კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


ფარული მბრძანებელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-46(464)


სმიტთან საუბრის მერე სულ რაღაც ოცი წუთი იყო გასული, რომ კაიუტაში დანიელი პოლიციელი მივიდა და იკითხა:

– მისტერ ჰამო რომელია?

მთაწმინდელმა ნაფაზი დაარტყა, კოპები შეკრა და ოფიცერს მიმართა:

– მე გახლავართ. რაშია საქმე?

ტრადიციულად ცივი გამომეტყველების დანიელმა პოლიციელმა სამხრეთელივით გულღიად გაუღიმა ჰამოს და უთხრა:

– ამერიკული სამხედრო გემის კაპიტანი, მისტერ ჰოლმსი თხოულობს თქვენთან შეხვედრას და მთხოვა, გამეგო, თუ გცალიათ.

ჰამომ მედიდური გამომეტყველება მიიღო, რადგან მიხვდა, რომ საიმონ სმიტის წყალობით მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და პოლიციელს წარბებაწეულმა, ირონიულად ჰკითხა:

– ჩემს მეგობრებთან შეხვედრაზე როგორ ვიტყვი უარს. მაგრამ, როგორც ვხედავ, აქ თქვენ ძალიან უცნაური კანონები გაქვთ და არ მინდა, რომ დამრღვევის როლში აღმოვჩნდე.

– რას ბრძანებთ, მისტერ, – შეიშმუშნა დანიელი პოლიციელი, – ამერიკელები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან, მათი მეგობრები – იგივე ჩვენი მეგობრები. მობრძანდით, გთხოვთ...

ჰამო დინჯად გაჰყვა დანიელ პოლიციელს და გემბანზე რომ გავიდა, ოთხი ზღვის ფეხოსნების გარემოცვაში მდგარი ამერიკული სამხედრო გემის კაპიტანი დაინახა. ორმოციოდე წლის ბრგე ამერიკელმა ჰამო რომ დაინახა, ისე გაუხარდა, თითქოს ოცი წლის უნახავ ძმას შეხვდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მის შესახვედრად. შემდეგ ხელი ჩამოართვა, ზურგზე მოუთათუნა და უთხრა:

– მისტერ სმიტმა დამირეკა და თქვენი პრობლემის მოგვარება დამავალა. ბრძანეთ, რაშია საქმე.

– მისტერ ჰოლმს, პირველ ყოვლისა, თქვენთან შეხვედრის ძალიან მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის, უდიდესი გემის კაპიტნის პირისპირ დგომის პატივი მერგო, – უთხრა ჰამომ ჰოლმსს, რადგან ამერიკული გემის სიდიდით მიხვდა, რომ ეს სამხედრო ხომალდი ტექნიკის უახლესი ნიმუში იყო. თან, მთელი თავისი მჭევრმეტყველება და მაღალფარდოვანი სიტყვების მარაგი ჩააქსოვა ამერიკელ სამხედროსთან საუბარში, რადგან, იცოდა, რომ ასეთი ტიპის ხალხს ამგვარი საუბრით „დააბამდა“, – გმადლობთ, მისტერ ჰოლმს, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი უახლოესი მეგობრის, მისტერ სმიტის თხოვნა და მობრძანდით. პრობლემა კი ისაა, რომ ამ ვაჟბატონებმა ჩვენი დაქირავებული გემიანად დაგვაპატიმრეს იმ ერთადერთი სულელური მიზეზის გამო, რომ ვიღაც ნარკოკონტრაბანდისტებს უთქვამთ, ამ გემით ადრე ნარკოტიკები გადავიტანეთო. სანამ ფორმალობებს მოვრჩებით, იქ ჩხრეკაა, საბუთების შემოწმება თუ რაღაც ჯანდაბა... მოკლედ, დროს დავკარგავთ ტყუილად და, მართალია, ზარალის ანაზღაურებას გვპირდებიან, მაგრამ მათი ფული იმ მორალურ ზარალს ვერ აგვინაზღაურებს, რასაც პარტნიორების ნდობა ჰქვია. თქვენ ამერიკელი ხართ, ყველაზე საქმიანი ქვეყნის წარმომადგენელი და ჩემს გულისტკივილს მშვენივრად გაიგებთ, მისტერ ჰოლმს.

– ბილი დამიძახე, ჰამო, ღვთის გულისთვის, – უთხრა ჰოლმსმა მთაწმინდელს, რომელმაც ამერიკელზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. შემდეგ თავით მიანიშნა მოშორებით მდგომ დანიელ პოლიციელზე და ირონიული ტონით განაგრძო, – ამ პედერასტებთან ლაპარაკი მე მომანდე. გარწმუნებ, ჩემო მეგობარო, რომ ყველაფერს ორიოდე წუთში მოვაგვარებ.

– ეჭვიც არ მეპარება, ბილ, – უთხრა ჰამომ ჰოლმსს და დანიელების დასანახავად ამერიკული სუპერგემის კაპიტანს მხარზე მოუთათუნა ხელი.

ბილ ჰოლმსმა დანიელი პოლიციელი იხმო და, როდესაც ის მივიდა, უთხრა:

– მისტერ პოლიციის უფროსო, ვფიქრობ, ჩემს მეგობრებს ტყუილუბრალოდ აკავებთ და, მიუხედავად იმისა, რომ დრო ფულია და თქვენ მათ დაკარგული დროის გამო ზარალის სრულ ანაზღაურებას ჰპირდებით, მორალურ ზარალს მაინც ვერ აუნაზღაურებთ. თქვენ მიერ დაკავებული გემი რომ თავის დროზე არ ჩავიდეს დანიშნულების ადგილზე, ჩემს მეგობრებს დიდი ზიანი მიადგებათ. ჩემი მეგობრების ზიანი ჩემი ზიანიცაა და, ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიოს უდიდესი გემის კაპიტნისთვის ზიანის მიყენება ვინმეს ახეირებს?

დანიელი პოლიციელი შეცბა და ჰოლმსს მორიდებით უთხრა:

– მე ეს არც მიფიქრია, მისტერ.

– მაშინ, ეს ხალხი, თავისი გემიანად, გაუშვით.

– მე, მე მოხარული ვიქნები, მისტერ. მაგრამ მე მხოლოდ ჩემი ხელმძღვანელობის ბრძანებას ვასრულებ, – ენის ბორძიკით თქვა პოლიციელმა. შემდეგ, „შივასთან“ მოახლოებული კატერი დაინახა, რომელზეც ორი პოლიციისფორმიანი და ერთი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა და იმავე სტილში განაგრძო: – აი, უფროსობაც მოვიდა და დაელაპარაკეთ!

კატერით მოსულები სასწრაფოდ ავიდნენ „შივაზე“, პირდაპირ ამერიკელი კაპიტნისკენ გაემართნენ და სამოქალაქოტანსაცმლიანმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ყველაზე უფროსი იყო, ჰოლმსს მიმართა:

– ჰოლმსი თქვენ ბრძანდებით?

– მე გახლავართ. ვის ველაპარაკები? – მედიდურად ჰკითხა ახალმოსულს ამერიკელმა და წარბები ასწია.

– მე პოლიციის შეფი გახლავართ და მინისტრის დავალებით ვმოქმედებ. პატივი მაქვს, გაცნობოთ, რომ მოხდა გაუგებრობა და სატრანსპორტო გემი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, თავისუფალია. თქვენ და თქვენს მეგობრებს ბოდიშს გიხდით და პოლიციის დეპარტამენტი მზადაა, ფულადი კონპენსაცია გადაგიხადოთ მიყენებული ზარალისთვის.

კაპიტანმა უხმოდ დაუქნია თავი პოლიციის შეფს, ჰამოს მოუბრუნდა და უთხრა:

– ხომ გეუბნებოდი, ჩემო მეგობარო, ყველაფერი რიგზეა, თანაც კომპენსაციას გვთავაზობენ. დიდება ამერიკას!

– დიდება ამერიკას! – გაიმეორა ჰამომ, – კომპენსაცია კი საჭირო არაა. ჩავთვალოთ, რომ გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი დავივიწყოთ. შენ კი, ჩემო ბილ, დღეს ჩვენი სტუმარი ხარ და უარს თუ იტყვი, ჩათვალე, რომ ჩვენ მეგობრობას წერტილი დაესმება.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – უთხრა ჰოლმსმა ჰამოს. შემდეგ ფეხოსნები გაისტუმრა და ჰამოს მიუბრუნდა, – მე მზად ვარ სტუმრობისთვის.

პოლიციის შეფი და მისი თანმხლებნი ყურადღებით აკვირდებოდნენ ჰამოს და ამერიკელი კაპიტნის საქციელს. ბოლოს პოლიციის შეფმა თავაზიანად გაუღიმა მათ და უთხრა:

– ნახვამდის, ბედნიერ ცურვას გისურვებთ, ჩვენ კი უნდა დაგტოვოთ!

– ბილ, უხერხულია, – გადაულაპარაკა ჰამომ ჰოლმსს, – პატივი გვცეს და უპატივცემულოდ როგორ გავუშვათ?

– მერე, დაპატიჟე, – ჩურჩულით მიუგო ბილმა ჰამოს.

მთაწმინდელმა ხელის მოძრაობით შეაჩერა პოლიციის შეფი და უთხრა:

– დღეს თქვენ ჩვენი სტუმრები ხართ, პატივი დაგვდეთ და დარჩით!

პოლიციის შეფმა, რომელიც მსგავს რაღაცეებს არ იყო ჩვეული, ჰამოს სიტყვების აზრი ვერ გაიგო და ჰკითხა:

– რა ბრძანეთ?

ჰამომ ღიმილით უთხრა:

– სტუმრად გვეწვიეთ კაიუტაში, გეპატიჟებით. მით უმეტეს, რომ მისტერ ბილ ჰოლმსიც ჩვენთანაა და ნურც თქვენ გვეტყვით უარს.

– რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება, ახლა ხომ სამუშაო საათებია, – თქვა პოლიციის შეფმა და თანმხლებ პირებს გადახედა, რომლებიც დაბნეულები მისჩერებოდნენ ხან თავიანთ შეფს, ხან კი – ჰამოსა და ჰოლმსს.

– ჰოდა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მეგობრობის განსამტკიცებლად მუშაობთ, – უთხრა დანიელებს ჰოლმსმა, გონზე მოსვლა არ აცალა, სამივეს ხელი მოჰხვია და კაიუტისკენ წაიყვანა, თან როხროხებდა, – ნუ გეწყინებათ, ჩემო მეგობრებო, მაგრამ თქვენ, ჩრდილოელები, ცოტა არ იყოს, ცივი ხალხი ხართ. ჩვენ კი, ამერიკელები და ქართველები, ადამიანებთან თბილ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. სამი წლის წინ პატარა გემის კაპიტანი ვიყავი და ბათუმში გამაგზავნეს. თქვენ ნამყოფი ხართ ბათუმში?

– არა, – თავი გააქნიეს დანიელებმა.

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. აუცილებლად გაემგზავრეთ იქ. ჰოდა, ბათუმში რომ ვიყავი, იქაურებმა ისეთი კუთხით დამანახვეს ეს სამყარო, რომ თავი სამოთხეში მეგონა და, რომ არა მოვალეობა ჩემი ქვეყნის წინაშე, სამუდამოდ იქ დავრჩებოდი საცხოვრებლად.

– კი მაგრამ, ასეთი რა ნახეთ იქ? – ჰკითხა ჰოლმსს პოლიციის შეფმა.

– ნამდვილი ადამიანური ურთიერთობები, უანგარო და სუფთა დამოკიდებულება, – უთხრა ჰოლმსმა პოლიციის შეფს, ის კი აღარ უამბო, თუ როგორ აპირებდა „ოჯალეშით“ მთვრალი ამერიკელი სამხედრო გემის კაპიტანი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეჭრას და საქართველოს მტრებზე გალაშქრებას. მაშინ ეს ინციდენტი იქვე ჩაიფარცხა, ამერიკელი კაპიტანი დიდი პატივით გააცილეს, მასზე საუკეთესო ინფორმაციები მიაწოდეს მის ხელმძღვანელობას და სულ მალე ის მსოფლიოს უდიდესი გემის კაპიტნად დანიშნეს. ყველაფერი ეს მშვენივრად ახსოვდა ჰოლმსს და ქართველების დიდი მადლიერი იყო.

ჰოლმსის მონათხრობი ჰამოსთვისაც სიახლე იყო და მთაწმინდელს ორმაგად ესიამოვნა ამის მოსმენა. დანიელები კი ღიმილით შეჰყვნენ ამერიკელს კაიუტაში. ჰამომ თავის მეგობრებს სტუმრები გააცნო, მაგიდასთან დასვა. ათი წუთის მერე სუფრა სხვადასხვა კერძით აივსო და, რაც მთავარია, სტუმრებს ნატურალური „საფერავი“ დაალევინეს, რომელიც მასპინძლებმა კალინინგრადის ქართული ღვინის მაღაზიიდან წამოიღეს. რამაზი და ფრანცი გემბანზე მწვადებს წვავდნენ და სტუმრებს, განსაკუთრებით კი დანიელებს, ისე მოეწონათ ეს კერძი, ლამის თითები ჩაიკვნიტეს. მოსაღამოებული იყო, როდესაც კაიუტის კარი გაიღო და ზღურბლზე საიმონ სმიტი გამოჩნდა. პოპულარული ამერიკელი პოლიტიკოსის დანახვაზე დანიელები შეიშმუშნენ, ჰოლმსი კი ფეხზე წამოხტა და სმიტს მხედრული სალამი მისცა. სმიტი კი ჯერ ჰამოს გადაეხვია და გულთბილად მოიკითხა, ბოლოს ყველას ხელი ჩამოართვა, დანარჩენებთან ერთად სუფრას მიუჯდა და მოილხინა... ქეიფი ღამის 2 საათზე დასრულდა და მთვრალი დანიელები მათმა ხელქვეითებმა წაიყვანეს. ჰოლმსი და სმიტი ამერიკული სამხედრო გემისკენ გაემართნენ, რომელიც სულ მალე უნდა გასულიყო და ჰამოს და მის მეგობრებს ბედნიერი ცურვა უსურვეს. ხოლო, როგორც კი ინათა, „შივა“ ღუზიდან მოიხსნა და ამსტერდამისკენ აიღო გეზი...

***

კოპენჰაგენის პორტიდან გასულ „შივას“ პრობლემები აღარ შეჰქმნია და ამსტერდამში მშვიდობიანად ჩააღწია. იქ კი, სპეციალურად კუნძულ მასიდან გამოძახებულმა რამაზის ხელქვეითებმა, სულ რაღაც ერთ საათში გადატვირთეს 10 ტონა ოქრო და 400 კილოგრამი პლატინა საიდუმლო ტრიუმიდან სპეციალურ ფურგონში და, „სლეპოის“ საგანძურის მსგავსად, „ესესელების“ ოქრომაც ამსტერდამის ბანკის საცავში დაიდო ბინა. როდესაც ყველა პროცედურა დასრულდა, ხუთეული გრეტჰენის ბინაში შეიკრიბა და ფინანსური საკითხები დეტალურად განიხილეს, რის შემდეგაც ცოლ-ქმარს 100 მილიონი ევროს ღირებულების წილი დაუმტკიცდა. პეტიკო კი ხელზე ეამბორა გრეტჰენს, ათი ცალი ხუთ-ხუთკარატიანი ბრილიანტის თვალი დაუდო წინ და უთხრა:

– ეს შენ – ჩვენგან. თქვენ ქალაქში კარგი იუველირები არიან და მშვენიერ სამკაულებს დაგიმზადებენ.

გრეტჰენს თვალები გაუბრწყინდა, პეტიკოს და ჰამოს დიდი მადლობა გადაუხადა და თქვა:

– ნუთუ ამით უნდა დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა?

– ამას რატომ ამბობ, გრეტა? – ჰკითხა გოგონას პეტიკომ.

– ბრილიანტების ჩუქების გარდა, ყველაფერი რაღაც ძალიან ოფიციალურად გამოვიდა. ჩვენ კი, – გოგონამ ფრანცს შეხედა, – თქვენთან ერთად მუშაობა გვინდა.

– მუშაობა თუ მეგობრობა? – დააზუსტა რამაზმა.

– ორივე, – თქვა გრეტჰენმა, – ალბათ, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, რომ თქვენ მაფიოზები ხართ.

– მაფიოზები? – ღიმილით გაიმეორა პეტიკომ.

– სწორედაც, – თავი დაუქნია გრეტჰენმა, პეტიკო აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა, – შენ კი ერთ-ერთი ბოსი ხარ, თუ ყველაზე მთავარი არა.

– საიდან მოიტანე? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, ჰამოს და რამაზს გადახედა და ისევ გოგონას მიმართა, – თითოეული ჩვენგანი თანაბარი ადამიანები ვართ.

– ესე იგი, მართალი ვარ და მაფიოზობას არ უარყოფ, – თქვა გრეტჰენმა.

პეტიკომ თავი გააქნია, მხრები აიჩეჩა:

– მაფიოზი, რაღაც, ძალიან ცუდად ჟღერს. უფრო სწორია – ბიზნესმენი.

– ჰოდა, – გრეტჰენმა კვლავ მეუღლეს გადახედა, – მე და ფრანცს გვინდა, რომ თქვენი ბიზნესის წილში აგვიყვანოთ. ფული, როგორც იცით, საკმაოზე მეტი გვაქვს და დასაწყისისთვის ასი მილიონი ევრო, მე მგონი, ცუდი კაპიტალი არ უნდა იყოს. რას იტყვი, ფრანც, ხომ მართალს ვამბობ?

– რა თქმა უნდა, – დაადასტურა ფრანცმა.

პეტიკოს გაეცინა:

– ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებთ. მე, თქვენს ადგილზე, სხვაგვარად მოვიქცეოდი და ამ ასი მილიონი ევროთი უგემრიელეს დროს გავატარებდი. ჩვენი ბიზნესი კი ძალიან სახიფათო რამეა. მასში ჩაბმული ადამიანი იქიდან საკუთარი ნებით უკან ვეღარ გამოვა და, თუ მაინც მოინდომა, მხოლოდ მკვდარი თუ შეძლებს ამის გაკეთებას.

– ვიცი, პეტიკო, რაც მე მაფიოზებზე კინოები მაქვს ნანახი, ყველგან მასეა.

– ჩვენი ბიზნესი და კინო სხვადასხვა რამეა და კიდევ ერთხელ გირჩევ, რომ დაფიქრდე.

– ეს უკვე გადაწყვეტილია. თუ არ გამოგადგებით, მაშინ პირდაპირ გვითხარით.

– როგორ არა. ბოლოს და ბოლოს, ამხელა საქმე გავაკეთეთ ერთად და ამდენი ჭირ-ვარამი გადავიტანეთ ამ მოკლე დროში, – ღიმილით უთხრა პეტიკომ გრეტჰენს. შემდეგ კი ცივი, სერიოზული ხმით განაგრძო, – მაგრამ, იცოდე, ჩემო გოგონა, კალინინგრადში რაც გააკეთე ბრილიანტებთან დაკავშირებით, მსგავსი რამ არასოდეს გაიმეორო. ჩვენი ბიზნესი ქალსა და კაცს არ ასხვავებს და პასუხი ყველას თანაბრად მოეთხოვება. ჩვენს საქმეში მოტყუება არ მოსულა და ასეთი რამ სიკვდილით ისჯება.

– ვიცი, პეტიკო, და ჩვენ მზად ვართ, პატიოსნად ვიმუშაოთ, – თქვა გრეტჰენმა.

– ნამდვილად მზად ვართ, – გაიმეორა ფრანცმა.

– კეთილი, – თავი დააქნია პეტიკომ და ჰამოს და რამაზს ჰკითხა: – თქვენ რას იტყვით?

– საიმედო ხალხია, – თქვა რამაზმა.

– მაგარი წყვილია, – დაადასტურა ჰამომ, – ამათ უკვე გვიჩვენეს და ვფიქრობ, რომ გამოგვადგებიან.

– მეც მასე ვფიქრობ, – თქვა პეტიკომ. შემდეგ წყვილს მიუბრუნდა: – კიდევ ერთხელ გირჩევთ, გადაიფიქროთ.

– არა, – თავი გააქნია გრეტჰენმა, – თუ გამოგადგებით, მაშინ თქვენთან ერთად მუშაობა გვინდა და ეს უკვე გადაწყვეტილია.

– მეც ვეთანხმები, თქვა ფრანცმა.

– კეთილი, რადგან ასეა, მაშინ უკვე ჩვენიანები ხართ და რამაზის განკარგულებაში იქნებით. რამაზი კი, ასე ვთქვათ, კუნძულ მასის გუბერნატორია და მასთან გექნებათ უშუალო კავშირი, – უთხრა წყვილს პეტიკომ და სათითაოდ გადაეხვია, ბოლოს კი ყველამ ერთად ივახშმა და ორიოდე საათის შემდეგ ჰამო და პეტიკო თვითმფრინავით თბილისისკენ გამოემართნენ...

***

ამსტერდამი-თბილისის რეისი ღამის 10 საათზე ჩამოფრინდა საქართველოს დედაქალაქში. პეტიკო და ჰამო 15 წუთის მერე უკვე აეროპორტის შენობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ორივე ირგვლივ გამეფებულმა უჩვეულო ფუსფუსმა და პოლიციელების სიმრავლემ გააოცა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა უნიფორმიანი ადამიანების სიმრავლე შეიმჩნეოდა და საპატრულო მანქანებიც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი იყო.

– ნამდვილად რაღაც მოხდა, – უთხრა ჰამომ პეტიკოს.

– კი, მასეა და ახლავე შევიტყობთ, – მიუგო პეტიკომ სიძეს, მასთან ერთად ქუჩაში გავიდა და მათთან უმალვე პოლიციის ორი პატრული აიტუზა, რომლებმაც საკმაოდ უხეში, პატრულისთვის არადამახასიათებელი ტონით, საბუთები მოითხოვეს.

პეტიკომ ვითომ ვერ შენიშნა უხეშობა და პატრულს ჰკითხა:

– რა მოხდა, მეგობარო, რაღაც უჩვეულო ფუსფუსია. კარგა ხანია, თბილისში ამდენი პოლიციელი ერთად არ მინახავს.

– შენი საქმე არაა, – შეუღრინა პოლიციელმა პეტიკოს და პასპორტის გამოსართმევად ხელი გაიშვირა, მაგრამ პეტიკომ გამჭოლი მზერა ესროლა თავხედ პოლიციელს და ღირსეულად უთხრა:

– წესიერად, ოფიცერო! ისე მოიქეცით, როგორც ღირსეულ ადამიანს შეჰფერის!

– თორემ, რა? – გამომწვევად თქვა პოლიციელმა. პეტიკომ პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ მას ჰამომ დაასწრო:

– თორემზე ნუ მიდგება საქმე, თორემ, არამარტო პაგონებს დაკარგავ!

– ეგ როგორ? – ირონიულად წარმოთქვა ოფიცერმა.

– როგორ და, სულ ერთი ზარია საჭირო მინისტრთან და კარგად მეყოლე!

მინისტრის ხსენებაზე პოლიციელი შეცბა. შემდეგ პეტიკოს და ჰამოს ახედ-დახედა და თქვა.

– მინისტრი ამ ორი საათის წინ მოკლეს აეროპორტის ტრასაზე და თბილისში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული.

– კაი, კაცო! – გაფითრდა პეტიკო, – კი მაგრამ, როგორ?

– როგორ და, ვიღაც ფირმა ტიპი გაუცილებია აქედან და, უკან რომ ბრუნდებოდა, ხიდთან ვიღაცამ ტრანსპორტიდან გლიჯა, მისი მანქანა ააფეთქა და „ჯიპში“ მსხდომი ოთხივე ადამიანი დაიხოცა.

– ვაა, ვაა, ეს რა მომხდარა! საცოდავი, ჩვენი მეგობარი იყო... – გულწრფელად თქვა ჰამომ და მეორე პოლიციელს თავისი პასპორტი მისცა.

საბუთების შემოწმების შემდეგ, პეტიკო და ჰამო ტაქსიში ჩასხდნენ, სახლისკენ გამოემართნენ და მთელი გზა მომხდარ ტერაქტზე საუბრობდნენ.

– რა არის ადამიანი, – ამბობდა ჰამო, – იყო და აღარაა. მაინც როგორ მოახერხეს მისი ასე ადვილად მოკვლა?

– რაღა ადვილად, – თავი გააქნია პეტიკომ, – ნახე, რას ჰგავს აქაურობა!

მანქანა ტერაქტის ადგილს უახლოვდებოდა, სადაც უამრავი პოლიციელი იყო თავმოყრილი. იქაურობა ბრძოლის ველს ჰგავდა, რადგან რამდენიმე ბილბორდი და მცირე ნაგებობა ნაფლეთებად იყო ქცეული. ტაქსი პოლიციამ არ გაატარა და შემოვლითი გზით მოუხდათ წასვლა გზაში ჰამომ განაგრძო:

– აქ ერთი კი არა, რამდენიმე გრანატამიოტია გამოყენებული და, როგორც ეტყობა, მთელი ჯგუფი მოქმედებდა.

– როგორც ეტყობა, – დაეთანხმა სიძეს პეტიკო.

ტაქსისტი, რომელიც მანამდე მხოლოდ საუბარს ისმენდა, დიალოგში ჩაერთო:

– მთელი გრუპა იყო, ძმაოჯან, მაშ!

– შენ რა იცი, მეგობარო? – ჰკითხა ტაქსისტს პეტიკომ.

– ვიცი. იმ დროს კლიენტები მიმყავდა აეროპორტში და მაგათმა კორტეჟმა გვერდით ჩაგვიქროლა. სამი წამიც არ იყო გასული და, ვდრუგ, ბახ! ბუხ! ბახ! ბუხ! – ოთხი ისეთი ვზრივი გავიგონე, რომ მანქანა დავატორმუზე, უკან გავიხედე და, ვხედავ, ყველაფერი იწვის. ხიდიდან ხიეს, რა! მერე კი, ორი შავი „ჯიპი“ ადგილიდან მოწყდა და დალშე მოხიეს.

– ესე იგი, თვითმხილველი ყოფილხარ?

– ჰამე? – თქვა ტაქსისტმა, რომელიც პეტიკოს სიტყვების აზრს ვერ ჩაწვდა.

– რა და, მოწმე ყოფილხარ, ბიძაჩემო!

– მოწმე ბოზურია, „თვალი“!

– მასე იყოს, თვალი ყოფილხარ და პოლიციას ჩვენება უნდა მისცე!

– მეტი საქმე არა მაქვს. ერთი მაგათი დედაც!

– მაინც მოგიწევს, ბიძაჯან, თვითონ მოგაკითხავენ!

– ეგ როგორ?

– როგორ და, იქ ვიდეოკამერებია დაყენებული და შენს ნომერს გაშიფრავენ, მოვლენ და დაგკითხავენ. ასე რომ, ჯობია, შენ თვითონ მიაკითხო, უკეთესია.

– მართლა? – იკითხა შეშინებულმა ტაქსისტმა.

– ასპროცენტიანი.

ბევრი არაფერი დამინახავს, ორი შავი „ჯიპი“ ვნახე და ისინიც ისე სწრაფად მოტყდნენ, რომ ვერ გავიგე, „ნისანი“ იყო თუ სხვა ფირმა.

– შენი საქმის შენ იცი, ბიძაჩემო, – უთხრა ტაქსისტს ჰამომ, – ჩვენ შენ კარგ რჩევას გაძლევთ. ისე კი, რა ჩვენი საქმეა.

ამასობაში პეტიკო და ჰამო სახლში მივიდნენ, ფული გადაიხადეს, ტაქსი გაუშვეს და ეზოში შევიდნენ. მათ სოფი გამოეგება და ჰკითხა:

– გაიგეთ?

– მინისტრი რომ მოკლეს?

– ჰო.

– შემთხვევის ადგილიც ვნახეთ, მაგრამ არ გამოგვატარეს და შემოვლითი გზით მოვედით, – უთხრა სოფის პეტიკომ, სასტუმრო ოთახში შევიდა და უზარმაზარ ტელევიზორს მიაჩერდა, სადაც ტერაქტის დეტალებზე საუბრობდნენ.

– ახლა, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, – თქვა ჰამომ, – ვინ იცის, ვინ ახვარს დანიშნავენ და რა მოუვა თავში. ძველთან კი კარგი ურთიერთობები გვქონდა დამყარებული და ყველა წილები – გადანაწილებული.

– პრობლემები არც ახალთან გვექნება, მაგრამ, საინტერესოა, თუ ვინ იჩალიჩა ეს ამბავი, – თქვა პეტიკომ.

– ალბათ, რუსებმა, – თქვა ჰამომ.

– რაღაც, მეეჭვება, თავი გააქნია პეტიკომ, – ისინი ამდენს ვერ გაბედავდნენ.

– ჯერ არ გაუბედავთ, ხომ იცი!

– როგორ არ გაუბედავთ, მაგრამ, არა მგონია, ასე იყოს ბოლოს და ბოლოს, რაში სჭირდებოდათ?

– იმაში, რომ მათ საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა.

– ყველა მინისტრი მასე მოიქცევა და მათ საწინააღმდეგო პოლიტიკას გაატარებს. გამოდის, რომ რუსებმა ყველა უნდა დახოცონ? – თავი გააქნია პეტიკომ, – არა, ჰამო, აქ რაღაც სხვა ამბავია.

– რა სხვა ამბავი?

– რა და, ის კონკურენტმა გააგორა.

– ვინ კონკურენტმა?

– ვერ ხვდები?

– თქვი, რაღა, ვერ ვხვდები?

– აბა, გაიხსენე ამ ერთი თვის წინ რაზე ვებაზრებოდით?

– ამ ერთი თვის წინ, ამ ერთი თვის წინ... – იმეორებდა ჰამო. ბოლოს შეცბა და გაფითრებულმა თქვა: – არჩევნებზე, მომავალ არჩევნებზე!..

– გაგახსენდა? – ჰკითხა პეტიკომ, – თანაც, ფერზე გეტყობა, რომ ყველაფერს მიხვდი. ასე რომ, ძამიკო, არაა გამორიცხული, ჩვენც დიდი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდეთ. მას ხომ ჩვენ ვაქეზებდით და, თუკი ეს ასეა და ჩვენი სახელებიც ამოტივტივდა, არც ჩვენ გვიწერია დიდი ხნის სიცოცხლე.

– ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვენი საუბარი ჩაწერილია. მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ის სულ სხვა რამის გამო იყოს მოკლული?

– ნაკლებად სავარაუდოა.

– მაშინ, ხომ შეიძლება, რომ ჩვენი სახელები არ ამოტივტივდეს და მისი ამბიციები სხვა წყაროებიდან ყოფილიყო გამჟღავნებული?

– ეს შესაძლებელია?

– ვფიქრობ, რომ ეს ასეა, – ოფლი მოიწმინდა ჰამომ, – ჩვენ რომ მასთან ვსაუბრობდით, ჩვენს საუბარს ვერავინ ჩაიწერდა. არ გახსოვს, რომ შიშვლები ვიყავით და, თანაც, ჩანაწერებზეც ვისაუბრეთ?

– მახსოვს, ჰამო, როგორ არა. მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ერთი სიტყვით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ჩვენ ისეთ საქმეში ვართ გარეულები, რომ ისედაც სიფრთხილე გვმართებს.

– კი, მაგრამ, ამჯერად ორმაგად.

ტელევიზორში პრეზიდენტის საგანგებო განცხადების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყო. ამ დროს ჰამოს ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ! – ჩასძახა ჰამომ ყურმილს.

– ლუდა მედვედევა ვარ, ჰამო!

– როგორ ხარ, ლუდა?

– არა მიშავს, შენ როგორ ხარ?

– მეც კარგად.

– სად ხარ?

– თბილისში.

– რა ხდება თქვენთან, მართალია, რომ მინისტრზე ტერაქტი მოაწყვეს?

– ჰო, მოკლეს და ახლა პრეზიდენტი გამოდის პირდაპირი ეთერით.

– მაინც, რა მოხდა?

– აეროპორტის ტრასაზე ააფეთქეს, მეტი არაფერი ვიცი.

– სამწუხაროა. ალბათ, ჩვენ, რუსებს გვაბრალებენ.

– ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

– ჰამო, ხვალ თბილისში ჩამოვდივარ და უხერხული ხომ არ იქნება, რომ გეწვიოთ? – ჰკითხა ლუდამ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც საგანგებო მისიით მოდიოდა თბილისში.

– რას ამბობ, ლუდოჩკა, რის უხერხული. პოლიტიკის დედაც! ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და მთავარი ესაა. მოუთმენლად გელოდებით, მობრძანდი!

– კარგი, კარგი. შუადღის მერე მოგადგებით, ნახვამდის!

– ნახვამდის! – თქვა ჰამომ, ტელეფონი დაკეცა და პეტიკოს უთხრა: – ხვალ ლუდა ჩამოდის რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე...

***

ლუდა დღის 2 საათზე მივიდა პეტიკოსთან. ყველა რომ მოიკითხა, ისადილა და ცოტა დაისვენა, პეტიკოს და ჰამოს უთხრა:

– მათესგან ქსივა ჩამოგიტანეთ.

– მათესგან? – გაიმეორა ჰამომ.

– რამ გაგაკვირვა? – მხრები აიჩეჩა მედვედევამ, – მისი მოსკოვური ადგილსამყოფელი მხოლოდ მე ვიცი და გარე სამყაროსთან ტელევიზორის გარდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეშვეობით ამყარებს კონტაქტს.

– ბინ ლადენივითაა, – თავი გააქნია პეტიკომ და ისევ ლუდას მიმართა, – რა ქსივა გაქვს?

– ზეპირი.

– მიდი, თქვი!

– 20 მილიონი ევრო და ჰამოს ნახვა უნდა. ქეში სჭირდება და მაყუთი ჰამომ უნდა მიუტანოს.

– ამდენი მაყუთი რაში სჭირდება? – იკითხა პეტიკომ, – თანაც, ჰამომ რომ უნდა ჩაუტანოს...

– რისთვის უნდა, არ უთქვამს, ალბათ, ჰამოს ეტყვის. მე მგონი, ჰამოს გაგზავნა უნდა სადღაც.

– შენ რა იცი?

– მივხვდი.

– ოცი მილიონი ევროს რუსეთში ჩატანა სახუმარო საქმე არაა. როგორ გინდა, რომ ერთი უზარმაზარი ჩემოდანი, მაყუთით სავსე, ამხელა გზაზე წაიღო?

– ტრანსპორტირება პრობლემა არაა, – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – აქ მე „ჯიპით“ ვარ ჩამოსული და როგორც გადმოვედი, ისე გადავალ.

– კი მაგრამ, რომ გაგჩხრიკონ და მაყუთი გიპოვონ?

– არ გამჩხრეკენ, – თავი გააქნია ლუდამ, – ზუგდიდში ერთი პოლკოვნიკი დაგვხვდება და უპრობლემოდ გადაგვიყვანს საზღვარზე. როდის შეგიძლიათ მაყუთის დათრევა?

– ერთ საათში, – თქვა პეტიკომ, წამოდგა და, სანამ გავიდოდა, ლუდას უთხრა, – მე თვითონ მოვიტან.

ჰამო და ლუდა მარტონი დარჩნენ პეტიკოს კაბინეტში, მაგრამ სულ ცოტა ხნით. ოთახში სოფი შემოვიდა, ლანგარზე დაწყობილი ყავა, ნამცხვარი და ხილი შემოიტანა და ისევ გასვლას აპირებდა, მაგრამ ლუდამ შეაჩერა:

– სად მიდიხარ, სოფი?

– წავალ, ბავშვს დავხედავ, – იცრუა სოფიმ.

– ნუ მატყუებ, – გაეცინა ლუდას, – დარჩი ჩვენთან.

– რაღაცაზე საუბრობთ და, არ მინდა, ხელი შეგიშალოთ.

– სოფი, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მე და ჰამო მოსკოვში გავემგზავროთ ჩემი მანქანით?

– წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? – მხრები აიჩეჩა სოფიმ, – თუ ასე სჭირდება საქმეს, რა თქმა უნდა, გაემგზავრეთ.

– მერე, არ იეჭვიანებ?

– რაზე? ჩვენ ხომ ყველაფერი გავაიასნეთ და საეჭვიანო რა უნდა იყოს?

– მართალი ხარ, – გაიღიმა ლუდამ. შემდეგ წამოდგა, სოფის ჩაეხუტა და უთხრა: – და ხარ და ჩვენს დობას წინ ვეღარაფერი დაუდგება. რაც ადრე იყო, იმან გაიარა. ასე რომ, შეგიძლია, მენდო!

პეტიკო ზუსტად ერთ საათში დაბრუნდა. დიდი ზომის დიპლომატში ჩალაგებული ორასევროიანებისგან შეკრული ოცი მილიონი იყო ჩალაგებული. მან დიპლომატი მაგიდაზე დადო და თქვა:

– აქ ოცი მილიონი ევროა. შეგიძლიათ, გასამგზავრებლად მოემზადოთ.

***

ლუდა და ჰამო უთენია გაემგზავრნენ უახლესი „ბეემვეს ჯიპით“ ზუგდიდში და, ჯერ შუადღეც არ იყო, რომ უკვე ადგილზე იყვნენ. საჭესთან მედვედევა იჯდა და გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, რომლის საბარგულშიც ოცი მილიონი ევროთი სავსე ჩემოდანი იდო. შეთანხმებისამებრ, რუსი ოფიცერი მათ ზუგდიდში დახვდა, „ჯიპში“ ჩაუჯდა და ადმინისტრაციულ საზღვარზე უპრობლემოდ გადაიყვანა. ქართველ ძალოვნებს არც კი უცდიათ მანქანის გაჩერება და რუს ოფიცერს მეგობრულად მიესალმნენ.

– უკვე ჩვენს ტერიტორიაზე ვართ და შეგიძლიათ, მშვიდად იმგზავროთ. მე კი აქ ჩამოვალ. მთელი ღამე არ მძინებია, წავალ და თვალს მოვატყუებ, – თქვა რუსმა და „ჯიპის“ კარი გააღო.

– აი, მეგობარო, გამომართვი, დიდი მადლობა დახმარებისთვის, – უთხრა ჰამომ რუსს და ასდოლარიანი გაუწოდა.

ფულის დანახვაზე რუსს თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ, ლუდას რომ შეხედა, თქვა:

– როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ... მე მიბრძანეს, რომ დაგხმარებოდით, ფული რა შუაშია?!

– გამომართვი, გამომართვი! ყველანაირი შრომა ანაზღაურებას იმსახურებს და ეს ფული ნამდვილად გეკუთვნის, – უთხრა რუსს ლუდამ.

ოფიცერმა ფული ჯიბეში ჩაიდო, ათასი მადლობა გადაუხადა წყვილს და ბედნიერი მგზავრობა უსურვა. ლუდამ კი „ბეემვე“ ადგილიდან მოწყვიტა და გალის დანჯღრეულ ტრასაზე გააქროლა, რომელიც რუსული ჯავშანმანქანების აქეთ-იქით სიარულისგან საშინელ მდგომარეობაში იყო. სეზონის მიუხედავად, საკურორტო მხარეში უჩვეულო ატმოსფერო სუფევდა, რუსი დამსვენებლებიც კი არ ჩანდნენ, რომლებსაც სხვადასხვა რუსული ტურისტული სააგენტოები აქტიურად მოუწოდებდნენ აფხაზეთში დასვენებისკენ. ჰამოს ბავშვობა გაახსენდა და უამრავი ხალხით სავსე აფხაზეთი დაუდგა თვალწინ, როდესაც მზით გარუჯული ჩამოსული დამსვენებლები ჭიანჭველებივით ირეოდნენ ერთმანეთში. ჰამო ყოველწლიურად ჩამოჰყავდათ მშობლებს აფხაზეთში დასასვენებლად და მაგნოლიებისა და ზღვის სურნელი სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში. მან ამოიხვნეშა და ლუდას უთხრა:

– რას დაამსგავსეს ეს სამოთხე თქვენმა ნაბოზარმა სამხედროებმა!..

– ნუ იტყვი, კვიცო, ნუ იტყვი. მაგათი საზიზღარი დედაც! – თქვა ლუდამ და მთაწმინდელს გაუღიმა.

ჰამოს ცუდად ენიშნა ლუდას ნათქვამი „კვიცო“, რადგან, რუსი პოლკოვნიკის ქალიშვილი მთაწმინდელს ასე მგზნებარე და ბობოქარი სექსუალური ურთიერთობისას მიმართავდა ხოლმე. ამიტომ ჰამო დაიძაბა და ცდილობდა, ამოეცნო, თუ რა ედო გულში ლუდას. ამიტომ, ვითომ არც გაუგია ქალის სიტყვები, უთხრა:

– სანამ ომი დაიწყებოდა, აქაურობა სამოთხეს ჰგავდა და ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა. ახლა კი ერთ ბედნიერ სახესაც კი ვერ ნახავ.

– როგორ ვერა, შემომხედე და უბედნიერეს სახეს დაინახავ.

– უბედნიერესს? – მექანიკურად გაიმეორა ჰამომ, რომელსაც გული აუჩქარდა და იგრძნო, რომ მედვედევა ძველებურს უბრუნდებოდა და ჰკითხა, – კი მაგრამ, რაშია საქმე?

– იმაში, კვიცო, რომ კვლავ ერთად ვართ.

– ეს მეც მიხარია. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, თანაც, ოჯახებით, – მიმართულების შეცვლა სცადა ჰამომ, მაგრამ ლუდამ „აიცილა“.

– აქაურობამ ჩვენი რომანტიკული თავგადასავალი გამახსენა. გახსოვს, რამდენი ხიფათი შეგვემთხვა მოსკოვშიც, აქაც, მაგრამ, ყველაფერს გადავურჩით. შენ კი ისეთი ვნებიანი იყავი, რომ არ მავიწყდება. მას მერე უამრავი კაცი მყავდა, მაგრამ შენნაირი – არც ერთი.

– ნუ ატრაკებ, ლუდა, გეყოფა. რა დროს ეგენია? საჟიმაოდ ვართ წამოსულები, თუ საქმისთვის?

– ერთი მეორეს ხელს არ უშლის, – გადაიკისკისა მედვედევამ და სისწრაფეს მოუმატა, წინ მიმავალ „ჟიგულის“ გაასწრო, შემდეგ დიდი სისწრაფით შევარდა მოსახვევში და ორმოცდაათიოდე მეტრში მომავალი რუსული „ბეტეერი“ დაინახა, რომელზეც ექვსი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი იჯდა. აშკარა იყო, „ჯიპი“ ჯავშანმანქანას შეასკდებოდა, რაც „ბეემვეს“ მგზავრების უეჭველი სიკვდილით დასრულდებოდა. ამიტომ ლუდამ მკვეთრად მარჯვნივ აიღო საჭე და ჯავშანმანქანას ასცდა. თუმცა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამწვანებულ მდელოზე შევარდა და ორი უზარმაზარი ძროხა გაიტანა, რომლებიც იქვე მშვიდობიანად ძოვდნენ ბალახს. ძლიერი დარტყმის შედეგად, ძროხებმა რამდენიმე მეტრი იფრინეს და ძირს დაენარცხნენ. „ჯიპი“ კი გასრიალდა, ბოლოს ადგილზე დაბზრიალდა და გაჩერდა. „ბეემვეს“ მხოლოდ წინა შუშა ჰქონდა გაბზარული, რაც ძროხის რქის დაჯახებამ გამოიწვია.

– დაიწყო... – ჩაილაპარაკა ჰამომ და ლუდა აათვალიერ-ჩაათვალიერა, რომელსაც შიშის ნატამალიც კი არ ეტყობოდა და ისევ ისეთი მტაცებლური ჟინით უყურებდა მთაწმინდელს.

– შეგვეშინდა, კვიცო?

– კვიცს ნუ მეძახი! აზრზე მოდი და ამხელა საქმე არ ჩაშალო, ნებისყოფა მოიკრიბე! – უთხრა ჰამომ ლუდას და მათკენ გამოქცეულ ადამიანთა ჯგუფს მოჰკრა თვალი, რომლებიც წივილ-კივილით მიიწევდნენ „ჯიპისკენ“.

– ესენი ვინღა არიან? – იკითხა ლუდამ.

– ძროხის ჭირისუფლები, – მიუგო ჰამომ, მანქანიდან გადავიდა, ორივე ხელებით ანიშნა ძროხების პატრონებს, რომ დამშვიდებულიყვნენ და რუსულად უთხრა, – დამშვიდდით, ბოდიშს გიხდით და მზად ვართ, ზარალი აგინაზღაუროთ!

ძროხის პატრონებს შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცი იყო. ჰამოს ჟესტის დანახვაზე მათ აქტიურობას უკლეს და სვლაც შეანელეს, მაგრამ, როგორც კი მთაწმინდელის ქართულ აქცენტს მოჰკრეს ყური, ორმაგად გააქტიურდნენ და აყვირდნენ:

– ქართველო, საზიზღარო ქართველო! ჩვენს მიწაზე ხარ და ძროხებსაც გვიხოცავ?

– დამშვიდდით, ხალხო! ზარალს სრულად აგინაზღაურებთ, ნუ ყვირით და მოვილაპარაკოთ! – ამბობდა ჰამო. ლუდა მედვედევა კი ამ სანახაობას მშვიდად ადევნებდა თვალყურს მანქანიდან.

მოსულებმა ჰამოს წრე შემოარტყეს, ყვირილს უმატეს, მართალია, ხელით არ შეხებიან, მაგრამ უკანასკნელი სიტყვებით: ლანძღავდნენ და განსაკუთრებით მის ქართველობას უსვამდნენ ხაზს.

ჰამოს ყელში ამოუვიდა შეურაცხყოფების მოსმენა და იღრიალა:

– ეს ჩემი მიწაა! მისთვის ჩემს წინაპრებს უამრავი სისხლი აქვთ დაღვრილი და ვერავინ ამიკრძალავს აქ დგომას!

ჰამოს მოულოდნელმა პასუხმა აყვირებული ხალხი წამით დაადუმა. მაგრამ, მხოლოდ წამით. შემდეგ კი ორმაგი ძალით აღრიალდნენ, ხოლო მამაკაცებმა ხელით გაიწიეს მთაწმინდელზე. ჰამომ ორივეს ოსტატურად უთავაზა ყბაში და მიწაზე დაყარა. შედარებით ასაკოვანი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და კვლავ ჰამოს ეკვეთა. ახალგაზრდა კი გზისკენ გაიქცა, სადაც რუსებით სავსე ჯავშანმანქანა იდგა, რომლიდანაც ჯარისკაცები ყურადღებით აკვირდებოდნენ მდელოზე მიმდინარე ინციდენტს და ირონიული ტონით აკეთებდნენ უხამს კომენტარებს. გამოქცეულმა ახალგაზრდამ „ბეტეერთან“ მიირბინა და უფროს ლეიტენანტს, რომელსაც მედესანტის „აკაემი“ ჰქონდა მხარზე გადაკიდებული, უთხრა:

– წამოდით, ჩქარა! იქ ქართველი შპიონები არიან და დაგვეხმარეთ!

– ქართველი შპიონები? – გაიმეორა რუსმა.

დიახ! ის კაცი, მამაჩემს რომ ურტყამს, ქართული აქცენტით ლაპარაკობს!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3