კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოახდინა რევოლუცია სილამაზის სტანდარტის შექმნაში და რატომ იყო ქალის სილამაზის „ნიშანი“ დიდი თავი

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა სილამაზის  კრიტერიუმებისა და პროპორციების მეცნიერული კვლევა დაიწყეს, ამ თემაზე მთელი მიმდინარეობები შეიქმნა. ცნობილი სტანდარტი – 90-60-90, მხოლოდ შემოწერილობა და ციფრები არ იყო, მის უკან მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების კვლევები იდგა, რომლებიც დროდადრო ისეთ რევოლუციურ სკანდალებს აწყობდნენ,  ახალი პლანეტის აღმოჩენას რომ უტოლდებოდა. სინამდვილეში კი, ყველაფერი მარტივად ყოფილა: თურმე, დღემდე, სილამაზის პროპორციები ისევ და ვინჩის დახატული ნაკვთებიდან ითვლება და, თუ ცნობილ პარამეტრში – 90-60-90 – არ ჯდებით,  დიდად ნუ შეწუხდებით – ადამიანის სილამაზე,  თუ პროპორციებს დავივიწყებთ, კისრისა და წარბის „მილიმეტრაჟში” ნამდვილად არაა, რატომ?! ამაზე პასუხებს  „ისი პარის” სილამაზის აკადემიის ხელმძღვანელი ანუკა მურვანიძე გაგცემთ.    

– ყველა დროსა და ეპოქას  სილამაზის განსაზღვრის თავისი სტანდარტი აქვს, როგორია დღეს ეს სტანდარტი და  პროპორციები?
–  შემიძლია გითხრათ, რომ  დღეს სილამაზის განსაზღვრის  აღიარებული სტანდარტი ნამდვილად აღარ არსებობს,  ყველაფერი დაირღვა. ადამიანის, მით უფრო, ქალის  სილამაზე, მაინც მის ინდივიდუალიზმშია. ყველა ქალი რომ ერთმანეთს ჰგავდეს, ცხოვრება საინტერესო აღარ იქნებოდა, თუმცა, ერთ-ერთი  მეცნიერი, რომელიც თავის დროზე მოქანდაკე იყო, შემდეგ კი ადამიანის სილამაზის სტანდარტების კვლევა დაიწყო, ამტკიცებს, რომ, ყველა ადამიანის სახე ერთნაირი რომ იყოს, უფრო საინტერესო იქნებოდა სამყარო. ეს არასწორი მიდგომაა. როცა ორი ადამიანი ერთნაირადაა ჩაცმული მაშინ იკარგება  ინდივიდუალობა და, წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, ყველა ადამიანი ერთმანეთს რომ ჰგავდეს? ჩვენ რომ სილამაზის პროპორციებს  ბოლომდე მივყვეთ, ძალიან შორს წავალთ და ძალიან ბევრ ქალბატონს ამის გაგება შოკში ჩააგდებს (იცინის). ქალის სილამაზის ფორმულა და პროპორციები მხატვრობიდან მოდის, თუმცა, დროთა განმავლობაში იცვლება. სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს  ქალის პროპორციული სახე, მოდის და ვინჩიდან. მართალია, დროთა განმავლობაში პროპორციები შეიკვეცა, მაგრამ,  ძველი მონახაზი მაინც დარჩა. ადრე უფრო ფაშფაშა ქალები იყო მოდაში, ახლა კი რაც უფრო მეტი ძვალი უჩანთ, ჰგონიათ, რომ მით უფრო ლამაზები არიან (იცინის). სახეს ჰორიზონტალურად ვყოფთ სამ ნაწილად, ვერტიკალურად კი – განაკვეთებად, ამ დიაგონალებში უნდა ჩაჯდეს  სახის გარკვეული ორგანოები და ნაკვთები. მაგალითად,  წარბის დასაწყისის საზომი არის ცხვირის ნესტო, ხაზი ნესტოსა და წარბის დასაწყისს შორის სწორად უნდა იმართებოდეს, რომ წარბი არ იყოს ან შიგნით შეწეული, ან გარეთ „დარჩენილი”. თვალის ამოწეული მხარე უნდა იყოს თვალის გუგიდან დიაგონალზე და არავითარ შემთხვევაში სწორ ხაზზე;  წარბის სიგრძე უნდა ქმნიდეს  დიაგონალს ტუჩთან. პრინციპში, ეს პროპორციები ასეთივე იყო ადრეც, უბრალოდ, ოდნავ დაპატარავდა ფორმები. ადრე მოდაში იყო მრგვალი სახე, ახლა კი ოვალურ სახეს ენიჭება უპირატესობა, ეს არის იდეალური.  აქედან გამომდინარე, ყველას, ვისაც ოთხკუთხედი ან სამკუთხედი სახე აქვს, ჰგონია, რომ იმ ოვალში უნდა ჩაჯდეს, თუმცა, ეს არაა პრობლემა და სულაც არ არის საჭირო, რომ ყველას ოვალური სახე ჰქონდეს. ყველა ფორმის სახეს აქვს თავისი სილამაზე, მთავარია, სწორად იყოს გამოყვანილი ნაკვთები. დღეს აღარ არის აქტუალური 90-60-90, – ეს პროპორციები დარღვეულია.  ქალი არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, უმჯობესია საშუალო სიმაღლე, რადგან, მამაკაცს აღარ მოსწონს ქუსლებზე შემომდგარი ქალი მასზე მაღალი რომ მოჩანს. თუმცა, მამაკაცს მოსწონს ქალი მაღალი ქუსლებით, რაც, თითქოს, სექსუალურად აჩენს ქალს, თუმცა, მე არ  ვიზიარებ ამ მოსაზრებას. სექსუალურობა არ გამოიხატება არც ჩაცმით, არც მაღალი ქუსლით. ედიტ პიაფი არ იდგა 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე, თითქოს მონაზონის სამოსი ეცვა, მაგრამ, მგონი, 9 ქმარი გამოიცვალა. დღეს თითქოს მოდაშია ეგრეთ წოდებული „ნაშური” ქალი, თუმცა, ესეც აზრთა სხვადასხვაობის თემაა.
– ქართველები „ვჯდებით” მსოფლიო პროპორციებში?
– არა, ქართველები სილამაზის  საერთაშორისო პროპორციებში არ ვჯდებით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენში  ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანია, მით უფრო, ახალ თაობაში, ამ სტანდარტში ჩვენ  ვერ ვხვდებით და ვერც ვერასდროს ვხვდებოდით. ჩვენ მაინც აზიური ქვეყანა  ვართ და გვაქვს აზიური პროპორციები: აზიელი ქალის სახე უფრო ფართოა, ვიდრე ევროპელის, თუმცა, იმდენი ნარევი გვაქვს სისხლში, ვერ ვიტყვი, რომ ქართული იერი არსებობს. საუკუნეების წინ უამრავი აღმოსავლური სისხლი „გაგვერია,” ბოლო ათწლეულებში  უკვე ევროპული სისხლი  წამოვიდა, არათუ ევროპული შავკანიანი ბავშვებიც კი გაჩნდნენ. სილამაზის „ქართული სტანდარტის” ცნება დარღვეულია. ქართველი ქალი  ცდილობს, ჰგავდეს  ევროპელ ქალს, მაგრამ, ჩვენთან ძალიან საინტერესო პროპორციებია: ტორსი უფრო მაღალია ფეხებზე და, შესაბამისად, თეძო უფრო დაბლაა. თუმცა, ახალ თაობაში, ვინც ევროპული სისხლის ნაზავის შედეგად გაჩნდა, არიან გოგონები გრძელი ფეხებით. ჩვენთან უკვე ძალიან ბევრია  ევროპული სახეც. ადრე  ქართველ ქალს აზიური სქელი, შავი წარბები ჰქონდა, ახლა წარბიც გაქერავდა. ეს მარტო ჩვენთან არაა. როგორც კი ბრიტანეთის სამეფო კარზე დაიანა გამოჩნდა და სისხლი აირია, ულამაზესი მემკვიდრეები გაჩნდნენ სამეფო კარზე. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ქალები სილამაზის სტანდარტს იღებენ ცნობილი ჟურნალების მოდელების მაგალითებიდან, ჩემთვის ხშირად უთქვამთ, მინდა ვგავდე ადრიანა ლიმას ან ლივ ტაილერსო და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ დაემსგავსონ. ეს გამორიცხულია, მათ ვერ დაემსგავსებიან. ამის მიღწევა  შეუძლებელია პლასტიკის ჩარევის, ტუჩის გადიდებისა თუ ტანის კორექციის ხარჯზე. 60-იან წლებში მოდაში იყო დიდი თვალები, „ბაბეტა” ვარცხნილობა და მინი-ქვედაბოლო, 80-იან წლებში კი დიზაინერებმა „არაბული ღამეების” თემა აიღეს, სიტუაცია შეიცვალა და აზიური, გლამურული მოდა წამოვიდა.  ეს ტენდენცია იყო მთელ მსოფლიოში, აზიური სტილი 90-იანებში ევროპულით შეიცვალა და სინდი კროუფორდის გრძელი ფეხების, კისრისა და ოვალური სახის  მოდის დრო დადგა; ამ პროპორციებს  დაემატა სავსე  მკერდი – მინიმუმ, სამი ზომა, შევიწროვდა თეძოც. 90-იანების ბოლოს კი მკაცრად დამკვიდრდა „უნისექსი”, რომელიც ადრე იყო, როცა გამოჩნდა მოდელი ტვიგი  დიდი თვალებით, უთეძოო, ბრტყელმკერდიანი,  პატარა ტანითა და „გრანდიოზული” თავით. მან დაარღვია არსებული სტანდარტები და მერლინ მონროდან, სოფი ლორენიდან ტვიგზე გადასვლა ცოტა რთული წარმოსადგენია. ის გამოიყვანა ივ სენ ლორანმა, რითაც მოაწყო სკანდალი და ერთგვარი რევოლუცია, მაგრამ, სამყარო არ დაეთანხმა მას და ტვიგი მალე ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებულმა „ნაშურმა” ქალმა. 90-იანებში კვლავ  გაახსენდათ ტვიგი,  გააკეთეს სესიები – „ალ-ლა ტვიგი”, მერე კი  დაიწყო „ისტერიკა”  სექსუალურ სტანდარტზე: ბუთქუნა ტუჩი, ოდნავ აზიდული აზიური თვალები და ფაშფაშა, სილიკონიანი მკერდი, მაგრამ, ქალი უნდა იყოს ძალიან გამხდარი. დაიწყო ძალიან დიდი ბრძოლა სილამაზის ამ ტიპის მოდელის დასამკვიდრებლად, მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ ძვალტყავა ქალი აღარც მოდურია და აღარც ლამაზი. უცხოეთში  არ მოსწონთ ძვალტყავა გოგო, ქალის დანახვაზე აქვთ აქცენტი. მე მიკვირს ქართველი კაცების, რატომ დაემართათ რადიკალური მოთხოვნა სიგამხდრეზე, თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ცოლად უფრო „სავსე”’ ქალი მოჰყავთ,   „მჭლე” ქალი კი უფრო სექსუალური იმიჯისთვის სჭირდებათ და, ამასობაში, მთავარი – ინდივიდუალიზმი გამოეპარათ. ამ თემაზე ჩემი  კვლევა მაქვს ჩატარებული. 
– როგორია დღეს   იდეალური  ქალი?
– პროპორციები მილიმეტრებში თუ ჩავსვით, ყველა ქალი ერთნაირი იქნება; მაგალითად, სილამაზის პროპორციებით, თვალებს შორის კიდევ ერთი თვალი უნდა ეტეოდეს, ცხვირსა და ტუჩს შორის უნდა ეტეოდეს თითი და ასეთი ბევრი დეტალი არსებობს. სტანდარტებსა და პროპორციებს თუ გვერდზე გადავდებთ, დღეს იდეალურია  მოვლილი ქალი (იცინის). გემოვნებიანი და კარგად ჩაცმული ქალი ყოველთვის მოდურია. ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ, დღეს ეს აღარ არის აქტუალური, სწორედაც რომ დავობენ. არაა აუცილებელი, ქალს „გუჩი” ეცვას – ეს არ ნიშნავს გემოვნებას. შესაძლოა, საკუთარი ან აბსოლუტურად უცხო დიზაინერის შეკერილი გეცვათ, მაგრამ, გეცვათ ლამაზად და გემოვნებით.  ადამიანის ასაკმა ზევით გადაიწია – ახლა ძნელია იმის განსაზღვრა, რა ასაკის არის ქალი, მით უფრო, რომ გაახალგაზრდავების უამრავი საშუალება არსებობს.
– დღეს ძალიან ბევრი ცდილობს, შეცვალოს თავისი  გარეგნობა  ქირურგიული ოპერაციების ჩარევით და, ამის შედეგად ხშირად იქმნება კიდეც ის სტანდარტი, რომელიც იმ დროისთვის მოდურად ითვლება.
– არავის არაფერი აქვს საპრეტენზიო იმ შემთხვევებთან,  როდესაც სამედიცინო ჩარევა არ სცილდება ესთეტიკის ჩარჩოებს, მაგრამ,  მაშინ, როდესაც ადამიანი ამ ზღვარს გადადის, მისი გარეგნობა საშინლად გამაღიზიანებელი ხდება. დღეს რა არის მოდური? – დაბერილი, დასიებული ტუჩი,  ზევით აქაჩული თვალები, იმ დონეზე  დაბოტოქსებული სახე, რომ მიმიკა მთლიანად დაკარგულია... მაგრამ, მეცნიერები უკვე მიდიან იმ დასკვნამდე, რომ შეეშალათ და ლამაზი ქალის ასეთი „მოდელი” შეცდომით შექმნეს.  ეს იყო ექსპერიმენტი, რადგან, ჩვენ არ ვიცით,  საბოლოოდ სად  მიდის ამ თერაპიებისა და პლასტიკის ბოლო. თუ გარეგნობის შესაცვლელად პლასტიკური და თერაპიული ჩარევა ხდება ნაადრევ ასაკში, ეს არის შეცდომა, თუ ხდება 40 წლის ზემოთ მიზანშეწონილიც კი არის.  ბოტოქსოთერაპიას აქვს თავისი წესები. მერილ სტრიპს ჩატარებული აქვს ბოტოქსოთერაპია, მას ეტყობა  ნაოჭი, თუმცა, მაინც კარგად გამოიყურება, მაგრამ, დიდი შეცდომა დაუშვა ნიკოლ კიდმანმა, რომელიც ცვილის თოჯინას დაემსგავსა.  ის, რომ 35 წლის ქალს აქვს სურვილი, ჰგავდეს 25 წლის გოგონას, შეცდომაა, რადგან, რაც უნდა  ჩაერიო შენს გარეგნობაში, ვერაფერს უზამ თვალებს, რომელიც ყველაზე მეტად გასცემს ადამიანის ასაკს. მასში ყველა ჩვენი სიხარული და ტკივილია დატეული, ის ციმციმი და ვარსკვლავი, რაც თვალს აქვს ადრეულ ასაკში, გამორიცხულია, რომ ჰქონდეს გვიან. ფანტასტიკური ფრაზა თქვა ანა მანიანიმ, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არ იკეთებდა პლასტიკურ ოპერაციას, მან უპასუხა: ის ნაოჭები, რაც მაქვს, ძვირად მიღირდა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებო. მე აბსოლუტურად მესმის მისი, რადგან ადამიანის თითოეული ნაოჭი მისი ცხოვრების ისტორიაა.

скачать dle 11.3