რატომ გამოიწვია მსოფლიო კინოინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი პროფესიონალების დაინტერესება „ჯინსების თაობამ” და რომელი მსახიობი ითამაშებს ედუარდ შევარდნაძის როლს
ფილმმეიკერი ნიკა ხომასურიძე და „ნიკოლოზ ფილმსი” ამჟამად „ჯინსების თაობაზე” მუშაობენ, რომლის გადაღებები‚ სავარაუდოდ‚ შემოდგომის დასაწყისში დაიწყება. რაც მთავარია‚ ფილმის გადამღები ჯგუფი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. როცა მათი სახელები და გვარები IMDB-ზე, „ჯინსების თაობის” გვერდზე ვნახე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ხოლო‚ რომელი მსახიობები, შეირჩევიან, ეს ახლო მომავალში გადაწყდება და მკითხველი ჩვენი ჟურნალის მეშვეობით შეიტყობს.
ნიკა ხომასურიძე: ამჟამად მთლიანად „ჯინსების თაობაზე” ვარ კონცენტრირებული. გარდა იმისა, რომ დიდი პროექტია, ეს არის ის, რასაც ოცნების ახდენა ჰქვია, რისთვისაც დავიწყეთ ყველაფერი. მანამდე მეგობრები, ჩვენი ჯგუფი – „ნიკოლოზ ფილმსი”‚ რასაც ვიღებდით, ფაქტობრივად‚ ეს ყველაფერი იყო განვითარებისთვის, რომ გარკვეულ დონეზე ავსულიყავით და გვცოდნოდა: შეგვიძლია თუ არა ამ საქმის კეთება. რა თქმა უნდა‚ არ არის აუცილებელი‚ ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე გამოვიდეს, უბრალოდ‚ უნდა გქონდეს იმის ზურგი, რომ აჩვენო შეგიძლია ფილმის კეთება, ყველანაირი პროდუქტის შექმნა და თან‚ იმავდროულად‚ შენი პროფესიით ვითარდები. ამ ყველაფრის საფუძველზე უკვე ავაშენეთ საძირკველი და შემიძლია ვთქვა, რომ „ჯინსების თაობა” იქნება ძალიან მაგარი პროექტი ნებისმიერ ასპექტში. ორი კვირის წინ ლოს-ანჯელესში ვიყავი და, გავაკეთე შეთანხმებები. ისეთ ჯგუფთან ერთად ვიმუშავებთ, რომელთან მუშაობაზეც ვერასდროს ვიფიქრებდი. ისეთი ადამიანები წამოვიდნენ თანამშრომლობაზე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ერთიორად გავიზრდებით.
– გადამღებ ჯგუფს გულისხმობ?
– გადამღები ჯგუფი ორად იყოფა: ისინი‚ ვინც კამერის უკან დგანან, არიან მსოფლიო კინოს ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალები. ასევე‚ კამერის პირისპირაც ისეთები იდგებიან, ვისი ფილმებიც მე ძალიან მომწონს. ივნისში მათთან გვექნება საბოლოო მოლაპარაკება, კონტრაქტებს დავდებთ და მოხდება მათი „ჩაკეტვა”. შემდეგ უკვე შემეძლება სახელების გამჟღავნება. ეს ადამიანები რომ ხედავენ, საინტერესო პროექტია, საინტერესო ადამიანები მუშაობენ, ჯგუფს აქვს იმის პერსპექტივა, შემდეგში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, მერე უკვე მოდიან შეთანხმებაზე. საერთოდ‚ კინოინდუსტრიის წესია: ყველა ერთმანეთს ეხმარება, მაგრამ ამ დახმარების ღირსი უნდა გახდე. მიხარია, რომ ჩვენ ამის ღირსი გავხდით. სამაგიეროდ‚ როდესაც ამ გზაზე დგახარ, უნდა იცოდე, რომ ძალიან დიდი წვალება გელოდება. პირადად მე, ვერავის ვურჩევ: შენც მიდი! უბრალოდ‚ შემიძლია‚ ერთი რამ ვთქვა: თუ ეს საქმე გადაწყვიტე, მაშინ ყველაფერს უნდა გაუძლო, ყველანაირ გაჭირვებას, სტრესს. ფილმმეიკერის ცხოვრება ყველაზე რთულია, ვგულისხმობ: მსოფლიო დონისკენ წასვლას რომ ცდილობ. ამ დროს საკუთარ თავთან გაქვს ბევრი კითხვა: რატომ, რისთვის, იქნებ არ ღირს? როგორ არ ღირს, უბრალოდ, არ მეგონა‚ თუ ასეთი რთული იქნებოდა ყველაფერი. თუმცა, მერე, ყველაფერი ერთი ათად გიბრუნდება, მთავარია‚ გაუძლო. ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები და იმის ცოდნა, ურთიერთობები როგორ გააბა: ვის როგორ დაელაპარაკო, რისი უფლება გაქვს, წერილი როგორ შეადგინო, გააგზავნო. თანამედროვე კინო-სკოლის დამთავრება‚ ცოდნის გარდა, გაძლევს ადამიანებთან ურთიერთობის სწორად წარმართვის კულტურას, რაც ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ურთიერთობა არ იცი, ჩათვალე, რომ არაფერი იცი. როგორი მაგარი გადამღებიც არ უნდა იყო, თუ ხალხს არ „ევასები“, არაფერი გამოვა. პიროვნული განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
– დავუბრუნდეთ „ჯინსების თაობას”. გადამღებ ჯგუფზე რომ ლაპარაკობ, იქნებ დააკონკრეტო‚ ვინ არიან ისინი და რა ფილმებზე აქვთ ნამუშევარი?
– 50 მილიონდოლარიან ფილმზე ნაკლები არც ერთს არ აქვს ნამუშევარი. წარმოიდგინე, როგორი გამოცდილება ექნებათ. მაგალითად‚ ჩვენი პროდაქშენ-მენეჯერი, ლაივ-პროდიუსერი არის ჯასტინ მორეტი, რომელიც იყო პროდაქშენ-მენეჯერი ფილმებისა: „მე ვარ ლეგენდა”, „კერკეტი კაკალი-3", „ხიტჩი” და ასე შემდეგ. მონტაჟზე იქნება სკოტ კონრადი, რომელსაც „როკზე” „ოსკარი“ აქვს აღებული. ასევე მუშაობდა „ანაკონდაზე“, გაკეთებული აქვს სტივენ სიგალის ფილმები. ძალიან მაგარი ვინმეა, ისევე‚ როგორც ჯასტინ მორეტი. გრიმზე, სისხლსა და სხვადასხვა ეფექტებზე მუშაობდა ჯონ გუდვინი, რომელსაც „ემი” აქვს მოგებული „სიესაითზე”. დამდგმელი ოპერატორია ტიმ ანგულო, რომელიც დღეს სპეცეფექტებიანი ფილმების გადაღებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მუშაობდა ფილმებზე: „დასაწყისი”, „ადამიანი ობობა-2", „ტერმინატორი”, „ბნელი რაინდი”. იმავე ფილმებზე‚ ოღონდ გადასაღებ მოედანზე, სადაც ხდება: ტყვიების მოხვედრა, აფეთქება, თვითმფრინავის შერყევა და ასე შემდეგ, მასთან ერთად მუშაობს სკოტ ბევერლი, რომელიც‚ ასევე‚ იმუშავებს ჩვენს ფილმზე. მას სპეცეფექტებში მათი გილდიის ორი პრიზი აქვს მოგებული. ასევე‚ ვალერი ხარიტონაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარია, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, იმუშავებს ვიზუალურ სპეცეფექტებზე. სასწაული ჯგუფია.
– უკვე დაიწყო მსახიობების შესარჩევი ქასთინგები?
– საქართველოში უკვე გვქონდა ქასთინგები, ავიყვანეთ მსახიობები. ასევე‚ ვესაუბრე ქასთინგ-დირექტორს, ნინა გოლდს, რომელიც მსოფლიო ტოპ-ხუთეულშია შესული. დახმარება ვთხოვე და მან თავისი ასისტენტები გამოგვიგზავნა. მათთან ერთად ვაკეთებთ ლონდონში ქასთინგებს. როცა გინდა მსოფლიო დონეზე გააკეთო ქასთინგი, ამას საქართველოდან, მხოლოდ შენ ვერ გააკეთებ. ნინა გოლდის რეკომენდაციითა და დახმარებით რომ მიდიხარ‚ ეს უკვე კარგია. ბევრი ოსკაროსანი ფილმის კასტინგ-დირექტორი სწორედ ის არის. ვინც კი ამ ფილმის სცენარი წაიკითხა, ყველა ძალიან დაინტერესდა და თქვა, ეს ფილმი აუცილებლად უნდა გამოვიდესო.
– როგორი იქნება ამ ისტორიის ამსახველი სცენარი, ისტორიის, რომელიც საქართველოში ყველამ იცის და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძვირფასი და მტკივნეულია?
– რაც მთავარია‚ ნამდვილი ისტორიაა, კარგად გაკეთებული და დაწერილი. ჩვენ დათო ტურაშვილის წიგნზე შევიძინეთ უფლებები, შემდეგ ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ სცენარისტი. მანამდე შევხვდით და ჩავწერეთ ამ ამბების თვითმხილველები: პილოტი, მგზავრი, აეროპორტის თანამშრომელი, მშობლები. ასევე‚ ვნახეთ დაკითხვის ოქმები. შემდეგ კი ამ სცენარისტმა რეალური ადამიანების მიერ მოყოლილი რეალური ისტორიის მიხედვით დაწერა სცენარი, პლუს ამას ემატება მომენტები წიგნიდან. სცენარი 118 გვერდია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიაა: თავისუფლება, ტრაგედია, ღალატი, სიყვარული, საბჭოთა რეჟიმი, მეგობრობა, სასამართლო, ტერორიზმი, სასულიერო პირი, მასთან ურთიერთობა. იმდენად მდიდარი ისტორიაა, რომ‚ ვინც წაიკითხა‚ ყველა დაინტერესდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ სიახლესთან აქვთ საქმე. ამიტომ‚ დადებითი შეფასებები მოგვცეს. თვის ბოლოს წავალ ლოს-ანჯელესში. რამდენიმე კარგი მსახიობი უკვე არჩეულია, წაიკითხეს სცენარი, მოეწონათ. მაისი იყო გადამღები ჯგუფის „ჩაკეტვის“ პერიოდი, ივნისში უკვე მსახიობებს „ჩავკეტავთ“. 4 ცნობილი მსახიობი იქნება, ერთი უკვე არის, მეორემ თანხმობა განაცხადა, ახლა დეტალებზე უნდა შევთანხმდეთ. მესამის, ანუ გოგონას‚ აგენტმა თქვა: ძალიან მაგარი სცენარიაო და ახლა ერთი სული მაქვს, თავად მსახიობი როდის წაიკითხავს. მეოთხესთან ახლა დაიწყება მოლაპარაკება. ვისზეც უკვე შემიძლია ვთქვა, რომ დამტკიცებული და გადაწყვეტილია ყველაფერი, ეს არის სტივენ ბერკოფი, რომელიც შევარდნაძის როლს ითამაშებს.
– ქართველები არ ითამაშებენ?
– მთავარი გმირის როლზე არა, რადგან დიდი სხვაობაა ენის მხრივ. ჯერ არ არიან ამისთვის მზად. ერთადერთი‚ ვინც ქართველი მსახიობებიდან მზად არის, რომ როლი ინგლისურ ენაზე სრულყოფილად შეასრულოს, ეს არის დავით ბეშიტაიშვილი, რომელიც გამომძიებლის როლს თამაშობს. ის ჩვენს ტესტვიდეოშიც არის. ჩემთვის ეს ადამიანი აღმოჩენაა.
– სად იქნება გადაღებები?
– თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, გერგეთის სამებაზე და ბაქოს აეროპორტში.
– თბილისის აეროპორტში რატომ არა?
– ბაქოს აეროპორტი ჯობია, სადაც კარგი სიტუაციაა და კარგად გიღებენ, იქ უნდა გადაიღო. თბილისის აეროპორტში ვერაფერი მანახეს, ბაქოში ყველაფერი მომცეს და ამიტომაც ავირჩიეთ. კარგი ფილმი უნდა გამოვიდეს, ყველაფრით. 80-იან წლებში დაბრუნდება მაყურებელი. სექტემბერში ვაპირებთ გადაღებების დაწყებას. მსახიობებს რომ „ჩავკეტავთ“, მერე უკეთ გვეცოდინება, ვინ როდის არის თავისუფალი.
– გარდა ფილმისა, იმავდროულად‚ ლუდის ფესტივალზეც მუშაობ, რომელიც ბათუმში გაიმართება.
– შარშან ბათუმში ჩატარდა ლუდის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორებს სურთ, ეს ყოველწლიური გახდეს. წელს შემომთავაზეს მასში ჩართვა. ფესტივალი ჩატარდება 20-21-22 ივლისს ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასეთი სლოგანი გავაკეთეთ: „ლუდის ზღვა ზღვის ქალაქში და ზღვა – ხალხი”. ლუდის ჩემპიონატიც გაიმართება, ვინც მოიგებს‚ ის საქართველოს ჩემპიონი გახდება. მანამდე კი იგეგმება‚ რაიონებშიც ჩატარდეს ჩემპიონატი და იქ გამარჯვებულმა მერე ბათუმში მიიღოს მონაწილეობა. საინტერესო პროგრამაც შევადგინეთ: 5-10 საათამდე იქნება მსვლელობა, ლუდის გასინჯვა, გამოფენა-გაყიდვა, 10 საათის შემდეგ კი დაიწყება გრიალი. მსოფლიო ხუთეულში შესული დიჯეი ჩამოვა, რომელიც დახურავს ფესტივალს. სწორედ ახლა გვაქვს მასთან მოლაპარაკებები. ასე რომ‚ უიქენდებზე ხალხს ბათუმში ცხელი დღეები ელოდება.