მაჩანჩალა პირველები
5 500 წლის მონატრება
უკვე შევისისხლხორცეთ, რომ პირველი ევროპელები ვართ (და მერე რა, რომ დღეს მათ უკან-უკან მივჩანჩალებთ!), მაგრამ, მხოლოდ ამით არ ამოიუწურება ჩვენი უძველესი ღირსება: ვარაუდობენ, რომ მსოფლიომ საქართველო, შესაძლოა, თაფლის სამშობლოდ აღიაროს (აი, ღვინისა და ხორბლის სამშობლო თუ ვართ, ხომ სულ ცილაობაა ჩვენ მიერ თანამედროვე ეპოქაში ნაწარმოებ ამ პროდუქტებზე?!).
აღიარების მოტივი მარტივია: 2003 წელს ქართველ არქეოლოგებს ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან ყორღანი აღმოუჩენიათ (ის კი, არც მეტი, არც ნაკლები, 5 500 წლის წინანდელია), იქ კი თაფლის ორი ჭურჭელიც უპოვიათ და, თავის ბევრი თუ ცოტა მეცნიერულად მტვრევის შემდეგ, დაუსკვნიათ, რომ ჩვენებური თაფლი ტუტანჰამონის სამარხში აღმოჩენილზე 14 საუკუნით ძველია („ისა სჯობს, რაც ძველია“). მართალია, აღმოჩენიდან კარგა ხანია გასული, მაგრამ, ჯერჯერობით უძველეს მეთაფლეებად არ ვუღიარებივართ, თუმცა ისიცაა, თუ ჩვენი თაფლი ეგვიპტურზე ახალიც კი აღმოჩნდება, საქმე მაინც სასიხარულოდ გვაქვს. სატირალი უფრო საქართველოს უახლესი სტატისტიკური მონაცემებია, რის თანახმადაც, 2011 წელს საქართველოში ბოსტნეულის იმპორტს თავისივე წინა წლების მაჩვენებლები იმდენად გაუუმჯობესებია, რომ რეკორდიც მოუხსნია. კერძოდ: 2011წელს, 2010 წელთან შედარებით, კარტოფილის იმპორტი 19,4-ჯერ გაზრდილა (არადა, საქართველოში კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100 პროცენტს აღწევდა); 1,2-ჯერ – ხახვის, 3,4-ჯერ – სტაფილოსი, კიტრისა კი – 1,6-ჯერ, ხოლო სიმინდის იმპორტის მაჩვენებელი გასამდა. არანაკლებ გულასაჩვილებელია ექსპორტის მონაცემებიც – ის შემცირდა.
ხოლო, თუ ამ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს ზემოთქმულის ფონზე გავიაზრებთ (ქართული თაფლი ეგვიპტურზე ძველიაო), პირადად მე 5 500 წლის წინანდელი რეალობა მირჩევნია…