როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქალს ყოფილ ქმართან და როდის ხდება ის მართლაც „ყოფილი“
მამაკაცები ხშირად ცხოვრობენ ორმაგი სტანდარტებით. რაში გამოიხატება ეს?! – მხარს უჭერენ და ქადაგებენ ერთ მოსაზრებას და, ამავე დროს, მოქმედებენ რადიკალურად განსხვავებულად. თან, მორალსაც წაგიკითხავენ, რომ კარგი ქალი ყოველთვის ოჯახის ერთგული უნდა დარჩეს, იმ დროსაც კი, როცა ქმარი თავს „რაღაცეების“ უფლებას აძლევს. არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ, რატომ უნდა დაანგრიოს ცოლმა ოჯახი ქმრის ღალატის მიზეზით. მიაჩნიათ, რომ კაცს ღალატი ეპატიება, რადგან ეს არც ისე დიდი ცოდვაა. იშვიათია, რომ ექსმეუღლეებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ. მათ შორის ძირითადად, არის აგრესია, ღვარძლი, წყენა და სიძულვილი. ვინ უფრო ზარალდება განქორწინებით, მამაკაცი თუ ქალი?! – გააჩნია სიტუაციას. ნელ-ნელა ინგრევა სტერეოტიპები და მითი იმის შესახებ, რომ, რაც ქალს არ ეპატიება, ნებადართულია კაცისთვის. მამაკაცი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს ეს, წაგებულია.
ვერიკო (41 წლის): ამბობენ, რომ არ არსებობენ ყოფილი ქმრები. ისინი ან მტრებად გადაიქცევიან ხოლმე, ან ბოლომდე ებღაუჭებიან ყოფილ ცოლებს ავი ძაღლებივით. ხომ იცით, ავი ძაღლი როგორც იქცევა – არც თვითონ ჭამს მობეზრებულ ძვალს და არც ეთმობა. არაფრით აძლევს სხვას და უღრენს კიდეც. სანამ ცოლი მერქვა და ოჯახი მქონდა, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებდი. არც კი ვამჩნევდი ისეთ წვრილმანებს, რომლებიც ახლა ცხოვრების სტილსა და შეხედულებებს მიცვლის. ხომ იცით, თეორია მაინც სხვა რამეა. პრაქტიკა და რეალობა კი, სხვა სურათს უჩვენებს ხოლმე. ჩემს ქმართან ერთად თითქმის ცხრა წელი ვიცხოვრე, ანუ, ისეთ ასაკში გავთხოვდი, წესით, არაფერი არ უნდა შემშლოდა, მაგრამ, თუ ადამიანთან ერთად ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებ, მის რეალურ სახეს ვერ დაინახავ, გამორიცხულია. ცხრა წელი ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. რაღაც სტაჟისმაგვარი გროვდება. რაღაცას ეჩვევი, რაღაცას ეგუები, რაღაცაზე თვალს ხუჭავ, რაღაცას არ ხედავ და, გამოდის ის, რასაც ოჯახი ჰქვია. მე და ჩემს ქმარს მოწყენილობა არასდროს გვქონია. ძალიან საინტერესოდ ვატარებდით დროს ერთად, ანუ, მე მისთვის ვიყავი საინტერესო, ის – ჩემთვის, მაგრამ, ძალიან ხშირად ვჩხუბობდით, თითქმის ყველა წვრილმანზე, ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდაც კი.
– მალევე რიგდებოდით?
– საკმაოდ. ძირითადად მე მივდიოდი შერიგებაზე პირველი. არ შემეძლო გაბუტული ყოფნა. მერე ვნერვიულობდი და ეგრევე კისერზე ვეკიდებოდი. მგონი, ამან გაატუტუცა, შეეჩვია იმას, რომ მაინც ვურიგდებოდი და, რაღაცნაირად, ბოდიშიც გამომდიოდა. ამან ჩემს ქმარში დაუსჯელობის სინდრომი ჩამოაყალიბა. იგებენ ჭირვეული, კაპრიზული, ყველაფრით უკმაყოფილო ცოლები, რომლებიც ქმრებს თავს აყვედრიან. ჩვენი კავშირი სტაბილურიც იყო და მყარიც. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით გარედანაც ასე ჩანდა. ამიტომაც, ვერავინ ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ დავშორდებოდით. განსხვავებული პოლუსები ერთმანეთს მიიზიდავენ და ეს ჩვენზეც ვრცელდებოდა.
– იქნებ, საბოლოოდ სწორედ ამან მიგიყვანათ განხეთქილებამდე?
– არა მგონია. ცოლ-ქმარი, რომელიც ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება, სწრაფად იწყენს – მათ რუტინა კლავთ. ასე არ არის? მე მართლა ასე ვფიქრობ.
– ჩხუბამდე მისული მუდმივი კამათიც არ არის ოჯახის ჰარმონიულობისთვის სასარგებლო.
– გეთანხმებით. ესეც, ალბათ, დამღლელია და, საბოლოოდ, დავიღალეთ კიდეც. არასდროს არაფერზე არ გვქონია ერთი აზრი, ვხოცავდით ხოლმე ერთმანეთს. ისიც ჯიუტად იცავდა თავის პოზიციას და მეც. რამდენჯერ უთქვამს დედაჩემს, ნუ გადარიე ეგ კაცი, ერთხელ მაინც დაეთანხმე, თუნდაც სისულელეს ამბობდესო, მაგრამ, მე ეს არ შემეძლო. ცოლქმრობა აბსოლუტურ თანამოაზრეობასა და ქმარზე სრულ დამოკიდებულებას არ ნიშნავს. რა უბედურებაა, ქმარს ყველაფერზე თავი უქნიო?!
– თანამოაზრეობა არ სჭირდება ცოლ-ქმარს? მგონი, პირიქით, სწორედ თანამოაზრეობაა ოჯახის სიმყარის საფუძველი.
– ეგ, ალბათ, ფსიქოლოგების გადასაწყვეტია. მე ჩემი ოჯახური პრაქტიკიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. რომ ვამბობ, საინტერესო იყო ჩემს ქმართან ურთიერთობა-მეთქი, ამას ჩვენს რადიკალურად განსხვავებულობას მივაწერ. თუმცა, ჩემი დაქალები მეუბნებოდნენ, არ გვინდა ჩვენი ქმრები თქვენთან მოვიყვანოთ, შენი ქმრის შემყურეები ძალიან ფუჭდებიანო.
– რას გულისხმობდნენ?
– იმას რომ ზედმეტად ვანებივრებდი და ვეფერებოდი, ერთპიროვნული ბატონი იყო სახლში. მიუხედავად ჩემი პრინციპული ხასიათისა და კამათში საკუთარი აზრის დაცვისა, საკმაოდ კარგი ცოლი ვიყავი, ყველაფერი გამზადებული ხვდებოდა. ქართული ვარიანტი იყო, რა!.. თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ასე არ ხდება?! კაცებიც ეჩვევიან, რომ ჩვენ მათ უნდა ვემსახურებოდეთ და სწორედ ეს შეჩვევა მიაჯაჭვავთ ხოლმე ოჯახებს.
– ანუ, არც ისე ცუდი ყოფილა...
– შეიძლება, მაგრამ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სიყვარული და ცოლის პატივისცემა რომ აახლოებდეთ ოჯახებს. შეჩვევა, რა, ძაღლია?! რა უბედურებაა, რატომ არიან ეს კაცები ინსტინქტების დონეზე? ეს ინსტინქტები ღუპავთ და ამას ვერ ხვდებიან. ჩემი ქმარიც ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა მისთვის ოჯახი. რაღაცნაირად, ძალიან სულელურად დავცილდით ერთმანეთს, უფრო სწორად, ბანალურად. მივლინებაში წავიდა სამი კვირით. როცა ვაცილებდი, გავეხუმრე, წესიერი ბიჭი იყავი, არ გამაბრაზო და კუთხეში დასაყენებლად არ გაიხადო საქმე-მეთქი. ეჭვიანობის საფუძველი არ მქონდა, არ იყო ჩემი ქმარი ისეთი ტიპი. ყოველ შემთხვევაში, მე მეგონა, რომ არ იყო... ყოველდღე რეკავდა, ბოლო სამი დღე კი დადუმდა. გადავირიე, უკვე ვეღარ ვძლებდი მის გარეშე და წუთებს ვითვლიდი. დავურეკე მის უფროსს ოფისში. მითხრა, ველაპარაკე, კარგად არის და, მთხოვა, მივლინება კიდევ სამი კვირით გავუგრძელოთო. წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? ისეთი საშინელი შეგრძნება დამეუფლა, ადგილს ვერ ვპოულობდი. ინტუიციამ არ მიღალატა: ქმარმა ოთხი დღის მერე დამირეკა და პირდაპირ მითხრა, შენთან აღარ დავბრუნდები, უნდა გავეყაროთო. ლამის ენა ჩამივარდა. გაგონილი მქონდა, რომ ქმრები ყველა საშუალებით მალავენ თავის ღალატს, ამან კი პირდაპირ მომახალა: გიღალატე და, როგორც პატიოსან კაცს შეეფერება, ტყუილში ცხოვრებას არ ვაპირებ. შენ გაგეყრები და იმას შევირთავ ცოლადო. ასეთი ლოგიკა მარტო სულელს თუ ექნება. ჩემმა ქმარმა კი ამას საკუთარი პრინციპი უწოდა. ისიც კი არ თქვა, რომ მე გადავუყვარდი და ის შეუყვარდა.
– ეს რომ ეთქვა, უკეთესად იგრძნობდით თავს?
– არა, მაგრამ, ლოგიკასთან ხომ იქნებოდა უფრო ახლოს? გავლენას არ მოახდენდა შედეგზე, რადგან, ორივე შემთხვევაში სრული იდიოტია. შოკში ჩამაგდო მისმა კრეტინობამ და სისულელემ. ცხრა წელი რომ ჩემი მეორე ნახევარი მეგონა, პირველივე „ნაშასთან“ თხასავით გამყიდა. მერე მითხრა, როგორ უნდა მეცხოვრა იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ვუღალატე და მოლოდინი გავუცრუეო (მე მგულისხმობდა); როგორ უნდა ჩამეხედა შენთვის თვალებშიო. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს პატიოსანი კაცის სიტყვებია, მაგრამ, იქნებ ვპატიობდი?! ნუთუ, პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხრაწლიანი ურთიერთობა? იმასთან რჩებოდა იმიტომ, რომ ჩემთან დაბრუნების რცხვენოდა?! თქვენ შეგიძლიათ ეს, გაიგოთ? მე არ მესმის. არაფრით არ მესმის და რა ვქნა?!
– იმათი გესმით, მეუღლეებს რომ ღალატობენ და „დამშვიდებული“ სინდისით განაგრძობენ მათთან ცხოვრებას?
– არა, არც მაგათი მესმის. გულწრფელად გეუბნებით, მე მყავს ახლობლები, რომლებიც ცხოვრობენ ასეთი ორსახოვანი ცხოვრებით და მითქვამს კიდეც, როგორ არ იტანჯებით მუდმივი თამაშით-მეთქი. საშინელებაა, სულ რაღაცას მალავდე.
– ეტყობა, თქვენმა ქმარმაც ეგ იფიქრა...
– არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში ეგ ხომ არ იყო გამოსავალი?! გავიგე, რომ სინდისი აწუხებდა, მაგრამ, ოჯახი რომ დაანგია, ეს აღარ დააწვა მის სინდისს მძიმე ტვირთად?! დღეს მართლა ვცდილობ ჩემი ქმრის მაშინდელი მდგომარეობის გაგებას, რადგან, მინდა, შანსი მივცე. აღმოჩნდა, რომ ის ყოფილი ქმრის სტატუსს ვერ ეგუება.
– იქნებ, დააკონკრეტოთ?
– გეტყვით. მე მისთვის ხელი არ შემიშლია. რა აზრი ჰქონდა? არც გამილანძღავს. მარტო ის ვუთხარი, რომ უსინდისო და უპასუხისმგებლო იყო, რომ ერთ მხარეს ვიდექი მე, რომელსაც ორმაგად უღალატა, მეორე მხარეს კი – ჩვენი ორი შვილი, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ დამნაშავენი, იმაში, რომ მათ მამას „პრინციპები“ ჰქონდა. ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ ბოლომდე „იკაცა“ და განაცხადა, რომ მიდიოდა ცარიელი, მხოლოდ ტანსაცმლის ამარა და, თანაც, ძალიან წუხდა მომხდარის გამო. ახლა უკვე ვიცი, რომ უკან დასაბრუნებელ გზას იტოვებდა – ვაიდა, მოხდეს რაღაც ისეთი, რაც მაიძულებს, ოჯახში დავბრუნდეო. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქმრის პოზიცია, რომლითაც ერთ დროს თავი მომქონდა, ცხოვრებას გამიმწარებდა და დამანგრევდა.
– ის, რომ ვეღარ შეძლო მოტყუებულთან ცხოვრება?
– დიახ, სწორედ ეს. მსგავს სიტუაციებში მოქცევის არანაირი გამოცდილება არ მქონდა და, იქნებ, ამიტომაც გავუშვი ჩემი ქმარი.
– რას ნიშნავს „გაუშვით“, შეძლებდით გაჩერებას?
– რატომ ვერ შევძლებდი? სხვები ხომ ახერხებენ? ზოგი – ტირილით, ზოგი – ხვეწნა-მუდარით, ზოგი – სკანდალით, ზოგიც – შანტაჟით... არის მეთოდები, მაგრამ, მე არც ერთი არ გამოვიყენე. სულელი ვიყავი და მიამიტი. ვითომ ჩემი სიამაყე დავაყენე წინ. რა დროს სიამაყე და ბაქიბუქობა იყო! ვიღაც გაურკვეველ არსებას, რომელიც ჩემს ქმარს არც კი უყვარდა, შევწირე ამდენი წლის ოჯახი. მეგობრები და ახლობლები საშველად ძალიან სწრაფად მოცვივდნენ და საკმაოდ მძიმე დღეები გადამატანინეს. ყველაზე მეტად ის კამათი და ჩხუბი მომაკლდა, რომელიც ჩემი ყოველდღიურობა იყო, მერე გაირკვა, რომ მარტო მე არ დამკლებია. ჩემი „მტირალა სეზონი“ ორ თვეზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა. ზუსტად ერთი თვე იყო გასული ოჯახიდან წასვლის შემდეგ, რომ ჩემმა ქმარმა დარეკა, მოსვლა და თქვენი ნახვა მინდაო. ბავშვები შეგხვდებიან, მე კი არ მინდა, ჩემი ყოფილი და ახლა უკვე სხვისი ქმრის ნახვა-მეთქი. მართლა არ მინდოდა ისევ განმახლებოდა ჭრილობა, ვიცოდი ვერ დავმალავდი იმას, რომ არანორმალურად მომენატრა. ჩემმა ქმარმა გააპროტესტა ეს ამბავი – მიყვარხარ და არ მინდა, უცხოები გავხდეთ ერთმანეთისთვისო. მე შენი „ყოფილი“ ვერ ვიქნებიო, თავს ისევ შენს ქმრად მივიჩნევ და ხელოვნურად ნუ შექმნი ბარიერებსო. ვერ გავიგე, რა უნდოდა ჩემგან... როცა მირეკავდა და მისი ხმა მესმოდა, ვკვდებოდი. მაინც მიყვარდა და ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ქმრის ფირმამ ვაკანსია გამოაცხადა. ჩემი მხრიდან ავანტიურა იყო იქ მისვლა და სამსახურის დაწყება. არც მიყოყმანია, რადგან, ერთბაშად აგრესია გამიჩნდა. ვიფიქრე, რატომ არ უნდა შევუქმნა დისკომფორტი ადამიანს, რომელმაც მე ბედნიერება დამინგრია-მეთქი.
– ქმრის მეორე ცოლს გულისხმობდით? იცოდით, ვინ იყო?
– ცოლი ისევ მე ვიყავი, ხოლო იმ ქალბატონის შესახებ ინფორმაცია მქონდა. ჩემზე რვა წლით იყო უმცროსი. საშუალო განათლებით და არცთუ განსაკუთრებული გარეგნობით. სამაგიეროდ, თამამი და თავხედი. მოინდომა ჩემი ქმრის ხარჯზე პირობების გაუმჯობესება და მიაღწია კიდეც თავისას. მე უნდა გამეკეთებინა ის, რომ მას სიმშვიდე დაეკარგა. რა იქნებოდა უკეთესი, თუ არა მის ახლად გამომცხვარ „მეუღლესთან“ ყოფილი ცოლის გამოჩენა, თანაც – სამსახურში?! შეუძლებელი იყო, მის ყურამდე არ მისულიყო ეს ამბავი.
– შურისძიება გადაწყვიტეთ?
– არ იყო ეს შურისძიება, უბრალოდ, გამოვიყენე შანსი, რომელიც მომეცა. არ გამოდგა ადვილი. რომ ვხედავდი, სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. მთელი გარდერობი შევცვალე. ტყავში გავძვერი და ჩემს ქმარს თავიდან აღმოვაჩენინე ყოფილი ცოლი. თანამოაზრეებიც მყავდა, არ უარვყოფ. ჩემი „ყოფილის“ ბევრი თანამშრომელი თანამიგრძნობდა, კაცებიც, სხვათა შორის და, ძალიან მალე ყოფილმა „გაჭედა“. დისტანციას მკაცრად ვინარჩუნებდი და ეს აცოფებდა. ყველანაირად ცდილობდა, დავემარტოხელებინე, მე კი გავურბოდი... ფაქტია, რომ იმ ქალბატონთანაც აერია ურთიერთობა. შეშლილი სახით დადიოდა და სევდიანი თვალებით მიყურებდა. ახლა უკვე ისეა სიტუაცია შეცვლილი, რაღაც უნდა მოხდეს, გარდაუვალია. ალბათ, დავუბრუნდები, მაგრამ, ჯერ ჯოჯოხეთის ყველა შრე უნდა გავატარო და ბოლომდე დავანახვო, რა შარი აუტეხა საკუთარ თავს... ვაღიარებ, პირდაპირ მის კაბინეტში გვქონდა სექსი და, ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ამბავი იმ ქალბატონის ყურამდე მისულიყო – ნახოს, როგორია გამწარება. თან, მაგას ჩემს მეასედადაც არ უყვარს ჩემი „ყოფილი“... კმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი, თუ მივიღებ უკან (და, დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ), ფეხს აღარსად გადგამს. ამბობს, რომ ყველაზე ძალიან ჩვენი ჩხუბი და კამათი მოენატრა...