რა საერთო აქვთ უსამა ბენ ლადენსა და შერონ სტოუნს და რომელი საბჭოთა გენერლის ავტომატით პოზირებდა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ფოტოკამერების წინ
ერთი წელი გავიდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ამცნეს საზოგადოებას და თითქოს მსოფლიომ ამოისუნთქა. თუმცა, „ალ ქაიდას” ლიდერის საქმე რომ ჯერაც ცოცხლობს, ეს მისი თანამებრძოლების მიერ გავრცელებულ მუქარებში იგრძნობა. სანამ ამერიკის და დანარჩენი ქვეყნების სპეცსამსახურები „ალ ქაიდას” ტერორისტების შეპყრობითა და ლიკვიდირებით არიან დაკავებულნი, „თბილისელების” ამ ნომერში უსამა ბენ ლადენის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
* უსამა ბენ ლადენი 1957 წლის 10 მარტს დაიბადა. 10 მარტს დაბადებულთა შორის აღნიშვნის ღირსები არიან: ჩაკ ნორისი, შერონ სტოუნი, სამუელ ეტო’ო და „ფიფას“ პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი. უსამა ბინ ლადენის გარდაცვალების ოფიციალურ თარიღად 2011 წლის 2 მაისი სახელდება. ამ დღეს სხვადასხვა წელს გარდაიცვალნენ: ლეონარდო დავინჩი და ივან აივაზოვსკი.
* უსამა ბენ ლადენის სრული სახელი იყო – უსამა ბენ მუჰამედ ბენ ავად ბენ ლადენი.
* ბენ ლადენის საგვარეულო, რომლის გამდიდრებას სათავე უსამას მამამ დაუდო, საუდის არაბეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ოჯახად ითვლება. „საუდი ბენ ლადენ გრუპი“ საუდის არაბეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მშენებლობა, ნავთობის მოპოვება, გემთმშენებლობა, მასმედია და ტელეკომუნიკაციები.
* 1991 წელს უსამა ბენ ლადენი სუდანში დაფუძნდა და ბიზნესით დაკავდა. ახალი ტექნიკისა და სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით მას სუდანში ავტოსტრადები გაჰყავდა. მცირე ხანში ბენ ლადენმა სუდანის უდაბნოში 1 200 კილომეტრის გზა გაიყვანა, ათიათასობით სუდანელი დაასაქმა და პირველად დაუკავშირა სუდანის დედაქალაქ ჰართუმსა და უმსხვილეს ქალაქ პორტ-სუდანს რამდენიმე ასეული სოფელი და დაბა. გარდა ამისა, ბენ ლადენი ფარმაკოლოგიით დაინტერესდა და მისი ინიციატივით სუდანში აშენდა აფრიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი ფარმაცევტული ქარხანა კვლევის ინსტიტუტთან ერთად. ბენ ლადენი ჩართული იყო ასევე მონებით ვაჭრობის ბიზნესში. ეს სფერო სუდანში საკმაოდ გავრცელებული იყო და მთავრობაში ნაციონალ-ისლამური ფრონტის მოსვლის შემდგომ უფრო მაღალ მასშტაბებს მიაღწია.
* დაფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო უსამა ბენ ლადენისთვის ნარკობიზნესი იყო. უსამა იძენდა თანამედროვე მოწყობილობებს, ქირაობდა ქიმიკოსებს და მათ სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში ასაქმებდა. მის მიერ გახსნილი ნარკოლაბორატორიები და ნარკოსაცავები ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰოსტის მახლობლად მდებარეობდა.
* ბალკანეთზე, ბოსნიის კონფლიქტის დროს უსამა ბენ ლადენი რამდენჯერმე იყო ჩასული სარაევოში. მან და მისმა ტუნისელმა თანამებრძოლმა მეჰრეზ აოდუნიმ ბოსნიის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი 1993 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდენტის ალია იზიტბეგოვიჩისგან მიიღეს.
* 1995 წლიდან უსამა ბენ ლადენი მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩეჩენ „ბოევიკებთან” და ჩართული იყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომში. მან რამდენჯერმე გაგზავნა „ალ ქაიდას” წარმომადგენლები ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩენი ტერორისტების დასახმარებლად.
* ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მაიკლ შოერის მტკიცებით, რომელსაც მიჰყავდა „ბენ ლადენის საქმე”, ამერიკულმა დაზვერვამ იცოდა ბენ ლადენის საქმიანობის შესახებ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ავღანეთში, თუმცა მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
* უსამა ბენ ლადენის სახელი მსოფლიო საზოგადოებისთვის 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილ მოვლენებამდე ნაკლებად ცნობილი გახლდათ, ბენ ლადენი მსოფლიოში ბევრად ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორად გამოაცხადეს.
* 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ პერიოდში, ბენ ლადენის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის გახმაურებამდე, დასავლურ მედიაში ექვსჯერ გამოცხადდა მისი შესაძლო სიკვდილის შესახებ.
* უსამა ბენ ლადენი ამერიკულ წყაროების მიხედვით იყო მაღალი. „ეფბიაის” მონაცემებით მისი სავარაუდო სიმაღლე 193-195 სანტიმეტრი, ხოლო წონა 75 კილოგრამი იყო.
* უსამა ბენ ლადენი ცაცია გახლდათ და უმეტესად ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდა.
* უსამა ბენ ლადენი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ის 1975 წელს თავის მამიდაშვილზე დაქორწინდა. ერთ-ერთი ვერსიით, უსამას მეუღლე თალიბების ლიდერის, მულა მოჰამად ომარის ქალიშვილი გახლდათ.
* უსამა ბენ ლადენს 17 ვაჟი ჰყავს, მათგან მხოლოდ ორი – ჰამზა და საადი იყვნენ ჩართულნი „ალ ქაიდას” საქმიანობაში.
* უსამას ძმა – იესლამ ბენ ლადენი შვეიცარიაში ცხოვრობს.
* არაოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა ვერსია, რომ უსამა ბენ ლადენმა მამის გარდაცვალების შემდგომ, მემკვიდრეობით 250-300 მილიონი დოლარი მიიღო.
* პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში თავისუფალ გაყიდვაშია მაისურები, რომელთაც აწერიათ – „ბენ ლადენი-პლანეტის გმირი”. მაისურებზე წარწერა კუსტარულად არის დატანილი, უთოს და ეგრეთ წოდებული „კაპიროვკის” გამოყენებით. ბენ ლადენის სიკვდილამდე ასეთი მაისურები 10 დოლარად იყიდებოდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ფასმა რამდენჯერმე მოიმატა.
* არაბულ ინტერნეტ-ფორუმებზე ძალიან ბევრ მომხმარებელს მთავარ ფოტოდ, უსამა ბენ ლადენის გამოსახულება უდევს, მასზე აღტაცებით ლაპარაკობენ და „ისლამის ლომს” უწოდებენ.
* ფილმში „ფარენგეიტი 9/11” საუბარია უსამა ბენ ლადენის ოჯახისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ-უმცროსის შესაძლო მეგობრულ და ბიზნესკავშირებზე.
* რუმინული ლუდსახარში „ბრასოვი” რამდენიმე წლის წინ ასხამდა ლუდს სახელწოდებით „ბენ ლადენი” – ეტიკეტს კი მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ფოტო ამშვენებდა.
* უსამა ბენ ლადენი ლონდონის საფეხბურთო კლუბის, „არსენალის” ქომაგი იყო.
* უსამა ბენ ლადენის ფოტოებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილია ფოტო, სადაც ის საბჭოთა წარმოების ავტომატით „აკსუ74უ”-თი პოზირებს. თავად ბენ ლადენის თქმით, ეს ავტომატი მან მოკლულ საბჭოთა გენერალს ააცალა ავღანეთში. რუსული ვერსიით კი თუკი ბენ ლადენის განცხადება ავტომატთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება, ამ შემთხვევაში, ავტომატი გენერალ პიოტრ შკიდენკოს ეკუთვნოდა, რომელიც 1982 წელს მოჯაჰედების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში იჯდა.
* უსამა ბენ ლადენის სიკვდილამდე დასავლურ და არაბულ სამყაროში გავრცელდა ვერსია, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, ის, რომ ბენ ლადენს ღვიძლი და თირკმელები აწუხებდა. გარდა ამისა ბენ ლადენს მწვავე დიაბეტი და ერთ-ერთი ვერსიით, იშვიათი დაავადება – „მარფანის სინდრომი” ჰქონდა, რომელიც, მხოლოდ მემკვიდრეობით გადაეცემა.