რა პრობლემები შეექმნა მკერდგადიდებულ თამუნა მუსერიძეს და ვინ არის მამაკაცი, რომელიც მას უსიტყვოდ დაემორჩილა
ჯერ ისევ მარტოა, თუმცა მისი ერთ მამაკაცთან ტანდემი ძალიან წარმატებული გამოდგა. გუგა კუზანოვი პაციენტით და თავისი ნახელავით ძალიან კმაყოფილია, თამუნა კი სამართლიანად ამაყობს ულამაზესი მკერდით. როგორ გრძნობს სექსუალური ქალის ამპლუაში და რა სიახლე მოუტანა მას შეცვლილმა იმიჯმა, ტელეწამყვანი, როგორც ყოველთვის, ახლაც გულახდილად გვიყვება.
თამუნა მუსერიძე: საკუთარ სექსუალურობას ნამდვილად ვერ ვგრძნობ, თუმცა ვამჩნევ, მკერდზე რომ მიყურებენ და თავიდან ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. გულახდილად გეტყვი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მკერდს გავიდიდებდი. ფიქრით კი მიფიქრია, ოპერაციის კადრებიც ნანახი მქონდა, მაგრამ ისეთი რაღაცეები მესმოდა. გუგა კუზანოვი, რომ არა, ვერც მივხვდებოდი, რომ ასე ძალიან მდომებია ეს პლასტიკური ოპერაცია.
– ანუ, გადაწყვეტილება გუგამ მიგაღებინა?
– შეიძლება ითქვას, რომ კი (იცინის). ამ ტიპის ოპერაციაზე არ დათანხმდები, თუ ექიმის მიმართ აბსოლუტური ნდობა არ გაქვს. ჩვენი ტანდემი პირველივე შეხვედრაზე შედგა. რაც მითხრა, ყველაფერი დავუჯერე, უსიტყვოდ ვემორჩილებოდი. ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი. უზომოდ კმაყოფილი ვარ.
– მაინც რა დაუჯერე უსიტყვოდ?
– მაგალითად, მითხრა, კორსეტი არ უნდა გაიხადოო და იმაზე მეტხანს მეცვა, ვიდრე საჭირო იყო; საჭესთან არ დაჯდე ერთი თვეო და მე ორი თვე არ გავკარებივარ მანქანას... საკუთარი თავის მიკვირს, ისეთი მორჩილება გამოვიჩინე (იცინის).
– აბა, ახლა მოყევი, როგორ გრძნობ თავს ახალი მკერდით...
– ო, არ მეგონა, თუ ასე დავკომპლექსდებოდი. დავიწყოთ იმით, რომ ოპერაციის შიში საერთოდ არ მქონია. ესეც მთლიანად ბატონი გუგას დამსახურებაა. კიდევ ვამბობ, გუგა, რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, ამ ნაბიჯს საერთოდ არ გადავდგამდი... არაბუნებრივად მშვიდია და გაწონასწორებული. თავდაჯერებული ხდები მის გვერდით. აი, დედაჩემი კი ტიროდა და განიცდიდა, თითქმის ორი თვე. ოღონდ, არა ოპერაციის შედეგის გამო, რა სირცხვილია, მკერდს რომ იდიდებ, ხალხი რას იტყვისო, – ამას განიცდიდა. რაც შემეხება მე, ოპერაციის მესამე დღეს, უკვე კონცერტი მიმყავდა... თვალი რომ გავახილე, არ ვიცი საიდან გაჩნდა იქ მაკა შალიკაშვილი, მაგრამ თავზე მედგა. ჩემზე მეტად იყო გახარებული, რა მაგარიაო... მაკაც გუგას ფანია, სხვათა შორის. მაშინვე ყველა მეგობარს დავურეკე და გავაგებინე ეს ამბავი.
– მამაკაცების მხრიდან ყურადღებამ მოიმატა.
– რა არის იცი? ჯერჯერობით ვერ ვიცვამ თამამად გულმოხსნილ და ტანზე კარგად მომდგარ მაისურებს (იცინის), მრცხვენია. ერთხელ გავბედე, ჩავიცვი დეკოლტე და ტელევიზიაში რომ მივედი, ყველა მამაკაცი გამარჯობის ნაცვლად, მკერდზე მიყურებდა. თანამშრომლებიდან ერთი-ორმა ისიც კი მითხრა, აბა, მაჩვენე, შეიძლება, ხელით მოვსინჯოო? ჩემი მკერდის მიმართ ერთბაშად ასეთმა ყურადღებამ ძალიან დამაკომპლექსა. იქამდეც კი მივედი, ყელზე შარფი მქონდა მოხვეული, მკერდი რომ დამეფარა. მერე მეგობრებმა მითხრეს, ხომ არ გაგიჟდი, ამისთანა მკერდს როგორ მალავ, აბა, რიღასთვის გაიკეთე ოპერაციაო. ახლა ნელ-ნელა „ვაპარებ”. შარფი უკვე მოვიხსენი. კიდევ მქონდა პატარ-პატარა პრობლემები, მაგალითად, ბიუსტჰალტერის ყიდვასთან დაკავშირებით. აქამდე, მთავარი იყო, მომწონებოდა ბიუსტჰალტერი. ახლა ზუსტად უნდა მომერგოს, ანუ კონკრეტული ზომა უნდა მოვძებნო. კიდევ კარში ვერ ვეტეოდი. (იცინის)...
– ეგ როგორ?
– როგორ და გაბარიტებში ავირიე. ვერ ვაცნობიერებდი, საკუთარი მკერდის ზომას და ვეჯახებოდი კარის ჩარჩოს. ხან ერთ მხარეს წამოვედებოდი, ხან მეორე მხარეს. მერე მეცინებოდა საკუთარ მოუხერხებლობაზე. სხვა მხრივ აბსოლუტურად ბუნებრივად მივიღე ახალი მკერდი. აღარც ნაკერი მეტყობა და ვინც არ იცის, საერთოდ ვერ ხვდება პლასტიკა რომ მაქვს გაკეთებული. როგორც გუგამ მითხრა, თუ კიდევ მოვინდომებ ბავშვის გაჩენას, ძუძუთი მის გამოკვებასაც თავისუფლად შევძლებ.