რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პოლო”, 2000 წლის, რომელიც, დაახლოებით სამი თვეა, რაც შევიძინე. ამ რამდენიმე ხნის წინ ერთი უცნაურობა დაეწყო: ზოგიერთ მოსახვევში შესვლისას ხელსაწყოების დაფაზე ინთება წითელ ფრჩხილებში ჩასმული ძახილის ნიშანი, ანუ, ის ნათურა, რომელიც ხელის მუხრუჭის ამოწევისას ინთება. როდესაც ვსწორდები და ავტომობილს ვაჩერებ, ვსინჯავ ხელის მუხრუჭს და ოდნავაც არ აქვს შეცვლილი მდგომარეობა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ეს არ არის ძალიან რთული პრობლემა. მანქანას სამუხრუჭე სისტემაში სამუხრუჭე სითხე აკლია და დამატებას საჭიროებს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბევრი სითხის დამატება კარგი არ იქნება. სავარაუდოდ, სითხის დონემ დაიწია, რადგან, სამუხრუჭე ხუნდები რაღაც დონემდე გაცვდა. შეიძლება, ხუნდები ჯერ არ არის დასული კრიტიკულ ზღვრამდე და არ ისმის ეგრეთ წოდებული „საკონტროლო წივილი”, რითაც უამრავი მძღოლი ხვდება, რომ ხუნდები შესაცვლელია. გირჩევთ, რომ ორივე ერთად შეცვალოთ, მაგრამ, მაინც, ჯერ ხუნდების მდგომარეობა გადაამოწმეთ და, თუ არის საშუალება, ამ ხუნდებით კიდევ რაღაც პერიოდი იაროთ, მხოლოდ სითხე დაამატეთ. ბევრის დამატება კი იმიტომ არ არის საჭირო, რომ, როდესაც ხუნდებს შეცვლით, მისი დონე აიწევს და ზემოდან, პატარა ავზიდან გადმოვა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა 4 რანერი”, 1998 წლის. ავტომობილის დაქოქვის შემდეგ გასაღებს ხელს ვუშვებ, მაგრამ სტარტერი ბრუნვას აგრძელებს, ძრავთან ერთად სტარტერიც ბრუნავს და მისი ჟღრიალის ხმაც გრძელდება. მეზობლებმაც მითხრეს რომ სტარტერი მუშაობას განაგრძობს. ავტომობილით ვეღარ გადავადგილდები – მეშინია, რამე არ დავუზიანო. იქნებ, მირჩიოთ, რა ვუშველო და, საერთოდ, შეიძლება თუ არა ასეთი ავტომობილით გადაადგილება, ხელოსნამდე მაინც რომ მივიდე?
პასუხი: ასეთი შემთხვევა, შეიძლება ნებისმიერი მოდელის ავტომობილს მოუვიდეს. თქვენს მანქანაში მწყობრიდანაა გამოსული ავტომობილის დამქოქი მექანიზმი, რაც, შეიძლება, ძალიან წვრილმანმა მიზეზებმაც კი გამოიწვიოს. მაგრამ, ეს უმეტესად ხდება მაშინ, როდესაც სტარტერის „კნოპკა” გამოდის მწყობრიდან. ეს არის ღილაკი, რომელიც უშუალოდ დამქოქ ელექტრულ ძრავაზეა დამონტაჟებული და გასაღების გადატრიალების შემდეგ ქმნის კონტაქტებს, რომ ძრავამ ბრუნვა დაიწყოს, გასაღების გამორთვის შემდეგ კი ხდება კონტაქტების ერთმანეთთან დაშორება, დამქოქი მექანიზმის უკან გამოწევა და სტარტერის გაჩერება. ამ შემთხვევაში, ეს „მაკონტაქტებელი” მოწყობილობა, შესაძლოა, ღილაკს იკრავს და უკან დაშორებას ვეღარ ახერხებს. შეიძლება, ოქსიდები გაიკეთა ან რაღაც წინააღმდეგობრივი ფენა გაჩნდა, რის გამოც მიეწება და ვეღარ შორდება ან, შესაძლოა, პლასტმასი გაიბზარა, ბევრი მუშაობისგან ლითონმა შეიცვალა ფორმა, კბილანა, რომელიც ქოქავს და უკან გამოდის, ის ვეღარ ახერხებს დაბრუნებას ან რაღაც სხვა უშლის ხელს ამ დაშორებას, რის გამოც სტარტერი მაინც განაგრძობს მუშაობას. ხელოსანი ამ მოწყობილობას დაშლის და მიზეზს იოლად დაადგენს. მაგრამ, არაფრით არ შეიძლება ამ ავტომობილით სიარული, რადგან, ძრავის ბრუნების გაზრდასთან ერთად, გაიზრდება სტარტერის ძრავის ბრუნიც, რომელიც აუცილებლად გაფუჭდება. ეს სტარტერის სრულ დაზიანებას გამოიწვევს, რაც თქვენს პრობლემასთან შედარებით გაცილებით სახლაფორთოა და ძვირი დაგიჯდებათ. ხელოსნამდე ავტომობილი ბუქსირით ან ევაკუატორით წაიყვანეთ და პრობლემას იოლად მოაგვარებთ.
კითხვა: მყავს „ფიატ პუნტო”, 1.1 ძრავით. პეკინის ქუჩაზე საცობში ვიდექი, როცა ავტომობილი უცებ ჩაქრა, თანაც, ძალიან უცნაურად. ვცადე დაქოქვა, მაგრამ, ძრავამ რაღაც სხვა, არა ჩვეულ ხმაზე დაიწყო ტრიალი და არაფრით არ დაიქოქა. ხელოსანთან ჯერ არ მყოლია, მაგრამ, ვინც შედარებით ერკვევა ავტომობილში, ყველამ მითხრა, რომ გაწყვეტილია ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენი” – კბილებიანი ღვედი და, ძრავა, შესაძლოა, გადასაგდებიც კი გაგიხდესო. რამ შეიძლება უშველოს?
პასუხი: რიგ მოდელებში არის შანსი, რომ, კბილებიანი ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში, ძრავა გადარჩეს, რიგ მოდელებში კი ის მთლიანად აზიანებს ძრავას აღდგენის პერსპექტივის გარეშე. ძრავა ზიანდება მაშინ, თუ იმ დროს ავტომობილი მაღალ ბრუნებზე მუშაობდა. კბილებიანი ღვედი გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად საჭიროებს შეცვლას. მინიმუმ 80 ათას კილომეტრზე ღვედს შეცვლა მაინც უნდა (თანამედროვე ავტომობილებში ეს რიცხვი 120-130 ათასამდე გაზარდეს), რადგან მისი გაწყვეტა ძრავას აზიანებს. მაგრამ რაც შეეხება „ფიატ პუნტოს”, გაგიმართლათ და ის იმ ავტომობილების სიაშია, რომელიც ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში არ ღუნავს „კლაპნებს” და არ აფუჭებს ძრავას. მისი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ, ეგრეთ წოდებულ „პორშინზე”, ანუ დგუშზე, სპეციალური ღრმულებია დატოვებული, რათა ასეთ შემთხვევებში „კლაპანი” და დგუში ერთმანეთს არ შეეხოს. ღვედის გამოცვლით თქვენ პრობლემას აღმოფხვრით. მაგრამ ამას პროფესიონალი სჭირდება, ბევრი თავისი ხელით ცვლის ღვედს, რაც არასწორია. მისი დამონტაჟება აბსოლუტური სიზუსტით არის აუცილებელი, სხვა შემთხვევაში ის, უბრალოდ, არ დაიქოქება. შეიცვლება ღვედი და ავტომობილი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.
კითხვა: შარშან ჩემი კონდიციონერი ჩვეულებრივად მუშაობდა, ამ ზაფხულს კი, სიცხეების დაწყებასთან ერთად, ჩართვა ვცადე, მაგრამ, აღარ ჩაირთო. როგორც მეუბნებიან, კონდიციონერის კომპრესორია დაზიანებული, იქიდან გასდის ფრეონი და გამოცვლას საჭიროებს. ფრეონის ჩასხმას კი აზრი არ აქვსო. არ არის იმის საშუალება, რომ კომპრესორი გარემონტდეს? აუცილებელია მისი გამოცვლა? მთელი ზამთარი არ ჩამირთავს და ჩაურთველი როგორ დაზიანდებოდა?
პასუხი: ასეთი რამ შესაძლებელია და, სწორედ, იმიტომაა შესაძლებელი, რომ ზაფხულიდან ზაფხულამდე კონდიციონერს არავინ რთავს. გამოუყენებლობის დროს, ის დეტალები, რომლებიც სითხეს ატარებს, გამოშრება, გამოხმება, ჩართვისას სითხის შეკავებას ვეღარ ახერხებს და იწყებს ფრეონის გამოშვებას. კონდიციონერს დროგამოშვებით მაინც სჭირდება ჩართვა, რათა მან მუშა ფორმა შეინარჩუნოს, რაც შეეხება აღდგენას, რიგ შემთხვევებში, არიან, ხელოსნები, რომლებიც კომპრესორებს აღადგენენ, მაგრამ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის ძალიან ცოტა ხანს განაგრძობს მუშაობას, ანუ, დაბალია იმის ალბათობა, რომ აღდგენილმა დიდხანს იმუშაოს, თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ავტომობილზეა საუბარი, როგორი კონსტრუქციით არის ის აწყობილი და კონკრეტულად რა დეტალია დაზიანებული. მართალი უთქვამთ, მისი გამოცვლაა საჭირო. დაშლილებში ამ დეტალის შეძენას შეძლებთ, ახალი კი საკმაოდ ძვირი ეღირება, თან, კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია, რა მოდელზეა საუბარი. ეს რომ დაგეკონკრეტებინათ, უფრო მეტ რჩევას მოგცემდით. თანამედროვე ავტომობილებს იმის გამო, რომ ზაფხულიდან ზაფხულამდე კონდიციონერი არ გაფუჭდეს, ზამთარში როცა ღუმელს ჩავრთავთ, ფანჯრების დაორთქვლის დროს, ავტომატურად ირთვება კონდიციონერი – ჯერ ერთი ცივი ჰაერი უცებ აშორებს მინას ორთქლს და, მეორე – კონდიციონერი პერიოდულად მოდის მუშა მდგომარეობაში.