როგორ დააპატიმრა ქართველმა მილიციელმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის განძის გამტაცებლები
პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია და წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ტასოს „მალინა“
ვერელი ტასოს ქურდული „მალინა“ ზემო ვერის ერთ-ერთ ეზოში მდებარეობდა და თბილისის ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი იყრიდა იქ თავს. ტასო ივანე ბერიძის ქვრივი იყო. კრიმინალურ სამყაროში „ელამის“ მეტსახელით იცნობდნენ, მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს მილიციელებმა მაშინ მოკლეს, როცა მძარცველი მიმალვაში იმყოფებოდა. სწორედ ერთ-ერთი ალყის დროს მომხდარი ურთიერთსროლისას შეეწირა ის მილიციელის ტყვიას. მას შემდეგ, უშვილო, ახალგაზრდა, მომხიბვლელმა ქვრივმა არალეგალური ქურდული „მალინა“ გახსნა, სადაც კრიმინალური ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. იქ იმართებოდა „სხოდკები“, მიმდინარეობდა „ყომარი“ და იმალებოდნენ მილიციის მიერ ძებნილი დამნაშავეები. ტასოს კრიმინალები დიდ პატივს სცემდნენ, მატერიალურად ეხმარებოდნენ და ზედმეტ სიტყვასაც არ აკადრებდნენ. თუმცა, სხვისი დაცვა არც სჭირდებოდა, რადგან საკმაოდ გამოცდილი, უშიშარი ქალი იყო და თავს არავის დააჩაგვრინებდა. ის არა მარტო საქართველოს, არამედ, საბჭოთა კავშირის კრიმინალური სამყაროს „ელიტას“ იცნობდა და ქურდული ცხოვრების უბადლო მცოდნე და პატივისმცემელი იყო.
მაისის ერთ საღამოს, როდესაც ტასოს „მალინა“ დაცარიელდა და იქ შეკრებილები წავიდ-წამოვიდნენ, დიასახლისი კი დასაძინებლად ემზადებოდა, კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
– რომელი ხარ? – იკითხა ტასომ და კარი გააღო, ზღურბლზე მდგარ მამაკაცს თვალი შეავლო და აღმოხდა:
– მურა, ჩემო კარგო, საიდან, როგორ? შემოდი!
– ორნი ვართ, – მიუგო ახალმოსულმა.
– ორივე შემოდით, – ტასომ მამაკაცები ბინაში შეიყვანა, მურას გადაეხვია და აქვითინდა.
– მაპატიე, ჩემო გოგონა, – იმეორებდა მურა, – მაპატიე, რომ ელამის დასაფლავებაზე ვერ ჩამოვედი, მაგრამ, იმ დროს კარცერში ვიჯექი და გაქცევის შანსი არ მქონდა.
– გაიქეცი, ხომ? – ჰკითხა ტასომ მურას.
– მე და ვასკამ მოვხიეთ, – თქვა მურამ და დიასახლისს თავისი თანმხლები პირი წარუდგინა, – ეს ვასკა ვოლკოვია, მეტსახელად „კუ“. ას მეერთე კოლონიიდან ერთად ავიწიეთ ხუთი დღის წინ.
– კარგი გიქნიათ. მოდით, ივახშმეთ.
მურა, იგივე გივი სოხაძე, ტასოს ქმრის მეგობარი იყო და, როდესაც მათ ერთ-ერთი ცნობილი თბილისელი იუველირი გაძარცვეს და მიიმალნენ, მილიციამ მხოლოდ მურა დააპატიმრა, ელამი კი ორი წლის შემდეგ მოკლეს თბილისში. სოხაძის თანმხლები „კუ“, იგივე ვასილი ვოლკოვი, ცნობილი ვორონეჟელი მძარცველი იყო და მურამ ის ეგრეთ წოდებულ „101-ში“ გაიცნო, რომელიც მოსკოვთან მდებარეობდა და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიის სტატუსი ჰქონდა.
– დიდი ხნით არ შეგაწუხებთ, ცოტა სულს მოვითქვამთ და ორ-სამ დღეში წავალთ, – უთხრა ტასოს მურამ, როდესაც ვახშამი დაასრულა.
– ნუ სულელობ. აქ იმდენ ხანს იქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, – მიუგო ტასომ და დაამატა: – ხვალიდან დროებით იკეტება „მალინა“.
წითელთვალება ბუ
მურასა და კუს ინტენსიურად ეძებდნენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ცნობა მათი გაქცევის შესახებ თბილისშიც მოვიდა და ტასოსაც მიაკითხეს.
– შეიძლება, შემოვიდე? – ჰკითხა ტასოს მილიციის კაპიტანმა ნოდარ ჩანტლაძემ, რომელიც ქალაქის მილიციის სამმართველოს წამყვანი ოპერი იყო და არაერთი ძებნილი ჰყავდა დაკავებული.
– მთლად სასურველი ადამიანი არ ხართ, მაგრამ, შემოდით, – ტასომ ოპერი ბინაში შეიყვანა და კარი მიხურა.
– მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, – თქვა კაპიტანმა, – ერთი კვირის წინ ციხიდან თქვენი ქმრის მეგობარი მურა გაიქცა ერთ რეციდივისტთან ერთად. დიდი შანსია, რომ, თუ თბილისში გამოჩნდნენ, მოგაკითხონ და გირჩევთ, შემატყობინოთ. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი.
– მეც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გიპასუხებთ: ჯერ ერთი, ყელში ამომივიდა და პრისტუპნიკებთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, რადგან მშვიდი ცხოვრება მომენატრა, მინდა, ბავშვი ვიშვილო და გავზარდო. ხოლო, თუკი მურამ აქ მომაკითხა, ნუ იფიქრებთ, რომ ჩავუშვებ, მაგრამ, არც აქ გავაჩერებ და აქედან გავისტუმრებ. მით უმეტეს, რომ ამიერიდან თქვენ აქ აბლავას მოაწყობთ და ნამდვილად არ მინდა, რომ მანაც ჩემი მეუღლის ბედი გაიზიაროს, – უთხრა ტასომ კაპიტანს, ტელეფონის ნომერი გამოართვა და დაამატა: – ამ ნომერს კი დავიტოვებ. ვინ იცის, რაში დამჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ ჩანტლაძე მილიციელი იყო და ბოროტმოქმედებს ვერ იტანდა, ამავდროულად, ის პროფესიონალი იყო, ობიექტურობა არასდროს ღალატობდა და თავისი კოლეგების მსგავსად არასდროს გადადიოდა კანონით დადგენილ ზღვარს. მან მშვიდად მოისმინა ტასოს პასუხი, გამოემშვიდობა და წავიდა. ტასომ კი კარი გადარაზა, შემდეგ საიდუმლო სარდაფში დამალული კუ და მურა ოთახში ამოიყვანა და ყველაფერი უამბო.
– მართალია, ძაღლია, მაგრამ ვაჟკაცია, – თქვა მურამ ჩანტლაძეზე, – ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მას ვიცნობდი. მილიციამდეც და მილიციაშიც, არასდროს დაურღვევია ვაჟკაცობის კანონები და ამიტომ ის ორმაგად სახიფათოა.
– ვიცი. ბევრისგან გამიგია მისი ქება, – დაუდასტურა ტასომ მურას, – აბა, გისმენთ, განაგრძეთ თხრობა.
– მიდი, ვასკა, – უთხრა მურამ კუს და ვოლკოვმაც განაგრძო საუბარი, რომელიც ჩანტლაძის გამოჩენის გამო შეწყვიტა.
– ადრე ჩემს ბარაკში ერთი ქართველი ცხოვრობდა, რომელიც მოკვდა. მანამდე კი მიამბო, რომ თბილისში გადამდგარი პოლკოვნიკი, ვინმე გურამ ძნელაძე ცხოვრობს. ის გურამ ძნელაძე ძველი ნაჩეკისტარი ყოფილა და ბევრი ხალხი ჰყოლია დახვრეტილი. მათ შორის იყო ერთი იუველირი, ვინმე ვილენ ბონზერი და მისთვის ერთი ყუთი ძვირფასეულობა წაურთმევია, რომელიც იმ იუველირს წინაპრებისგან ჰქონდა მიღებული, გარდა ამისა, ის თვითონაც აგროვებდა უნიკალურ ნივთებს. არ ვიცი, რა ღირს ეს განძი, მაგრამ, მასში ერთი განსაკუთრებული ნივთია. ცნობილი ფრანგი იუველირის, აბელ ლეფლერის ქმნილება – წითელთვალება ბუ. ეს უძვირფასესი ნივთი ბრიტანეთის სამეფო კარის კუთვნილება ყოფილა და იუველირთან არალეგალური გზით მოხვედრილა. მე გთავაზობთ, რომ ის პოლკოვნიკი მოვძებნოთ და ძვირფასეულობა წავართვათ.
– ის ქართველი ვინ იყო და საიდან იცოდა ეს ისტორია? იქნებ ყველაფერი ტყუილია? – ჰკითხა კუს ტასომ.
– არა მგონია. ის კაციც ძველი ჩეკისტი იყო და მითხრა, რომ ეს ყველაფერი იმ პოლკოვნიკ ძნელაძისგან იცოდა. ძნელაძეს, თურმე, მისი მოშორება უნდოდა, სამი ტყვია ესროლა და მდინარე ვოლგაში გადააგდო, თუმცა, გადარჩა. იმ კაცს მართლაც ჰქონდა სხეულზე ნატყვიარები, – თქვა კუმ.
– ციხეში რისთვის იჯდა?
– მას, თურმე, ახალი საბუთები უშოვია და ერთ-ერთ ქარხანაში მოწყობილა ბუღალტრად. მერე ფული გაუფლანგავს, დაუჭერიათ და ციხეში მოკვდა. სიკვდილის წინ კი მითხრა, მიდი, იჩალიჩე, კუ. ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვსო. მე მგონი, ღირს, რომ წითელთვალება ბუ ვეძებოთ, – თქვა კუმ.
დამსახურებული პენსიონერი
კუს მონათხრობი იმდენად მიმზიდველი იყო, რომ მურამ და ტასომ თამაშში ჩაბმა გადაწყვიტეს.
– ჯერ ის გურამ ძნელაძე უნდა მოვძებნოთ და გავაიასნოთ, სად ცხოვრობს და ვისთან ერთად. შემდეგ კი დრო ვიხელთოთ, დავადგეთ და ძვირფასეულობა წავართვათ, – თქვა მურამ.
– ჯერ მოვძებნოთ. დანარჩენი მერე იყოს, – მიუგო მურას ტასომ და, მართლაც, მეორე დღიდან მან პენსიონერი პოლკოვნიკის, გურამ ძნელაძის ძებნა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 60 წლის უნდა ყოფილიყო.
იმ პერიოდში, თბილისში ცნობათა ბიუროს ჯიხურები ფუნქციონირებდა, სადაც შესაძლებელი იყო ადამიანის მისამართის გაგება, თუკი მის სახელს, გვარს, მამის სახელსა და დაბადების წელს ეტყოდი. ტასო სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჯიხურს ეწვია და ოციოდე წლის გოგონას უთხრა:
– გურამ ძნელაძის მისამართი მაინტერესებს, ძვირფასო, თუმცა, არც მამის სახელი ვიცი და არც დაბადების თარიღი. დაახლოებით 60 წლისაა.
– ასე პოვნა ძნელია. ძნელაძეები ბევრნი არიან, თანაც, შეიძლება, არა გურამი, არამედ გიორგის სახელით იყოს რეგისტრირებული და ამდენ გიორგი ძნელაძეს რა ამოწერს ჟურნალიდან, – ცივად მიუგო ტასოს გოგონამ.
– აი, ჩემო კარგო, გამომართვი და მომიძებნე, ძალიან მჭირდება, – უთხრა გოგონას ტასომ და წითელი ათმანეთიანი დაუდო წინ.
გოგონამ ფული ჯიბეში ჩაიცურა, ტასოს გაუღიმა და უთხრა:
– ერთ საათში მობრძანდით და ყველაფერი მზად იქნება.
ერთი საათის შემდეგ ტასოს ასოცკაციანი სია ჰქონდა, სადაც გიორგი და გურამ ძნელაძეების დაბადების თარიღები და მისამართები იყო ჩამოწერილი. ქალმა ეს სია სახლში მოიტანა, კუსთან და მურასთან ერთად შეისწავლა და 9 ძნელაძეზე შეაჩერა არჩევანი, რომელთა მონაცემებიც პოლკოვნიკის მონაცემებს წააგავდა. ტასომ ცხრავე ძნელაძე ერთ ფურცელზე დაწერა და თქვა:
– აი, ამ გურამ ძნელაძით დავიწყებ, ვაკეში რომ ცხოვრობს. ეს სახლი ვიცი, ახალი აშენებულია და, გამორიცხული არ არის, რომ მას იქ ეყიდოს ბინა.
ტასოს მცდელობა მხოლოდ მეხუთე ჯერზე დასრულდა წარმატებით: ქვემო ვერაზე, ერთ-ერთი ახლობლის ეზოში, მან საჭირო კაცს მიაგნო, რომელიც 62 წლის მარტოხელა, დამსახურებული პენსიონერი, თადარიგის პოლკოვნიკი გურამ სიმონის ძე ძნელაძე აღმოჩნდა. მას არც ცოლ-შვილი ჰყავდა, არც ვინმე ახლობელი და სამოთახიან ბინაში მარტოდმარტო ცხოვრობდა, იშვიათად გადიოდა სახლიდან და მეზობლებში კარგი, პატიოსანი კაცის სახელით სარგებლობდა.
– ისე ამიწერა ის კაცი ჩემმა ახლობელმა, რომ დავეჭვდი იმ შენს ნაცნობის მონათხრობის სიმართლეში, – უთხრა ტასომ კუს, როდესაც სახლში დაბრუნდა.
– მაგ ძნელაძისნაირ დამპლებს სჩვევიათ თავის მოკატუნება, ნამდვილად ეგ იქნება, – უთხრა ტასოს მურამ, რაც კუმაც დაადასტურა და, გადაწყვიტეს, უახლოეს დღეებში ყოფილ პოლკოვნიკს სახლში სწვეოდნენ.
მოულოდნელი ფინალი
ორი დღის შემდეგ ნაგანებმომარჯვებული კუ და მურა პენსიონერ პოლკოვნიკს, გურამ ძნელაძეს სახლში ეწვივნენ. შუაღამე იყო და ძნელაძეს ეძინა, როდესაც მძარცველებმა უხმაუროდ, „ატმიჩკით“ გააღეს კარი, ბინაში შევიდნენ და მძინარე ძნელაძეს თავზე წამოადგნენ.
– ვინ ხართ და რა გინდათ? – შეცბა ძნელაძე.
– აბა, ჩქარა, ძვირფასეულობა გამოაჩინე, თორემ, წამებით მოგკლავ, – შეუღრინა საწოლზე წამომჯდარ თადარიგის პოლკოვნიკს კუმ, – შენ მიერ დახვრეტილი ვილენ ბონზერის ძვირფასეულობას ვითხოვთ, შე დამპალო!
ძნელაძე მძიმედ წამოდგა და საიდუმლო სეიფი გააღო. შემდეგ იქიდან პისტოლეტი აიღო, მაგრამ სროლა ვერ მოასწრო, რადგან კუმ დაასწრო და კეფა გაუხვრიტა.
– ეს რა ქენი? – გაბრაზდა მურა, – ჩვენს გეგმაში მკვლელობა არ შედიოდა.
– რომ დაესწრო, მაშინ მეც მომკლავდა და შეიძლება, შენც დაებრიდე, – უპასუხა კუმ, შემდეგ სეიფიდან ძვირფასეულობით სავსე, საშუალო ზომის ზარდახშა გამოიღო და მძარცველებმა სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი.
– აი, ნახე, რამდენი განძია, – უთხრა ტასოს კუმ, როდესაც სახლში დაბრუნდნენ.
– ძნელაძე შემოგვაკვდა, – თქვა მურამ.
– ცუდია, – მიუგო ტასომ, კუმ კი დაამატა:
– იძულებული ვიყავი, დამებრიდა, – თქვა კუმ და უცებ რევოლვერი მიუშვირა მურას, ოთახში კი პისტოლეტმომარჯვებული შუახნის მამაკაცი შემოვიდა, რომლის დანახვაზეც მურამ შეჰყვირა:
– პოლკოვნიკი ბორისოვი!
პოლკოვნიკი ბორისოვი, რომელიც „101-ე კოლონიის“ რეჟიმის უფროსი იყო, მურას უთხრა:
– მიხვდი ახლა, რაშია საქმე? მე და კუმ მოვილაპარაკეთ, თქვენ ჩემი დახმარებით გაიქეცით და ის საქმე გააკეთეთ.
– ახლა კი, მე და ბორისოვი, – ლაპარაკში ჩაერთო კუ, – ამ დიდი კუშით მოვხევთ.
მაგრამ ბორისოვმა უცებ კუს ესროლა და ადგილზე მოკლა. შემდეგ კი მურას უთხრა:
– სულელი! ეგონა, რომ წილში ჩავსვამდი. ახლა კი თქვენც დაგხოცავთ და ამ სიმდიდრეს სუფთად წავიღებ. აბა, ვინ იფიქრებს, რომ ეს ყველაფერი მე მოვაწყვე?
პოლკოვნიკმა ბორისოვმა პისტოლეტი მურას დაუმიზნა, მაგრამ გასროლა ვერ მოასწრო, რადგან, ოთახში შემოვარდნილმა კაპიტანმა ნოდარ ჩანტლაძემ მას მხარში ესროლა და პისტოლეტი გააგდებინა ხელიდან. შემდეგ ხელბორკილები დაადო და დააპატიმრა. იგივე უქნა მურასაც და თქვა:
– დარწმუნებული ვიყავი, რომ დაგიჭერდით, მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, აქ რა მოხდებოდა!
პოლკოვნიკი ბორისოვი გაასამართლეს და დახვრიტეს, მურას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ის ოთხი წლის შემდეგ, გაქცევის დროს მოკლა ციხის ბადრაგმა. ტასომ კი ბავშვი აიყვანა, გაზარდა, კარგი განათლება მისცა და დღემდე თბილისში ცხოვრობს. ნოდარ ჩანტლაძე გენერალი გახდა და ამჟამად ბიზნესმენია. დახვრეტილი იუველირის განძი კი, რომელიც 31 მილიონ დოლარადაა შეფასებული, მოსკოვში ალმასის ფონდშია დაცული.