როგორ შექმნა გამოუცდელმა ქურდმა სხვისი დანაშაულის იმიტაცია და რატომ იძია მან მალულად შური მამაზე
38 წლის ეკა კ-შვილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს – მას თავის და ტანის არეში სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ჰქონდა მიყენებული და სასტიკად ნაცემი ქალი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდა. მოგვიანებით საავადმყოფოში მისულ სამართალდამცველებს დაზარალებულმა ქალმა განუცხადა, რომ მას სასტიკად სცემა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. როგორც დაზარალებულისგან გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში ბევრი უცნაური მოვლენა ხდებოდა.
ამონაწერი ეკა კ-შვილის ჩვენებიდან: „სუპერმარკეტში ვმუშაობ გამყიდვლად და კვირაში რამდენიმე დღე სახლში გვიან ვბრუნდები. იმ დღესაც, როდესაც უცნობი ახალგაზრდა დამესხა თავს, ღამის პირველი საათი იქნებოდა. კერძო სახლში ვცხოვრობ, ჩემს სახლამდე რომ მიხვიდე, ბნელი ჩიხი უნდა გაიარო. ისეთი მიყრუებული ადგილია, კაციშვილი არ ჭაჭანებს, მით უფრო, ღამის საათებში. როგორც კი ჩიხში შევედი, სიბნელიდან მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა და ყელში მწვდა. ჯერ მეგონა, რომ ჩემი დახრჩობა უნდოდა, რადგან ყელში მთელი ძალით მიჭერდა ხელებს, მერე კი პირზე ამაფარა ხელი. გავუძალიანდი, მაგრამ, ძლიერი მამაკაცი იყო და ვერაფერს გავხდი. მერე ვიფიქრე, რომ მძარცველი იყო, ხელჩანთა მივეცი და ვუთხარი: 100 ლარი მაქვს, წაიღე ეს ფული, ამისთვის ნუ მომკლავ-მეთქი, მაგრამ საფულე სახეში მომაგდო. ისიც გავიფიქრე, ალბათ, ძვირფასეულობას მომხსნის-მეთქი, მაგრამ, არც ჩემს ოქროულს გაეკარა, ისევ ჩემი ცემა განაგრძო. უცებ თმებით დამითრია, ძირს დამაგდო და წიხლებს მირტყამდა თავში, მუცელში, ზურგში... უკვე გონებას რომ ვკარგავდი, თმაში ხელი მომკიდა და რამდენიმე მეტრზე მათრია, მერე ისევ ძირს დამაგდო და გამეტებით მირტყა მუცელში. არ ვიცი, როდის დამანება თავი, გონება უკვე დაკარგული მქონდა. როცა გონს მოვედი, მეზობლის სახლამდე ფორთხვით მივაღწიე. მთლიანად დაჩეხილი ვიყავი. იქ კიდევ წამივიდა გული...“
როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან გახდა ცნობილი, თავდამსხმელი მძარცველი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, იმის მიუხედავად, რომ ქალს საფულეში ჰქონდა 100 ლარი და რამდენიმე ძვირად ღირებული სამკაულიც ეკეთა, მძარცველს მისი ნივთებისა და ფულის გატაცება არც უფიქრია. ის ფაქტი, რომ დამნაშავეს სახე ჰქონდა დაფარული, იმაზე მიუთითებდა, რომ მსხვერპლი მას კარგად იცნობდა და სწორედ ამიტომ, შეინიღბა სახე. ქალზე თავდასხმა შურისძიებასთან რომ იყო დაკავშირებული, ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ქალბატონმა სამართალდამცველებს იმ ინციდენტების შესახებ უამბო, რაც მასზე თავდასხმამდე მოხდა. ამონაწერი ეკა კ-შვილის ჩვენებიდან: „ამ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე, სახლში დილით, გამთენიისას მივედი და სახლი გაქურდული დამხვდა. იმ ღამით დედაჩემი და ჩემი შვილი სახლში არ იყვნენ, ნათესავთან წავიდნენ სტუმრად. ქურდი ეზოში კედლიდან იყო გადამხტარი და ხის კარი ძალაყინით ჰქონდა გატეხილი. ბინაში რომ შევედი, ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული, კარადების უჯრებიც კი იატაკზე ეყარა, მაგრამ სახლიდან ბევრი არაფერი იყო მოპარული. სახლში მქონდა ძვირად ღირებული რამდენიმე ნივთი, მაგრამ, ქურდს მხოლოდ ერთი, ძველისძველი ქურქი წაეღო, გასვლისას კი წერილი დაეტოვებინა – კიდევ დავბრუნდებიო. უცნაური ქურდობა იყო. თავიდან ისიც კი ვიფიქრე, რომ ვინმემ იხუმრა. ჩემი შვილი 14 წლისაა და მასზეც კი მივიტანე ეჭვი, მაგრამ, ბავშვს ეს რომ ვუთხარი, გადაირია. პოლიციაში მინდოდა განმეცხადებინა ქურდობის შესახებ, მაგრამ, ახლობლებმა მირჩიეს, თავი შემეკავებინა. ქურქი არ იყო ისეთი ძვირფასი და, როგორც ჩანს, ქურდი ამას ვერ მიხვდა. რაც შეეხება წერილს, რომელიც ქურდმა დატოვა, ესეც უფრო მუქარას ჰგავდა. ამ ამბიდან სულ რაღაც ორი კვირა იყო გასული, რომ კიდევ ერთი უცნაური ისტორია მოხდა: ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, „ფოლკსვაგენი”, რომელიც რამდენიმე თვეა გაფუჭებულია და ჩემი მეზობლის სახლთან დგას, დილით ქვით დამტვრეული აღმოვაჩინეთ. ყველა საქარე მინა წვრილად იყო დამტვრეული. ეს უკვე ძალიან ჰგავდა შეგნებულად ჩადენილ ქმედებას, მაშინვე პოლიციაში განვაცხადე ამის შესახებ და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ორი კვირის შემდეგ კი ეს ინციდენტიც მოხდა.”
სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს, გადამოწმდა ეკა კ-შვილის ნაცნობ-მეგობართა წრე. ცნობილი გახდა, რომ ეკა კ-შვილი ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა და შვილთან ერთად ის საცხოვრებლად დედის სახლში დაბრუნდა. მისი მეუღლე წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ძარცვისთვის. მას ყოფილ ცოლთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად მოკვლითაც ემუქრებოდა და რამდენჯერმე სახლშიც მიუვარდა ყოფილ ცოლს. მათი დაძაბული ურთიერთობის შესახებ ეკა კ-შვილის ყველა ახლობელმა იცოდა. როგორც მოგვიანებით ეკა კ-შვილმა განაცხადა, თავიდან თავადაც ქმარზე ეჭვობდა და ამის შესახებ შეუთვალა კიდეც, მაგრამ, ყოფილმა ქმარმა განუცხადა, სადაც გინდა, იქ მიჩივლე, მე არაფერი ჩამიდენია და ვერაფერს დამაბრალებო. ყოფილი ქმარი ისეთი თავდაჯერებული იყო, სწორედ ამან გადააფიქრებინა ეკა კ-შვილს პირველი ინციდენტის დროს პოლიციაში წასვლა. სამართალდამცველებმა გივი კ-შვილიც დაკითხეს. ყველა ინციდენტის დროს, რომელიც მის ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით მოხდა მას, მყარი ალიბი ჰქონდა. ეკა კ-შვილის საახლობლო წრის დადგენის შემდეგ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე რამაზთან, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე იყო. რამაზი და ეკა ერთმანეთს მალულად ხვდებოდნენ, რადგან მამაკაცს ცოლ-შვილი ჰყავდა. სამართალდამცველებმა რამაზ ნ-იას ოჯახური წრის გადამოწმებაც დაიწყეს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ რამაზ ნ-იას შვილი, 21 წლის კახა, მამის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმირებული იყო და ამის გამო მამასთან რამდენჯერმე სკანდალიც მოუხდა. სარწმუნო წყაროს ცნობით, კახა ნ-ია მამის საყვარელსაც ემუქრებოდა, თუმცა, თავად ეკა კ-შვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მაშინ, როდესაც ეკა კ-შვილის გამო რამაზ ნ-იას ოჯახში მდგომარეობა დაეძაბა, მამის ქმედებით შეურაცხყოფილმა შვილმა მამის საყვარელზე შურისძიება გადაწყვიტა.
ამონაწერი კახა ნ-იას ჩვენებიდან: „რაც ეს ქალი გამოჩნდა მამაჩემის ცხოვრებაში, ყველაფერი აირია: ბოლო პერიოდში დედას და მამას ურთიერთობა დაეძაბათ, სახლში გამუდმებული კონფლიქტი გვქონდა. ვიფიქრე, როგორმე ეკა ჩამომეშორებინა მამასთვის. ამ მიზნით დავურეკე და შევხვდი კიდეც მამისგან მალულად, მაგრამ, ეკამ მითხრა, მე მამაშენს არ ვაწუხებ, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ჩემთან იცხოვრებს, თუ დედაშენთანო. ამ სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა და ვუთხარი, ამის უფლებას არ მოგცემ-მეთქი. იმ დღეს ძალიან ვიჩხუბეთ. მერე ეკას თვალთვალი დავიწყე და გავიგე, სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა. იმ უბანში ნაცნობი ბიჭი მყავდა და მას დავავალე, ეკაზე თუ რამეს გაიგებდა, ჩემთვისაც შეეტყობინებინა. სწორედ იმ ბიჭისგან შევიტყვე, რომ ეკას თავის ყოფილ ქმართან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ის კაცი, თურმე, მოკვლითაც კი ემუქრებოდა ხოლმე. მივხვდი, რომ ამ სიტუაციის საჩემოდ გამოყენება შემეძლო. ვიფიქრე, ჩემზე ეჭვს არავინ მოიტანდა და ყველაფერს მის ქმარს დააბრალებდნენ. მართლაც, ყველაფერი გავაკეთე, რომ ასე მომხდარიყო: ჯერ ეკას სახლი გავქურდე, თუმცა, ქურდობა არც იყო – სახლიდან თითქმის არაფერი მომიპარავს, ქურქიც იმიტომ მოვიპარე, რომ ერთი გაჭირვებული ქალისთვის მეჩუქებინა. წერილიც ხუმრობით დავტოვე არეულ-დარეულ სახლში, რომ ეკა როგორმე შემეშინებინდა და შემეჩერებინა. მეორედ უკვე მის ავტომობილს გავუსწორდი. მოპარვა და სხვაგან დამტვრევა მინდოდა, მაგრამ, გაფუჭებული იყო და ვერ გადავაადგილებდი. ღამე ჩუმად მივიპარე მანქანასთან და ყველა საქარე მინა გავტეხე, ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ, მაგრამ გაქცევა მოვახერხე. ერთ დღეს მამამ მითხრა, ეკას თავს რაღაც ხდება და შენ ხომ არავინ მიუგზავნეო. მე ისეთი პოზიცია დავიკავე, ჩემზე ეჭვი რომ არ აეღო. ამის გამო მამასთან ძალიან ვიჩხუბე. ეკასთვის არაფრის დაშავებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ერთ დღეს, სწორედ ეკას გამო, მამამ დედას ხელი დაარტყა. ეს კი უკვე ვეღარ ვაპატიე. მისი დღის განრიგი ვიცოდი, გადაწყვეტილი მქონდა, სამსახურთან ჩავსაფრებოდი და იქ მეცემა. ორჯერ ჩავუსაფრდი კიდეც, მაგრამ, ორჯერვე მამასთან ერთად გამოვიდა სამსახურიდან და ჩემი გეგმები ჩაიშალა. იმ ღამეს მამა სახლში ადრე მოვიდა, ცუდად იყო და სახლიდან აღარ აპირებდა გასვლას. ნიღაბი წინასწარ მქონდა მომზადებული. სამსახურთან ჩასაფრება გადავიფიქრე, რადგან იქ უფრო ხალხმრავლობა იყო, ჩაბნელებულ ჩიხში კი ვერავინ შემნიშნავდა. ეკა რომ მომიახლოვდა, სახეზე ნიღაბი გავიკეთე, ისე ვიყავი მასზე გამწარებული, მოკვლაც კი შემეძლო. ბოლომდე გავუსწორე ანგარიში და არც ვნანობ – თუ მაინც ციხეში უნდა მოვხვედრილიყავი, მისი მოკვლაც კი მიღირდა.” სასამართლო პროცესზე განსასჯელმა კახა ნ-იამ ყველა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები იყო მისი შურისძიება მამის მიმართ. სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა მისი ასაკი, დახასიათება უნივერსიტეტიდან და სხვა გარემოებები და, ახალგაზრდას, რომელიც მამის საყვარელზე ანგარიშსწორებას კრიმინალური გზით ცდილობდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.