„ჭაღარა“, 6 ათასი მეტრის სიმაღლიდან გადაგდებული მოჯაჰედი და გაცურებული მოსკოველი ბადრაგი
„ჭაღარა“
ცნობილი ავღანელი საველე მეთაური, აჰმად იუსუფი, მეტსახელად „ჭაღარა“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში სისხლს გვიშრობდა, 1983 წელს მაინც დავაპატიმრეთ. აჰმად იუსუფი და მისი 19 მებრძოლი ალყაში მოვაქციეთ და „სუფთად“ შევიპყარით და მიუხედავად იმისა, რომ „ჭაღარა“ საკუთარი ვინაობის დაფარვას ცდილობდა და თავს რიგით მოჯაჰედად ასაღებდა, მისი ამოცნობა არ გაგვჭირვებია, რადგან 34 წლის აჰმად იუსუფი სულ ერთიანად გაჭაღარავებული იყო და მას არა მხოლოდ თმა და წვერ-ულვაში ჰქონდა თეთრი, არამედ მთელი სხეულის თმის საფარიც. ამიტომ, ოც კუპრივით შავ მოჯაჰედს შორის ის ვერ შეინიღბა. „ჭაღარა“ ცალკე საკანში გამოვამწყვდიეთ, მოსკოვში კი საგანგებო დეპეშა გავგზავნეთ ჩვენი წარმატების შესახებ. გენშტაბიდან პასუხი მოგვწერეს, რომ ჩვენი ტყვე საიმედოდ გამოგვემწყვდია, ორი დღის მერე კი მას მოსკოვიდან საგანგებოდ გამოგზავნილი ბადრაგი წაიყვანდა. თუმცა, იმავე ღამეს, „ჭაღარა“ საპატიმროდან გაიქცა და მას ამაში ერთმა ავღანელმა შეუწყო ხელი, რომელიც მას სდარაჯობდა. ეს ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იყო, რადგან მოსკოვი გვყავდა ჩაყენებული საქმის კურსში და ჭაღარას რომ ვერ დავახვედრებდით, მაგრად მოგვხვდებოდა. მართალია, „ჭაღარას“ გაქცევის ამბავი არ გაგვიბაზრებია და ხუთიოდე ქართველის გარდა არავინ იცოდა, მაგრამ, რა ხეირი იყო, ყველაფერი სულ მალე გამჟღავნდებოდა. საგონებელში ვიყავით ჩავარდნილები და გამოსავალს ვეძებდით. ერთი რაულ მალანია მსახურობდა ჩვენთან, რომელიც ავღანურ ენას და მის დიალექტებსაც კი ფლობდა და მთარგმნელის ფუნქციებსაც ითავსებდა. რაული ჩემთან მოვიდა და მითხრა:
– მოდი, მოსკოვიდან ჩამოსულები მოვატყუოთ.
– კი მაგრამ, როგორ? – გავოცდი.
– იმ ოხერი „ჭაღარას“ გარდა, კიდევ 19 მოჯაჰედი გვყავს დაჭერილი. მოდი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს იმ ოხერს, ის „შევტენოთო“.
– როგორ უნდა შევტენოთ? – უფრო გავოცდი მე, – „ჭაღარა“ რომ სულ თეთრია, ეს ყველამ იცის და ხომ არ შევღებავთ-მეთქი.
ეშმაკის კერძმა მალანიამ მითხრა, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ შეგნებულად არ ვიტყვი, რომ უფრო საინტერესო მონათხრობი გამოვიდეს. ერთი სიტყვით, ერთი ავღანელი ტყვე შევარჩიეთ, რომელიც მართლაც ძალიან ჰგავდა აჰმად იუსუფს, მაგრამ თავზეც და ტანზეც ისეთი შავი თმა ჰქონდა, იფიქრებდით, უშავესი საღებავი წაუსვამთო. შერჩეული კანდიდატი ტყვეებისგან გამოვაცალკევეთ, გავაშიშვლეთ, ტომარაში ჩავსვით, თავი მოვუკარით და წავიყვანეთ, მაგრამ ისე, რომ ჩვენ მეტი ვერავინ ხედავდა. ტომარაში ჩასმული ავღანელი მოჯაჰედი ხმას არ იღებდა და არც ჩვენ დაგვიძრავს სიტყვა, მაგრამ, ვერტმფრენში რომ ჩავსხედით, მალანია და მეორე ჩვენი მეგობარი, ვანო მიქაძე, ალაპარაკდნენ ავღანურად, ისე, რომ ტომარაში ჩასმულ მოჯაჰედს ყველაფერი ესმოდა. მალანიამ უთხრა მიქაძეს:
– ავფრინდით, – ვერტმფრენის პროპელერები ამუშავდა და ხუთიოდე წუთის მერე მალანიამ უფრო ხმამაღლა თქვა, – რა სიმაღლეზე ვართ?
– ექვსი ათას მეტრზე, – მიუგო მიქაძემ.
– ასწიეთ, გადავაგდოთ ეს ძაღლისშვილი! – იღრიალა მალანიამ და ჩვენ მოჯაჰედი ავღანელი, რომელმაც ყველაფერი გაიგონა, თევზივით აფართხალდა და საზარლად აყვირდა. მაგრამ, ჩვენ გავაქან-გამოვაქანეთ მოჯაჰედიანი ტომარა და ვერტმფრენის ღია კარიდან გარეთ მოვისროლეთ. მოჯაჰედს საზარელი ბღავილი აღმოხდა, მაგრამ ეს ხმა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან, სულ რაღაც ერთი მეტრის სიმაღლიდან გადაგდებული ავღანელი ქვიშაში ჩავარდა... ჩვენ უძრავი ვერტმფრენიდან გადავედით, ავღანელი ტომრიდან ამოვიყვანეთ და ცარცივით გათეთრებული მოჯაჰედი ვიხილეთ – შიშისგან მას მთელი თმის საფარი გაჭაღარავებული ჰქონდა და, ყველა სიკეთესთან ერთად, მეტყველების უნარიც დაჰკარგვოდა... სწორედ ეს მოჯაჰედი გავატანეთ ბადრაგს მოსკოვში. ნამდვილი „ჭაღარა“ კი ორი კვირის მერე შევიპყარით და „შეცდომა“ გამოვასწორეთ.
პოდპოლკოვნიკ ლევან სისორდიას ნაამბობის მიხედვით