კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავაზიანი ხუჭუჭა და პროქტოლოგის პაციენტი

სულ ახლახან კლინიკაში გახლდით ვიზიტზე ექიმთან. მეორე სართულზე რიგებია...  დავიკავე რიგი და ველოდები... ზოგი კედელთან გამწკრივებულ სკამებზე ჩამომსხდარა. უმეტესობა ფეხზე დგას. ერთმანეთის გვერდიგვერდაა სტომატოლოგის, ყელ-ყურ-ცხვირის, თერაპევტის, ოფთალმოლოგისა და ასე შემდეგ კაბინეტები.
ცოტა ხანში დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით შემოგვემატა ფრიად დაღვრემილი, მელოტი, საშუალო ასაკს გადაცილებული, წითური სახის მამაკაცი.
– ბოლო რომელია? – იკითხა ზრდილობიანად.
წუთის წინ შემოსწრებულმა ქალბატონმა თითი გულზე მიიდო  – მეო.
– თქვენს მერე მე ვიქნები, – ცალი მხრით მიეყრდნო კაცი კედელს და მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.
განაპირა სკამზე თმახუჭუჭა, 30-32 წლის ახალგაზრდა ზის. აშკარად ეტყობა, რომ დილით ერთი „200 გრამი“ მოუსწრია და სხვებთან შედარებით, მხნედ და მხიარულად გამოიყურება.
შეზარხოშებული კაცების უმრავლესობა ცდილობს, ზრდილობიანი და გულმოწყალე იყოს, ან თავი მაინც მოგაჩვენოს ასეთად. ხუჭუჭა რატომ იქნებოდა გამონაკლისი?! ცქვიტად წამოხტა სკამიდან.
– მობრძანდით, ბიძაჩემო, დაბრძანდით აგერ, ჩემს ალაგზე, – მიმართა მელოტს.
– იყოს, არა უშავს! – სასტიკად იუარა კაცმა, რითაც დანარჩენებს შთაბეჭდილება შეუქმნა – არც ისე ბებერი ვარ ამ ბახუსისმოყვარულზეო.
– კაი, რავარც გაგეხარდება, ბიძაჩემო, შენ გეხუტუნე მე! – სკამზე დაბრუნდა და დანარჩენებს უხერხული უმწეობით გადახედა, – რა ვქნა მეტი... არ უნდა და... – თანაც, ვეღარ ისვენებს, რადგანაც კაცი იქვე დგას, სკამთან... უფრო გასაგებად – თავზე ადგას, რა, ხუჭუჭას...
სიჩუმე ჩამოვარდა. თვით ყველაზე აქტიურად მოჭორავე ქალებიც კი გაჩუმდნენ და გუნებაში აანალიზებენ ხუჭუჭა უფრო ზრდილობიანად მოიქცა თუ დაპატიჟებული ფეხზე მდგომი – უმადურად.
ქალების დიდხანს გაჩუმება რომელ კანონში წერია, თუ გიყვარდეთ და ახალი ენერგიით აჩურჩულდნენ:
– ეს ახალგაზრდა ძალიან სწორად მოიქცა ახლა, მართლა და მართლა.
– სწორია, აბა, რა... ზრდილობიანი ოჯახისშვილი ჩანს და არ უნდა გაეწბილებინა იმ კაცს. მაგით დაამტკიცა, რომ უტაქტოა...
– უტაქტოა, აბა, რა! – ჩაერთო მესამე, – ჯერ რა გამომეტყველება აქვს... მაგაზეა ნათქვამი: „სახე ნახე, ცხვირი ნახე – კაცი ისთე გამონახე!“
მეოთხე ქალს მოთმინებამ უღალატა.
– ძალიან სწორადაც მოიქცა, რო არ დაჯდა! – ბიძაჩემოო, რომ უთხრა, იქნება და არ უნდა იმ კაცს ბიძამისობა... შეიძლება, არც გრძნობს თავს ისე ბებრად, რომ ამან დაუთმოს ადგილი.
– სწორია, – თქვა მეხუთემ, – თავმოყვარეობის ამბავია... არც მე დავჯდებოდი მის ადგილზე.
ხუჭუჭა მარცვალ-მარცვალ კრეფდა ქალების „მარგალიტებს“ და როგორც ნასვამი კაცის უმეტესობას სჩვევია – ნერვებმა უმტყუვნა, კვლავ წამოიმართა სკამიდან და მკლავში ღონივრად ჩაავლო ხელი მელოტს:
– კაი, ახლა, რა ხათრიანი ხარ, ბიძაჩემო! რა სალაპარაკოდ გახადე საქმე. მოდი, რა გეხათრება, დაჯექი! – მოიზიდა და მოკეცა კიდევაც მუხლებში. მელოტი ამას არ ელოდა. ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ხუჭუჭას, უხერხულად დაჯდა სკამზე და მისმა ბღავილმა იქაურობა გააყრუა:
– ვაი, დედააა!!! – და ფერი ეცვალა.
– არიქა, კაცმა ფერი დაკარგა! – ატყდა გნიასი.
– წყალი! წყალი!
თბილისელები ასეთ დროს ძალიან პრაქტიკულები არიან. ყვირილზე სამი თუ ოთხი კაბინეტის კარი ერთდროულად გაიღო და გამოცვივდნენ თეთრხალათიანები. თითქმის გონდაკარგულ კაცს ეცნენ... ზოგმა ლოყაში გაულაწუნა, ვიღაცამ რაღაც ფლაკონი მიუტანა ცხვირთან და როგორც იქნა, კაცი ამქვეყანას დაუბრუნეს.
– არ უნდა ამას რიგი, – აყვირდნენ ქალები, – ურიგოდ გავუშვათ.
– ამაყენეთ ფეხზე! ფეხზე ამაყენეთ სასწრაფოდ, თუ არა, მოვკვდები! – გამოაცხადა მელოტმა.
სასწრაფოდ წამოაყენეს.
– რომელ ექიმთან ხართ, ბიძია თქვენ, რომელთან? – ჩასძახა ახალგაზრდა ექთანმა.
– პრო... პროქტოლოგთან! დაგექცა ოჯახი! – მიაწყევლა გაკვირვებულ ხუჭუჭას და... ფერი დაუბრუნდა.

скачать dle 11.3