წლის რომელი დღეებია ბედის შესაცვლელად და ოჯახური კონფლიქტების დასარეგულირებლად მეტად აქტიური და შესაძლებელია თუ არა იმის შეცვლა, რაც დაბადების მომენტში შუბლზე „დაგვეწერა“
ბევრი ლამაზი, ჭკვიანი და შეძლებული ოჯახიშვილი უჩივის უბედობას. ჩვენ გარშემო ბევრი გასათხოვარ-დასაოჯახებელი, სასურველი სარძლო და სასიძო დადის. აი, ისეთები, რომ იტყვიან, თვალი მომცა, შენთვის მაყურებინაო. როგორც, ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი თამარი ამბობს, ბედის შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია, ანუ, იმის, ადამიანს დაბადების მომენტში შუბლზე რომ ეწერება ბედ-იღბლის სახით. წლის განმავლობაში, არსებობს დღეები, როდესაც ადამიანს ბედის შეცვლა შეუძლია, ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და წარმატება პირად ცხოვრებაში თავადვე დაგეგმოთ.
თამარი: ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება ბედი, მაგრამ, მისი უკეთესობისკენ შეცვლა თავადაც შეგვიძლია, ოღონდ, წლის განმავლობაში მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. სხვათა შორის, ასეთ დღეებს ჩვენი წინაპრებიც ითვალისწინებდნენ და მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც გვაქვს შემორჩენილი.
– წლის რომელი დრო და დღეებია ამ მხრივ მეტად აქტიური?
– ბედის შესაცვლელად მეტად აქტიური დროა ზაფხული და შემოდგომა, კონკრეტულად კი – ივნისისა და ოქტომბრის თვეები. თუ ადამიანი ელემენტარულ რიტუალს ჩაატარებს სწორედ ამ თვეების ბოლოს, კერძოდ, 27 ივნისს და 27 ოქტომბერს, საკუთარ ბედს სასიკეთოდ შეცვლის. სტუდენტობის დროს აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ვისვენებდი და იქ ერთმა ხანში შესულმა ქალმა მასწავლა ძალიან პრაქტიკული და საინტერესო რამეები. მაგალითად, ის, რომ გასათხოვარმა გოგონამ არ უნდა გაიკეთოს მარგალიტის სამკაული და უნდა ატაროს ჩანთით რკო, რათა მომავალი ბედით კმაყოფილი იყოს და სასურველი მეორე ნახევარი იპოვოს ცხოვრებაში. რკოს უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს და მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ადამიანს, იყოს მიმზიდველი, სასურველი და ბედნიერი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ სფეროში. რკოს ტარება გასათხოვარ გოგონას არასასურველი შეხვედრებისა და ნაცნობობისგან დაიცავს. ზემოთ თქმულ დღეებში, ბედის უკეთესობისკენ შემობრუნებისთვის, სპეციალური რიტუალიც უნდა ჩაატაროთ. ეს ძალიან ადვილია: 27 ივნისი ან 27 ოქტომბერი რომ თენდება, დილის 7 საათზე, გამჭვირვალე ჭიქაში ონკანიდან ჩაასხით წყალი. ეს ჭიქა აუცილებლად ახალი უნდა იყოს და იქიდან არავის არ უნდა ჰქონდეს წყალი დალეული. შემდეგ, ისე, რომ არავის გამოელაპარაკოთ, ამ ჭიქაში ჩაყარეთ ახლად დაკრეფილი წითელი ან ვარდისფერი ვარდის ფურცლები, რკო და შაქარი. დადგით თქვენი საწოლის ქვეშ, დაწექით და იფიქრეთ იმაზე, რომ, გინდათ, იყოთ ბედნიერი, სასურველი და მიმზიდველი. მერე კი ადექით და შეუდექით თქვენს საქმეებს. ის ჭიქა საწოლის ქვეშ დატოვეთ. საღამოს, ზუსტად 7 საათზე გამოიღეთ ჭიქა საწოლის ქვემოდან, ამოიღეთ ვარდის ფურცლები და რკო, კარგად მოურიეთ, რომ შაქარი გადნეს და დალიეთ. ის რკო კი, ჩანთით უნდა ატაროთ.
– ვარდის ფურცლები?
– ვარდის ფურცლები, შეგიძლიათ, მისაღებ ოთახში, გამოსაჩენ ადგილას დააწყოთ. ჭიქა კი, აუცილებლად შეინახეთ, რომ სხვამ არ დალიოს იქიდან წყალი. დამიჯერეთ, ასე თუ მოიქცევით, სულ მალე იგრძნობთ საპირისპირო სქესის ყურადღებას, პირად ცხოვრებაში ცვლილებას და უფრო თავდაჯერებული და ამაყი შეუდგებით საქმის კეთებას. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ რკო – გამრავლების, ვარდი – სილამაზის, ხოლო შაქარი – სიტკბოს მომტანი იყო გასათხოვარი ქალებისთვის. ბევრს ვასწავლე ეს და ყველა მადლიერია. სამწუხაროდ, მისი ჩატარება მხოლოდ წელიწადში ორჯერაა მისაღები და სასურველი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
– რატომ მაინცდამაინც 27 რიცხვში? რაიმე მაგიური დატვირთვა აქვს ამ რიცხვს?
– სწორად მიხვდით. რა თქმა უნდა, მაგიური ციფრია. 27 ივნისი და 27 ოქტომბერი ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ დღეებად ითვლება ეზოთერიკაში. ამ დღეს ძველად მკითხაობდნენ და სჯეროდათ, რომ, თუკი რაიმე მინიშნებას მიიღებდნენ ზემოდან, ის აუცილებლად ახდებოდა. გასათხოვარ ქალს სწორედ ამ დღეს აქვს შანსი, თავისი ბედი ძირფესვიანად შეცვალოს
– ბევრს არ სჯერა, რომ ბედში ხელოვნური ჩარევა ნამდვილად შესაძლებელი და რეალურია. ხომ მეთანხმებით?
– გეთანხმებით, ბევრს არ სჯერა, რომ ბედში ხელოვნური ჩარევა რეალურად შესაძლებელია, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, ცდა ნამდვილად ღირს. იმდენი ლამაზი, ჭკვიანი და საქმიანი ქალი დადის გაუთხოვარი, გული მიკვდება ხოლმე. ჩემი მხრივ, მათ ერთ დედაშვილურ რჩევას მივცემ: ნუ ისხდებიან გულხელდაკრეფილები და მისცენ საკუთარ თავს ბედნიერების უფლება სწორედ იმ დღეს, როცა ამის დიდი შანსია.
– ვინც ბედს უკვე ეწია და გათხოვილია, მაგრამ მეუღლესთან გამუდმებით კამათი და უსიამოვნებები აქვს, მათ რას ურჩევთ?
– ზოგი თავად იქმნის პრობლემას, ზოგიც უმიზეზოდ იტანჯება. მათ, ვისაც უსიამოვნებები აქვს მეორე ნახევართან, ვურჩევ, შაქრითა და დაფნის ფოთლით მოაგვარონ ეს საკითხი. ეს საკმაოდ ადვილი მეთოდია ქმრის მოსარჯულებლად: აიღეთ წყალი ახალ ჭიქაში იმავე დღეს, ანუ, 27 ივნისს ან 27 ოქტომბერს, გამთენიისას, ჩააგდეთ მასში შაქარი და დაფნის ფოთოლი და დადგით საწოლის ქვეშ, სადაც ორივეს გძინავთ. საღამოს კი გამოიღეთ, შაქარი მორევით გაადნეთ, დაფნის ფოთოლი კი ამოიღეთ და იმ კარადაში დადეთ, სადაც მეუღლის ტანსაცმელს ინახავთ. ნახევარი ჭიქა შაქრიანი წყალი კარს იქით გადაღვარეთ, რომ უარყოფითი ენერგია, რაც მან დააგროვა ამ დღეს, გარეთ გაიტანოთ, დარჩენილი ნახევარი კი მეუღლეს დაალევინეთ. გნებავთ, ჩაიში ან ყავაში გამოიყენეთ ეს წყალი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნახავთ, სულ ცოტა ხანში თქვენი მეუღლე შაქარივით თუ არ დატკბეს.
– მართალია, რომ გასათხოვარმა ქალმა არ უნდა ატაროს გარკვეული ქვისგან და მინერალებისგან დამზადებული სამკაული?
– სამკაულს უდიდესი ძალა აქვს და მათი არასწორი გამოყენება და ტარება, ჩვენს ბედ-იღბალზე აისახება. შესაძლოა, სწორედ სამკაულის ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის აურაზე და პირად ცხოვრებაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ბედი. რაც შეეხება მარგალიტის სამკაულს, მას ყველაზე დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია, თუ, რასაკვირველია, არასწორად და არასასურველ ასაკში ატარებს ადამიანი. დღეს საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ბუნებრივი მარგალიტი დროთა განმავლობაში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად, როცა ის კანს ეხება, ადამიანთან ბრძოლას იწყებს, ეს კი იწვევს გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას ადამიანზე. თინეიჯერები ისედაც გაღიზიანებული ბუნებით გამოირჩევიან, რადგან მათი ფსიქიკა ჩამოყალიბებას სწორედ ამ ასაკში იწყებს. ამიტომ, არ არის სასურველი, მარგალიტის სამკაული გარდატეხის ასაკში ატაროთ. ასე რომ, გასათხოვარ ქალსა და თინეიჯერ გოგონას არ ვურჩევ მის ტარებას, მაგრამ, თუ გათხოვილი ხართ, გყავთ მეუღლე და ოჯახური ცხოვრება მოწყობილი გაქვთ, მაშინ მარგალიტის სამკაულის ტარება კარგიც კია თქვენთვის, ოღონდ, უმჯობესია, მარგალიტი ოქროში იყოს ჩასმული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ადამიანები, მით უმეტეს ქალები, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ ნივთებს ვეხებით, რომლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს. ეგრეთ წოდებულ, „ქალების სამფლობელოდ” აღიარებულ სამზარეულოში ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება და უნდა გახსოვდეთ, რომ იქ ყველა ნივთს თავისი დამახასიათებელი უნარ-თვისება გააჩნია. მაგალითად, ჭურჭლის ფერიც კი, ადამიანის ბედზე აგებს პასუხს.
– ამ მხრივ რა უნდა გაითვალისწინოს გასათხოვარმა გოგონამ?
– ის რომ, ზაფხულში – წითელი, ხოლო შემოდგომაზე ოქროსფერი ჭურჭელი იხმაროს. ყველა სეზონს თავისი მაგიური ფერის ჭურჭელი აქვს და ეს ეზოთერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. დიასახლისებმა უნდა გაითვალისწინონ და, შესაბამისად, ცვალონ ის სეზონურად. ზამთარში მუქი ფერის თეფშებისა და ჭიქების გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე – მოგცემთ ძალას, იმოქმედოთ მებრძოლი სულისკვეთებითა და შემართებით; შეგმატებთ თვითრწმენასა და თავდაჯერებულობას; შემოდგომით ოქროსფერი ჭურჭლის ხმარება, გარდა იმისა, რომ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, სითამამესაც შეგძენთ და დამოუკიდებლად შეძლებთ ბევრი საქმის მოგვარებას. გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ენერგოტონუსი საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ, ამ დროს მწვანე თეფშიდან ჭამა და წყლის, ჩაისა თუ წვენის მწვანე ფერის ჭიქიდან დალევა ამ პრობლემას მოგიგვარებთ. თავს მხნედ იგრძნობთ და არც საგაზაფხულო დეპრესია მოგეძალებათ. აი, ზაფხულში კი, ადამიანი სიყვარულის მოზღვავებას უფრო მეტად გრძნობს და ამ დროს წითელი ფერის თეფში და ჭიქა დააბალანსებს თქვენს ენერგიას და ურთიერთობებს მეტად რომანტიკულ და სასიამოვნო ელფერს შესძენს.