კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცა თანამედროვე საქართველოს მოქალაქის სავიზიტო ბარათად მოჭარბებული აგრესიულობა და როგორ უკეთებს სოციალური ქსელები პროვოცირებას ზიზღისა და ღვარძლის გადმონთხევას

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში 2011 წელს ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 49 პროცენტით გაიზარდა (მათ შორის მობილური ინტერნეტის მომხმარებლებიც იგულისხმებან). შესაბამისად, ინტერნეტს საქართველოში ახლა უკვე მილიონ 1 600 ათასზე მეტი აბონენტი მოიხმარს. ამის პარალელურად, ქართულმა სინამდვილემ აქტიურად აითვისა სოციალური ქსელებიც და, ამდენად, მისთვის არც მსოფლიოსთვის პრობლემად ქცეული ინტერნეტდამოკიდებულებაა უცხო ხილი. მეორე მხრივ, ინტერნეტის ვირტუალური სივრცე საჭირო ინფორმაციის მოძიებაშიც გვეხმარება და გაცილებით აადვილებს საქმიან თუ პირად კონტაქტებს, თუმცა ცუდი ის არის, რომ რეალური ურთიერთობები ვირტუალურმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა და უშუალო კონტაქტის საჭიროება დაიკარგა. რამდენად უცვლის ადამიანს ვირტუალური ცხოვრება ნამდვილს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ინტერნეტს და რა ადგილი უჭირავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ვირტუალურ ურთიერთობებს. ამ საკითხებზე ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი გვესაუბრება.

– დავიწყოთ იმით, თუ რა დადებითი ეფექტი აქვს ინტერნეტს, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების საშუალებას?
– პირობითად შეგვიძლია, დავყოთ ინტერნეტი, ერთი მხრივ, როგორც ინფორმაციის მიღებისა და შემეცნების მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, ანუ ადამიანი იფართოებს თავის საინფორმაციო დიაპაზონს, ინტერნეტში ეძებს მისთვის საინტერესო, მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამით იმდიდრებს შემეცნებას; მეორე მხრივ, ინტერნეტი ეს არის კონტაქტის საშუალება. კონტაქტები შეიძლება იყოს: პირადი და საქმიანი. ინტერნეტი ორივე მიმართულებით აადვილებს ურთიერთობებს და მისი ძალიან კონსტრუქციული მიმართულებით გამოყენების საშუალებას იძლევა, რადგან დღევანდელ დღეს კარგად ვიცით, რომ ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში სატელეფონო და პირისპირ კონტაქტი რეალურად შესაძლოა, აღარც იყოს საჭირო ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. არ არის აუცილებელი პირისპირ კონტაქტი იქონიო ადამიანთან ან სატელეფონო რეჟიმში წარმართო მოლაპარაკება, ამისთვის საკმარისია, კარგად იცოდე, როგორ შეადგინო წერილი, როგორ მოიძიო შენთვის საჭირო ადამიანის ელექტრონული ფოსტის მისამართი, როგორ გახვიდე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანიების „ელექტრონულ ხაზზე“ და როგორ დაამყარო მათთან კონტაქტი. ეს არის ის, რაც ადამიანის საქმიანობის წარმატების წინაპირობასაც ქმნის. იგივე ვრცელდება პირად კონტაქტებზეც: უამრავი ადამიანია, რომლებმაც სოციალური ქსელებით, სხვადასხვა საკონტაქტო საშუალებებით, მათ შორის, „სკაიპით“ შეძლეს თავიანთი პირადი ცხოვრების მოწყობა, მაგრამ, ამავდროულად, ვიცით უამრავი, რომლებმაც თავიანთი პირადი ცხოვრება დესტრუქციული მიმართულებით წაიყვანეს. რადგან ყველა მედალს აქვს ორი მხარე, ბუნებრივია, რომ ინტერნეტს, როგორც თანამედროვე  ტექნიკის მიღწევას, აქვს პოზიტიური და ნეგატიური შედეგი.
– საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის დროს ძალიან ინფორმაციულია ადამიანთან უშუალო კონტაქტი, როდესაც უსმენ, უყურებ. ეს გეხმარება მისი გულწრფელობის შეფასებაში. ვირტუალურ სამყაროში ამის შესაძლებლობა არ არის, თუ თანამედროვე ურთიერთობისას გულწრფელობა უბრალოდ აღარ არის საჭირო?
– რა თქმა უნდა, ადამიანის სხეულის ენა გაცილებით ინფორმაციულია თავისი არსით, ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანთან ცოცხალი კონტაქტი და, საერთოდ,  ყველაფერი ცოცხალი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და გაცილებით უფრო დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ეპისტოლარულ ჟანრში გვაქვს ურთიერთობა, ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს და „თავდაპირველად იყო სიტყვა“. ამდენად, უაღრესად ინფორმაციულია, რა სიტყვებით წერს ერთი ადამიანი მეორეს. მაგალითისთვის ავიღოთ: თუკი თქვენ წინასწარ ფიქრობთ, რომ ინტერნეტის მეშვეობით დამყარებული და წარმართული ურთიერთობა შეიძლება, თავისთავად, გულისხმობდეს გარკვეულ არაგულწრფელობას, ყველაფერს, რასაც გწერთ ინტერნეტით გაცნობილი ადამიანი, უბრალოდ არ მიიღებთ უაპელაციოდ. როდესაც ადამიანი ბრმად არ მიენდობა არაფერს და მათ შორის არც ინტერნეტკომუნიკაციას, რისკებიც იკლებს. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობისთვის, იმ 70-წლიანი მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, პრობლემაა საკითხებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების დეფიციტი.
– კერძოდ?
– ეს უკავშირდება საქართველოში ბიზნესის წარმოების საკითხსაც. ადამიანები, ძირითადად, ფიქრობენ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათთვისაა ხელსაყრელი. მათ უჭირთ, გაიაზრონ, რომ შესაძლოა, მათ განზრახვებს არ მოჰყვეს სასურველი შედეგი და ვერ განჭვრეტენ წინასწარ: „რამე ისე რომ არ განვითარდეს, როგორც ჩემთვისაა სასურველი, როგორ ვაპირებ მოქმედებას?“. ეს რისკი არსებობს ინტერნეტკომუნიკაციის დროსაც. ანუ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზეც, რომ შესაძლოა, ის, ვისთანაც დაამყარა კონტაქტი, სინამდვილეში, სულაც, არ არის ისეთი, როგორადაც წარმოაჩენს თავის თავს. აი, ეს დაშვებაა პრევენციის საშუალება, რომელიც ადამიანს რისკების გათვალისწინების უნარს უვითარებს.
– მეორე მხრივ, ინტერნეტსივრცე იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა შექმნას თავისი ვირტუალური „მე“. ისეთი, როგორიც უნდა, რომ იყოს რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ არის და მისი მიზანი სულაც არ იყოს სხვების მოტყუება. ანუ ინტერნეტსივრცე არის საკუთარი არარეალიზებული ოცნებების დაკმაყოფილების საშუალება?
– სოციალური ქსელები იძლევა ამის საშუალებას, თუმცა გააჩნია, ვისთან წარმოაჩენს ის ამ თავის ვირტუალურ „მეს“. ფსიქოლოგიის ენაზე ვირტუალური „მე“-ს ცნებას განვიხილავდი „მე“ – იდალის კონტექსტში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფით, ოღონდ რამდენად წარმატებით, ეს მეორე საკითხია. საერთოდ, მიიჩნევა, რომ ვისაც „მე“ – იდეალი უფრო კარგად აქვს ჩამოყალიბებული, ის უფრო ახერხებს განვითარებასა და წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. ნამდვილად, „მე“-იდეალის წარმოჩენის საშუალება არის სოციალურ ქსელებში, მაგრამ, მოდით აქ, ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ. მეც ვარ სოციალური ქსელების, კერძოდ, „ფეისბუქის“ მომხმარებელი და, როდესაც ვკითხულობ ამა თუ იმ პოსტის გამოხმაურებებს, კომენტარებს, ძალიან მარტივად ვხედავ თითოეული ადამიანის რეალურ „მე“-ს და ხშირად ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში საზოგადოება ძალიან აგრესიულია და უარყოფითის ხაზგასმაზეა ორიენტირებული და ეს შემაშფოთებელია ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის. ის, ვინც აკეთებს კომენტარებს ამა თუ იმ საკითხზე, დაკვირვებული თვალისთვის ნაკლებად მოახერხებს შენიღბვას, თუმცა დილეტანტი შესაძლოა, ძალიან დიდხანს ამყოფოს გაურკვევლობაში და აფიქრებინოს, რომ იგი არ არის ის, რადაც ცდილობს თავის წარმოჩენას.
– გაცილებით იოლია აგრესიის გამოხატვა, უცენზუროდაც კი, როდესაც ადამიანს ვერ ხედავ. პირისპირ შესაძლოა, იმის მეათედიც ვერ უთხრა, რასაც სოციალურ ქსელებში დაუწერ. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ საქართველოში არმცხოვრებლები გაცილებით თავზეხელაღებულ კომენტარებს აკეთებენ. ვირტუალური სივრცე ხომ არ აქვეითებს პასუხისმგებლობის გრძნობას და, თავისთავად, ხომ არ იწვევს აგრესიულობის ზრდას?
– ვირტუალური სივრცე ადამიანს აძლევს საშუალებას, გამოვიყენებ ამ შესანიშნავ ქართულ სიტყვას, იყოს უფრო აღვირახსნილი. აღვირის გამოყენება, ნიშნავს რაღაცის მოთოკვას და ამ შემთხვევაში იგულისხმება საკუთარი თავის მოთოკვა. ვირტუალურ სივრცეში ადამიანს აღვირახსნილად შეუძლია, გამოხატოს საკუთარი თავი, რასაც შესაძლოა, ნაკლებად აკეთებდეს პირისპირ ურთიერთობაში. როდესაც ვიზუალური კონტაქტი არ არის,  ნაკლებად უწევ ანგარიშს  მეორეს, ნაკლებად უწევ ანგარიშს გამოხატვის ფორმას და უფრო მეტად ხარ იმპულსური. ვერ ვიტყოდი, რომ სოციალური ქსელები არის აგრესიის ზრდის მიზეზი, მაგრამ ასეთი აგრესიული ემოციების „გადმონთხევის“ კატალიტაზორი და ხელშემწყობი არის. სიტყვა გადმონთხევას უტრირებულად ვხმარობ, რადგან, სამწუხაროდ, ამ მუხტითაა გამსჭვალული საქართველოს სოციალური ქსელის სივრცე, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით.
– დამასწარით, სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი: რით გამოირჩევა ქართული სოციალური ქსელები სხვა ქვეყნების სოციალური ქსელებისგან?
– შემიდარებია და სხვა ქვეყნებში გაცილებით უფრო პოზიტიურ ტალღაზე მიდის კომუნიკაცია, ჩვენთან კი ღვარძლისა და სიძულვილის ისეთი აღლუმია, რომ ხშირად შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
– მხოლოდ მძიმე 70-წლიან წარსულს უნდა დავაბრალოთ ჩვენი ასეთი აგრესიულობა თუ უბრალოდ სხვებზე ღვარძლიანები ვართ და უფრო ნაკლებად გვიყვარს ადამიანები, ვიდრე სხვებს?
– მეც ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე. ამ თემაზე კვლევები, სამწუხაროდ, არ არსებობს, რადგან, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება და კვლევა  პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი, დღეს, თითქმის არ ხდება ფსიქოლოგიაში კვლევების დაფინანსება, ამიტომ მხოლოდ პირადი ემპირიული გამოცდილებით შემიძლია, ვისაუბრო. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია თვითრეალიზაციის პრობლემა. ადამიანის რეალიზაცია ხდება როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ცხოვრებაში და ზოგადად ვიტყოდი, რომ ჩვენს ქვეყანაში მძაფრად დგას თვითრეალიზაციის პრობლემა და ამაზე არავინ დავობს. ეს არის აგრესიის გამაღვივებელი წყარო. ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ აგრესია არის რეაქცია დაუკმაყოფილებლობაზე: მოჭარბებული აგრესია პირდაპირპროპორციულ კავშირშია დაუკმაყოფილებლობასთან. მეორე მხრივ, აგრესიული ინსტინქტი არის თვითგადარჩენის საშუალება, როდესაც ჩვენ ადეკვატურად ვპასუხობთ თავდასხმას თვითგადარჩენისთვის. ამ დროს ეს  თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს და ამიტომაც დევს, ალბათ, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებაში აგრესიული ინსტინქტი, მაგრამ, როდესაც ლაპარაკია არაადეკვატურ, ან მოჭარბებულ აგრესიაზე, ეს, როგორც წესი, დაუკმაყოფილებელ მდგომარეობებს უკავშირდება და ფრუსტრაციის ერთ-ერთი  წყარო ჩვენს რეალობაში არის არარეალიზებულობა. ამდენად, ჩვენს სოციალურ ქსელებში აგრესიის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების სოციალურ ქსელებში.
– არის მონაცემები, რომ საქართველოში ინტერნეტს მოიხმარს უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი. განვითარებადის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის ეს არ უნდა იყოს ცუდი მაჩვენებელი. გვეტყობა განვითარების, ინფორმაციულობის მხრივ ინტერნეტის ასე ფართო მოხმარება?
– მე ვფიქრობ, საკმაოდ ნათლად აისახება ინტერნეტის პოზიტიური და ნეგატიური მხარები განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე. ჩვენ ვიცით, რომ უფრო მოწიფული თაობა და ხნიერი ადამიანები ნაკლებად ახერხებენ ტექნიკის სიახლეებთან ადაპტაციას და მათ ათვისებას. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა თაობიდან ბევრი ახერხებს განვითარებული ქვეყნების სასწავლო პროგრამებში მოხვედრას და სწავლის გაგრძელებას, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებთან წარმატებული ურთიერთობის წარმართვას, როგორ არ ეტყობა. ბევრჯერ მიფიქრია, ჩემს სტუდენტობაში რომ ყოფილიყო მსგავსი შესაძლებლობები, ალბათ, ჩემი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წარიმართებოდა.
– მეც ხშირად ვფიქრობ ამაზე და არ დაგიმალავთ, გული მწყდება.
– დღეს ეს შესაძლებლობა ახალგაზრდა თაობას აქვს და, ვფიქრობ, ის ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განვითარების დონე, სარგებლობენ კიდეც ამ შესაძლებლობით. მაგრამ იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება, იყოს ინტერნეტის მავნედ გამოყენება და გადაჭარბებული დოზით მოიხმარენ მას, ინტერნეტმა, ბუნებრივია, შესაძლოა, ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
– რა არის ეს უარყოფითი გავლენა, რაში გამოიხატება?
– დღეს მთელი მსოფლიო მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს ინტერნეტდამოკიდებულებას, როდესაც ინტერნეტი მოიხმარება, როგორც გასართობი საშუალება და ჩვენ ვიცით, რომ სიამოვნებაზე ორიენტირება ადამიანის ქცევის მნიშვნელოვანი მოტივაციაა. ამიტომ იმ ადამიანს, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებულია სიამოვნების მიღებაზე, ვიდრე საჭიროებაზე, აქვს მეტი რისკი, რომ  სულ სიამოვნებაზე იყოს მიმართული, რაც ქმნის მიჯაჭვულობის, დამოკიდებულების პრობლემას. ინტერგეტდამოკიდებულება იგივე, პრობლემაა, რაც ალკოჰოლზე, ნარკოტიკსა თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც ზომიერების ფარგლებში არაფერი არ ქმნის პრობლემას: მხოლოდ უკიდურესობაა რისკის მატარებელი.

скачать dle 11.3