რა გამონაკლისი დაუშვეს ჯულიარდში მარიამ მაჩაიძის გამო და როგორ დაუკრა მან ჯულიარდის მთავარ დარბაზში სოლო კონცერტზე ზეპირად ურთულესი ნაწარმოები
7 ივნისის საღამოს‚ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში‚ გემოვნებიანი და საინტერესო მუსიკის მოყვარულები საოცარი კონცერტის მოლოდინში იყვნენ – ჯულიარდის ქართველი სტუდენტი, 20 წლის მევიოლინე, მარიამ მაჩაიძე სოლო კონცერტს მართავდა. მარიამი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი გოგონაა, რომელიც ჯულიარდში სწავლობს. ამ ნიჭიერ, ხალისიან, შრომისმოყვარე გოგონას განსაკუთრებულად უყვარს სირთულეები და ხშირად ისეთ რამეს ჰკიდებს ხელს, რის კეთებასაც არავინ სთხოვს. ამით ის საკუთარ პროფესიაში დიდ გამოცდილებას, ცოდნას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი საკმაოდ დატვირთულია, მუშაობასაც ახერხებს.
მარიამ მაჩაიძე: პირველად ჯულიარდში ჩავატარე სოლო კონცერტი და შემდეგ გადავწყვიტე, თბილისშიც გამეკეთებინა. თან, მინდოდა, ეს ათწლედისთვის მიმეძღვნა – ჩემი სკოლისთვის, რომელიც დავამთავრე და რომლის დახმარებითაც საშუალება მომეცა‚ ჯულიარდში ჩამებარებინა. დირექტორს დავუკავშირდი და მასთან საუბრის შემდეგ გადაწყდა‚ კონცერტი გამეკეთებინა. რაც ჯულიარდში წავედი‚ მას შემდეგ საქართველოში არ დამიკრავს, ამიტომაც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა – ვაჩვენო, რა გავაკეთე ამ ორი წლის განმავლობაში და ამას დამატებული ისიც, რომ ჯულიარდის სახელით გამოვდივარ და ამ სახელის შერცხვენის უფლება არ მაქვს (ინტერვიუ ჩაწერილია 6 ივნისს, კონცერტამდე ერთი დღით ადრე – ავტორი). კონცერტზე დავუკრავ ცინცაძის პოემას და ამით გავხსნი. ჯულიარდში ის ძალიან მოეწონათ. შემდეგ დავუკრავ ბახის ერთ-ერთ ურთულეს ნაწარმოებს, ასევე ჩემი მეგობრის დაწერილ ნაწარმოებს, რომელიც ელექტრომუსიკასთან ერთად სრულდება, ახალია და ყველა ელოდება. ბოლოს დავუკრავ ფრანკის სონატას, რომელიც პროგრამაში ცენტრალური ნაწარმოებია და მერე უკვე ვნახოთ – ბისზე რა იქნება.
– შეიძლება‚ იმპროვიზაციასაც მიმართო?
– რამეს მოვიფიქრებ. ხანდახან, როცა კომპოზიტორებთან, მეგობრებთან ერთად ვარ, თან მეცადინეობისგან ძალიან დაღლილი, მაშინ რაღაცეებს ვუკრავთ, იმპროვიზაციას ვაკეთებთ. ერთგვარი განტვირთვაა, ვერთობით და ხშირად ამას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ. ზოგჯერ, 7 საათი რომ ვუკრავთ, ბოლოს გამოდის, რომ აქედან 4 საათს იმპროვიზაციას ვუთმობთ. თუმცა, ამას ისე სერიოზულად არ ვუყურებ, რომ კონცერტზე შევასრულო‚ გართობის მიზნით კი, კარგია.
– დარწმუნებული ვარ‚ ჯულიარდში სწავლა ბევრ რამეში გეხმარება, ალბათ შენთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც გახდებოდა.
– ჯულიარდი გთავაზობს ბევრ ფესტივალს, ანუ სხვებთან შედარებით დიდი შანსი გაქვს‚ მოხვდე სერიოზულ ფესტივალებზე – ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ჯულიარდში დიდი კონკურენციაა, რადგან ყველა ძალიან კარგია. ეს კი გეხმარება, რომ უფრო მეტი იმუშაო და აიმაღლო დონე შენი ასაკის სხვა ბავშვებთან შედარებით. რომელ ფესტივალზეც წავსულვარ, ყველგან იციან‚ რა არის ჯულიარდი და ხშირ შემთხვევაში, სწორედ იქიდან ჩამოდიან სტუდენტები. ასე მგონია, იქაც ჯულიარდში ვარ. ყოველ წელს ართულებენ სწავლას. მეორე კურსი‚ პირველ კურსთან შედარებით‚ უფრო რთულია და ყველამ იცის, რომ მეორე კურსზე სწავლა ძალიან ძნელია. თუ არ განიცდი პროგრესს, შესაძლებელია‚ გაგაგდონ. ჩემმა მეგობრებმა არ დაუკრეს ბევრ კონცერტზე. ეს შენი არჩევანია. მაგრამ, მე წელს დავუკარი დაახლოებით 15-20 კონცერტზე, რამაც ძალიან დამღალა. პლუს ამას დაემატა ჩემი სოლო კონცერტი და კვინტეტის სოლო კონცერტი, რომელსაც არ მთხოვდნენ. მოკლედ‚ გავირთულე საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველასთვის რთული პერიოდია, შენ აღმოაჩენ საკუთარ თავს, არა როგორც სტუდენტს, არამედ როგორც პროფესიონალს და ფიქრობ იმაზე‚ რას შეიძლება მიაღწიო, რა უნდა გააკეთო ამისთვის და სტრესშიც ვარდები. მესამე კურსიდან უკვე შეგიძლია, აირჩიო საგნები და მე იმდენი საგანი ავირჩიე, რომ‚ მგონი‚ მეორე კურსთან შედარებით, უფრო უარესი გამომივა.
– პროგრესი ახსენე. დარწმუნებული ვარ‚ შენ ამ ორ წელში საკმაოდ დიდ პროგრესს განიცდიდი. მაინტერესებს‚ თავად პედაგოგებმა თუ იციან ამ ყველაფრისთვის ხაზის გასმა, ყურადღების გამახვილება?
– თბილისში რომ ვყოფილიყავი‚ ალბათ‚ ოთხ ნაწარმოებს ვისწავლიდი წელიწადში, იქ კი ორ თვეში მაქვს ნასწავლი. პროგრამის მხრივ, როგორც ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, თურმე‚ ძალიან სწრაფად ვითვისებ ბევრ რამეს, რაც მე არ შემიმჩნევია. პრინციპში‚ იქ სულ ცდილობენ‚ მაინცდამაინც არ აღინიშნონ ეს, რადგან‚ რომ გითხრან‚ დიდი პროგრესი გაქვსო, შეიძლება, აღარ იმუშაო. ამიტომ, უფრო ცდილობენ‚ სტრესში ჩაგაგდონ, განერვიულონ. ხშირად ორ კვირაში ვამზადებთ ორკესტრის კონცერტს, რაც თბილისში წარმოუდგენელია. წელს ორკესტრის სამ-ოთხ კონცერტზე დავუკარით, ურთულესი ნაწარმოებები იყო და პროფესიონალთა ორკესტრი უკრავდა. ჯულიარდი გაძლევს იმის საშუალებას, რომ შეისწავლო რთული ნაწარმოებები, რადგან ყველა მოსწავლეს შეუძლია ამ სირთულეების დაძლევა, რაც იშვიათია ჩვეულებრივ სკოლაში.
– და პედაგოგები გყავთ საოცარი...
– ლიფტში შეხვდები პერელმანს, იო-იო მას, ისეთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც დღეს მუსიკალურ სამყაროში ძალიან დასაფასებელნი არიან. ზოგჯერ კონცერტზეც შეიძლება გამოხვიდე მათთან ერთად, რაც უფრო სანერვიულოა. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ორკესტრს ალან გილბერტი დირიჟორობს, რომელიც „ნიუ-იორკ ფილარმონიკის” მთავარი დირიჟორია. ასევე‚ მოწვევით ჩამოდიან ევროპაში ცნობილი ორკესტრის დირიჟორები და მათთანაც ვუკრავ. კვარტეტში ვსწავლობდი ჯოზეფ ლინთან, რომელიც ჯულიარდის კვარტეტის პირველი ვიოლინოა და კმაყოფილი იყო ჩვენი კვარტეტით. შემდეგ კვინტეტში გადავინაცვლე, ახლა ისევ კვარტეტი მაქვს. მომავალი წლისთვის ტრიო ჩამოვაყალიბე – ორი ბიჭი და ერთი გოგო ვართ. ასევე‚ ვფიქრობ დუეტზე.
– ბოლოს‚ როდესაც ვისაუბრეთ, ჯულიარდში სოლო კონცერტის ჩატარებას გეგმავდი და როგორც გავიგე, უკვე ჩაატარე. მომიყევი, როგორ ჩაიარა, კმაყოფილი ხარ?
– სწორედ მაშინ ვემზადებოდი კონცერტის ჩასატარებლად, ოღონდ‚ ნახევარი მე უნდა დამეკრა და ნახევარი – ჩემს მეგობარს. საერთოდ‚ ჯულიარდში ასეთი წესია: არ გაქვს უფლება მხოლოდ შენ ჩაატარო კონცერტი, ნახევარი შენ უნდა დაუკრა და ნახევარი – სხვამ. მაგრამ‚ ისე მოხდა, რომ მარტო დავრჩი, ძალიან მინდოდა კონცერტის გაკეთება. მომწერეს‚ არ შეიძლებაო, ჩემმა მასწავლებელმაც მითხრა: ასეთი წესიაო. მაგრამ‚ ძალიან ვთხოვე, ვუთხარი: უკვე მზად მაქვს-მეთქი. ბოლოს დამთანხმდნენ. კონცერტი ჩატარდა ჯულიარდის მთავარ დარბაზში, პირველი დავუკარი სოლო, ყველაზე რთული ნაწარმოები, რომელიც ძნელი დასამახსოვრებელია და დღესაც მეშინია მისი დაკვრის. ზეპირად დავუკარი, ძალიან კარგად ჩაიარა. შემდეგ არფისტთან ერთად დავუკარი დუეტი, რაც ჩემთვისაც საინტერესო იყო, რადგან პირველად დავუკარი არფასთან ერთად. შემდეგ შევასრულე სონატა და ბოლოს ბისზე – ქართული ნაწარმოები. მეკითხებოდნენ: ვისია, ნოტები მოგვეციო. ჩემი მასწავლებელი დაესწრო, ძალიან კმაყოფილი იყო და შემაქო, თუმცა ხარვეზებზეც მიმითითა. ახლა მივდივარ ფესტივალზე ასპენში. ჩემი პედაგოგი იქნება სილვია როზენბერგი, რომელიც ძალიან ცნობილი მასწავლებელია და ამავე დროს, მკაცრი, ასევე საშიშიც. ამ ფესტივალზე ძალიან ბევრ სტუდენტს ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. თან სწავლობ, თან უკრავ რვა კვირის განმავლობაში. რომ ჩავალთ‚ გამოცდაც გვექნება. ამას წინათ‚ სილვიამ დამირეკა და მითხრა: საკონკურსო ნაწარმოები უნდა ისწავლოო. არადა‚ არ ვგეგმავდი კონკურსზე საბუთების შეტანას. მომწერა: არ მაინტერესებს, უნდა ისწავლოო – უკვე შემაშინა. თან‚ მე მივწერე: ამიყვანთ-მეთქი?! ფესტივალზე ბევრ ადამიანს შეაქვს საბუთები, იქიდან რამდენიმეს არჩევენ და შემდეგ უკვე მასწავლებელი ირჩევს‚ ვისი აყვანა უნდა. მან მე ამიყვანა, ძალიან მიხარია, მაგრამ თავად მოვითხოვე სირთულე, შემეძლო სხვა მომეთხოვა და უფრო მარტივად ყოფილიყო ყველაფერი.
– რა მოგცა ჯულიარდში გატარებულმა ორმა წელმა?
– მეცნიერულად დავიწყე ყველაფრის სწავლა, მანამდე აქ ინტუიციურად ვსწავლობდი – რაღაცას მეტყოდნენ მასწავლებლები და ვუჯერებდი. იქ რასაც მეცნიერულ დონეზე შევისწავლი, შემდეგ ვიწყებ მასზე მასწავლებელთან კამათს. ჯულიარდში ვისწავლე, რომ შემიძლია ვიყო თავისუფალი როგორც მუსიკოსი და გავაკეთო ის‚ რაც სწორად მიმაჩნია. სხვათა შორის‚ თბილისშიც ჩემი პედაგოგი – კოტე ვარდელი რომ მეტყოდა რაღაცას, არ მომეწონებოდა, კონცერტზე გავიდოდი და ვუკრავდი იმას, რაც მომწონდა – ფაქტის წინაშე ვაყენებდი. ახლა აღარ მიწევს პირდაპირ კონცერტზე ჩემი პედაგოგის გაგიჟება. პიროვნულადაც ძალიან გავიზარდე. ბევრი მეგობარი შევიძინე და მათ დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ტელევიზორი არ გვაქვს, ამიტომ ამით არ ვერთობით, ძირითადად ვუკრავთ, ან სადმე მივდივართ.