ვისგან აიღო ორი მილიონი ოქრო ქრთამად მიხეილ ანდრონიკოვმა და როგორ დაიძვრინა თავი მან პატიმრობიდან
მოუსვენარი ქართული გენი უამრავ ქვეყანაში გადახვეწილ ქართველებს მსოფლიო მასშტაბის ფიგურებად აქცევს, რასაც ჩვენ, საქართველოში მცხოვრებნი ყოველთვის სიამაყით ვყვებით და ვიხსენებთ. თუმცა, საუკუნეების ისტორიამ არაერთი განსხვავებული ტიპაჟის ამბავი შემოგვინახა. ასეთი გახლდათ მიხეილ ანდრონიკოვი, რუსეთის სახელმწიფო მოხელე, ცნობილი ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და თანამშრომლობდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაქნილ ავანტიურისტთან და გარყვნილ რუსთან გრიგორი რასპუტინთან.
ლევან გურიელიძე: მიხეილ ანდრონიკოვს საკმაოდ საინტერესო წარმომავლობა და ოჯახი ჰქონდა. მისი მამა, ასევე მიხეილ აბელის ძე ანდრონიკოვი დიდი თავადის, მიხეილ ნიკოლოზის ძის ადიუტანტი იყო. ის რუსეთის არმიაში მსახურობდა და მონაწილეობას იღებდა რუსეთ-თურქეთის ომში. დედამისი კი – სოფია აგნეს ივი, უნგერ-შტენბერგი, ბარონ ლეონარდ კარლოსის ძის, კავალერიის გენერლის ქალიშვილი გახლდათ. უმცროსი ანდრონიკოვი გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. რუსეთში ის ახალგაზრდობის წლებში ჩამოვიდა და „რუსი ხალხის კავშირს” დაუახლოვდა. მეგობრობდა პეტროგრადის ქალაქის თავთან, ფონ დერ ლაუნიცთან, გამოსცემდა გაზეთს – „გოლას რუსკოვო”. მან მალევე დაიწყო სახელმწიფო საქმეების ქექვა. 1897 წლიდან 1914 წლამდე თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა ორგანოებთან.
– საკმაოდ საინტერესო თანამდებობები ეკავა.
– დიახ. იყო კამერ-იუნკერი, ტიტულოვანი მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ზესაშტატო მოხელე წმიდა სინოდის ობერ-პროკურორთან. ვიტეს პრემიერობის დროს არაერთგზის გაიგზავნა გერმანიაში საგანგებო დავალებებით. მიხეილს პირადი ნაცნობობა ჰქონდა იმპერატორ ვილჰელმ მეორესთან. ამიტომაც იყო, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანოფილობის ბრალდებით, სამხედრო უწყების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ცნობილია, ანდრონიკოვის სიტყვა, რომელიც მან კაიზერთან დაზავებასთან დაკავშირებით წარმოთქვა: „ნუ დაივიწყებთ, ბატონებო, 1905 წელს. ჩემი აზრით, უმჯობესია, გერმანელებმა მოგვჭრან კუდი, ვიდრე ჩვენმა გლეხებმა – თავი.”
– როდის მოხდა ანდრონიკოვისა და რასპუტინის დაახლოება?
– უკვე მომდევნო წლებში. გრიგორი რასპუტინთან დაახლოების შემდეგ, ის გახდა მისი უშუალო კონსულტანტი საკადრო დანიშვნებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობის სფეროში. რასპუტინის საქმიანობაზე ბევრს აღარაფერს მოვყვები, ამის შესახებ მკითხველმა ისედაც კარგად იცის. ანდრონიკოვი თავის ოთახს საგანგებოდ უთმობდა რასპუტინს ეპისკოპოს ვარნავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ხვოსტოვთან და საიდუმლო მრჩეველ ბელეცკისთან შესახვედრად. ანდრონიკოვი ყოველთვის ხაზს უსვამდა მის განსაკუთრებულ რელიგიურობას, რადგან ეს იმ პერიოდის მეფის კარზე მიღებული იყო. რელიგიურობისადმი ფეხის ასაწყობად და საკუთარი ღვთივსათნომყოფელობის ხაზგასასმელად, საკუთარ საძინებელში სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი – დიდი ჯვარცმა, ანალოგიით მაგიით ნაკურთხი წყლისთვის და სხვა. იმავე საძინებელში კი, შირმის მეორე მხარეს, ორადგილიან საწოლზე საპროტექციოდ მოსულ მთხოვნელებს იღებდა. ამ ფაქტს აღწერს ეკატერინოსლავსკის რაიონული სასამართლოს პროკურორი თავის მოხსენებაში. პროკურორი ვლადიმერ რუდნევი: „შირმის მეორე მხარეს, თავის ორადგილიან საწოლზე ყველაზე გათახსირებულ, საძაგელ საქმიანობას ეწეოდა... ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც მას ეალერსებოდნენ პროტექციის გაწევის სანაცვლოდ”. თანდათანობით ანდრონიკოვმა რასპუტინის ნდობა დაიმსახურა და შემდეგში მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი და ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. „სულმდაბალი პიროვნებაა”, – თქვა ანდრონიკოვის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ვიტემ. მწერალ კასვინოვის დახასიათება კი ასეთი იყო: „ანდრონიკოვი თითქოს არც ჯაშუში იყო, არც გაიძვერა. სულ რაღაცას ჯახირობდა, ფლიდობდა, ინტრიგნობდა. ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა ადამიანებს.”
– ანდრონიკოვისა და რასპუტინის მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
– რასპუტინის ბინაზე ანდრონიკოვი აწყობდა ქეიფებს ოფიცრებისთვის. იქ ახვედრებდა ქალებს და მათი მეშვეობით სცინცლავდა ოფიცრებს უკანასკნელ მონაცემებს ჯარების მდგომარეობის შესახებ. ის ოსტატურად იყენებდა თავადის ტიტულს და ნაცნობობას ამყარებდა ქალაქის ოფიცრობასთან, შესაფერის კომპანიონებს ეძებდა რესტორნებში „ასტორიასა” და „ევროპაში”. ანდრონიკოვი დაეპატრონა თუ არა სასტუმრო „ელეგიას” ნომერს, თეჯირს მიღმა მოაწყო კერძო საქმის წარმოება. კონკრეტულად, კი ადგენდა ცნობებს რუსეთში მოხვედრილ გერმანელ ტყვეებზე. 1916 წელს რასპუტინი და ანდრონიკოვი ერთმანეთს დაემდურნენ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს ალექსანდრა ფეოდოროვნამაც ალმაცერად დაუწყო ყურება. 1917 წელს ანდრონიკოვი გახდა ეჭვმიტანილი გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობაში და აეკრძალა ცხოვრება სამხედრო მდგომარეობაში მყოფ ორივე დედაქალაქში. მეფემ ბრძანა ანდრონიკოვი რიაზანში გადაესახლებინათ. მაგრამ, ის მალევე თვითნებურად დაბრუნდა მოსკოვში. დროებითი მთავრობის საგანგებო სამძებრო კომისიის წარდგინებით, ამავე წლის 23 მარტიდან 1 ივლისამდე იმყოფებოდა საპატიმროში, პეტრე-პავლეს ციხის ტრუბეცკის ბასტიონში.
– როგორც ვიცი, მან კიდევ ერთხელ მოახერხა წელში გამართვა.
– ასე იყო. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ლენინისა და ძერჟინსკის რეკომენდაციით, ძველი დამსახურებებისთვის, ის დაინიშნა კრონშტადტის „ჩეკას” უფროსად. კონკრეტულად, მას, მოზრდილი თანხის გადახდის საფასურად, საბჭოთა რუსეთის დატოვების მსურველთაგან ფინანსური შემოდინებები უნდა აეკრიფა. ის მალევე გამოიჭირეს მსხვილ მექრთამეობაში. დიდი მთავრის, ალექსანდრესა და მისი მეუღლის, ქსენიასაგან ოქროთი ორი მილიონის აღების შესახებ გაიგო „ვეჩეკა-ს” თავმჯდომარის მოადგილემ, გლებ ბოკიმ. ასე რომ, გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ანდრონიკოვი დაიხვრიტა ბოლშევიკების ხელისუფლების მიერ, თუმცა, რეალურად, უფრო მიესადაგებოდა ბრალდება ფინანსური აფერისტობისთვის. ერთი სიტყვით, დახვრეტით ანდრონიკოვის ისტორია მთავრდება, თუმცა მისი სურათი ლიტერატურაში შემორჩა. რასპუტინთან დაახლოებული პიროვნების სურათი დახატულია რუსი მწერალ-ისტორიკოსის, პიკულის რომანში „არაწმინდა ძალა”. არ არის გამორიცხული, რომ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძის” „აპოლონჩიკის” პროტოტიპადაც ანდრონიკოვი მოიაზრებოდეს.