კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის თილისმები და რით იყო გამორჩეული ქართველებისთვის „ევრო 1996“

პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში და, შესაბამისად,  წლის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის მიმართ ფეხბურთის ქომაგების ყურადღება გაორმაგდა. ჟურნალ „თბილისელების” ამ ნომერში გავიხსენებთ ევროპის ჩემპიონატების ემბლემებს, რომელთა გამოყენება ოფიციალურად „უეფამ” 1980 წელს დაიწყო, თუმცა, მანამდეც იყო მცდელობა, რომ ევროპის ჩემპიონატს საკუთარი თილისმა ჰქონოდა.
ევრო 1960
ევროპის პირველი ჩემპიონატის ემბლემა ძალიან მოკრძალებულად გამოიყურებოდა. „უეფას” ემბლემის თავზე საფრანგეთის დროშა იყო მოქცეული. იმ წელს ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდი გახდა, სადაც მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი ბრწყინავდნენ და, ამ მოვლენის აღსანიშნავად, რუსეთმა, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, ევროპის ჩემპიონატის მოგების სპეციალური მონეტა მოჭრა.
ევრო 1964
ემბლემის განსაკუთრებულობით არც ევროპის მომდევნო ჩემპიონატი იყო გამორჩეული. ამჯერად ესპანეთი იყო ტურნირის მასპინძელი და იგივე გაიმეორეს მათ ემბლემასთან დაკავშირებით – ესპანეთის დროშის ფერებში გააფორმეს. ფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა საბჭოთა კავშირის ნაკრების დამარცხება ანგარიშით 2 : 1 მოახერხა და არც ფინალური მატჩის ბილეთი გამოირჩეოდა რაიმე განსაკუთრებული ნიშნით.
ევრო 1968
მომდევნო ევროპის ჩემპიონატს იტალია მასპინძლობდა და აქაც, როგორც წინა ორ ტურნირზე იგივე განმეორდა. იტალიის დროშა „უეფას” ემბლემის ფონზე. საშინაო ჩემპიონატზე იტალიელებმა გამარჯვება იზეიმეს.
ევრო 1972
1972 წელს ევროპის ჩემპიონატს ბელგია მასპინძლობდა და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ნაკრები გუნდი ჰყავდა, იტალიისა და ესპანეთის მსგავსად, ვერ გახდა ჩემპიონი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა გუნდმა ყველას აჯობა ტურნირზე და სამართლიანად გახდა კონტინენტის საუკეთესო ნაკრები, ხოლო, ორ წელიწადში, 1974 წელს, მშობლიურ კედლებში გამართულ „მუნდიალზეც“ არავის დაუთმო პირველობა. ემბლემასთან დაკავშირებით არც ბელგიის „ევროზე“ ყოფილა რამე განსხვავება.
ევრო 1976
1976 წელს ტურნირი იუგოსლავიაში ჩატარდა და აქაც „უეფას“ ემბლემას თავზე ტალღოვანი იუგოსლავიის დროშა ამშვენებდა. იმ ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა და ღირსეულად გაიმარჯვა.
ევრო 1980
1980 წელს, „მუნდიალზე“ გამარჯვებამდე ორი წლით ადრე, იტალიამ მეორედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც ევროპის საუკეთესო რვა გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და გერმანელებმა პირველებმა მოახერხეს მეორედ გამარჯვება. ეს ჩემპიონატი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ტურნირს პირველად გაუჩნდა საკუთარი თილისმა – იტალიელი მეზღაპრის კარლო კოლოდის პერსონაჟი – პინოქიო.
ევრო 1984
ევროპის 1984 წლის ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა და, მიშელ პლატინის თამადობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნაკრებმა გუნდმა პირველად გაიმარჯვა კონტინენტის საფეხბურთო ფორუმზე. ფრანგული „ევროს“ თილისმა იყო მამალი, სახელად „პენო“, საფრანგეთის ნაკრების სიმბოლო, რომელსაც ეროვნული გუნდის ფერებში გაფორმებული ფორმა ეცვა.
ევრო 1988
1988 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსენება მრავალი ფაქტით შეიძლება, იქნება ეს ჰოლანდიელი მარკო ვან ბასტენის ფენომენური გოლი საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში თუ გერმანული სტადიონების იდეალური მდგომარეობა. ჩემპიონატის თილისმა ბაჭია ბერნი იყო, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  ნაკრების ფერებში იყო გამოწყობილი.
ევრო 1992
1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა: დანიის ნაკრები, რომელიც ტურნირზე იუგოსლავიის ნაცვლად მოხვდა, ევროპის ჩემპიონი გახდა. „დანიურმა დინამიტმა”, როგორც ამ ნაკრებ გუნდს უწოდებდნენ, ფურორი მოახდინა, ხოლო მსოფლიომ მაშინ პირველად გაიცნო პეტერ შმეიხელისა და ბრიან ლაუდრუპის სახელები. შვედეთში მიმდინარე ჩემპიონატის სიმბოლოდ კი  კვლავ ბაჭია მოგვევლინა, რომელიც ამჯერად შვედეთის ტრადიციულ ფერებში – ყვითელ-ლურჯში იყო შემართული გოლის გასატანად. ცნობისთვის, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით უკანასკნელად იასპარეზა ქართველმა ფეხბურთელმა კახი ცხადაძემ – მან დსთ-ს ნაკრების რიგებში ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ეს იყო ქართველების ბოლო გამოჩენა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე.
ევრო 1996
1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ფეხბურთის სამშობლოში – ინგლისში ჩატარდა, გერმანიის ნაკრებმა გაიმარჯვა. ის ჩემპიონატი ოლივერ ბირჰოფისა და  იურგენ კლინსმანის გედის სიმღერა იყო. უძლეველმა გერმანელებმა მაშინ ყველა ნაკრებს დაუმტკიცეს თავისი სიძლიერე და ისტორიაში მესამედ დაეუფლნენ ანრი დელონეს სახელობის თასს. „ევრო 1996“ იმითაც იყო გამორჩეული, რომ ტურნირს, პირველად ისტორიაში, ჰქონდა საკუთარი ოფიციალური ემბლემა და, ასევე, თილისმა – ლომი გოლიაფი, რომელსაც თათებით ეჭირა ბურთი. სხვათა შორის; „ევრო 1996-ის“ შესარჩევ ეტაპზე შედგა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დებიუტი. ჩვენს ჯგუფში ევროპის მომავალი ჩემპიონები – გერმანელები ასპარეზობდნენ და ფეხბურთის გულშემატკივრებს ალბათ  ეხსომებათ საქართველო-გერმანიის თბილისური მატჩი, როდესაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე რეკორდულად ბევრი გულშემატკივარი, სხვადასხვა ცნობით, 110-120 ათასი გულშემატკივარი მოვიდა.
ევრო 2000
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი პირველად გაიმართა ორ ქვეყანაში: ჰოლანდიასა და ბელგიაში. ზინედინ ზიდანის ლიდერობით, საფრანგეთის ნაკრებმა ფინალურ მატჩში იტალიელები დაამარცხა და ანრი დელონეს თასი ისტორიაში მეორედ აღმართა. ამჯერად „ევრო 2000-ის“ თილისმა იყო ლომი ბენილუკი, რომელსაც ხელებში ბურთი ეჭირა ტურნირის წარწერით. რაც შეეხება ემბლემას, ის ჰოლანდია-ბელგიის დროშების ფერებში იყო გაფორმებული.
ევრო 2004
პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთის მოყვარულებს საბერძნეთის ნაკრების სენსაციური გამარჯვებით ემახსოვრებათ. ბერძნებმა მაშინ მთელ ევროპას აჩვენეს, რომ „მეორე ეშელონის“ გუნდებსაც ძალუძთ ფავორიტების დამარცხება. ჩემპიონატს ულამაზესი ემბლემა ჰქონდა: ოქროსფერ გულის ფორმაში ჩასმული ფეხბურთის ბურთი. თილისმაც საინტერესო იყო: პორტუგალიელი ბიჭუნა – კინასი.
ევრო 2008
ავსტრია-შვეიცარიაში გამართული ჩემპიონატი ესპანელების ტრიუმფით დასრულდა. ჩემპიონატის აღმოჩენა კი თურქეთისა და რუსეთის ნაკრები გუნდები იყო, რომელმაც ტურნირის უმთავრესი ფავორიტები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზევე ჩამოაშორეს გათამაშებას. „ევრო 2008-ის“ სიმბოლიკა ძალიან ლამაზი იყო, ხოლო თილისმა – მხიარული ტყუპი ძმები, ტრიკსი და ფლიკსი იყვნენ. შვეიცარიის და ავსტრიის ეროვნულ ფერებში გამოწყობილ ბიჭუნებს მკერდზე ციფრები ეწერათ: ტრიკსის – 20, ხოლო ფლიკსის – 08, რაც ჩემპიონატის წელს – 2008-ს ნიშნავდა.
ევრო 2012
სლავეკი და სლავკო – ასე ჰქვიათ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის თილისმებს, კვლავ ტყუპ ძმებს, რომლებიც მასპინძელი ქვეყნების პოლონეთისა და უკრაინის ფერებში იქნებიან გამოწყობილი. ჩემპიონატის ემბლემაშიც ამ ორი ქვეყნის ფერები ჭარბობს, ხოლო, ვინ გახდება ევროპის 2012 წლის ჩემპიონი ნაკრები, ამას დრო გვიჩვენებს.

скачать dle 11.3