რა საშინელება მოხდა წლების წინათ ხოტივარების ოჯახში
50-70-იან წლებში ქართულ კინოში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც კომედიურ ჟანრში ისეთი ფილმები შექმნა, დროს რომ გაუძლო და კიდევ ბევრ თაობას დაანახვებს, თუ როგორ იქმნებოდა საქართველოში მაგარი ფილმები ერთსახოვანი, გაუმართავი ტექნიკით, როგორ შეიძლებოდა კინოში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი გადაქცეულიყო კინოვარსკვლავად. ლევან ხოტივარს ეს გამოუვიდა – „ჭრიჭინა“, „უდიპლომო სასიძო“, „მხიარული რომანი“ ხომ ყველას საოცრად გვიყვარს. ლევან ხოტივარის ორივე ვაჟი ქართლოსი და ბუბაც რეჟისორები გამოვიდნენ. ხოტივარების დღიურს დღეს მონატრებული, კადრს მიღმა კინოისტორიები გაგაცნობთ. გავიხსენებთ იმ ერთ, საბედისწერო შემთხვევას, ამ ოჯახის დიდ ტრავმად რომ იქცა.
ლევან ხოტივარის ექსცენტრიკული კინო
ბუბა ხოტივარი: „მამა გამხდარი, მაღალი, ლამაზი გარეგნობის მამაკაცი იყო. ფეხბურთს თამაშობდა სერიოზულად, საქართველოს ნაკრებში იყო. ოცი წლისამ დაანება თავი თამაშს, მენისკის ტრავმა მიიღო ხარკოვში. სულ ხუმრობდა – პირველი მენისკი ვარ საქართველოში და ძეგლი უნდა დაუდგათ საქართველოს პირველ მენისკსო. თბილისში თავის თაობაში საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყო. ქუთაისიდან გადმოვიდნენ, ისე კი, სამეგრელოში დაიბადა და გაიზარდა, სოფელ ნოქალაქევში. მეგრულად კარგად ლაპარაკობდა. რომ გაბრაზდებოდა, ყველას მეგრულად გვაგინებდა და ასევე, გვეფერებოდა. კინოს მსახიობის ამპლუაში მოევლინა, გამომდინარე იქიდან, რომ კარგი და საინტერესო გარეგნობა ჰქონდა. მერე სამსახიობო სკოლა დაამთავრა. რამდენიმე მთავარი როლი აქვს ნათამაშები. „ნარინჯის ველში“ ნატა ვაჩნაძესთან ერთად თამაშობს. ომი რომ დაიწყო, ფილმების გადაღება იშვიათობა გახდა და სამუშაოდ რეჟისორის ასისტენტად გადავიდა. ფილმების გადაღება უკვე ხანში რომ შევიდა, 50-იან წლებში, მაშინ დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი იყო „ჭრიჭინა“, რომელზეც მოგვიანებით სიკო დოლიძე შემოუერთდა. ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. პარტიულმა ხელმძღვანელობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მამაჩემისთვის საზიანო აღმოჩნდა, მაგრამ... შემდეგ იყო: „მე ვიტყვი სიმართლეს“, „განაჩენი“. აი, „განაჩენის“ გადაღება რომ დაიწყო, უბედურება მოხდა. მთავარი როლის შემსრულებელი ჟორა შავგულიძე დაიღუპა. დარჩენილი, ანუ, გადაღებული მასალიდან მამამ დრამატურგიულად სულ სხვა ფილმი ააწყო. შავგულიძის როლში კი, სხვა ადამიანის გადაღება მოუწია, რომელიც ფიზიკურად ძალიან წააგავდა შავგულიძეს. მამას, მაინც, კომედიური ჟანრისკენ ჰქონდა მიდრეკილება. საერთოდ, მას ცხოვრებაში ძალიან მსუბუქი და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. შემდეგ, რამდენიმე თვეში შეუდგა „უდიპლომო სასიძოზე“ მუშაობას. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი და მახსოვს, როგორი სიამოვნებით მოდიოდნენ მასთან სამუშაოდ, რიგი იდგა. კაკო კვანტალიანის როლზე რამდენიმე მსახიობი აცხადებდა პრეტენზიას – სანდრო ჟორჟოლიანსაც უნდოდა, იპოლიტესაც... ცენზურამ ცუდად მიიღო. ექსცენტრიკა არ უყვარდათ, ფილმს დაბალი კატეგორია მიანიჭეს და საკავშირო ეკრანზე არ გაუშვეს. მაგრამ, ისეთი წარმატება ჰქონდა საქართველოში, საკავშირო ეკრანზე მაინც გავიდა. ძალიან ბევრი აწვალეს მამაჩემი, გული გაუტეხეს. ამ ფილმის შემდეგ საერთოდ რეჟისორის კვალიფიკაცია ჩამოართვეს. მიაჩნდათ, რომ ეს იყო მდარე და დაბალი ხარისხის ფილმი. კინაღამ მოკვდა დარდისგან, მაგრამ სკანდალი არ აუტეხავს, წამოვიდა და სახლში დაჯდა. აი, ნახავთ, ეს ფილმი საუკუნეებს გაუძლებსო, – ამბობდა და ასეც არის. დღემდე სიამოვნებით უყურებენ. ძალიან მოსწონდა თავისი ნამუშევარი, უპირველესად, ალბათ, იმიტომ, რომ ფილმში არ არის პრეტენზიები ინტელექტუალობაზე. მამა სულ ხუმრობდა, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. მასთან მოდიოდნენ ნაცნობ-მეგობრებიც. ყველას მასთან ყოფნა უნდოდა, იმიტომ რომ თვითონ იყო ბუნებით ისეთი ხალისიანი, როგორიც მისი ფილმებია. მერე, კინოსტუდიაში მაინც კარგი ხალხი იყო და შესთავაზეს დუბლიაჟში მუშაობა, ძველი ფილმების აღდგენა. შემდეგ მისცეს „მხიარული რომანი“, გულგატეხილი იყო, მაინცდამაინც აღარ იკლავდა თავს გადაღებებზე, მაგრამ ესეც ძალიან მაგარი გამოუვიდა“.
ქართლოს ხოტივარის ტრაგიკული „ლაზარე“
„1968 წლის გაზაფხულზე ჩემი ძმა მირეკავს თბილისიდან მოსკოვში: ფილმის გადაღება დავამთავრე და მონტაჟს ვიწყებო, სხვისი არ ვიცი და ჩემი გადაღებული მასალა მე თვითონ ძალიან მომწონს, ვისაც ვენდობი, იმათაცო და საერთოდ, დროზე ჩამოდი თბილისში, ბიჭებსაც უთხარი, სხვაგან არ წავიდნენ – ჩვენთან კარგი ამბები იწყებაო. ქართლოსი „ჩვენს ბიჭებში“ გულისხმობდა „ვგიკის“ ქართველ სტუდენტებს, მათ, ვინც ვამთავრებდით კინორეჟისურის ფაკულტეტს და ვდგებოდით პრობლემის წინაშე. ჩვენს მიღებაზე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექცია სასტიკ უარს აცხადებდა. მეტიც, 60-იან წლებში ჩვენი კინოსტუდიის დირექტორმა მოსკოვის კინოინსტიტუტის ხელმძღვანელობას წერილიც კი გაუგზავნა: ქართველები ინსტიტუტში არ მიიღოთ, ჩვენ ისედაც უამრავი კინორეჟისორი გვყავს, სამუშაოს ვერ ვაძლევთ და ახალგაზრდა კინორეჟისორების მოზღვავებით ახალი პრობლემები გვექმნებაო. ამ ბინძური ქაღალდის გამო ბევრმა ქართველმა გადაიფიქრა კინოში მოსვლა... პედაგოგები და ხშირად რექტორებიც თვითონ უვლიდნენ გვერდს ამ ქაღალდს. „შტო ზა კინო ბეზ გრუზინ?..“ – ამბობდნენ ჩემი რუსი, ებრაელი, გერმანელი პედაგოგები და ქართველი ჩინოვნიკების ჯიბრზე, მაინც იღებდნენ ქართველებს ინსტიტუტში... მიხეილ ზოშჩენკოს მოთხრობა – „სერენადა“ ქართლოს ხოტივარს სკოლიდანვე მოსწონდა – ამ უკრაინელმა ზოშჩენკომ რა ქართული ამბავი დაწერაო! დავითისა და გოლიათის დაძაბული ურთიერთობების მუდმივი პრობლემა ქართლოსს სულ აღელვებდა: არ მოუდრიკო თავი შენზე ძლიერს, არ დაემონო, კაცად დარჩი, აიტანე ყველაფერი – ტკივილი, შიმშილი, უსამართლობა – ოღონდ კაცად დარჩი, დარჩი პიროვნებად... ეს ფილმი ჩვენა ვართ. ჩვენი ისტორიაა, მთელი ერისაც და ცალკეული ინდივიდისაც... ეს ფილმი თუ არ გადავიღე, კინოს თავს დავანებებო. „სერენადას“ წარმატებამ თავბრუ დაგვახვია ყველას...“ „ლაზარეს თავგადასავალზე“ მუშაობას ქართლოსი 1970 წელს შეუდგა. ჯგუფი აწყობილი საათივით მოქმედებდა... მე ჯგუფს გადაღებების წინ შევუერთდი. 1971 წლის ივნისში „დარიალის ჩანახატებით“ დიპლომი დავიცავი და თბილისში ჩამოვედი. ქართლოსმა მთხოვა, ჩემთან იმუშავეო. ახალ ფილმს ვიწყებ და მეორე რეჟისორი არ მყავსო. მეც დავთანხმდი. სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მეორე რეჟისორად მუშაობა ჩემთვის დიდი პრაქტიკა იქნებოდა. ზაფხულში საქმე უკვე გახურდა. ვიღებდით კავთისხევში, წინარეხში, ქვათახევში, ქუთაისში... „ლაზარეს“ უკვე გორში ვიღებდით. ვმუშაობდით დღედაღამ. მასალაც საუკეთესო გამოდიოდა და უცებ, სექტემბერში ისეთი რამ მოხდა, რამაც მთლიანად შეცვალა ჩვენი და, საუბედუროდ, სხვების ცხოვრებაც... ამის შემდეგ ქართლოს ხოტივარი სამუდამოდ ჩამოშორდა კინოს...
ამ ამბის გახსენება ყოველ ჯერზე ჩემში დიდ ტკივილს იწვევს და, არა მარტო ჩემში, ყველაში, ვინც ამ საქმის კურსშია. ეს არის ორი ოჯახის ტრაგედია. აქ იყო პირადი, ოჯახური ამბავი. ალბათ, ამას ვერასოდეს ვერავინ დაადგენს რა და რატომ მოხდა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება გამომყვა, როგორც უდიდესი ტრავმა. კარგად მახსოვს ის დღე, გადაღებებს მოვრჩით, საღამოს რესტორანში ვისხედით, ვსადილობდით და უცებ... ქართლოსს თორმეტი წელი მისცეს, მაგრამ აქედან ცხრა წელი იჯდა. რუსეთში იხდიდა სასჯელს. ცხადია, საშინლად ნანობდა, ნანობდა, რომ აქამდე მიიყვანეს, იმიტომ რომ ის ბუნებით არ იყო მკვლელი. ციხიდან რომ გამოვიდა, სახლში იჯდა, საერთოდ ჩამოშორდა კინოს. მოდიოდნენ ჩვენი კოლეგები, თხოვდნენ, ეხვეწებოდნენ, განეგრძო მუშაობა. ბუნებრივია, შინაგანად ძალიან შეიცვალა. იქ ისეთი უსამართლობები, ისეთი უბედურებები, ტრაგედიები ნახა სხვების, რომ ჩემი ამბავი მათთან არაფერიაო, – ამბობდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე მოისწრაფა. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო რაც უბედურებები ხდება, ყველაფერი ქალის წაქეზებითაა. არიან ისეთი ქალები, რომლებიც საშინელ კვალს ტოვებენ კაცის ცხოვრებაში“.
„ლაზარეს“ დაბრუნება
„ფილმის წარმოება გაჩერდა, ან ვიღას ახსოვდა. კინოს ხსენებაზე ტანში მზარავდა. ტელევიზორსაც ვეღარ ვუყურებდი... ამ მდგომარეობიდან ისევ რეზო ჩხეიძემ გამომიყვანა. შეხვედრისას პირდაპირ მითხრა: რას უდგახარ, ამოქმედდი, ფილმი შენ უნდა გააგრძელო. ამ სურათის შეწყვეტა დანაშაული იქნება. შემოდი, გეგმა დავსახოთო... როგორც წყალში ჩაყვინთულს, ისე მესმოდა რეზოს სიტყვები. მხოლოდ მთავარს მივხვდი: რეზოს უნდა, მე გავაგრძელო ფილმი... რეზოს უნდა, მე გავაგრძელო ფილმი... რეზომ მითხრა, ფილმი გააგრძელეო... არ მინდა, ბატონო რეზო, ჯობია, ვინმე გამოცდილმა რეჟისორმა დაამთავროს ეს ფილმი... რეზო აენთო, მაგრამ ხმისთვის არ აუწევია... „თავის დაფასება როდიდან დაიწყე, კაცო! და საერთოდ, რას აწუხებ შენი თავმოყვარეობით ამ ხალხს? უყურე ერთი, იქით მახვეწნინებს! და ბრაზით მიიხურა კარი... აწიე თავი, კაცურად მოკიდე საქმეს ხელი. ძმა ხარ და ძმის ამბავი ბოლომდე უნდა მიიყვანო... ნუ ჩამოუშვი ცხვირი, მამაშენის შვილი მამასავით ოპტიმისტი უნდა იყო...“ მე როგორც შემეძლო, ისე ავმუშავდი... „ლაზარე“ 1972 წლის ბოლოს დავასრულეთ. ფილმის მიღებაზე მოსკოვმა უარი გვითხრა: „ყველაფერს ვხვდებით, ბატონებო, რისი თქმაც გინდათ ამ ფილმით, ყველა ქვეტექსტი გაშიფრული გვაქვს (ამის დიდოსტატები იყვნენ მართლაც). თვით ფილმი ძალიანაც მოგვწონს, მაგრამ თავი დაგვანებეთ, წადით აქედან თქვენი ბიბლიური პრეტენზიებითა და ანარქისტრევოლუციონერებით! ნუ გვაყენებთ საშიშროების წინაშე! ჩვენც ხალხი ვართ და ოჯახები გვყავს შესანახი. ეს ფილმი რომ დიდ ეკრანზე გავუშვათ, ყველას გაგვაძევებენ და სასტიკადაც დაგვსჯიანო. საქართველოში, კი, ბატონო, უყურეთ, რამდენიც გინდათო...“
ბუბა ხოტივარის მასალების
მიხედვით