ვინ აჩუქა გოგიჩას დანომრილი, ყრუ და უჭკუო კუ და როგორ “მაღვალაკობდა„ ის ბავშვობაში ჭაჭით და სიგარეტით
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა, ძალიან საინტერესო, მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანია. მას თავს უამრავი ისტორია აქვს გადახდენილი და როგორც თავად ამბობს, არც საყვარელი ქალის გამო დაუხევია უკან საგმირო საქმის ჩასადენად.
გოგიჩა: ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ გამოუვალ, კურიოზულ თუ სასაცილო სიტუაციაში დიდი ხანია აღარ ჩავვარდნილვარ. უფრო სწორად, ისე შევეჩვიე ასეთ მდგომარეობას, რომ ვეღარც კი აღვიქვამ მას სასაცილოდ ან გამოუვალ სიტუაციად. მაგრამ, თუ ადამიანს იუმორის გრძნობა გაქვს, არ გაგიჭირდება არც ერთ სიტუაციაში თავის გამოძვრენა. მეც ეს მშველის.
– გოგიჩა, პირველი დათრობა თუ გახსოვს და რა ხდებოდა ამ დროს? დატრიალდა ყველაფერი თავდაყირა?
– დატრიალდა და, რა დატრიალდა. ისე, სულ პატარა რომ ვიყავი, პაპაჩემი ცოტ-ცოტა კახურ ღვინოს მასმევდა ხოლმე. ასე რომ, ტანინიან, ნაღდ ღვინოს ჩემი ორგანიზმი შეჩვეული იყო. მაგრამ, ერთხელ, მეექვსე კლასში რომ ვიყავი, ჩემმა კლასელმა ჭაჭა მოიტანა სკოლაში. გასტრონომში ვიყიდეთ იაფიანი ძეხვი და პური მისაყოლებლად. არადა, ისეთი ძეხვი იყო, ძაღლისთვისაც რომ არ ყიდულობდნენ, ისინიც კი იწუნებდნენ და არ ჭამდნენ (იცინის). სკოლასთან მშენებლობა იყო, იქ ჩავედით და ჩავუჯექით. ხომ იცით, ის პერიოდია, როცა ბიჭობ და ისე გამოვთვერით... კარგა ხანს სარდაფიდან ვერ ამოვედით. ძლივს მივბარბაცდი სახლში და იქაც კარგად ვივაჟკაცე, პირველი დათრობის კვალობაზე. სიმართლე გითხრათ, ჭაჭა კი არა, ძეხვი შემზიზღდა. მგონი, ძეხვმა უფრო მომწამლა იმ დღეს, ვიდრე ჭაჭამ დამათრო. ჩემი მშობლები ძალიან ლმობიერი ხალხია და მათი გაბრაზება არ მახსოვს. ამ დღესაც გადავრჩი. ეს კი არადა, ჯერ სკოლაში არ ვიყავი შესული, მე და ჩემი ძმაკაცი სიგარეტის მოწევაზე დაგვიჭირა მამაჩემმა და იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო, ბევრი იცინა. ისე დაგვაბრუალა, რვიანებს ვხაზავდით. მაშინ, ოპერის თეატრი დაიწვა და დასი დროებით გადმოვიდა საბურთალოზე, პროფკავშირების სახლის გვერდით. მეც იქვე ვცხოვრობდი. მთელი დეკორაციები შეფუთული იყო ბრეზენტით და ჩვენს ეზოში ელაგა. იქ გვქონდა შტაბი გახსნილი ბავშვებს. მოკლედ, ჩავედით ეს ხუთი წლის ბავშვები და გავაბოლეთ. კიდევ კარგი ხანძარი არ გავაჩინეთ, თორემ რაც ოპერის თეატრში გადაურჩა დაწვას, ჩვენ დავამატებდით. თან, რომ მოვწიეთ ფიჭვის წიწვები დავღეჭეთ, სუნი რომ არ გვქონოდა. „საღეჭი“ რეზინი სად იყო მაშინ. ასე, წიწვის ღეჭვა-ღეჭვით და ბანცალ-ბანცალით ამოვედით სარდაფიდან. მერე ჩემმა ძმაკაცმა მაღაზიაში პური მოიპარა, შევჭამოთ და სიგარეტის სუნი აღარ აგვივაო. ასე დარეტიანებულები დავბანცალებდით და მაინც არ გამოგვიჭირა მამამ? ახლა რომ დავფიქრდი, დიდი კრიმინალური წარსული მქონია და როგორც გურულები იტყვიან, „მაღვალაკი“ ბავშვიც ვყოფილვარ (იცინის).
– რამე თუ მოგიპარავს?
– თუ ჯგუფურ კვალიფიკაციას მივცემთ, სიგარეტის მოწევის მერე პური მოვიპარეთ. ისე, მოპარვით არა, მაგრამ სკოლიდან რომ მოვდიოდით კლასელები, სახლამდე დიდი გზა უნდა გაგვევლო. შევივლიდით მაღაზიაში, ავიღებდით ფუნთუშებს, შევჭამდით რიგში და სანამ სალაროსთან მივიდოდით ფულის გადასახდელად კი გვავიწყდებოდა რა ვჭამეთ (იცინის). ფული რაში უნდა გადაგვეხადა? მონელებულ ფუნთუშებში?
– ამბობენ, სუფრასთან გოგიჩას გვერდით ჯდომა ერთ რამედ ღირსო. რას გულისხმობენ?
– სუფრასთან სულ მსახიობებთან და „კავეენშჩიკებთან“ მიწევდა ქეიფი. წარმოიდგინეთ ახლა, იქ რა სიცილი და ხორხოცი იქნებოდა. არც ისინი მომაწყენდნენ და არც მე ვაკლებდი. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც სუფრიდან დგება და იპარება ხოლმე. ერთხელ, მის სახლში მაგარი ქეიფია. ვსვამთ, ვჭამთ, დროს ვატარებთ და... სად არის სახლის პატრონი? თურმე, ნასვამს სხვაგან ეგონა თავი, წავიდა, მანქანით იარა და ბოლოს ისევ სახლში მოვიდა. რომ დაგვინახა, გადაირია. აქაც თქვენ ხართ, თავი დამანებეთო (იცინის).
– ბავშვებს ძალიან უყვარხარ. რით დაიმსახურე მათი ასეთი სიყვარული? ისიც გავიგე, თითქოს მანქანაში სპეციალურად გქონდა ხოლმე მათთვის საჩუქრები.
– „ბასტი-ბუბუ“ რომ მიმყავდა, განსაკუთრებით მაშინ ვუყვარდი ბავშვებს. ყველა ბავშვი მცნობდა ქუჩაში. დამინახავდნენ, გამოიქცეოდნენ, გამარჯობის მაგივრად ლექსს მეტყოდნენ და ელოდებოდნენ საჩუქარს. გადაცემის ფორმატი იყო ასეთი, იტყოდნენ ლექსს ან იმღერებდნენ და მე უნდა დამესაჩუქრებინა ბურბუშელათი ან ცივი ჩაით. ხელფასი რომ მქონდა, სულ მეწყო მანქანაში ბურბუშელა და ცივი ჩაი. ხანდახან კი ხდებოდა ისე, რომ არ მქონდა და ლექსის თქმის შემდეგ, კარგა ხანი პირდაღებულები მიყურებდნენ და მე თვალებდაჭყეტილი ვფიქრობდი, რით დამესაჩუქრებინა ისინი. ერთხელ, ზღვაზე ვისვენებ. დავჯდებოდი სანაპიროზე, ბავშვები წრეს შემომარტყამდნენ, შევიდოდი ზღვაში საბანაოდ, ისინიც ცურვა-ცურვით მომყვებოდნენ, თან ლექსებს მეუბნებოდნენ. მათ გამო შორსაც ვერ გავდიოდი. მოკლედ, იმ სეზონზე, 20-25 ბავშვის მშობელმა მშვიდად დაისვენა. მე მათი მოძრავი საბავშვო ბაღი ვიყავი. სადაც წავიდოდი, ის ბავშვები თან დამყვებოდნენ. არადა, მაშინ იმდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველა დამესაჩუქრებინა. ასე რომ, ძიძობის ინსტიტუტი ხუთებზე გავიარე და თუ უმუშევარი დავრჩი, ლუკმა-პურის ფულს ამით მაინც ვიშოვი (იცინის).
– გივი ბერიკაშვილმა დანომრილი კუ როდის გაჩუქა?
– მამაჩემი და გივი ბერიკაშვილი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ახლოს, საქეიფოდ იყვნენ დაპატიჟებულები. გივიმ იპოვა იქ კუ. მაშინ „ნივა“ ჰყავდა და ამ მანქანის ნომერი იყო 99-99. ამ კუს ჯავშანზე დააწერა 99-99 და მაჩუქა. კარგა ხანი იარა ამ დანომრილმა კუმ ჩემს სახლში, ვერაფერი გავაგებინე, ყური იმას არ ჰქონდა და ჭკუა. ვერც ვეფერებოდი. ასე რომ, სანამ რაჭველივით გამექცეოდა, ავდექი და საიდანაც მომიყვანეს, ისევ იქ გავუშვი. მგონი, ახლაც დადის დანომრილი კუ მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე (იცინის). ერთხელ კი, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვდივართ მეგობრის სახლის სადარბაზოში. ცოტა გადაკრულში ვიყავით. გავიხედე, პატარა ძაღლი წევს. მიყვარს ძაღლები და ვიფიქრე, მოვეფერები-მეთქი. მივედი და მოვეფერე, „დედა ლა პატალაა“- და... წამოდგა, მაგრამ რა წამოდგა... იმხელა იყო, მეოთხე სართულიდან მე და ჩემი ძმაკაცი ერთმანეთს ვახტებოდით კიბეზე. გვდია, მაგრამ, რა გვდია. მერე ვხუმრობდი, რა იყო კი მაგრამ, დასაკეცი ძაღლი ხომ არ იყო, ასეთი პატარა, ამხელა რომ გახდა-მეთქი.
– მგზავრობის დროს სასმელის „ჩაფენა“ თუ მოსულა გასამხნევებლად, თუ ეს არ გჭირდება?
– თვითმფრინავით თუ ვმგზავრობ, აი მაშინ მიყვარს „ჩაფენა“. ერთხელ, ამერიკაში მივფრინავ. არ გინდა მთელი 9 საათი იფრინო? თუ რამე სასმელი იყო თვითმფრინავში ხომ დავლიე და მერე, თავად სტიუარდესას მოჰქონდა უცხო-უცხო სასმელები. გადაირია, იმდენი სასმელი ავურიე და ეტყობა დააინტერესა, რამდენს გავუძლებდი. (იცინის) გავიხედე, მომიტანა ტომატის წვენში გახსნილი არაყი – „სისხლიანი მერი“. ყველაფერი დალიე, რაც კი გვქონდა და აბა, ერთი ესეც დააგემოვნეო. მეც, მეტი რა მინდოდა? „სისხლიანი მერიც“ რომ დავლიე და მივხვდი, მეტს ვერაფერს შემომთავაზებდნენ, სტიუარდესას ვთხოვე, შენი ჭირიმე, იქნებ ანტიფრიზი ჩამომისხა თვითმფრინავის ფრთებიდან-მეთქი. სულ გადაირია (იცინის).
– საყვარელი ქალის გამო თუ ჩაგიდენია გმირული საქციელი?
– ჩემს ახლანდელ მეუღლეს, ნათია ბანძელაძეს, შეყვარებულობის დროს სულ სიურპრიზებს ვუწყობდი. მე და ჩემს ძმაკაცებს „ზიგბაჯუებს“ და „ბუდღაჯანებს“ გვეძახდნენ. ეს იმიტომ შეგვარქვეს, რომ გოგონებს ვაშინებდით. ერთხელ, ბალტიისპირეთში, სასტუმროს მეოთხე სართულზე ავბობღდი გარედან და ფანჯარას მივადე მაგრად სახე. ღამე იყო და ისეთი საშინელი სანახაობა შევქმენი, ნათიას კინაღამ გული გაუსკდა. (იცინის). სასტუმროს ნომერთან, ყოველ დილით ყვავილებს ვახვედრებდი. იქვე იდგა ლენინის ძეგლი. ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში, ახალ ყვავილებს აწყობდნენ იქ. მე მივიდოდი, ავიღებდი და ნათიას კართან ვდებდი. მილიციაში კინაღამ ამოვყავი თავი. სულ ვხუმრობ, რომ არა ლენინი, მე რა მეშველებოდა-მეთქი. შეყვარებული ლენინის ყვავილების ხარჯზე მოვხიბლე და ოჯახის შექმნასაც მას ვუმადლი. ნათიას სახლის სახურავზეც ავდიოდით ძმაკაცები და ვაფხაჭუნებდით ღამით. ასე რომ, მგონი, ისე შევაშინე, ცოლობაზე უარი ვეღარ მითხრა (იცინის).