კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სთხოვა ნინი შერმადინმა „ევროვიზიის“ შემდეგ ბრენდონ სტოუნს და რატომ არის დარწმუნებული ის „ახალი ტალღის“ კონკურსზე ანრი ჯოხაძის გამარჯვებაში

მომღერალი და კომპოზიტორი ბრენდონ სტოუნი, ქართველებისთვის კი უბრალოდ, ბესიკ შპეტიშვილი, უცხოეთში უფრო პუპულარულია, ვიდრე საქართველოში. თუმცა, როცა მან გასულ წელს ბათუმში კონცერტი ჩაატარა, ნამდვილად არ ელოდა, იმდენი მსმენელის მისვლას, რაც დარბაზში იხილა. სულ ახლახან მისმა სიმღერამ ევროვიზიის კონკურსზე დიდი მოწონება დაიმსახურა და საბავშვო ევროვიზიის შესარჩევი კონკურსისთვის, რუსი მომღერალი ბავშვისთვის სიმღერაც შეუკვეთეს. მალე იურმალის კონკურსიც იწყება, სადაც ბრენდონი ყოველ წელს საპატიო, მიწვეულ სტუმრებს შორისაა. მანამდე კი ის თურქეთის სანაპიროზე ისვენებს და ირუჯება ოჯახთან ერთად, სადაც დავუკავშირდით და ინტერვიუც ჩავწერეთ.

ბრენდონ სტოუნი: „ევროვიზიის“ კონკურსზე ისე ვინერვიულე, ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე. თურქეთში ვარ ახლა ოჯახთან ერთად. მართლა დიდი სტრესი მივიღე ამ კონკურსზე. ეს შორიდან არ ჩანს, მაგრამ, როცა შენი სიმღერით გამოდის კონკურსანტი, ისეთი მღელვარება და ემოცია გაქვს, ამას ენით ვერ გადმოსცემ. ლიტველმა კონკურსანტმა, დონი მონტელამ შეასრულა ჩემი დაწერილი სიმღერა „სიყვარული ბრმაა“, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს და არაერთხელ მოუსმენია ჩემი შესრულებით.
– ეს სიმღერა ხომ სპეციალურად „ევროვიზიისთვის“ დაუწერე ლიტველ დონის და ქართველებს სად უნდა მოგვესმინა?
– სად და, ქართულ არხზე გადის სერიალი „ღვინის გზა“, სადაც ეს სიმღერა ქართულ ენაზე ჩემი შესრულებით ჟღერს. სხვათა შორის, ვამბობდი, დონი მონტელას „ვროვიზიაზე“ ჩემი სიმღერა, ლიტვურად კი არა, ქართულად  რომ შეესრულებინა, უფრო მეტ აღიარებას მოიპოვებდა-მეთქი. ამაში ბევრი დამეთანხმა, მაგრამ ანრი ორ ენაზე მღეროდა – ქართულად და ინგლისურად და ის არ დაუფასეს ამხელა დიაპაზონის ხმის მქონე ქართველ მომღერალს და ლიტველს მოუწონებდნენ ქართულად ნამღერს?
– დონი მონტელა ლიტველი მომღერალია?
– დონი მონტელას ნამდვილი, ლიტვური სახელი და გვარია – დონატას მონტრიდას, მაგრამ ჩემსავით ფსევდონიმით იცნობენ. მეც ხომ ბესიკ  შპეტიშვილი ვარ, მაგრამ ყველა ბრენდონ სტოუნად მიცნობს. ამბობენ და წერენ ჟურნალისტები, გერმანელი კომპოზიტორი და შემსრულებელიო. პირველი სიხარული იყო, როცა 40 კაცს შორის გაიმარჯვა დონიმ და ფინალში გავიდა ჩემი სიმღერით. როგორც საქართველო,  ლიტვაც პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი კონკურენტი ჰყავდა, თან არ დაგავიწყდეთ, რომ „ევროვიზია“ მაინც პოლიტიკური კონკურსია. არ ვიცოდით, ვინ მოგვცემდა ხმას. საქართველომ 12 ქულა მოგვცა და ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს მოსახლეობას. ჩვენც ამდენივე ქულა მოგეცით. იცით, რა გამიკვირდა? ახლო მეზობელმა ქვეყნებმა რომ არ მისცა საქართველოს კონკურსანტს ხმები და ვერ მოხვდა ანრი ფინალში. ძალიან მეწყინა. არადა, ანრის დიაპაზონის ხმა იშვიათობაა, მაგარი შოუც დადგა და კარგი სანახაობაც აჩვენა. დიდი იმედი მქონდა, რომ საქართველო ათეულში მოხვდებოდა და ყველა ამას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ რას ვიზამთ, კონკურსი კონკურსია, თანაც, ამ კონკურსს პოლიტიკური სარჩული უდევს. „ევროვიზიის“ კონკურსზე მეც პირველად მოვხვდი, ჩემი დებიუტი იყო, თანაც წარმატებული. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა სიმღერამ ლიტვას წარმატება მოუტანა. მართალია, მე-14 ადგილზე გავიდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგია, ამ პატარა ქვეყნისთვის „ევროვიზიაზე“ მისი მონაწილეობის მთელ ისტორიაში. კულისებში ჭორაობდნენ, ქართველებს რა მაგარი შოუ აქვთ დადგმული, ასეთი ხმა დიდი ხანია, არ გაგვიგია და ნამდვილად მოგების პრეტენდენტები  არიანო. ლიტველებს კი საერთოდ არ ჰქონდათ მოგების იმედი, რადგან სულ ბოლო ადგილზე იყვნენ. წელს კი, არც შოუ იყო დადგმული სიმღერაზე, მეცამეტე ნომრად გამოვდიოდით და დონიც თვალებზე შავნაჭერაფარებული იდგა სცენაზე. რა ვიცი, ამბობენ ცამეტი თარსი რიცხვიაო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა ჩვენთვის (იცინის). თავიდან, მეც შეგუებული ვიყავი, რომ არანაირი შანსი არ გვქონდა. ფინალში რომ გადავედით, კინაღამ სიხარულით გული გამისკდა (იცინის). სხვათა შორის, თავიდან, ერთ-ერთ საიტზე ვნახე ანრის საკონკურსო სიმღერა, მარტო მღეროდა და ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორსაც ველოდი. თუმცა, ფინალში რომ ვნახე მისი შოუ, მართლა ვიყვირე, ყოჩაღ, ქართველებო-მეთქი. მართლა მაგარი იყო, „ევროვიზიის“ „ფანები“ ყველა შოკში ჩავარდა.
– სულ მალე, იურმალაში „ახალი ტალღის“ კონკურსი იწყება, სადაც საუნდ-პროდიუსერი ხარ. ალბათ, კონკურსანტების მსგავსად, შენც აქტიურად ემზადები?
– დიახ, სულ რაღაც თვე-ნახევარში იწყება ეს კონკურსი და ძალიან მინდა, სცენაზე ქართველი მომღერალი ვიხილო. ზუსტად ვიცი, ჩვენი გენის ამბავი და იქიდან პრიზის გარეშე არ დავბრუნდებით. დიდად არ ვიცნობ ქართველ მომღერლებს და მათ შესაძლებლობებს, მაგრამ, გამოგიტყდებით, მიშა სულუხიას რომ მოვუსმინე ბათუმში, ეგრევე გავიფიქრე, ნეტავ, ეს ბიჭი იურმალაში ჩამოვიდეს და „ახალ ტალღაში“ იმღეროს-მეთქი. მართლა მაღალი შანსები ექნება. ვფიქრობ, ქართველებმა კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ რუსებს კლასი და თუ როგორ ადვილად შეგვიძლია გრანპრის აღება-მოპოვება. ანრიზეც დავფიქრდი, მასაც მაგარი შანსები აქვს „ახალი ტალღის“ კონკურსზე, ნამდვილ ცეცხლს დაანთებს სცენაზე და გადარევს ჟიურის წევრებს. ანრის მართლაც მაღალი შანსები აქვს და იქნებ, ამაზე დაფიქრდეს. ქართველებს ანრი მართლაც მაგარი გვყავს და არ მომწონს, რაღაც-რაღაცეებს რომ ამბობენ. უბრალოდ, კონკურსი კონკურსია და არ უნდა გაამძაფრო სიტუაცია. ფინალში თუ საქართველო არ გავიდოდა, დამიჯერეთ, მართლაც არავინ მოელოდა და ეს ანრის ბრალი არ არის.
– ბათუმში რომ გქონდა კონცერტი, თქვი, ისე მომეწონა ეს ქალაქი, აწი აქ ჩამოვალ დასასვენებლადო. თუმცა, სიტყვა გატეხე და თურქეთის პლაჟზე ირუჯები.
– (იცინის). სიტყვა მე არ გამიტეხავს, ბათუმში სულ მალე, აუცილებლად ჩამოვალ. უბრალოდ, სანამ ბაქოში ვიყავი, ჩემი ოჯახის წევრებს თურქეთის ბილეთები აუღიათ  და სხვა რა გზა მქონდა? ისინი გერმანიიდან გადმოფრინდნენ, მე კი ბაქოდან და აქ შევხვდით ერთმანეთს. თორემ, ჩემს ლამაზ ქვეყანაში დასვენება არ მერჩივნა? ქართულად მაინც ვილაპარაკებდი (იცინის). „ახალი ტალღის“ კონკურსი რომ ჩამთავრდება, იურმალიდან პირდაპირ ბათუმში ჩავფრინდები, თან დიდი ხნით და აუცილებლად ჩემს გემოზე დავისვენებ. ახლა ძალებს მოვიკრებ და ახალი ენთუზიაზმით შევუდგები მომავალში საქმეებს.
– მართალია, რომ საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსზე, რუსი კონკურსანტი შენს დაწერილ სიმღერას ასრულებს?
– ეს ჯერ არც მე ვიცი. მოსკოვში ტარდება საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსანტების შესარჩევი ტური. იქ ჩემი სამი სიმღერა გაჟღერდება. ერთ-ერთი კონკურსანტის პროდიუსერმა მთხოვა მისთვის სიმღერა დამეწერა. „ახალ ტალღაზე“ მოისმინეს ჩემი სიმღერები და ამიტომ მთხოვეს. სიმღერას ჰქვია „პირველი სიყვარული“ და ძალიან უხდება პატარა, 13 წლის ივან სმიდოვიჩს. დიდი იმედი მაქვს, ჩემი სიმღერა მას წარმატებებს მოუტანს.
– მოკლედ, ყველა ქვეყნის მომღერალს უწერ სიმღერებს, რომელსაც მათთვის წარმატებები მოაქვს, ქართველი მომღერლების გარდა...
 – არც არავის უთქვამს, ჩემო კარგო, დამიწერეო, თორემ უარს ნამდვილად არ ვეტყოდი. პირიქით, უფრო გულით არ დავწერ ქართველი მომღერლისთვის სიმღერებს? სხვათა შორის, ნინი შერმადინი გავიცანი „ევროვიზიაზე“, მოეწონა დონი მონტელას მიერ შესრულებული ჩემი სიმღერა და მან მთხოვა, იქნებ სიმღერა მეც დამიწეროო. აუცილებლად დავუწერ ლამაზ სიმღერას, ეს დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის.
– რომელიმე კონკურსს ხომ არ უმიზნებს შენი დაწერილი სიმღერით ნინი შერმადინი?
– (იცინის). არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მეც დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი „ევროვიზიის“ კონკურსზე ჩემი დაწერილი სიმღერით და საქართველოს სახელით. ეს მომავალი წლისთვის მაქვს დაგეგმილი და შესარჩევ ტურში მივიღებ მონაწილეობას თბილისში.
– ოღონდ, აუცილებლად გამარჯვებული უნდა ჩამოხვიდე...
– (იცინის). ეს მარტივი ნამდვილად არ არის... ყველას უნდა გამარჯვება და პირველი ადგილი, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა და მას წინასწარ ვერ გათვლი. დამიჯერეთ, მართლაც ბოლომდე დავიხარჯები საქართველოსთვის და რა მოხდება, ეს მხოლოდ უფალმა იცის.

скачать dle 11.3