რატომ გამოვიდა დაიან ფონ ფურსტენბერგი ჩვენებაზე ამერიკის დროშით ხელში
ბელგიური მოდა ნელ-ნელა ყალიბდება დამოუკიდებელ ორგანიზმად, რომელიც უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიო მოდაზე. ის უკვე ჩათვალეს ინტელექტუალური მოდის ცენტრად, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანამ ხომ ისეთი დიზაინერები მისცა მსოფლიოს, როგორიცაა დრაის ვან ნოტი და სხვები. მართალია, დაიან ფონ ფურსტენბერგი ისეთ კოლექციებს ქმნის, რომელიც მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ბელგიური გავლენა მაინც ეტყობა.
აღსანიშნავია, რომ დაიან სიმონ მიშელ ჰალფინი რამდენიმე ეროვნების, „ნარევია“. რუსეთში დაბადებული მამა და საბერძნეთში დაბადებული დედა ბელგიაში ბესარაბიიდან მოხვდნენ. დაიანას მომავალი ცხოვრება და კარიერა მისმა ქორწინებებმა განსაზღვრა. 18 წლის ასაკში მან პრინცი ეგონ ფონ ფურსტენბერგი გაიცნო, რომელსაც ცოლად გაჰყვა და მისგან ორი შვილი ჰყავს. ეს ქორწინება პრინცის ოჯახში დიდად არ გახარებიათ, რაღა თქმა უნდა, პატარძლის წარმომავლობისა და არაცისფერსისხლიანობის გამო. ამ ქორწინების შედეგად, დაიანამ მიიღო ტიტული – ფურსტენბერგის პრინცესა, თუმცა ეს ტიტული პროფესიულ ცხოვრებაში არასდროს გამოუყენებია. 2001 წელს კი ის ცოლად გაჰყვა ბარი დილერს – ამერიკელ მედიამაგნატს და ახლა ის ამერიკის სრულფასოვანი მოქალაქეა. თუმცა, როგორც უკვე მიხვდით, დიდგვაროვანი ყოფილი ქმრის გვარსა და ტიტულს დღემდე ატარებს.
გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება დაიწყო და პოდიუმზე „მარშირება” დაიწყეს ფურსტენბერგის საყვარელმა მოდელმა მეგობრებმა: ტინა ბრაუნმა, მოურენ დაუდმა, კანდის ბერგენმა, ფრან ლებოვიმაც...
ახალ კოლექციაზე ფურსტენბერგმა ისევ ივან მისპელერთან ერთად იმუშავა. ივანი ფრანგი დიზაინერია, რომელზე მოთხოვნაც მაღალი მოდის წრეებში სულ უფრო და უფრო იზრდება. ცოტა ხნის წინ ის „გუჩის” ქალის ხაზის მთავარი დიზაინერი იყო, მუშაობდა პოებ პილოსთან ერთად, როდესაც ეს უკანასკნელი „ქლოეს” კრეატიული ხელმძღვანელი იყო. ჯადოსნური პრინტები, საოცარი ფერები – ფურსტენბერგის მთავარი კოზირები – ისევ პოდიუმზე დარჩა, თუმცა ფრანგული გავლენა დიზაინერს რაღაც შტრიხებში მაინც დაეტყო.
კოლექციის ჩვენება თეთრი „ლუქებით” დაიწყო: ლამაზი თხელი კაბები, ზოგიერთი – ბევრი ნაკეცით, ზოგიც – სადა, უსახელო და სწორი; აბრეშუმის, გიპიურის ულამაზესი ქსოვილები... თეთრ კოსტიუმებს ზაფხულის ფერადოვნება მოჰყვა, იმდენად ლამაზი, რომ სურვილი გიჩნდებოდა, სულ ამ კოსტიუმებისთვის გეყურებინა. საინტერესოა, რომ სიჭრელე, რომელიც ამ სეზონის ჰიტია, ფურსტენბერგმა საკმაოდ დახვეწილად გამოიყენა და, აქცენტი არა მკვეთრ ფერადოვნებაზე არამედ, პასტელის ფერების ნაზავზე შეაჩერა, რომელიც თვალისთვის სასიამოვნო აღსაქმელი, ნაზი და ელეგანტური იყო. უცნაურია, რომ კოლექციაში გამოყენებული იყო აბრეშუმის რამდენიმე პერანგი, ყელთან ღილით შეკრული და ჭიპამდე ჩახსნილი, შესაკრავების გარეშე, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ავთანდილს” ჰქონდა თავის კოლექციაში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს გარდერობშიც ინახება.
დიზაინერებმა კრეატიულად ჩააქსოვეს მამაკაცური მოდის გავლენა ამ საოცრად ქალურ და ელეგანტურ სამოსში. „ბერმუდის“ შორტებსა და მამაკაცურ ფეხსაცმელზე DVF-მ ყვავილები და სხვა ტიპის პრინტები დაამატა. ჩვენების ბოლოს კი ულამაზესი ფერადი კაბებით ამ ულამაზესმა ქალბატონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სტილს: ჰაეროვანი, ქალური, რომანტიკული, ოდნავ მბზინავი კაბები ულამაზეს სანახაობას ქმნიდა პოდიუმზე და, კიდევ ერთი დეტალი: პოდიუმზე თავად დიზაინერი ამერიკის პატარა დროშით ხელში გამოვიდა – ჩვენება ხომ 11 სექტემბერს გაიმართა...