ხიბლიანად შეთამამებულები
ანუ, ვინ ჰკითხავს ევროპას?!
რაც უნდა წავუყრუოთ, აშკარაა, რომ ჩვენებური ჩინოვნიკ-პოლიტიკოსები დასავლეთს შეუთამამდნენ (ვითომ ზეზვა-მზიას უძველესობის ხიბლში გადაცვივდნენ?!). შესაძლოა, ამ შეთამამების ერთ-ერთი ბოლო გამოვლინებაა (ვეჭვობ, არა უკანასკნელი) პარლამენტის მიერ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი, რის მიხედვითაც, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიიდან 842,4 ჰექტარი დაცულ ტერიტორიად აღარ ჩაითვლება. ცვლილებებს უმრავლესოელმა დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება. მაგრამ, აბა, კონვენციები რა მოსატანია, როდესაც საქმე ინვესტორებს ეხება?! სახელდობრ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ბ-ნი მამაცაშვილი გვიხსნის, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ინვესტორები უფრო თამამად შეძლებენ ინვესტირებას აწ უკვე არადაცულ ტერიტორიაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს (და, რომ არ განავითაროს, პასუხი ბ-ნ მამაცაშვილს რა მანქანებით მოვთხოვოთ?!). მის პათოსს ორივე ხელით (ეჭვი მაქვს, ფეხებითაც) ეთანხმება ამ ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობიანი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავ-რე, კუნთმაგარი აკაკი ბობოხიძე. ხოლო, თუ მის საერთაშორისო კონვენციების დარღვევა-არდარღვევისადმი დარდიმანდულ კომენტარს გავიხსენებთ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ კუნთმაგარია. კერძოდ, ბ-ნი ბობოხიძე ბრძანებს: „არსად წერია, რომ შეთანხმებები არის დროში უცვლელი, დინამიკას არ ითვალისწინებს და, რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება მუდმივად ურყევი უნდა დარჩეს. არ შეიძლება მსოფლიოში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება მომავალში შეცვლილი (ესე იგი, ხალხის რჩეულის ლოგიკით, არც რფ-ს დაურღვევია საერთაშორისო შეთანხმებები, როდესაც აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ აღიარა?).“
დეპუტატი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ არც სანქციების ეშინია და განა იმიტომ, რომ რკინის გული აქვს: „რომც გვემუქრებოდეს რაიმე სანქცია, ის იქნება ერთჯერადი (ისიცაა, თუ დაგვემუქრება სანქციები, მესანქციენი ბ-ნი ბობოხიძის მუშტსაც იგემებენ)“.
მეორე მხრივ, კუნთებით თამაშის მოყვარულ დეპუტატს არც ქართველი გარემოს დამცველების პროტესტი უკვირს, „სხვას რომ თავი დავანებოთ, ისინი დაფინანსებას სწორედ იმაში იღებენ, რომ ბუნება დაიცვან.“ აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: და თავად ბ-ნი ბობოხიძე რატომ იღებს ხელფასს, რომ ბუნებას (ისევე, როგორც, ვინც მას არ ეთანხმება) ზიანი მიაყენოს?!