როგორ მიიღეს ლადო ასათიანის წინაპრებმა, სხვა ასათიანებისგან განსხვავებით, თავადის წოდება
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების იმერეთის სამეფო კარის ელიტა, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ზნეობასთან შეუთავსებელ ქმედებებს მიმართავდა. თამარ გურიელის ასული – კოჭიბროლა, ოდიშისა და იმერეთის დედოფალი, ეპოქის ღვიძლი შვილი გახლდათ – სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი... ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, კოჭიბროლას საახლობლოს მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებსაც მოგვაწვდის და მისი ერთი შთამომავლის ვინაობასაც გაგვიმხელს.
– ბატონო გელა, ვისგან დაიწყებთ თამარ- –კოჭიბროლას სანათესაოს გაცნობას?
– თამარის პაპით – გიორგი გურიელით დავიწყებ. ეს სწორედ ის გიორგი გურიელია, რომელსაც ალექსანდრე მესამე იმერთა მეფისა და დემეტრე გურიელის წაქეზებით, თავადმა მაჭუტაძემ მოუკლა მამა – ქაიხოსრო. გიორგი თავის ძმასთან, მალაქიასთან ერთად, ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ასლან ფაშას ხელშეწყობით, გიორგი ჯერ გურიელად მოგვევლინა, ცოტა გვიან კი მან იმერეთის მეფის, ბაგრატის მეუღლეს, კონსტანტინე მუხრანბატონის ასულს – დედოფალ თამარს დაადგა თვალი...
დედინაცვლისგან თვალებდათხრილმა ბაგრატ მეფემ ხერხი იხმარა: ავყია, ჯიუტ ტრფიალს ქალიშვილი შეაძლია და გიორგი გურიელი დაისიძევა, მაგრამ, მოგვიანებით, ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ გურიელმა, „განირისხა ღმერთი” – დარეჯან ბაგრატის ასული განუტევა და საკუთარი სიდედრი შეირთო ცოლად.
ორი წლის შემდეგ, 1683 წელს, გიორგი მეთერთმეტის – საკუთარი ცოლის ბიძაშვილის გამოისობით, გურიელმა იმერეთის ტახტი დაკარგა. იმავე წელს დედოფალმა თამარმაც განისვენა... დიდი ხნის სიცოცხლე არც გურიელს ეწერა – როკითთან გამართულ ბრძოლაში, 1684 წელს, ის და მისი თანამდგომი რაჭის ერისთავი შოშიტა, ალექსანდრე ბაგრატის ძის მომხრეებმა განგმირეს.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიელმა ერთხელაც იქორწინა – შოშიტას დისწული, კაცია ჩიქოვანის ნაცოლარი დაიწყვილა...
– იმედია, თამარ გურიელის მეორე პაპა – დედის მამა, ასეთივე ოდიოზური პიროვნება არ იყო.
– თავად განსაჯეთ... თამარის დედის მამაა გიორგი აბაშიძე. იგი იმ პაატა აბაშიძის ღვიძლი ძმაა, რომელიც ზემოხსენებული როკითის ომში მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ამ დროს გიორგი აბაშიძე მონასტერშია და მალაქია ჰქვია. ძმის სიკვდილის შემდეგ, ნაბერალი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და მეორე ცოლი შეირთო – გიორგი გურიელისა და კაცია ჩიქოვანის ნაცოლარი, ფრიად მდიდარი ქალბატონი.
ამასობაში გურიელად დაჯდა გარდაცვლილი გიორგის ძმა, მალაქია, მაგრამ, სულ ერთი წელიწადი გასტანა გიორგის გურიელობამ. მისმა ძმისწულმა, გიორგის ვაჟმა – ქაიხოსრომ, ახალციხის ფაშასთან საქმე ჩააწყო და გურიელობა მიიღო. ნაწყენმა მალაქიამ ახალციხეს მიაშურა... ქაიხოსრომ ცოლის შერთვა გადაწყვიტა და გიორგი აბაშიძეს ქალიშვილის ხელი სთხოვა, რომელიც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელს პირველი ცოლისგან ჰყავდა. ელენესა და ქაიხოსროს ნიშნობაც შედგა...
ახალციხის ფაშამ მალაქია უკანვე დააბრუნა, რამდენადაც ქაიხოსრომ ბიძამისის უვნებლობა აღუთქვა. მაგრამ, გურიაში მოსვლისთანავე შეიპყრო და „აღმოხადნა თუალნი.” ფაშა გაბრაზდა და ქაიხოსრო შავშეთის ბეგს მოაკვლევინა... რამდენიმე თვე ისევ ბრმა მალაქია გურიელობდა, შემდეგ კი უსუფ ფაშამ გიორგი გურიელის ძე, ქაიხოსროს ძმა – მამია გააგურიელა. მამიამ იმავე, 1689 წელს, თავის ძმის მიერ დაწინდულ ელენე აბაშიძეზე იქორწინა.
ორი წლის შემდეგ გიორგი აბაშიძემ თავისი 10 წლის ქალიშვილი თამარი ალექსანდრე მეოთხე იმერთა მეფეს შერთო. დედოფალმა ოთხი წლის განმავლობაში ისე შეიძულა თავისი ქმარი, „მიზეზ – უდგა განტევებად”. აბაშიძემ იმერელი წარჩინებულნი დარაზმა, მათ ალექსანდრე დაატყვევეს და მის მომტერე გიორგი მეთერთმეტეს გადასცეს. ალექსანდრე რუისში მოაშთვეს და იქაურ ეკლესიაშივე დაფლეს.
გიორგი აბაშიძეს მესამე ქალიშვილიც ჰყავდა – ანიკა. როცა იმერეთის ტახტზე ალექსანდრეს უკანონო შვილი, სვიმონი ავიდა, გიორგიმ სწორედ მას შერთო თავისი ასული.
– ასეთი „მზრუნველი” და ენერგიული მამიკო მონასტერში ცდებოდა?
– ახალგაზრდობაში მან თავის სახლიკაცს, პაატა აბაშიძეს მამა მოუკლა და დედა დაუჭრა...
„გოჩიას” ეპიზოდს გამოვტოვებ... ასევე, საკუთარი სიძის – სვიმონ მეფის მოკვლას „ბუნებისა სამჭირნოსა ადგილსა”... თუმცა, ბოლო ხანებში, მამია გურიელმა სვიმონს თავისი ცოლისდა, ანიკა გაჰყარა და საკუთარი და შერთო ცოლად – ქვისლი დაისიძევა! მამია გურიელი ავიდა იმერეთის ტახტზე და ხუთი წელი საკუთრივ იმეფა... უკვე მესამე ცოლიც ჰყავს – პაპუნა რაჭის ერისთავის ქვრივი, ბეჟან ლორთქიფანიძის ასული... იმერეთის კათალიკოსადაც საკუთარი ცოლისძმა – გრიგოლი დაასმევინა, „შეწევნითა აბაშიძისათა”...
– როდის და სად გარდაიცვალა გიორგი აბაშიძე?
– 1722 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, საკმაოდ მოხუცებული... დაასაფლავეს საგვარეულო მამულში – კაცხში.
– კოჭიბროლას მშობლებზე რას გვეტყვით, მამია ხომ რამდენჯერმე ვახსენეთ უკვე.
– მამია რამდენჯერმე დაეუფლა იმერეთის ტახტს: ჯერ ქალიშვილი გაათხოვა ლიპარტიანზე და ოდიშის დედოფლად აქცია, შემდეგ კი თვითონაც იქორწინა მეორედ – თამარის დედა, ელენე განუტევა და რაჭის ერისთავის და – თამარი შეირთო. ამ უკანასკნელს პირველი ქმარი პაპუნა ფხეიძე მიტოვებული ჰყავდა... რადგან იმერეთის მეფობა დიდ ენერგიას ართმევდა, გურიელად თავისი ვაჟი, გიორგი დასვა... ლიპარტიანს პირველ ცოლად ჰყავდა მიქელაძე გიორგის და, მასთან შვიდი – მარტო ვაჟი ეყოლა... მეორე ცოლი, გიორგი აბაშიძის ასული თამარი, ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილია – „სენითა ბოროტითა”. კოჭიბროლა ლიპარტიანის მესამე ცოლია...
– იქნებ, მთავარი პერსონის ირგვლივ – კოჭიბროლას შესახებ გავაგრძელოთ საუბარი?
– ოდიშის დედოფალი ჯერ დაობლდა (მამია გურიელი 1714 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა), შემდეგ კი მისი ქმარი გერებმა დადიანობიდან გადმოაგდეს... მარტო ეს კი არ აკმარეს დედინაცვალს, ქმარს გააცილეს და საკუთარი დედა, პირველი ცოლი – მიქელაძის ქალი შეართვევინეს... მანამდე ხომ, სვიმონ მეფის ძმამ, გიორგიმ, რომელიც იმერეთის ტახტზე დროებით დამკვიდრდა, მისი დედინაცვალი შეირთო ცოლად – გიორგი მეთერთმეტის შვილიშვილი როდამი განუტევა და რაჭის ერისთავის დაზე, თამარზე იქორწინა...
– იმერეთის დედოფალი როდის გახდა კოჭიბროლა?
– გერებისგან დაჩაგრული, ახალციხის საფაშოში წავიდა „სამართლის საძებრად.”
– რაღა ახალციხეში წავიდა, თავისმა ძმამ, გიორგი გურიელმა ვერ უშველა?
– არც უშველიდა და ვერც უშველიდა – ძალები არ ეყოფოდა... ახალციხეში იმერეთის ტახტიდან ჩამოგდებულ (უფრო სწორად, თვითონ გადადგა) გიორგი მეექვსეს დაუახლოვდა და ცოლადაც გაჰყვა.
მალე მისი ქმარი, ხონთქრის ბრძანებითა და ისაყ ფაშას დახმარებით, კვლავ გამეფდა. მაგრამ, ორ წელსაც ვერ გაგრძელდა მისი მეფობა: 1720 წელს, კოჭიბროლას ბიძაშვილის – სვიმონ აბაშიძის მსახურებმა, თხმელის ციხეში სტუმრად მყოფი გიორგი მეექვსე სიცოცხლეს გამოასალმეს. დაობლებული კოჭიბროლა დაქვრივდა კიდეც...
ტახტზე ასულ მის გერს – ალექსანდრეს, როდამის ვაჟს, მალე გამოუჩნდნენ გულშემატკივრები. კოჭიბროლას კიდევ ერთმა გერმა (პირველი ქმრისგან), ბეჟან დადიანმა, ალექსანდრეს თავისი ქალიშვილი მარიამი მიათხოვა. სახელით ალექსანდრე იყო მეფე, საქმით კი – „ბეჟან დადიანი იყო მოქმედი ყოვლისავე”.
კოჭიბროლასა და მის კიდევ ერთ გერს – ბეჟანის ძმას, გაბრიელ ჭყონდიდელს, ბეჟანის დიდება შეშურდათ. ისინი არზრუმის ფაშას ეახლნენ და ბეჟანი და ახალციხის ფაშა ისაყი მასთან დააბეზღეს. მათი ლაპარაკით ისე გამოდიოდა, თითქოს ალექსანდრე ძალიან ეცოდებოდათ ბეჟანის ხელში, რომელსაც სიძე ტყვესავით ჰყავდა, ისაყი კი – ქრთამით განეიტრალებულ-პირამოვსებული... არზრუმის ფაშამ ისაყი თავისთან დაიბარა... ქრთამმა კიდევ ერთხელ გაანათა ჯოჯოხეთი და ხელშეკრული კოჭიბროლა და ჭყონდიდელი ბეჟან დადიანის ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
ბეჟანმა თავის ძმას, „ვინაითგან იყო მღუდელთმთავარი, არა რაი ავნო”, მხოლოდ ჭყონდიდლობა დაატოვებინა და განუტევა, კოჭიბროლა კი დეხვირის ციხეში გამოკეტა. ეს ამბები 1721 ან 1722 წლებში დატრიალდა.
– სად მდებარეობდა დეხვირის ციხე?
– სოფელი დეხვირი დღესაც არსებობს ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში. ლეჩხუმი და თაკუერი სინონიმებია.
– როგორ წარიმართა კოჭიბროლას შემდგომი ცხოვრება?
– არც როგორ! შემდგომი 20 წლის განმავლობაში იგი არავითარ პოლიტიკურ აქტიურობას არ იჩენს. მხოლოდ 1742 წელს გაიელვებს მისი სახელი! წინა წელს, ცოტაოდენი ხნით, კოჭიბროლას ვაჟი – გიორგი ბატონიშვილი გამეფდა. ალექსანდრემ მალევე დაიბრუნა ტახტი. საკუთარი დროებითი წარუმატებლობის მიზეზად კი კოჭიბროლა მიიჩნია. „არამედ მცირედისა ხანისა უკუდგნენ კუალად დადიანი, ერისთავი და ზურაბ. ამისთვის ალექსანდრემ მოიყვანა დედინაცვალი თვისი თამარ და აბრალა მას ყოველნი ყოფილნი, შეიპყრა და მოჰკუეთა თავი”.
– ციხის პატიმარს როგორ უნდა მოეწყო პოლიტიკური შეთქმულება?
– მემატიანენი ამის თაობაზე არაფერს იუწყებიან, მაგრამ შემორჩენილია ხალხური გადმოცემა, რომ დეხვირის ციხის ტუსაღი ლეჩხუმელი აზნაურის, ხახუტა ასათიანის ცოლი გახდა. მის გათხოვებას არც გერი – ალექსანდრე შეხვედრია უარყოფითად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხახუტას შვილები თავადის წოდებამდე ვერ ამაღლდებოდნენ. ხახუტა ასათიანის ვაჟის, მანუჩარის შთამომავალია უნიჭიერესი პოეტის, ლადო ასათიანის პაპა – გუჯუ.