ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-46(464)
ხალხს სანახაობა ყოველთვის ყველაფერს ერჩივნა, მაშინაც კი, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. მართალია, არ არსებობს მოწმე, ვინც ამ ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნებდა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები, იმ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, დიდად არ შეცვლილან, სიტყვაზე უნდა გვენდოთ...
***
– სახლში არავინ არის, – აღმოხდა ნირწამხდარ ვახოს და დათოს შიშით გადახედა, – მართლა ხომ არაფერი მოხდა, ბიჭო?
დათომ შუბლი მოისრისა:
– ჯერ წესიერად გამაგებინე, რაშია საქმე. ტელეფონზე ისეთი სისულელეები იბურდღუნე, ნათია მივაგდე და გიჟივით აქეთ გამოვიქეცი. თუ რაღაცას მაიმუნობ, მოგკლავ! იმიტომ, რომ ნათია ცოცხლად შემჭამს, – გაცხარდა დათო.
– შენს ცოლს მეტისმეტი მოსდის, შენ კი ყველაფერს უთმენ, – ვახო მობილურზე ნომერს კრეფდა და მეგობრისთვის არ შეუხედავს, – მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს, სად არის ნიკუშა. გოგიჩ, რას მომშტერებიხარ? მიდექ-მოდექი, გაიგე რა, აქ რა მოხდა!
– ახლავე, ვახო, ახლავე... – გოგიჩა კორპუსთან ბორდიურზე ჩამომსხდარი ბიჭებისკენ გაიქცა.
ვახომ გახედა და უკმაყოფილო თავის ქნევით თქვა:
– აი, უყურე, უყურე და დატკბი. დებილია ეს ჩემისა... დარწმუნებული ვარ, ვერაფერს გაიგებს.
– რა უნდა გაიგოს, რატომ ეძებ ნიკუშას? მერე რა, რომ სახლში არ დაგვხვდა, ავადმყოფი ხომ არ არის, სულ სახლში რომ იჯდეს, რა განგაში ატეხე?
– ნიკუშა მარტო არ არის, აი, რაშია საქმე მარტო არ არის!
– მოიცა, რას ნიშნავს, მარტო არ არის! აბა, ვისთან ერთად არის? აა, მივხვდი, ალბათ, იმ ნატუკამ გამოუარა და გეშინია, სადმე შარში არ გაყოს თავი. კი მაგრამ, მე რაღა შუაში ვარ? სახლში რომ ყოფილიყო, თავზე უნდა დავდგომოდით?
– დათო, მორჩი, რა... რა ნატუკა, რის ნატუკა, ეგღა მაკლია, ბოზებს ვდიო უკან... ჰა, გოგიჩ, რაო, არაფერი დაგვინახავსო?
– ერთი საათის წინ, ტაქსით სადღაც წავიდნენო. კაროჩე, ტაქსი მოვიდაო... არა, ჯერ მანქანა მოვიდა და ბარგი მოიტანაო, მერე ტაქსიც მოვიდა. ერთად ჩასხდნენ და წავიდნენო.
– სად წავიდნენო?
გოგიჩამ გაოცებით გაშალა ხელები:
– რა ვიცი, ტო... მე კი არ ვიყავი იმ ტაქსის შოფერი.
– არ მეტყვი, რას შერლოკ ჰოლმსობ? – მოთმინება დაკარგა დათომ.
– კაროჩე, ასეთი საქმეა. თუ სწორად მგონია, ნიკუშას მამინაცვალმა ჩამოაკითხა.
– ვინ მამინაცვალმა? – ვერ მიხვდა დათო.
– ვინ და დედამისის ქმარმა. ზოგჯერ შენც როგორ გამოიშტერებ ხოლმე თავს. ნუ მიყურებ მთვარიდან ჩამოვარდნილივით, ბიჭო, დედამისის ქმარი ჩამოვიდა პარიზიდან. ახლა მიხვდი?
– ვაა, შენ რა იცი?
– ვიცი. აი, გოგიჩა ამბობს, უცხოელი იყო და მისი ამბავი იკითხაო. მერე სახლში მივუყვანე და ნიკუშა მაგრად დაფეთდაო.
– არა, ტო... ეგრე არ იყო... – გააპროტესტა გოგიჩამ, – ნიკუშასთან ჯერ მე ავედი. ვიფიქრე, იქნებ რა-მეთქი... სტრანნი ვიღაც იყო... გაპრანჭული, თან სულ იცინოდა, ტო... მოწეულივით...
– გოგიჩ, მორჩი, რა... რამდენჯერ უნდა მოყვე. აღარ მაინტერესებს!
– შენ არ გაინტერესებს და არც გიყვები, დათომ არ იცის, ვა! – თავი გამოიდო გოგიჩამ, – ხომ ხედავ, აზრზე არ არის. დათუჩ, მომისმინე...
ვახომ ხელი აიქნია და დათოს მიუბრუნდა:
– მოიფიქრე, ჩვენ რა ვქნათ ახლა!
დათომ მხრები აიჩეჩა:
– რა უნდა ვქნათ. პატარა ბავშვი ხომ არ არის, სადმე დაიკარგოს, ქუჩა-ქუჩა ძებნას ხომ არ დავუწყებთ. საერთოდ, არ მესმის, რა განერვიულებს. ჩამოვიდა – ჩამოვიდა, რა, მერე? დაილაპარაკებენ და წავა.
– ჰო, მაგაშია საქმე. მეც სწორედ მაგისი მეშინია. წავა და მორჩა! ის დებილი შენი ძმაკაცი უკანასკნელ შანსს გაუშვებს ხელიდან. სწორედ ეს აღარ უნდა დავუშვათ, გესმის?
– ჩვენ რა შეგვიძლია?
– რას ნიშნავს, რა შეგვიძლია? უპირველესად, უნდა მოვძებნოთ და ნიკუშას საშუალება არ მივცეთ, იმ კაცს შეურაცხყოფა მიაყენოს. რადგან ჩამოვიდა, ესე იგი, ან ნიკუშას წაყვანა უნდა, ან უნდა, რომ სერიოზულად დაეხმაროს. მის უკან ვინც დგას, ხომ ხვდები?
– მაგას რა მიხვედრა უნდა, დედაა, ბოლოს და ბოლოს. მე ისიც მიკვირდა, აქამდე რომ ითმენდა და არ ჩამოდიოდა.
– ვერ ჩამოდიოდა. ამან ისეთ დღეში ჩააგდო, რომ გადარია ქალი. გამოგზავნილი ფული რამდენჯერმე უკან გაუგზავნა. კაროჩე, მანქანაში ჯდომით და აქ დგომით ვერაფერს გავაკეთებთ, უნდა ვიმოქმედოთ.
– რანაირად? პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყვნენ.
– არც მე. ლევანთან ხომ არ დაგვერეკა?
– წეღან მას არ ურეკავდი?
– ჰო, მაგრამ არ მიპასუხა.
– ეტყობა, არ სცალია. მინისტრია, ბოლოს და ბოლოს, კიდევ კარგად იცლის ჩვენთვის. ახლა რომ დაურეკო და უთხრა, ნიკუშა მომაძებნინეო, გააფრენს, – გაიცინა დათომ და ერთბაშად გონება გაუნათდა. ლევანთან დაკავშირებული ის ამბავი გაახსენდა, რომელიც ნიკუშას დედას მისი ინტერესის სფეროში აქცევდა.
– მართალი ხარ. ლევანმაც უნდა იცოდეს იმ ტიპის ჩამოსვლის შესახებ, – თქვა უცებ და ვახოს გაოცებულ სახეს რომ შეხედა, მაშინვე დაუმატა, – თუ ერთად ვართ, ერთად უნდა ვიყოთ, ასე არ არის?
ვახომ თავი დაუქნია და ლევანის ნომერი კიდევ ერთხელ აკრიფა:
– ისევ არ პასუხობს. რა ვქნა, ამას ველოდო?
– მესიჯი მისწერე.
– მესიჯი არა, ეპისტოლე! ნახავს ჩემს ნომერს და დამირეკავს, თუ საჭიროდ ჩათვლის. მოდი, დაქოქე მანქანა და გამომყევი!
– სად?
– რესტორნები ჩამოვიაროთ. არც ისეთი უზრდელია ეგ ჩვენი ძმაკაცი, რომ სტუმარმასპინძლობის წესები დაივიწყოს. ყოველ შემთხვევაში, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
– იცი, რამდენი რესტორანია თბილისში? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დათომ, მაგრამ მაინც შებრუნდა და მანქანისკენ გაემართა. გოგიჩა ვახოს „ჯიპის“ კარს დაეჯაჯგურა.
– შენ სადღა მოდიხარ?
– როგორ თუ სად... – ეწყინა გოგიჩას, – ნიკუშა არ მოვძებნოთ?
– შენ აქ დარჩი. რომ მოვიდნენ, ხომ უნდა გაგვაგებინოს ვინმემ? შენ გარდა ვერავის ვენდობი, – ვახომ მხარზე ხელის დაკვრით გაამხნევა გოგიჩა და თვალი ჩაუკრა. გოგიჩამაც შეიფერა ნდობა და თავი ისეთი ღირსებით დაუქნია, რომ ვახომ სიცილი ძლივს შეიკავა.
***
იამ ფრთხილად დადგა ლანგარი პატარა მაგიდაზე.
– მართლა არ გშია? იცოდე, არ მოგერიდოს.
კაცმა ღიმილით გააქნია თავი:
– არა, გეფიცები. მართლა არაფერი მინდა. აი, ყავას სიამოვნებით დავლევ. ვგიჟდები, ისე მიყვარს შენი მოდუღებული ყავა.
– კარგი, ერთი, რას მეპირფერები, ყავას ყველა ადუღებს.
– ყველა ადუღებს, – დაეთანხმა ლევანი, – მაგრამ, ასეთს რაღაცნაირად სქელს და გემრიელს – მხოლოდ შენ
– მერე, ვის სჭირდება? არავის, აბსოლუტურად არავის, – ამოიოხრა იამ და ლევანს გვერდით მიუჯდა. მან ქალს უცნაური სევდით შეხედა.
– რომ გითხრა, მე-მეთქი, დამიჯერებ? – წარმოთქვა ხმადაბლა.
– არ გინდა, ლევან, არ არის საჭირო. მე ვიცი, ამას რატომაც ამბობ, მაგრამ თანაგრძნობა არ მჭირდება.
ლევანი გაწითლდა.
– თანაგრძნობა არაფერ შუაშია, კარგად ვერ გამიგე.
– ძალიან კარგად გაგიგე. ყველანი ერთნაირები ხართ. თუმცა, პრინციპში, შენ რა შუაში ხარ, შენ არაფერი დაგიშავებია, რას გერჩი!..
– ია... რატომ გგონია, რომ მე ვერაფერს ვგრძნობ და, საერთოდაც, უგულო ვარ?
– რა ვიცი. მართლა, უკვე აღარაფერი ვიცი, მინდა, არაფერზე აღარ ვიფიქრო და ცხოვრების თავიდან დაწყება ვცადო. სინამდვილეშიც ხომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რა უფლებით ვითხოვდი მისგან ერთგულებას? კანონიერ ცოლებს ღალატობენ და სინდისი ოდნავაც არ აწუხებთ. თუ ვინმეა დამნაშავე, მხოლოდ მე, მხოლოდ მე და სხვა არავინ!
– ამას ნუ ამბობ!
– რატომ? არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ ვერ მივხვდე, რა ხდება ჩემ გარშემო.
– მეც დამნაშავე ვარ, – ლევანმა ფინჯანი დადგა და ქალს თვალებში ჩააშტერდა, – ჰო, დამნაშავე ვარ და ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავექცევი. უნდა მეთქვა შენთვის ნიკუშას ამბავი, მაგრამ, არ მეგონა, ასეთი სერიოზული ურთიერთობა თუ ექნებოდა იმ ქალთან.
– ვახო კი მიმტკიცებდა, ყველაფერი შემთხვევით მოხდაო.
– მესმის, ეს რატომ გითხრა. ვახოსთვის მთავარია, ნიკუშა ყველა საშუალებით დაიცვას.
– შენთვის, შენთვის რა არის მთავარი?.. – ქალს ხმა აუთრთოლდა.
ლევანმა არ უპასუხა. ადგა, პიჯაკის შიდა ჯიბიდან შეფუთული კოლოფი ამოიღო და იას წინ დაუდო.
– ეს რა არის? – შეკრთა ქალი.
– გახსენი.
– ლევან... მე... არ მინდა, რომ...
– არაფრის თქმა არ არის საჭირო უბრალოდ, გახსენი, – სათქმელი აღარ დაასრულებინა კაცმა და ღიმილით გაამხნევა: – მიდი, მიდი, გახსენი! ერთი სული მაქვს, გავიგო, მოგეწონება თუ არა.
იამ ნელა შემოაცალა შესაფუთი ქაღალდი შავ კოლოფს და თავსახური ახადა.
– ღმერთო! ეს რა არის? – აღმოხდა აღფრთოვანებულს, – ლევან... ეს, ალბათ, ძალიან ძვირი ღირს, მე ამას ვერ ავიღებ.
– აიღებ, იმიტომ რომ, საგანგებოდ შენთვის ვიყიდე პარიზში.
– ჩემთვის? კი მაგრამ, რისთვის?
– არ ვიცი. უბრალოდ, მომინდა. გეფიცები. იმ წუთში სხვა არანაირი ემოცია არ მქონია. მართლა მომინდა, რომ გულსაბნევი შენი ყოფილიყო. შეხედე, ეს ხომ იაა!
ქალს თვალები აუცრემლდა:
– დაუჯერებელია. პარიზში იყავი და ჩემზე ფიქრობდი?..
– ჰო, და ამაში გასაკვირი არაფერია. მე ხშირად ვფიქრობ შენზე. ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს. ერთხელ გარკვევით მითხარი, ყვავილებსაც ნუ გამომიგზავნიო, მაგრამ, არსებობს რაღაც, რისი აკრძალვაც, უბრალოდ, შეუძლებელია.
– ახლა რა უნდა ვქნა? – საცოდავად ჩაილაპარაკა ქალმა.
– ალბათ, უნდა ამოიღო ეგ გულსაბნევი კოლოფიდან და კაბაზე დაიმაგრო, – გაიცინა ლევანმა.
– მშვენივრად მივხვდი, რაც იგულისხმე: საერთოდ რა უნდა გავაკეთო?
– არაფერი ისეთი, რისი გაკეთებაც თავად არ მოგინდება. ია, ძალიან გთხოვ, მომისმინე, ოღონდ, შეეცადე, ბოლომდე მათქმევინო და არ გამაწყვეტინო, თორემ, შეიძლება, გამბედაობამ მიმტყუნოს და ვერასდროს ვთქვა ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში გულში მაქვს.
– იქნებ ჯობია, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის?
– არა, არ ჯობია, – ლევანმა მუჭში მოიქცია ქალის თხელი თითები და ფრთხილად მოეფერა. იას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისმა სიჩუმემ კაცი გაათამამა, ქალს მოეხვია. მკერდზე მიიკრა, თავი გადაუწია და თვალებში ჩახედა. ქალი ისევ დუმდა. წამწამები ცრემლით ჰქონდა დანამული. ლევანი ნელა დაიხარა მისი ტუჩებისკენ... კიდევ ცოტაც და, მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა და მერე არავინ იცის, საით წაიღებდა ორივეს ვნების ტალღა, მაგრამ თავდავიწყება მობილურის ზარმა არ დააცადათ. ლევანის უპატრონოდ მიტოვებულმა ტელეფონმა „იწყინა“, ასე როგორ მიმაგდესო და გამაყრუებელი ხმით აწკრიალდა. იას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, გველნაკბენივით შეხტა და ლევანი ხელისკვრით მოიშორა.
– ღმერთო, ეს რა იყო?.. ლევან, წადი და ჩემთან აღარასოდეს მოხვიდე, ძალიან გთხოვ!
ლევანიც ნირწამხდარი იდგა. მობილური ისევ რეკავდა, მაგრამ მას თითქოს არ ესმოდა. გუნებაში ტელეფონსაც სწყევლიდა და იმასაც, ვინც დაურეკა. მაინც გაბედა და სიტუაციის გამოსწორება სცადა:
– ია, მომისმინე, შენ არ იფიქრო, რომ მე... უკვე ძალიან დიდი ხანია... ძალიან დიდი, რაც...
– ხომ გთხოვე, წადი-მეთქი! ამ წუთში არაფრის მოსმენა არ მინდა. მე ვეცდები, რომ დავივიწყო, რაც მოხდა.
– რატომ? რატომ უნდა დაივიწყო, გამაგებინე! ნიკუშას არ სჭირდები. საკუთარი თვალით ნახე და დარწმუნდი! მთელი ეს წლები მოთმინებით ელოდი, ელოდი... მეც ვდუმდი, იმიტომ, რომ პატივს ვცემდი შენს არჩევანს.
– ლევან, გაჩუმდი! ხომ არ გავიწყდება, რომ ცოლი გყავს?
– არა, მახსოვს, მაგის დავიწყება როგორ შემიძლია, როცა ჩემი ოჯახის შექმნაც შენი დამსახურებაა?
– მომეშვი, საკმარისია! მე ნუ მომაწებეთ განტევების ვაცის იარლიყი და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ცხოვრებაში არასწორად გადაგიდგამთ, მე ნუ დამაბრალებთ! ეს რა უბედურებაა?! რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს ამისთანა?!
– შენ რა ცოდვა უნდა გქონდეს... – ლევანმა შუბლი მოისრისა, – რა ჯანდაბაა! ეს ტელეფონი აღარ უნდა გაჩერდეს? სიამოვნებით მივაფშვნიდი კედელზე!..
– უპასუხე!
– არ მინდა, არავისთან არ მინდა ლაპარაკი! რეკონ! მოსწყინდებათ და გაჩერდებიან!
– ლევან, წადი აქედან!
– არა, ჯერ მომისმენ!
– უკვე ყველაფერი ნათქვამია. ეს გულსაბნევიც წაიღე, – იამ ცრემლს ხელისგული შეაშველა.
– შენ ყველაფერი არასწორად გაიგე. შენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ და მინდა, ეს იცოდე.
– ვიცი. ნიკუშასთვისაც ძალიან ბევრს ვნიშნავდი, ძალიან ბევრს და იმიტომაც დამამცირა ასე, მადლობა გადამიხადა ერთგულებისთვის. შენც არაფრით განსხვავდები მისგან!
– ია, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ...
– დავმშვიდდე? იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, დავმშვიდდე? შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას ვგრძნობ ახლა. თავი უკანასკნელი მეძავი მგონია. თუმცა, რა სისულელეს ვამბობ, მეძავი ჩემზე გაცილებით უფრო დაფასებულია, ნიკუშამ უკვე დამარწმუნა ამაში!
– ნიკუშა! ისევ ნიკუშა! ყველგან და ყოველთვის ნიკუშა! – იყვირა ლევანმა, – არ შეგიძლია, სულ ცოტა ხნით არ იფიქრო მასზე? მით უმეტეს, ახლა, როცა, ბოლოს და ბოლოს, შევძელი იმის თქმა, რისი თქმის სურვილიც სულ მქონდა ამ წლების განმავლობაში?
– არ იყო საჭირო.
– იყო. იყო და ტყუილად ჯიუტობ. შენ მე გჭირდები. შეგიძლია, არ დამეთანხმო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასეა. ეს იდიოტური მობილური რომ არა...
– ეგ იდიოტური მობილური რომ არა, ახლა გაცილებით ცუდად ვიქნებოდი. მადლობელი ვარ იმ ადამიანის, ვინც დაგირეკა და გამოუსწორებელი სისულელის ჩადენის უფლება არ მომცა.
– შენ მართლა ასე ფიქრობ? – ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ლევანმა.
– ჰო. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე ვფიქრობდე. გეხვეწები, თავი დამანებე და ნუღარ მტანჯავ. წადი, წადი, მარტო ყოფნა მინდა!
– მეგონა, დაიღალე მარტო ყოფნით.
– ტყუილად გეგონა. არიან ადამიანები, რომლებიც მარტოობისთვის იბადებიან. ეტყობა, მეც ერთი იმათგანი ვარ.
– არ გინდა, ამას ნუ ამბობ! შენ მეტს იმსახურებ.
– მაინც, რას? შენს საყვარლობას? – იამ სიმწრით გაიცინა.
– „საყვარელი“ – რა საშინელი სიტყვაა. არადა, რა იდეალური ურთიერთობის გამომხატველი უნდა იყოს. არასოდეს დაფიქრებულხარ იმაზე, რომ, შეიძლება, მართლა მიყვარხარ?
– არა. არ მინდა მაგაზე ფიქრი. საერთოდ აღარაფერი აღარ მინდა, გარდა ერთისა – კარი გააღო და აქედან წახვიდე.
ლევანმა ამოიოხრა:
– კარგი. წავალ. ვხედავ, რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერს არასწორად გაიგებ. ყელსაბამი კი დაიტოვე. მართლა იმიტომ გიყიდე, რომ ძალიან მომინდა ამის გაკეთება, გეფიცები, ყოველგვარი ქვენა გრძნობების ან რამე კონკრეტული მიზნის გარეშე...
ლევანის წასვლის შემდეგ იამ გულსაბნევი ხელისგულზე დაიდო და დიდხანს დაჟინებით უყურა, მერე კი მწარედ ატირდა...
... რა თქმა უნდა, სანახაობა მთავარია. რა აზრი ექნებოდა ამის გარეშე ჩვენს ცხოვრებას? „პური ჩვენი არსობისაც“ გვავიწყდება, თუ კარგი სანახაობით ვტკბებით. აბა, შიმშილი რა სალაპარაკოა, როცა საშუალება გვაქვს, თვალყური ვადევნოთ, როგორ ცხოვრობენ სხვები; როგორ უყვართ, როგორ თამაშობენ ერთგულებას და თან ღალატობენ; როგორ ცდილობენ სხვის ტყავში შეძრომას; როგორ სძულთ, მაგრამ ცდილობენ, საპირისპირო დაამტკიცონ... ერთი სიტყვით, მშვენივრად შეიძლება გართობა, როცა საქმე სხვის ცხოვრებას ეხება...
ლევანმა მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომის მერე მოიძია მობილური და უპასუხო ზარები მოძებნა.
– ალო! ჰო, მე ვარ! მივხვდი, რომ შენ რეკავდი, უფრო სწორად, ახლა ვნახე, რომ დაგირეკავს. რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?.. რას ნიშნავს, რატომ არ ვპასუხობდი, შენც რა თინიკოსავით მეკითხები! იმიტომ რომ, არ შემეძლო! მითხარი, რა გინდა... მორჩი სისულელეებს! ხელი შემიშალე, რას ნიშნავს, მაგით რისი თქმა გინდა? ვმუშაობდი-მეთქი... ვახო, შენ ახლა გატრაკებას თავი დაანებე... საკუთარი კაფე კი არ მაქვს, შენსავით. თქვი, რა მოხდა! რა?! ვის ეძებთ? რა სჭირს მოსაძებნი? მერე რა, რომ სახლში არ არის? პატარაა და გზა აებნევა თუ რა!.. რას ამბობ? როდის? ეგ ცვლის საქმის ვითარებას. სად? კარგი, მოვდივარ...
ლევანმა მობილური გვერდით სავარძელზე დადო და ჩაფიქრდა. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო. ის, რაც ვახომ თქვა, მართლა ყველაფერს ცვლიდა. მაგრამ, თუ ჟანი თბილისში აპირებდა ჩამოსვლას, ელენემ რატომ არ უთხრა, არ ენდო? – შეიძლება. იქნებ, ეს გადაწყვეტილება მერე მიიღეს, ლევანის სტუმრობის შემდეგ. რა უთხრა მათ ისეთი, რომ ელენე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა და შვილთან მოსალაპარაკებლად ქმარი გამოგზავნა? „ჯანდაბა, ჯანდაბა“!.. ლევანმა ორივე ხელი გამეტებით დაჰკრა საჭეს. „რა ვთქვი ამ ქალთან ისეთი, რომ დედობრივი გრძნობები ავუფეთქე? თუ ნიკუშა და ჟანი შეთანხმდებიან, აღარაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. ჩვენს მილიონებსაც სამუდამოდ დავუქნევთ ხელს. „ჩვენს მილიონებს“... ჰმ, საინტერესოა, ვის ვგულისხმობ „ჩვენში“ საკუთარ თავს, თინიკოს, მამამისს თუ მარტო მე და თიკას? ზურაბი, ალბათ, გაგიჟდება, ამას რომ გაიგებს“... – ლევანმა გაცოფებული სიმამრის ჭარხალივით გაწითლებული სახე წარმოიდგინა და სიამოვნებისგან გაიღიმა. „ერთი სასიამოვნო მომენტი მაინც ახლავს ამ უსიამოვნო ამბავს. ზურაბს გვარიანად მოეშლება ნერვები და მეც რომ არ ვზარალდებოდე, კარგად გავერთობოდი... პირდაპირ მასთან ხომ არ წავიდე და მოვახსენო საქმის ვითარება? ისეთ გუნებაზე ვარ, მარტო ეს თუ გამამხიარულებს, მაგრამ, ჟანიც ხომ უნდა ვნახო? ეშმაკმა უწყის, რა აზრი მოუვა ნიკუშას თავში. არ მინდა, სიტუაციის კონტროლის საშუალება მოვისპო... მაგრამ, ვახოსავით რესტორან-რესტორან და ქუჩა-ქუჩა ვერ ვივლი, თავს ვერ მოვიჭრი“... – ლევანმა ისევ დარეკა.
– მე ვარ, ჰო... მომისმინე და ნუ ბღავი! აქ რაღაც საქმეები მაქვს და ჯერჯერობით გამოსვლას ვერ ვახერხებ. არ მცალია-მეთქი, ბიჭო, რა არის ამაში გაუგებარი! მარტო ხარ?.. ჰოდა, ძალიან კარგი. დათო და შენ ხელათ იპოვით და მეც მაშინვე დამირეკეთ. მოვალ, აბა, რას ვიზამ. აბა, შენ იცი, სულ არ გააგიჟოთ ის ადამიანი. ძალიან კარგი კაცია და... – უცებ ლევანი გაჩუმდა, – არა. საიდან უნდა ვიცნობდე? ისე ვიცი. მორჩა, ამდენი დრო აღარ მაქვს, ველოდები თქვენს ზარს!
***
თინიკო ზუკასთან ერთად ვახშმობდა, ლევანმა რომ დაურეკა.
– ჩავიცვა და წყნეთში ავიდე? რატომ? – გააოცა მისმა მოთხოვნამ, – ბავშვი? ბავშვი აქ არის. მომეშვი, რა, ლევან, არავითარი სურვილი არ მაქვს, მამაჩემს კიდევ ვეჩხუბო! რა ამბავი... რას ნიშნავს, ჯერ ვერ მეტყვი. აბა, როდის მეტყვი?.. არ მინდა-მეთქი, არ გესმის? არ მინდა! შენ რაღა გინდა იქ?.. თუ ღმერთი გწამს, სახლში მოდი. არა, არ წამოვალ. რას ნიშნავს, ვინანებ? რატომ უნდა ვინანო? მიდი, რა, მე ნუ ჩამრევთ ამაში! არა, არ მჭირდება. ჰო, აღარ მაინტერესებს... დავიღალე, ლევან, მომბეზრდა... არ მაინტერესებს. არც ეგ აღარ მაინტერესებს.. ჯანდაბა, ვინანო! ჰო, ეს არის ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება... რა? მამაჩემთან პირისპირ მარტო ნუ დაგტოვებ? რა სისულელეა! დიდი ხანია, მისი გეშინია? ოჰ, ლევან... – ქალს ყოყმანი დაეტყო, – კარგი, მოვდივარ... ორმოც წუთში მანდ ვიქნები. ზუკას რა ვუყო?.. კარგი, კარგი, მაკასთან დავტოვებ. იმედია, დიდხანს არ გავჩერდებით... – თიკამ ტელეფონი გათიშა, მაგიდაზე დადო და დამხმარე ქალს მიმართა:
– მაკა, შეგიძლია, დღეს გვიანობამდე დარჩე? ლევანს უნდა გავყვე სადღაც. არ ვიცი, რამდენი ხანი დაგვაგვიანდება. ყურადღება მიაქციე, კომპიუტერთან დიდხანს არ იჯდეს და 11 საათზე დაიძინოს.
– ბაბუასთან მიდიხარ? – ზუკამ საყვედურით შეხედა დედას, – მეც წამოვალ, რა!
– ბაბუასთან არ მივდივარ. ლევანს მივყვები საქმეზე.
– მატყუებ. ამ ბოლო დროს სულ მატყუებ. შენ გგონია, ისევ პატარა ვარ და ვერაფერს ვხვდები? ისიც ვიცი, პარიზში რომ იყავი და არაფერი ჩამომიტანე.
თინიკო შეცბა:
– ვინ გითხრა, რომ პარიზში ვიყავი, ბებომ?
– არავისაც არ უთქვამს, ჩემით მივხვდი. კიდევ ბევრ რამეს ვხვდები, მაგრამ არ გეტყვი. სულერთია, მაინც არაფერი გაინტერესებს შენი ლევანის გარდა.
თიკა შეძრწუნდა. შვილთან მივიდა და თავზე დაადო ხელი. ბავშვი გაჭირვეულდა.
– წადი, წადი, ჩქარა, არ დაგაგვიანდეს, თორემ მერე იჩხუბებთ! საერთოდ რატომ წამომიყვანე? მირჩევნია, სულ ბებოსთან ვიცხოვრო, მარტო იმას ვუყვარვარ!
– შვილო, რას ამბობ! – ქალს გული შეეკუმშა, – საიდან მოიტანე, რომ არ მიყვარხარ? მეც ძალიან მიყვარხარ, ლევანსაც...
– ტყუილია! ბაბუმ თქვა... გავიგონე, ბებოს ეუბნებოდა, ახლა ხომ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ბავშვი, საკუთარს რომ გააჩენენ, შენ მერე ნახე, საერთოდ ზედ აღარ შეხედავენო. ისევ მე უნდა ვიწვალო, რომ პურის ფული სანატრელი არ ჰქონდესო, – სლუკუნ-სლუკუნით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
თიკა გაფითრდა. შვილის თავი მკერდზე მიიკრა და კოცნა დაუწყო, თან ეჩურჩულებოდა:
– შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ბაბუაშენს რაღაც შეეშალა. გავაბრაზე და სისულელეებს ლაპარაკობს. ხომ იცი, როცა ბრაზობს, როგორია. როდისმე სადმე წავსულვარ და შენთვის საჩუქრები არ ჩამომიტანია? ლევანსაც სულ ჩამოაქვს საჩუქრები. ძმა კი შენ თვითონ გვთხოვე. გახსოვს, რომ გვითხარი, პატარა ძმა მიყიდეთო... მაგრამ მე არავინ მინდა შენ გარდა. ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და ყოველთვის ასე იქნება. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, შვილო და, თუ ყოველთვის შენ გვერდით არ ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსებს სხვა საქმეებიც გვაქვს.
– ენას ნუ მიჩლექ! პატარა აღარ ვარ, გავიზარდე და ჩვეულებრივად დამელაპარაკე!
თიკამ ყურადღებით შეხედა შვილს და ერთბაშად აღმოაჩინა, რომ ზრდასრული მამაკაცი უყურებდა. მისმა მზერამ შეაცბუნა.
– ჰო, შენ მართალი ხარ, უკვე გაიზარდე, თანაც ძალიან. მაშინ, მოდი, ისე ვილაპარაკოთ, როგორც თანატოლებმა. რადგან დიდი ხარ, უნდა გამიგო კიდეც. ცხოვრება ადვილი არ არის. უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმდენი, რომ ზოგჯერ ყველაზე ახლობელი ადამიანები გვრჩება ყურადღების გარეშე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად გვიყვარს. ლევანი მინისტრია. შენ ხომ იცი, რამდენი საქმე აქვთ მინისტრებს?
ზუკამ თავი დაუქნია.
– ბაბუ ახლაა მოცლილი, თორემ, შენხელა რომ ვიყავი, კვირაში ერთხელ ხან ორჯერ თუ ვნახავდი. ზოგჯერ ღამითაც არ მოდიოდა სახლში. ეტყობა, დაავიწყდა ეს ყველაფერი.
– ბაბუმ მითხრა, რომ წყნეთის სახლი ჩემია და კიდევ ბევრი რამ, რის ფასსაც ახლა ვერ მივხვდები.
– ცუდია, ბაბუ ასეთ რაღაცეებზე რომ გელაპარაკება, მაგრამ უყვარხარ და ამიტომაც ეპატიება. იცი, რა მოვიფიქრე? მოდი, ახალ წელს იტალიაში შევხვდეთ, მე, შენ და ლევანი, რომში...
– რატომ მაინცდამაინც იტალიაში, იმიტომ რომ იქ ბევრი ტანსაცმლის მაღაზიებია?
თინიკო ძალიან იყო გაბრაზებული, მაგრამ მაინც გაეცინა:
– რა მაიმუნი ხარ! კარგი, შენ ამოირჩიე ქვეყანა და იქ შევხვდეთ ახალ წელს.
– მე სახლშიც კარგად ვიქნები, თუ შარშანდელივით მარტო არ დამტოვებთ და თქვენ რესტორანში არ გაიპარებით.
თინიკოს ცხვირში რაღაც აეწვა. შვილისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა:
– გპირდები. ახლა წავალ, კარგი? მაგრამ, მალე დავბრუნდები.
– წადი. დე, ბაბუას არ ეჩხუბო, კარგი? შენ ხომ თქვი, უყვარხარ და ეპატიებაო. ვაპატიოთ.
თიკამ ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა და შვილს ნაძალადევად გაუღიმა...
***
ჟანმა ხელსახოცი ოდნავ მიიდო ტუჩებთან. ნიკუშა თვალს არ აცილებდა „ციდან ჩამოვარდნილ“ მამინაცვალს, რომელიც მადიანად მიირთმევდა ნიგვზიან ბადრიჯანს და თავს მოწონებით იქნევდა:
– შესანიშნავია, ფანტასტიკური... ელენეს ასეთი არ გამოსდის. ეტყობა, აქაურ ნიგოზსაც სხვა გემო აქვს და ბადრიჯანსაც.
– აქ ამ აღმოჩენის გასაკეთებლად ჩამოხვედით?
– არა, მარტო ამისთვის არა. კიდევ გავაკეთე ერთი აღმოჩენა, მაგრამ ამის შესახებ ელენეს ვეტყვი.
– შეიძლება, მეც გავიგო?
ჟანმა ჩანგალი დადო და ნიკუშას შეხედა.
– შეიძლება, – თქვა სერიოზულად, – შეიძლება. ისეთი არ ყოფილხარ, როგორიც მას ჰგონიხარ.
– მართლა? მაინც როგორი არ ვყოფილვარ. თუმცა, ვიცი. ალბათ, გითხრათ, რომ გაუთლელ ხეპრესთან გექნებოდა საქმე. ხომ ასეა?
– არა, ცდები. თუმცა, ვაღიარებ, მთლად ანგელოზად არ დაუხასიათებიხარ. გამაფრთხილა, მასთან ურთიერთობაში პრობლემები გექნებაო.
– მერე?!
– მერე ის, რომ ელენეს სრული უფლება აქვს, საკუთარი აზრი ჰქონდეს.
ნიკუშამ ღვინო მოსვა.
– იმედი გაქვთ, რომ პარიზში ჩასვლასა და დედაჩემთან შეხვედრაზე დამითანხმებთ?
– არ ვაპირებ, რამეზე დაგითანხმო. ფრანგები თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და სხვის თავისუფლებასაც პატივს ვცემთ. გადაწყვეტილებას შენ მიიღებ.
– ჰმ, საინტერესოა. მაშინ, საერთოდ აღარ მესმის, რისთვის ჩამოხვედით.
ჟანმა პასუხი დააყოვნა. ლუკმა გადაყლაპა და ნიკუშას უცნაურად შეხედა:
– გაინტერესებს? მართლა?
– რა თქმა უნდა, ოღონდ, არ მითხრათ, რომ მართლა ბადრიჯნისა და ნიგვზის გემო გაინტერესებდათ.
– მამაშენის საფლავზე მინდა მისვლა.
ნიკუშა გაშტერდა.
– რა?
– ჰო, ძალიან მინდა და უარს ნუ მეტყვი. მე, შეიძლება, ვერ მივაგნო.
– მივაგნო? – ნიკუშამ ყურებს არ დაუჯერა, – ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ადრეც ხართ ნამყოფი?
– ჰო. დედაშენი იქ გავიცანი. არ იცოდი?
ნიკუშას სუნთქვა შეეკრა.
– აარა! ელენეს ამის შესახებ არასოდეს არაფერი უთქვამს. თუმცა... – ნიკუშამ აღარ თქვა, რომ დედამისს მამის სიკვდილის შემდეგ საერთოდ არაფერზე დალაპარაკებია...
***
... ელენემ თხელი შარფი მოიხსნა. ფეხსაცმელები გაიხადა, უხმაუროდ მიუახლოვდა სავარძელში მჯდარ შვილს და მხარზე დაადო ხელი. ნიკუშამ უხეშად მოიშორა.
– შვილო, დამელაპარაკე... ძალიან გთხოვ.
– მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, აბსოლუტურად არაფერი.
– ნიკა, არ შეიძლება ასე. არ შეიძლება... სიკვდილმისჯილებსაც კი აძლევენ უკანასკნელი სიტყვის თქმის უფლებას.
– მე არ გამისამართლებიხარ. უბრალოდ, შენთან ურთიერთობა აღარ მინდა.
– კი მაგრამ, რატომ? რის გამო, ასეთი რა დავაშავე?
– იფიქრე, იფიქრე და მიხვდები.
– აღარ მაქვს დრო. შეიძლება, აქედან მალე გავემგზავრო.
– არ მაინტერესებს, გაემგზავრე. ჩვენ უკვე აღარაფერი გვაქვს საერთო.
– ამას ნუ ამბობ, მე დედაშენი ვარ...
– ვიცი და, სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მძულხარ.
– მე კი, არავინ მყავს შენზე ძვირფასი.
– თავი დამანებე, სანამ ამ სახლში ცხოვრობ, ეცადე, ნაკლები ურთიერთობა გქონდეს ჩემთან.
ელენეს ნიკაპი აუკანკალდა.
– იცი, რას მეუბნები?
– ვიცი.
– რაში მადანაშაულებ, ეს ხომ მაინც უნდა ვიცოდე?
– მე უკვე გითხარი!
– ნიკა, მე ძალიან მიყვარდა მამაშენი.
– მით უარესი შენთვის, – ნიკუშამ გულგრილად აიჩეჩა მხრები. დედა უხეშად ჩამოიშორა გზიდან. ოთახიდან გავიდა და კარი ხმაურით გაიხურა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში