კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არის დაკრძალული კავკასიის მუზეუმის პირველი დირექტორი გუსტავ რადე და რა ისტორიით უკავშირდება ზაქარია ფალიაშვილს ქაშუეთის ეკლესიის კურთხევის დღე

რუსთაველის გამზირზე (წარსულში გოლოვინის პროსპექტი) მდებარე რამდენიმე შენობა თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა, მათ შორის ზოგიერთი განადგურდა, ხოლო ბევრმა მათგანმა, უბრალოდ, იერი შეიცვალა. „თბილისელების” ამ ნომერში, ძველი ფოტოების დახმარებით, ქაშუეთის ეკლესიის, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმისა და სასტუმრო „ორიენტის” მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ისტორიას გავაცოცხლებთ.

ქაშუეთი
გადმოცემის თანახმად, უძველეს ხანაში ამ ადგილზე კერპთაყვანისმცემელთა სალოცავი –  საკერპე მდგარა. პირველი ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობას ცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მისიონერის – მამა დავითის სახელს უკავშირებენ. მასვე უკავშირდება ლეგენდა ეკლესიის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთმა მონაზონმა, მაზდეანების წაქეზებით, ცილი დასწამა მამა დავითს, თითქოს მისგან დაფეხმძიმდა. დავითს განუცხადებია: – თუ მე ვარ დამნაშავე, ქალმა ბავშვი შვას, თუ მართალი – ქვაო. ქალს ქვა უშვია. ლეგენდა ამით ხსნის სახელწოდებას – „ქვაშვეთი”. დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ეკლესია მეთვრამეტე საუკუნეში შეიცვალა. 1742 წელს გივი ამილახვარი აშენებს აგურის ეკლესიას. იგი ტეტრაკონქს წარმოადგენდა, სადაც კვადრატული გეგმის მქონე ცენტრალურ სივრცეს ოთხი ნახევარწრიული აფსიდი საზღვრავდა. ტაძარი გარშემორტყმული იყო გალავნით. შემდგომში ეს ეკლესია დაზიანდა და დადგა მისი შეცვლის აუცილებლობის საკითხი. ახალი ტაძრის მშენებლობა 1910 წელს დასრულდა იმ დროის გამოჩენილი არქიტექტორის, ლეოპოლდ ბილფელდის პროექტით (ბილფელდი ეროვნებით გერმანელი იყო, რომელმაც რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოში და ბევრი შენობა აქვს აშენებული თბილისში). ნიშანდობლივია, რომ ბილფელდს კონკრეტული დავალება ჰქონია: ახალი ეკლესიის ნიმუშად მას სამთავისის ტაძრის არქიტექტურა უნდა გამოეყენებინა. ქაშუეთი აშენდა არისტოკრატიისა და ბურჟუაზიის წარმომადგენელთა ხარჯზე. თანხები შესწირეს: ანა ამილახვარმა, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილებმა, მართა თურქიამ, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეებმა, ბარბარე ლორთქიფანიძემ და დავით სარაჯიშვილმა. ბილფელდმა თითქმის სამთავისის ასლი შეასრულა, მხოლოდ ნაწილობრივ გარდაქმნა წყობა და ზოგიერთი დეტალი. ორიგინალისგან განსხვავებით, შენობა დასმულია მაღალი ცოკოლის სართულზე და შესასვლელი სამხრეთის მხრიდან განიერი კიბით უკავშირდება ეზოს. განსხვავებულია სარკმლების რაოდენობა, ზოგჯერ ჩუქურთმების ხასიათი, პროფილები. მოჩუქურთმება მაღალ ტექნიკურ დონეზე შეასრულა ქვაზე ჭრის ქართველმა ოსტატმა ნეოფიტე აგლაძემ, არქიტექტორ ანდრეოლეტის ნახაზებით. ახალი ეკლესია 1910 წლის 13 ოქტომბერს აკურთხეს. კურთხევას დიდძალი ხალხი დაესწრო. საინტერესოა ამ დღის ერთ-ერთი მოგონება. ზაქარია ფალიაშვილმა ეკლესიის კურთხევის დღეს გიმნაზიისა და ფილარმონიის მომღერალთაგან შემდგარი ძლიერი გუნდი გამოიყვანა. ეკლესიაში მოვიდა საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდიც. ეგზარქოსმა ზაქარიას ადგილის გათავისუფლება მოსთხოვა თავისი გუნდისთვის. ფალიაშვილმა არაფრით არ დაუთმო, თავის გუნდს ფეხი არ მოაცვლევინა და იქვე ლოტბარობდა ბოლომდე. უშედეგო უსიამოვნებისა და შეჯახების შემდგომ, ეგზარქოსის გუნდი იძულებული გახდა, სხვა ადგილი მოეძებნა. ისინი რუსულად გალობდნენ, ზაქარიას გუნდი კი – ქართულად. 1947 წელს ქაშუეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი შენობა 1910 წელს არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვმა დააპროექტა. მანამდე მის ადგილზე კავკასიის მუზეუმის ორსართულიანი შენობა იდგა. გრაფ სოლოგუბოვის იდეით, 1852 წელს გაიხსნა კავკასიის მუზეუმის ტიფლისის შენობა, რომელიც ნელა ვითარდებოდა და არაფერ ღირებულს არ წარმოადგენდა, სანამ მუზეუმის აღორძინების საქმეს რუსმა გეოგრაფმა და ნატურალისტმა გუსტავ რადემ არ მოჰკიდა ხელი. 1865 წლის 14 ივნისს მთავარმართებელმა მიხაილ ნიკოლოზის ძემ კავკასიის მუზეუმის შექმნის ბრძანება გასცა, რომლის დირექტორად გუსტავ რადე დაინიშნა. 1870 წელს გოლოვინის პროსპექტზე მუზეუმის ორსართულიანი შენობა აიგო, სადაც განთავსდა რამდენიმე განყოფილება: ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის. ექსპონატების უმეტესობა გუსტავ რადეს მიერ საქართველოს კუთხეებში მოგზაურობის დროს იყო აღმოჩენილი. რადეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული სამუზეუმო ისტორიის შექმნაში. საქართველოზე შეყვარებული რადე 1903 წელს გარდაიცვალა და, ანდერძის თანახმად, იგი ლიკანში არის დაკრძალული. რადეს დირექტორობის დროს კავკასიის მუზეუმი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში. 1910 წელს ძველი მუზეუმის შენობა დაანგრიეს და მის ადგილზე სევეროვის პროექტით ახალი, მონუმენტური ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა რამდენჯერმე გაჩერდა და, საბოლოოდ, საბჭოთა მთავრობის დროს, 1928 წელს გაიხსნა მუზეუმის ახალი შენობა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
სასტუმრო „ორიენტი” – მხატვრის სახლი
 მეცხრამეტე საუკუნის თბილისის სასტუმროებს შორის, სასტუმრო „ორიენტს” განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ოტო სიმონსონის პროექტით, 1865-1867 წლებში აგებულ სასტუმროს უცხოელები მართავდნენ, კერძოდ, შვეიცარიელების ოჯახი. 1895 წელს სასტუმროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თბილისში დაბადებული, წარმოშობით გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის მიერ. ამ სასტუმროს პირველ სართულზე რევოლუციამდე „ზინგერის” ფირმის საკერავი მანქანების მაღაზია ფუნქციონირებდა, რომელიც 1908 წელს გაიხსნა. გასაბჭოების შემდგომ სასტუმროს სახელი შეეცვალა და „ინტურისტი” ეწოდა. მოგვიანებით სასტუმროში მაღალი რანგის პარტიული მუშაკები დასახლდნენ, მოგვიანებით კი  სასტუმროს შენობაში „მხატვრის სახლი” გაიხსნა. ცნობილია, რომ სასტუმრო „ორიენტში” თბილისში სტუმრად მყოფი სერგეი ესენინი გაჩერებულა და სწორედ სასტუმროს ფოიეში შეხვდა იგი პირველად გოგლა ლეონიძეს. „ორიენტის” შენობაში ცხოვრობდა, ასევე, ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მელორ სტურუას მშობლების ოჯახი. სწორედ „ორიენტში” დაეწყო მშობიარობა მელორის დედას, ნინა სტურუა-აბულაძეს და იგი ფაეტონით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, 1991 წლის ხანძრის შედეგად, ეს ისტორიული შენობა მთლიანად განადგურდა და მის ადგილზე ამჟამად სიცარიელეა, თუმცა, მომავალში ბიზნესცენტრის მშენებლობა იგეგმება.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნებიდან: გ. ბეჟანიშვილი „რუსთაველის პროსპექტი” (თბილისი, 1956 წელი); თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3