კიდევ ერთი მომღერლის ევროპული წარმატება
მომღერალი ლევან ჯიბლაძე „ევროვიზიის” შიდა შესარჩევ ტურზე ანრი ჯოხაძესთან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა, ამ წარუმატებლობამ ახალი ჰორიზონტების გახსნას დაუდო სათავე. მან ცოტა ხნის წინ საკმაოდ ამბიციური განცხადება გაახმაურა, რაც იმას გულისხმობს რომ, შესაძლოა, ის ევროპაში ცნობილი ვარსკვლავი გახდეს, რასაც ლევანი პროდიუსერ ეკა ჩიტაშვილის დახმარებით აპირებს. (ეს პროდიუსერი, ალბათ, ყველას ახსოვს ცნობილი და სკანდალური „გოლდენ ტალანტიდან”). ამისთვის კონკრეტული საკითხები უკვე გვარდება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც დაიგეგმა ეს არის მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღებები უცხოეთში. საორგანიზაციო საკითხები საკუთარ თავზე შვედურმა კომპანია „იგუანა სტუდიომ” აიღო. კლიპს ლევანი ინგლისურენოვან სიმღერაზე იღებს, რომლის ავტორიც თავად მომღერალია. როგორც ლევანი ამბობს, სიმღერა და კლიპი ევროპის თხუთმეტი ქვეყნის რადიოებსა და ტელევიზიებში დატრიალდება. პარალელურად ფორმდება კონტრაქტი ერთ-ერთ ლეიბლ კომპანიასთან, რომელიც ჯიბლაძის ევროვარსკვლავობას შეუწყობს ხელს. ერთი სიტყვით, მუშაობა იწყება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროპულ პოპ-მუსიკაში ლევან ჯიბლაძე თავისი ადგილის დამკვიდრებას.