ ცოტას, ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისთვის, თუ მართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლები).
ზუკაკიშვილი გიუნა იყო მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილის, დავით ქურხულისთვის მიცემული პირობის წიგნისა, კეთილმოყვარეობის შესახებ, 1681 წელს.
ზუკაკიშვილი ზუბიტა იყო მოწმე კათალიკოს იოვანეს მიერ გარეჯის წმიდა დავითის ეკლესიისთვის მიცემული ზვრის შეწირულობის წიგნისა, 1690 წელს.
საქართველოში 434 ზუკაკიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 220, საგარეჯოში – 140, მცხეთაში – 17. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით