როგორ იპოვა კახეთში მცხოვრებმა 27 წლის ბიჭმა თანაკლასელი მოსკოვში და აპირებენ თუ არა ისინი შეხვედრას
27 წლის ენრი ნოდარის ძე ღვედაშვილი ეძებდა 27 წლის ნატაშა ავსიანიკოვას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ყოფილ თანაკლასელსა და ბავშვობის მეგობარს, 27 წლის ნატაშა ავსიანიკოვას (მამის სახელი არ მახსოვს). მე და ნატაშა ერთად ვსწავლობდით კახეთში, ქალაქ წნორის ¹2 საშუალო სკოლაში. ჩვენ ბავშვობიდანვე ვმეგობრობდით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ წინა ნომერში დაიბეჭდა. სასიხარულოა, რომ ენრის დაკარგული მეგობარი სულ რამდენიმე დღეში ვიპოვეთ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის რესპონდენტი კვლავ ენრი ღვედაშვილია, რომელიც თავად მოუყვება მკითხველს თავისი სიხარულის შესახებ. ისღა დამრჩენია, იმედი ვიქონიო, რომ ჩემი სხვა რესპონდენტების ისტორიებიც ასე სასიკეთოდ დასრულდება.
– რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ადამიანი, რომელსაც ეძებდი, უკვე ნაპოვნია?
– ნატაშა ბავშვობის შემდეგ არ მინახავს და მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ის რუსეთშია, სავარაუდოდ კი პეტერბურგში მეგონა. როდესაც თქვენ მოგმართეთ დახმარების სათხოვნელად, ნამდვილად არ მეგონა, რომ მას ასე მოკლე დროში იპოვიდით. როცა დამირეკეთ და მითხარით, რომ ჩემი მეგობარი ნაპოვნია, სამსახურში ვიყავი და ისე ავღელდი, რომ მუშაობა ვეღარ შევძელი (იცინის). ნამდვილად არ მეგონა, შესაძლებელი თუ იყო ადამიანის ასე მოკლე დროში პოვნა, მით უმეტეს, სხვა ქვეყანაში.
– საბედნიეროდ, ასეთ მოკლე დროში ადამიანის პოვნა ჩვენი რუბრიკისთვის არცთუ იშვიათობაა, მაგრამ, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს ნახევრად შემთხვევის და ნახევრად კი ბედის გამო ხდება.
– ხშირად ვკითხულობდი თქვენს რუბრიკას და ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ისტორია არსებობს დაკარგული ადამიანების შესახებ. მინდა, ყველას, ვინც კი ვინმეს ეძებს, ვუსურვო, მალე განეცადოთ ეს დიდი სიხარული, რაც დღეს მე განვიცადე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და მთელ თქვენს რედაქციას.
– შენ მეგობარი სანკტ-პეტერბურგში გეგონა, ის კი მოსკოვში აღმოჩნდა, აპირებთ თუ არა შეხვედრას და როდის ან როგორ გეგმავთ ამას?
– ნატაშას ჯერჯერობით მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე და საგულდაგულოდ ჩავიწერე მისი კოორდინატები (ტელეფონი და მისამართი). ნატა საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით არ აპირებს, არც მე ვაპირებ რუსეთში ჩასვლას, მაგრამ, მთავარია, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ვეცდებით, რომ აღარ დავკარგოთ. აღმოჩნდა, რომ ნატასაც შეუქმნია ოჯახი და ის უკვე ორი შვილის დედაა. ორივეს ძალიან დიდი სურვილი გაგვიჩნდა, ერთმანეთთან ოჯახებით ვიმეგობროთ. ნამდვილად არ ვიცი, მომავალში შეძლებს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ, თუ ეს მოხდება, ჩვენ და ჩვენი საერთო თანაკლასელები აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, შევიკრიბებით და ერთად გავიხსენებთ ბავშვობას.
– თავად ნატას რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ შენ ეძებდი?
– როდესაც თქვენ მას დაუკავშირდით და ეს ამბავი შეატყობინეთ, თავიდან მან არ დაგიჯერათ (რისთვისაც მეც და ნატაც ბოდიშს გიხდით), მაგრამ, როგორც კი თქვენგან თავისი ბავშვობის უტყუარი ისტორია მოისმინა, აზრი შეიცვალა და დამირეკა. ძალიან გახარებული იყო, ლამის იტირა. მას არ ეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ მას ვინმე გაიხსენებდა და, მით უმეტეს, მის მოძებნას ეცდებოდა. აღმოჩნდა, რომ მას არანაირად არ იზიდავს სხვადასხვა საიტები და დარეგისტრირებულიც კი არაა არსად. ასე რომ, მე მას ამ გზით ვერანაირად ვერ ვიპოვიდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ნებაყოფლობით დამხმარეს, ტატიანა მიშინას, რომელიც ნატას რუსეთში პოვნაში დაგეხმარათ.