ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რა სიმპტომებით გამოირჩევიან ძუ ძაღლები მშობიარობის წინა პერიოდში?
პასუხი: მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ძუ ძაღლი სეირნობისას ცდილობს, შორს არ წავიდეს, ამზადებს ბუდეს, უმეტესად მოუსვენრობს, ხშირად წევს და პატრონის მიმართ განსაკუთრებით, გადამეტებით მოსიყვარულე ხდება. მშობიარობამდე ორი-სამი დღით ადრე ძაღლს სარძევე ჯირკვლებში უდგება რძე. უმჯობესია, თუ თქვენს ძაღლს მშობიარობამდე ორი-სამი დღით ადღე აჩვენებთ ვეტერინარს.
კითხვა: როგორ მიმდინარეობს ძაღლის მშობიარობა?
პასუხი: სამშობიარო აქტი მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება დავყოთ სამ სტადიად: პირველი სტადიაა სამშობიარო გზების გაფართოება; მეორე სტადია – ლეკვის დაბადება. როცა შეიმჩნევა საშვილოსნოს კუმშვები, ეს სტადია ნორმალური სამშობიარო აქტის დროს გრძელდება დაახლოებით ორი საათის განმავლობაში; მესამე სტადია – სანაყოფე გარსებისა და პლაცენტის გამოდევნა, რომელიც ძირითადად ხდება 5-15 წუთში ლეკვის დაბადებიდან ან მომდევნო ლეკვის დაბადების დროს.
ჭინთვებს რაც შეეხება, ეს არის მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვა, რაც ეხმარება საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში. ჭინთვებისა და საშვილოსნოს შეკუმშვის ლოგიკური დასასრულია ლეკვის დაბადება, რომელიც თანდათანობით გამოდის სამშობიარო წყლების ბუშტთან ერთად მენჯში, შემდეგ კი სწრაფად გამოიდევნება გარეთ.
ლეკვი, როგორც წესი, იბადება თავით და ზურგით ზემოთ, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ნაყოფი იბადება უკუღმა. ლეკვი ძირითადად იბადება სანაყოფე გარსებთან ერთად, მაგრამ, მშობიარობის დროს შეიძლება გასკდეს სანაყოფე გარსები და მოხდეს სანაყოფე სითხის დაღვრა. ლეკვის დაბადების შემდეგ ხდება პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოძევება სამშობიარო გზებიდან.
კითხვა: თუ სახლში ორი ძაღლია, როგორ ავარიდოთ მათ ურთიერთობას უსიამოვნო ინციდენტები?
პასუხი: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ძაღლებს შორის კონფლიქტები, უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი წესები. მაგალითად, თუ გვსურს, რომ სახლში მოვიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, მაშინ ჩვენი ძაღლი, რომელიც უკვე გვყავდა და ახალი ძაღლი ერთმანეთს უნდა გავაცნოთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთად უნდა გავასეირნოთ ისინი და უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ. არ უნდა დაუშვათ, რომ მათ შორის იერარქიული დამოკიდებულება დამყარდეს. მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთს შევაჩვევთ, ერთდროულად უნდა წავიყვანოთ სახლში. თუ რომელიმე ცხოველს ჩამოუყალიბდება ამ დროს ტერიტორიული ინსტინქტი, უმჯობესია, ისინი ერთად გადავიყვანოთ ისეთ ადგილას, რომელიც ორივესთვის უცხო იქნება. ასე უკეთესად ყალიბდება კეთილი ურთიერთდამოკიდებულება მათ შორის.
კითხვა: ხშირად ისეთი შემთხვევაც არის, რომ სახლში კატა და ძაღლი ერთად არიან. ბევრს ჰგონია, რომ ეს დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთად გაზრდილ ცხოველებს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ უყალიბდებათ. ხშირია თუ არა ასეთი შემთხვევა?
პასუხი: ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია. მართალია, კატა და ძაღლი გარეთ ერთმანეთს ერჩიან, მაგრამ, ლეკვებს, რომლებიც სახლში კატებთან ერთად იზრდებიან, შემდგომში უყალიბდებათ კატების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და მათ არ ერჩიან. ანალოგიურია მწყემსი მეცხვარე ძაღლების დამოკიდებულება, რომლებიც იზრდებიან ცხვრებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მათში მონადირის ინსტინქტი ცხვრების მიმართ ქრება. ასევე არიან სოფლის ძაღლები, რომლებიც არ ახრჩობენ ქათმებსა და ეზოს სხვა ბინადრებს, თუ მათთან ერთად იზრდებიან.