განმანათლებელი „მორალისტი“
ანუ, უბიწოდ ჩასახულები
რაკიღა არა მხოლოდ ლენინს, ბავშვებისადმი დეკლარირებულ სიყვარულს არც ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უჩივის, სულ ახლახან ქვეყნის ნომერ პირველმა განმანათლებელმა ბრძანა (ანუ ბრძანება გამოსცა), რომ, თუკი მშობლებს სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, სასკოლო სახელმძღვანელოებიც უფასოდ ერგებოდათ, ოღონდ, არც დათქმები დაიშურა: უფასო სასკოლო სახელმძღვანელოს მსურველი მშობლები არ უნდა იყვნენ ქონების გადასახადის გადამხდელები; მათი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს (თუმცა, თუ წლიურად 35 000 ლარი აქვთ, ვითომ რატომ ვერ იყიდიან საკუთარი ბიუჯეტით სახელმძღვანელოებს, მაგრამ, რაკი „მეფის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაილაი“), ბავშვებიც ერთ სკოლაში უნდა სწავლობდნენ და ყველანი სასკოლო ასაკისანი იყვნენ (თუ რომელიმე გადააბიჯებს ამ ასაკს, მისი დედმამიშვილები უფასო სახელმძღვანელოებს წამლადაც ვერ იხილავენ).
რაც მთავარია: ყველა ბავშვი ფიზიოლოგიურად ერთი და იმავე დედ-მამის შვილი უნდა იყოს. შესაბამისად, თუ თქვენ დაქვრივდით (ჯვარი გწერიათ!) და ხელმეორედ იქორწინეთ (ან, სულაც, ქორწინების გარეშე გადაწყვიტეთ, იყოლიოთ შვილები), ან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ამჟამინდელი მეორე ნახევარი თანახმაა, შვილებად აღიაროს თქვენი შვილები პირველი ქორწინებიდან, ბ-ნი შაშკინი უარზეა (თუმცა, რთული სათქმელია, მას ვინღა ეკითხება ასეთი პიკანტური დეტალების გარჩევას?!).
ეკითხება თუ არა, რაკი ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა, რაზეც ნათელი პასუხი ჯერაც არ გაუცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (არ უყვართ შეუთანხმებელ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და, მოკალი, თუ გინდა), მხოლოდ ფანტაზიას თუ დავეყრდნობით მინისტრ შაშკინის მიერ საკითხის ასე და არა სხვაგვარად დაყენების მიზეზების საძიებლად. თუმცა, რაკი აშკარაა, რომ ეს ჩვენი ნომერ პირველი განმანათლებელი ეგზომ ერთგულებას იჩენს დოგმებისადმი, ვფიქრობ, მან, როგორც ჭეშმარიტ „მორალისტს“ შეეფერება, თავის ბრძანებულებას ერთი პუნქტიც უნდა დაამატოს: მრავალშვილიანმა დედებმა გათხოვების ჟამს პატრონს ქალიშვილად ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარუდგინონ, თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, არ არის გამორიცხული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, უფასო სახელმძღვანელოების გაცემის პირობად, მოსწავლეების უბიწოდ ჩასახვის ვალდებულებაც დაგვაკისროს!