გულმოკლულები
რაც არ ეპატიება აფხაზ სეპარატისტს, ეპატიება ქართველ ჩინოვნიკს
მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბ-ნმა რურუამ გვაუწყა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი, დიახაც რომ, აზერბაიჯანის კუთვნილებაა, არც შემდეგი შეფასება დააყოვნა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუდაუთაში მდებარე ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შერაცხა. მოვიხმობ ციტატას: „აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ბარბაროსული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს”. კულტურის მესაჭე მინისტრის აზრით, რესტავრაცია ქართული ძეგლების პირველადი სახის დასახიჩრებასა და კულტურული კვალის წაშლას ემსახურება. შესაბამისად, ასკვნის, რომ „ამ ტაძრის რესტავრაცია არ არის კანონიერი და ვერანაირ კანონიერებაზე ვერ ვისაუბრებთ მაშინ, როცა არც ქართველ ერს და არც იუნესკოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა არ აქვთ, ადგილზე ჩავიდნენ.“
იმავდროულად, მინისტრი უფრო ადრინდელ „საქმენი საგმირონიასაც“ იხსენებს და შეგვახსენებს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამინისტრომ ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თაობაზე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს ნოტა უკვე გადასცა და იმასაც გვიმხელს, რომ ჩვენი მშობლიური მთავრობა შესაბამისი ნოტის გადაცემას ლიხნის ტაძრის თაობაზეც გეგმავს. თუმცა, იქვე გვაიმედებს, რომ, რაკი ამ ტაძრების ფოტოები მოგვეპოვება (მაგრად შევინახოთ!), „თუ ისინი ფიზიკურად არ გაანადგურეს, დეოკუპაციის შემდეგ მათ პირველად სახეს დავუბრუნებთ”.
კეთილი და პატიოსანი, თუმცა აი, ისიც რომ ვიცოდეთ, ვის უნდა გადავცეთ ნოტა, როდესაც ჩვენივე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ჩვენსავე ძეგლს (ისე, რომ საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა) მეზობელი ქვეყნის საკუთრებად აცხადებს, მთლად უკეთესი იქნებოდა.