მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-22(596)
„ჭამა“, – გავიფიქრე გუნებაში, მოტოციკლის ფურგონი ჩავკეტე და მაიორს უკან გავყევი.
ეზოში რომ შევედით, უზარმაზარი როტვეილერი შემოგვეგება, რომელმაც პატრონი ალოკა, მე კი ყურადღებით შემათვალიერა.
– ლენინ, წყნარად! წადი შენს ადგილზე! – უბრძანა ბერტა ნელსონმა ძაღლს, რომელიც უმალვე დაემორჩილა პატრონის სიტყვას.
„ამ ძუკნას არ უყურებ?! ძაღლისთვის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელი დაურქმევია! არ უნდა ჩააძაღლო ეს შპიონი?!“ – აღვშფოთდი მე, რადგან კომუნისტური იდეოლოგია სისხლში მქონდა გამჯდარი და ასეთი რამ მკრეხელობად მიმაჩნდა.
– რა უცნაური სახელია, მემ! უცნაური და თანაც ნაცნობი, მაგრამ, სად გამიგია, ვერ ვიხსენებ, – ვუთხარი „რკინის ქალწულს“.
– ლენინი საბჭოთა კავშირის დამაარსებელი იყო, – მომიგო ქალმა და კარი გააღო, –შემოდით.
„რკინის ქალწულის“ „შესაბმელად“ მაქსიმუმ ერთი საათი მქონდა, რადგან ჩემს მკურნალობას მეტი დრო არ დასჭირდებოდა და ამ ვადებში უნდა ჩავტეულიყავი.
– სააბაზანოში შევიდეთ და თავს დაგბანთ, რომ ჭრილობა დავათვალიერო, – მითხრა ბერტამ და, სააბაზანოში რომ შევედით, დაამატა: – პერანგი გაიხადეთ.
– მერიდება, მემ! – „დავიმორცხვე“ ბერტას წინაშე, მან კი მომიგო:
– სისულელეა. გაიხადე, ყმაწვილო, შენ წინაშე მაიორი დგას და არა თავქარიანი, ტუტუცი და კეკლუცანა გოგო.
მაიორ ნელსონის სიტყვები მაინცდამაინც დამაიმედებლად არ ჟღერდა, რადგან ის სწორედაც უნდა გამეტუტუცებინა და ეს ყოველივე, სულ რაღაც, ერთ საათში უნდა გამეკეთებინა. თუმცა, შემუშავებული გვქონდა სათადარიგო ვარიანტიც და, თუკი ბერტას შევატყობდი, რომ არ „ებმებოდა“, მაშინ ის უნდა გაგვეტაცებინა, რისთვისაც სამკაციანი ჯგუფი უკვე მზად იყო. ისინი ჩემს ნიშანს ელოდნენ და ბერტა ნელსონის სახლიდან ასიოდე მეტრის დაშორებით ისხდნენ მანქანაში.
– იქნებ, გახდის გარეშე... – დავიწყე მე. მაგრამ ბერტამ სიტყვის დასრულება არ მაცალა, პერანგი შემომგლიჯა, იატაკზე დააგდო და დააყოლა:
– მაინც აღარ ვარგა. ახალს მოგცემ. ახლა კი თავი დახარე და არ გაინძრე, – მითხრა ქალმა და აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა. შემდეგ მომკიდა ხელი და თავი მარჯვენა მუხლზე დამადებინა. მეორე ხელით კი შხაპის წყალს მასხამდა და იმეორებდა: – საკმაოდ ღრმა ჭრილობაა. არ მეგონა, მაგრამ, არაფერია. აბა, წამოდი, ტახტზე წამოწექი.
ბერტა ნელსონმა საკმაოდ კვალიფიციური პირველადი დახმარება აღმომიჩინა, თავზე სახვევი დამადო, ახალთახალი პერანგი ჩამაცვა და მითხრა:
– იწექი. ყავას მოგიტან და ცოტა კონიაკიც დააყოლე, მოგიხდება.
– მემ, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ძალიან მეუხერხულება, რომ თქვენი მეუღლის ახალთახალი პერანგი მაცვია.
– პერანგი ჩემი ძმისთვის ვიყიდე, მე კი გაუთხოვარი ვარ. ასე რომ, ნუ ღელავთ. რა გქვიათ?
– რობერტი, მემ. თქვენ?
– მაიორი ბერტა ნელსონი.
– სამხედრო ექიმი ხართ?
– არა, – გაეღიმა ქალს, – უბრალოდ, სამხედრო.
– თქვენ ძალიან კეთილი ხართ, მემ. რომ გიყურებთ, თვალწინ ჩემი ჯილდა მიდგას.
– მეუღლეა? – მკითხა ქალმა, თან კონიაკი ჩამომისხა.
– არა, ქორწინებამდე საქმე აღარ მისულა – საცოდავი ჯილდა გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად და სამუდამოდ წავიდა ჩემგან, – ვუთხარი ქალს და ისე ბუნებრივად და მწარედ ავტირდი, რომ ის გაოგნებული მიყურებდა.
– კარგი, კარგი, ნუ ტირი, ჩემო ბიჭუნა, – მითხრა მაიორმა და მკერდზე მიმიხუტა, მე კი მას წელზე შემოვხვიე ხელი, მაგრად მივიკარი და ქვითინს ვუმატე, თან ვიმეორებდი:
– ჯილდა, ჩემი უბედური ჯილდა... თქვენ არ იცით, მემ, რა კეთილი იყო. თქვენსავით კეთილი, მაგრამ, ჩემგან სამუდამოდ წავიდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ჩვენი „რკინის ქალწული“, ლენგლის მაიორი ბერტა ნელსონი, სულ რაღაც საათ-ნახევრის შემდეგ შიშველი მეწვა ლოგინში, გაშმაგებით მკოცნიდა და იმეორებდა:
– მე, მე მოგივლი, გიპატრონებ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ...
ჩემი და ბერტას შმაგი რომანი სამი კვირა გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ყოფილმა „რკინის ქალწულმა“ მთელი სადაზვერვო ქსელი ჩააგდო, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა და, მზად იყო, ჩემ გამო ყველაფერზე წასულიყო. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულ მაიორს ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი დახვდა, რომელშიც ეწერა: „ნახვამდის, ჩემო შმაგო მიჯნურო. იძულებული ვარ, დაგტოვო. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. ნახვამდის“.
ბერტა ნელსონის მიერ ჩაგდებული ქსელი საბჭოთა დაზვერვამ მრავალი წლის განმავლობაში მაქსიმალურად გამოიყენა, თანაც, მაიორს საიმედო „კრიშა“ გაუკეთეს, რომ არ ჩავარდნილიყო. ჩემ მაგივრად კი სხვა მზვერავი მიუჩინეს, რომელიც მას სექსუალურ მომსახურებასაც უწევდა, თან მის სადაზვერვო მოქმედებებს უწევდა კოორდინაციას.
– სიმართლე გითხრა, არ მოველოდი, რომ ბერტა ნელსონს გაჟიმავდი. მეგონა, მისი მოტაცება დაგვჭირდებოდა, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც ამერიკიდან მოსკოვში დავბრუნდი და მას დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი.
– მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე გენერალს.
– რით ხარ კმაყოფილი, „ცეერუს“ მაიორთან ჟიმაობით? – მეხუმრა შჩუკინმა და დაამატა: – რატომაც არა, ბერტას გაჟიმვა „ცეერუს“ გაჟიმვაა და ასეთი ბედნიერება ერთეულებს თუ ხვდებათ წილად, შენ კი ერთ-ერთი მათგანი ხარ.
საბჭოთა გენერლის სიტყვები აბსოლუტურად ზუსტად ასახავდა „კაგებეს“ მისწრაფებას, „ცეერუსთვის“ თავზე ლაფი დაესხათ, რადგან სწორედ ეს უწყება ითვლებოდა საბჭოეთის და, შესაბამისად „კაგებეს“ უმთავრეს მტრად და სამიზნედ.
– იცი რა, კოკი, – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც მორიგი შესრულებული დავალების ზუსტი ანგარიში ჩავაბარე, – ჩვენს საქმეში მაკიაველისტი ვარ.
– ანუ? – ვკითხე ვიქტორ იაკოვლევიჩს, როდესაც მან პაუზა გააკეთა და შემომხედა.
– ანუ ის, ჩემო კარგო, რომ ჩვენს საქმეში გამარჯვების მიღწევა ნებისმიერი ხერხისა და საშუალების გამოყენებითაა დასაშვები და მიზანი ამართლებს საშუალებას.
– ცოტა სადავოა, ამხანაგო გენერალო. თუმცა, ჩვენი მეტოქეები მრავალ სიბინძურეს სჩადიან ჩვენს დასამარცხებლად, – გულწრფელად მივუგე შჩუკინს. მან კი, აღტაცებით მითხრა:
– სწორედაც რომ, ჩემო კარგო! სწორედ მათი სიბინძურის გამო უნდა წავიდეთ უკიდურესობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩვენ ვერ დავამარცხებთ. არადა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა და გლობალური კატასტროფა მოხდება.
გენერალ შჩუკინის სიტყვები ტიპიური ველიკორუსული მესიანიზმის ქადაგება იყო, რასაც მაშინაც ვეთანხმებოდი და არც დღეს უკუმიგდია ბოლომდე. თუმცა, ამ იდეის განსახორციელებლად ნამდვილად ვერ მოვაწერ ყველაფერზე ხელს. პირველ ყოვლისა, ვერ გავწირავ საკუთარ ოჯახს და ვერ მოვკლავ ბავშვს და ფეხმძიმე ქალს. ესაა ჩემი ცხოვრებისეული კრედო.
ასე იყო მაშინაც, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური იდეოლოგია ფაქტობრივად ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი. ამიტომ, გენერალს შევაპარე:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენ არანაირ გამონაკლისს არ უშვებთ ამ ბრძოლაში?
– არანაირს, ჩემო კარგო. გამონაკლისი სისუსტის გამოჩენას გულისხმობს, სუსტები კი ბრძოლაში მარცხდებიან, ხოლო ჩვენ დამარცხების უფლება არ გვაქვს.
ეს დიალოგი რომ შედგა, მე და შჩუკინი საკმაოდ დაახლოებული ადამიანები ვიყავით და შევბედე:
– ნუთუ, უმწეო ბავშვსაც გაწირავთ გამარჯვებისთვის?
– ნუ ფიქრობ, რომ ჩიხში მომიმწყვდიე, – ჩაეცინა გენერალს და მკითხა, – ახალშობილ ჰიტლერს არ ჩაკლავდი ძაღლივით, რომ იცოდე, რა გლობალურ უბედურებას დაატრიალებს ის მომავალში?
– ჰიტლერს ჩავკლავდი, თოთო ბავშს – არა, – ღიმილითვე მივუგე შჩუკინს და, მართალია, გენერალი სულაც არ იყო დაბნეული კაცი, მაგრამ, მოულონელად გაჩუმდა და შემომხედა, შემდეგ, ხელი ჩაიქნია და თქვა:
– ჯანდაბას ჰიტლერი! ღმერთმა უკიდურესობები გვაშოროს. ისე კი, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
შჩუკინის თქმის არ იყოს, მე ყოველთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ და ასეთი გრძნობა მას მერე გამიჯდა სისხლში, რაც კოჯრის სპეცსკოლიდან გამოვედი.
სწორედ ოლეგმა, ჩემი დობილი ნატას მამამ მითხრა, როდესაც სპეცკურსი გავიარე, რომ ცხოვრებაში და, განსაკუთრებით – ჩვენს საქმეში, ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
– დაიმახსოვრე, რომ ამ წამიდან შენ ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი გყავს ჩასაფრებული და მის მოსაგერიებლად და დასამარცხებლად ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო! – მივუგე სპეცსკოლის დირექტორს, რომელიც, წლების მერე, როგორც მოღალატე, სიცოცხლეს გამოვასალმე. ოლეგს შუბლს რომ ვუხვრეტდი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ვერაგულ საქმეში მედგა ფეხი.
ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენი სპეცდავალება კარგად დამუშავებული იდეოლოგიური კლიშეებით იყო შეფუთული, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო. ჩემი ინდივიდუალური ინსტრუქტორი, რომელიც ტვინს იდეოლოგიურად „მისუფთავებდა“, მეტყოდა ხოლმე:
– შენი კვალიფიკაციის უშიშროების საიდუმლო აგენტი, ფაქტობრივად, ზეკაცია, რომელიც მილიონობით საბჭოთა ადამიანს უდგას ფარად და ის საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ამიტომ, შენ ყველგან და ყოველთვის ყველაფერზე მაღლა უნდა იდგე და სიკვდილისთვის თვალებში ყურება შეგეძლოს.
რაც მართალია, მართალია, მთელი ცხოვრება სიკვდილს ვეთამაშები, თვალებში ვუყურებ მას და ცოცხალი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ სიკვდილი დავამარცხე, რადგან ეს შეუძლებელია. მაგრამ, ჯერჯერობით ვერც ის მჯობნის, თუმცა, ბევრჯერ კი უცდია. სასაცილო და საინტერესო ისაა, რომ სიკვდილთან თამაშმა შეჩვევა იცის და, ნარკომანის არ იყოს, სიკვდილთან დიდი ხნის უთამაშებლობამ „ლომკა“ იცის...
ჯერ კიდევ „კაგებეში“ ვმუშაობდი, როდესაც ჯერ საშინელი გრიპი დამემართა, შემდეგ წითელა და მიყოლებით რამდენიმე ინფექციური დაავადება გადავიტანე. თითქმის ხუთი თვე ავად ვიყავი და ამდენი ხნის უმოქმედობამ ისე მომანატრა სამუშაო, რომ შჩუკინთან შეხვედრა მოვითხოვე და კაბინეტში ვეწვიე მას.
– ხდება რამე? – მკითხა გენერალმა.
– მეტი აღარ შემიძლია, ამხანაგო გენერალო. ხუთ თვეზე მეტია, უმოქმედოდ ვარ და მუქთამჭამელად გადავიქეცი, – ვიხუმრე ბოლოს, – მიშველეთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ხელიდან გეცლებით.
– ბრძოლა გწყურია? – გაეცინა შჩუკინს, – კარგი, რადგან აქ ხარ, ერთ პატარა საქმეს დაგავალებ და, აბა, შენ იცი.
„ერთი პატარა საქმე“, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქ პეშავარიდან აბუ ბაკალის მოტაცება იყო.
აბუ ბაკალი ამ ცოტა ხნის წინ მოკლეს ამერიკელმა სპეცაგენტებმა. ის უსამა ბინ ლადენის უახლოესი თანამებრძოლი და „ალქაიდას“ დამფუძნებელი იყო. მაშინ ის ავღანელ მოჯაჰედთა ერთ-ერთ უმსხვილეს დაჯგუფებას მეთაურობდა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდა. აბუ ბაკალი წარმოშობით იორდანიიდან იყო და მუსლიმანურ სამყაროში ქარიზმატულ პიროვნებად მიაჩნდათ.
– აი, ესაა აბუ ბაკალი, – ობიექტის სურათები მაჩვენა მუხინმა, რომელზეც ტიპური მოჯაჰედი იყო აღბეჭდილი, იმ მცირე განსხვავებით, რომ მისი ათასობით რიგითი ფანატიკოსი მებრძოლი უდიდეს სამხედრო ტერორისტულ ძალას წარმოადგენდა.
– რატომ ვიტაცებთ? – ვკითხე გენერლებს.
– იმიტომ, რომ პოლკოვნიკ ვასილიევში გავცვალოთ, – მომიგო შჩუკინმა, – ჩვენ მიერ მოჯაჰედებში გავრცელებული ლეგენდით, ის ლეონიდ ბრეჟნევის უახლოესი ნათესავია. სინამდვილეში კი ვასილიევი აზიური სადაზვერვო ქსელის მთავარი კოორდინატორია და იმ ოცი ჩანერგილი სპეცაგენტის ვინაობა იცის, ვინც მუშაობს სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის ახლო გარემოცვაში, აგრეთვე, სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციაში და ცენტრს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს აწვდიან. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე, რა მოხდება, ვასილიევმა რომ პირი დააღოს... არადა, თუ მას დროზე არ გამოვიხსნით, მით უმეტეს, თუ ის ცუდ პირობებში ჰყავთ, გამორიცხული არაა, ალაპარაკდეს.
ვასილიევს რომ პირი დაეღო, საბჭოთა კავშირი უმნიშვნელოვანეს საინფორმაციო წყაროებს დაკარგავდა აზიაში და „კაგებე“ სწორედ ამიტომ მიდიოდა ისეთ საშიშ ოპერაციაზე, როგორიც აბუ ბაკალის მოტაცება იყო. ჩემი უწყების ეს ნაბიჯი გამართლებული და გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ, ვერ გამეგო, როგორ ჩაუვარდა ხელში ასეთი რანგის კაცი მტერს. ეს პირები ყოველთვის ძალიან ფრთხილები და დაცულები არიან და მტრის ხახაში არასოდეს ვარდებიან. ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩს ვკითხე:
– ამხანაგო გენერალო, მაინც, რა შეემთხვა ვასილიევს და ვის ჰყავს ის?
– ჯერ ერთი, ვასილიევის ნამდვილი გვარი ხარინია. ის პაკისტანის სამხრეთში ჰყავს აბუ ბაკალის ხალხს და იქიდან მისი გამოხსნა აბუ ბაკალის მოტაცებაზე უფრო სარისკოა, რადგან ის ოპერაცია რომ ჩაგვეშალოს, მიხვდებიან, რომ სულ სხვა რაღაცაშია საქმე და მას დამუშავებას დაუწყებენ. აბუ ბაკალის მოტაცება რომ ჩაგვეშალოს, ვერაფერს იეჭვებენ და მეორე ვარიანტზე ამიტომ შევჩერდით, – მითხრა შჩუკინმა, – ახლა კი გეტყვი, თუ როგორ „ააგდეს“ ხარინი: ის ქაბულში იყო ჩასული, სადაც მორიგი აგენტი ჩაიყვანა და სპეცდავალებით ავღანეთის დემოკრატიულ მთავრობაში შეაგზავნა. მას წვერი გაუპარსავს და ქალაქში გასულა, რომ აღმოსავლური ბაზრისთვის თვალი გადაევლო, რაღაცეები ეყიდა და მოსკოვში ჩაეტანა. ის არც ჩაცმულობით და არც გარეგნობით არაფრით განსხვავდებოდა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, მაგრამ, წვერის პარსვის შემდეგ დასხმული „ტრაინოი“ ოდეკოლონის წყალობით გაშიფრა. ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ხელი უკრავს მისთვის და დაუღრიალია: აი, რუსი ღორი, ჩვენს სამოსშია გამოწყობილი და ჩვენს მიწაზე თავისუფლად დააბიჯებსო. ერთი სიტყვით, ის იქვე გაკოჭეს, გაიტაცეს და მალევე გადაიყვანეს პაკისტანში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
– სამწუხარო კურიოზია, – მივუგე შჩუკინს და ვკითხე: – როდის და ვისთან ერთად უნდა გავიდე ხაზზე?
„ხაზზე გასვლა“ ოპერაციაზე გასვლას ნიშნავდა და მუხინმა მითხრა:
– ორი შვიდ-შვიდკაციანი ჯგუფი გელოდება „ბ“ კვადრატში, რომელიც აბუ ბაკალის რეზიდენციიდან ას ორმოცდაათ მეტრში მდებარეობს და მათი ხელმძღვანელობის უფლებას ადგილზე მიიღებ. შენი მთავარი ამოცანაა ობიექტის წამოყვანა. გექნებათ რაცია, რომელსაც მაშინ გამოიყენებთ, თუკი ობიექტი ცოცხალი გეყოლებათ და მის წამოსაყვანად „კრაკადილები“ ჩამოვლენ. გასაგებია?
– გასაგებია, – მოკლედ მოვუჭერი მუხინს.
„კრაკადილი“ რეაქტიულჭურვებიანი და ნახევრად დაჯავშნილი ვერტმფრენი „მი-24“ იყო, რომელსაც პაკისტანის საზღვარი უნდა დაერღვია და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრილიყო, რაც დიდ სამხედრო-პოლიტიკურ რისკთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი რომ დაეკავებინათ, საბჭოეთი უარს იტყოდა ჩვენზე. ამიტომ, ძალიან სწრაფად და ზუსტად უნდა გვემოქმედა. როგორც კი ადგილზე ჩავედი და იქ არსებულ ვითარებას გავეცანი, ხელქვეითებს ვუთხარი:
– ჩვეულებრივი საიერიშო ოპერაცია უნდა ჩავატაროთ. ვიწყებთ უხმაუროდ და, ერთი გასროლაც თუ მოხდა, ეგრევე იერიშზე გადავდივართ. ვიწყებთ შუაღამეზე და ყველაფერს ძალიან სწრაფად და შედეგიანად დანაკარგების გარეშე ვაკეთებთ.
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ ჩვენ გაგვიმართლა. აბუ ბაკალი ისე უხმოდ გავიტაცეთ და ისეთ კაიფში იყო, რომ მხოლოდ ქაბულში გამოფხიზლდა და ვერ მიხვდა, რომ საბჭოთა დაზვერვის ხელში იმყოფებოდა. ის მეორე დღესვე დაბრუნდა უკან, მას მერე, რაც პოლკოვნიკ ხარინში გაიცვალა. საბჭოთა ოფიცრის შესახვედრად პირადად ანდრეი ლუკიჩ მუხინი იყო ჩამოსული ავღანეთის დედაქალაქში. ხარინი რომ შტაბში მივიყვანე და გენერალს წარვუდგინე, მუხინმა ძალიან ცნობილი ფირმის ოდეკოლონი ამოაცურა ჯიბიდან, პოლკოვნიკს გაუწოდა და უთხრა:
– აი, ეს იხმარე გაპარსვის შემდეგ, განსაკუთრებით კი, მივლინებების დროს, რომ შენი ეროვნება არ გაშიფრო.
მუხინის ირონია არ იყო სიმართლეს მოკლებული, რადგან ოცდაათკაპიკიანმა ოდეკოლონმა ლამის ისეთი აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს, რაც ფულით არ განისაზღვრებოდა...
მოსკოვში ერთად ჩავფრინდით, შჩუკინსაც ერთად ვეწვიეთ კაბინეტში და სწორედ მაშინ თქვა ვიქტორ იაკოვლევიჩმა თავისი ცნობილი ფრაზა, რაც მოგვიანებით არაერთხელ გამიხსენებია. მან ხარინი აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა:
– ამიერიდან, პოლკოვნიკო, კატეგორიულად გიკრძალავ სამშობლოს სურნელის ექსპორტს...
გენერალ შჩუკინს ეს სიტყვები სტალინის დროს რომ ეთქვა და ის ვინმეს დაებეზღებინა, აუცილებლად დახვრეტდნენ, რადგან საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ყოველივე საბჭოურის ექსპორტი იყო, რადგან საბჭოური საუკეთესოს ნიშნავდა, შჩუკინის სიტყვები კი – საბჭოთა სამშობლოს ღალატს. თუმცა, საბედნიეროდ, სხვა დრო იყო, თანაც, ვიქტორ იაკოვლევიჩი ძალიან სანდო ადამიანად ითვლებოდა...
„ტრაინოი“ ოდეკოლონის ისტორია საკმაოდ ყურადსაღები რამ იყო და, ამიტომ, ნებისმიერი დავალების წინ უმცირეს დეტალებსაც კი ვითვალისწინებდი ჩემს გარეგნობასა თუ საქციელში, რათა უცხო ქვეყანაში არ გავშიფრულიყავი. ამ კუთხითაც ბრწყინვალე მომზადება გავიარე კოჯორში. ინსტრუქტორი, რომელიც ერთი შეხედვით ლოთ რუს „მუჟიკს“ ჰგავდა, მასწავლიდა:
– დავალების წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა შენიღბვაა, ანუ, შენ სრულად უნდა მოერგო იმ გარემოს, სადაც მოქმედებ, რათა არ გაიშიფრო და საქმეში ხელი არ შეგეშალოს. განსხვავებული ჩაცმულობა და ქცევები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, ეს კი ჩვენს საქმეში დამღუპველია. ერთი წამით წარმოიდგინე, რომ პარიზში ჩოხით გაიარო, თან, დავალება შეასრულო. ხომ ეგრევე „დაიწვები“ და გაიშიფრები?!
ინსტრუქტორს ენამ უყივლა და ერთხელ მართლაც დამჭირდა ჩოხის ჩაცმა, რათა დავალება შემესრულებინა.
მაისის ერთ სასიამოვნო საღამოს ლუბიანკაზე მივედი და შჩუკინს ვეახლე. მის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მკითხა:
– აბა, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღს თუ მეტყვი?
მოგვიანებით, წლების შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და მათმა თანამებრძოლებმა მთელ ქართველ ხალხს გააგებინეს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი, არამედ ბევრად უფრო მეტიც, მაგრამ, შუა „ზასტოის“ დროს, საბჭოთა კავშირში, ასეთი ცოდნის მიღება დიდ უსიამოვნებებთან იყო დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, არც მე ვიცოდი ეს. ამიტომ შჩუკინს მივუგე:
– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო?
– საქართველოს გათავისუფლების დღეს.
– თუ არ ვცდები, 30 დეკემბერი, – ვუთხარი გენერალს და ვიგრძენი, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში პირველად ვიყავი.
– არა, მე გეკითხები არა საბჭოთა საქართველოს, არამედ, საქართველოს შესახებ. ანუ, იმ დღეზე, როდესაც რუსეთისგან გამოყოფილმა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
– არ ვიცი.
– ეს დღეა 26 მაისი.
– დღეიდან მეცოდინება.
– ჰოდა, პარიზში უნდა ჩახვიდე და ამ თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ატარებენ ლევილში.
შესაბამისი კოსმეტიკური კორექტირების შემდეგ, ჯერ ამერიკაში ჩავედი, იქიდან კი პარიზში ჩავფრინდი და ქართველების მამულში შავ ჩოხაში გამოწყობილი გამოვცხადდი, როგორც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის შვილი.
საზეიმო, იმპროვიზებული კონცერტის დროს, როდესაც დოლი და ცეცხლოვანი ქართული ცეკვა იქაურობას აზანზარებდა, ობიექტს მაყუჩიანი „ბრაუნინგიდან“ შუბლი გავუხვრიტე და ცეკვა ჯერ დასრულებული არ იყო, რომ იქაურობა დავტოვე. წინასწარ გამზადებული მანქანით ორიოდე კილომეტრი გავიარე, სამოსი გავიძრე, მანქანიანად დავწვი და იმავე ღამეს მოსკოვში დავბრუნდი.
– ყველგან გეძებენ. აი, წაიკითხე, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც დილით კაბინეტში ვეახელი, მან ერთ-ერთი მოწინავე ფრანგული გაზეთი დამიდო წინ, რომლის პირველ გვერდზეც მსხვილი, წითელი შრიფტით ეწერა: „საქართველოს დამოუკიდებლობის მორიგი მსხვერპლი – ბარონი ლევილში ზეიმის დროს მოკლეს!“
ობიექტი, რომელიც ლევილში მოვკალი, წოდებით ბარონი იყო და მისი ლიკვიდაცია პოლიტიკური მიზნით განხორციელდა. ის ერთ-ერთ ქვეყანაში ერთ-ერთი პარტიის ლიდერი იყო და არჩევნებში იმარჯვებდა, საბჭოთა საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.
– მშვენივრად დალაგდა ყველაფერი, – მითხრა შჩუკინმა, – ეს სუბიექტი რომ მისსავე ქვეყანაში მოგვეკლა, თითქმის ნათელი იქნებოდა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, რადგან იქ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. პარიზში კი, ნაქები ფრანგული პოლიციის ცხვირწინ, თანაც, ქართველების ზეიმზე მომხდარი მკვლელობა უამრავ ვერსიას წარმოშობს და, სანამ ბოლომდე გაერკვევიან, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ იმ ბარონის ქვეყანაში და დიდ პოლიტიკურ სარგებელს მივიღებთ...
შჩუკინის სიტყვები თვალნათლივ ასახავდა აგრესიულ საბჭოთა საგარეო პოლიტიკას, რომელიც პოლიტიკურ მკვლელობებსაც არ ერიდებოდა და, ამით, მართალია, ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში დიდ წარმატებებს აღწევდა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთგულ ხალხსაც კი წირავდნენ, თუკი სანაცვლოდ სარგებელს მიიღებდნენ.
ლუბიანკაზე მორიგი გამოძახების შემდეგ, ვიქტორ იაკოვლევიჩს კაბინეტში რომ ვეწვიე, მან ერთი შავკანიანი მამაკაცის სურათი მაჩვენა და მკითხა:
– იცი, ეს ვინ არის?
– ეროვნული ლიდერი. საბჭოთა კავშირის დიდი მეგობარი, დიადი ადამიანი, – მივუგე შჩუკინს, რადგან ფოტოზე აღბეჭდილი კაცი მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი.
– ჰოდა, ეს დიადი კაცი უნდა მოკლა.
– მოვკლა?! – გამიკვირდა მე, რადგან ვიცოდი, რომ თავის ქვეყანაში ის კაცი საბჭოეთის დიდი დასაყრდენი იყო და, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დიდი შანსი იყო, თავისი სამშობლო კომუნისტურ ყაიდაზე გადაეყვანა. სწორედ ამიტომ გავოცდი.
– უნდა მოკლა. მიტინგზე გამოსვლის დროს შუბლში ტყვია დააჭედო და წამებულად აქციო, რაც მის მოძრაობას უეჭველად გაამარჯვებინებს არჩევნებში, ეს კი ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.
მე კი ისღა დამრჩენოდა, დავალება პირნათლად შემესრულებინა. როდესაც ჩემ მიერ, შუბლგახვრეტილი ეროვნული ლიდერი დაასაფლავეს, მისი ადგილი იმან დაიკავა, ვისაც სრულად აკონტროლებდა „კაგებე“, ამიტომ, მისმა პარტიამაც დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები, მთავრობაში მოვიდა და პროსაბჭოთა გზას დაადგა.
– გეთანხმები, ვერაგობაა, მაგრამ, რას იზამ, ასე სჭირდება საქმეს, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში დავბრუნდი.
– მე ხომ არაფერი მითქვამს, – მივუგე გენერალს, მან კი ღიმილით მითხრა:
– მაგრამ, ხომ ასე ფიქრობ?
– მთავარია, საქმე შესრულდა, – თავი ავარიდე პასუხს, შჩუკინი კი არ მომეშვა:
– ზოგჯერ საყოველთაო მორალური ნორმების დარღვევა გვიწევს, რათა უმაღლესი მორალი არ დავარღვიოთ, უმაღლესი მორალი კი დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაა, რასაც საბჭოთა კავშირი უდგას ავანგარდში.
ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან გამოდიოდა, რომ ეროვნული ლიდერის მკვლელობა მსოფლიოში სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურებოდა, რაც, რა თქმა უნდა, კარგად დამუშავებული იდეოლოგიური დემაგოგია იყო. თუმცა, წარმატებით მოქმედებდა და მებრძოლი მასების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას უწყობდა ხელს.
მასების ფსიქოლოგიაზე თამაში „კაგებეში“ კარგად იცოდნენ და ამ ხერხს ყოველთვის წარმატებით იყენებდნენ საქმეში. ასეთი რამ კი ნებისმიერ სპეცოპერაციასა და შეკვეთილ მკვლელობაზე საშიშია და გაცილებით მეტი მსხვერპლი, ნგრევა და უბედურება მოაქვს.
ნებისმიერი მსხვილი რევოლუცია სხვა არაფერია, თუ არა მასების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედების შედეგად მიღებული პროდუქტი. საქმე ისაა, რომ, სანამ ხალხი იარაღს აიღებს ხელში და კონკრეტული ობიექტის დასამხობად გაემართება, ის ამ მომენტისთვის უნდა მოამზადო, ანუ, მის ფსიქოლოგიაზე მოახდინო სასურველი ზეგავლენა. ბიბლიის ფრაზა: „პირველად იყო სიტყვა“ – აქ რეალურ გამოხატულებას პოულობს და სწორედ „სიტყვის მთქმელი“ წყვეტს მომავალში მასების ბედს...
– იცით, ჩემო მეგობარო, – მითხრა კარგა ხნის წინ ერთმა ფილოსოფოსმა, რომელიც მეოცე საუკუნეში მომხდარი ერთ-ერთი მსხვილი რევოლუციის იდეური სულისჩამდგმელი იყო, იმ პერიოდისთვის ნიცაში ცხოვრობდა და საკუთარი იდეური პროდუქტის, ანუ რევოლუციური სახელმწიფოს ლიდერების წინააღმდეგ გამოდიოდა და ყოველმხრივ კომპრომეტაციას უწევდა მათ.
– ბრძანეთ, გისმენთ, ჩემო ბატონო, – მივუგე ფილოსოფოსს და კონიაკი დავუსხი.
– იცით, ჩემო მეგობარო, – გაიმეორა ფილოსოფოსმა სიტყვები, ხალხი ბრძენიაო, პირობითადაა ნათქვამი. ხალხი სულელია და ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მეტსაც გეტყვით. ეს სულელი ცხვრის ფარა, რომელსაც, რატომღაც, ხალხს უწოდებენ, მაზოხისტია და ძალიან მოსწონს, როდესაც მათ ტანჯვა-წამებას აყენებენ.
– ამას რატომ ამბობთ, ძვირფასო პროფესორო? – ვკითხე ფილოსოფოსს.
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ, როდესაც მე რევოლუციის სცენარს ვწერდი და სიტყვით გამოვდიოდი უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე, მათ „გონიერ ადამიანებს“ ვუწოდებდი, არსებული რეჟიმის დამხობისკენ მოვუწოდებდი, და თან ბედნიერ მომავალს ვპირდებოდი. სინამდვილეში კი რა მოხდა? მოხდა ის, რომ რევოლუციურმა მთავრობამ უარესად იძალა ხალხზე და ძველ რეჟიმს ასჯერ გადააჭარბა. ანუ, ხალხი მოტყუვდა და, აბა, როგორღაა ის ბრძენი?
– ზოგჯერ ბრძენიც ტყუვდება, პროფესორო. ნუ ღელავთ, გული დაიმშვიდეთ, – მივუგე ფილოსოფოსს, – მთავარია, რომ თქვენ აღიარებთ შეცდომებს და ნანობთ. ამიტომ, ღმერთი შეგინდობთ.
ფილოსოფოსი საშინელი ათეისტი იყო და ჩემს სიტყვებზე აღშფოთდა:
– ღმერთი არ არსებობს!
– პროფესორო, – ხელები გავშალე მე, – დამშვიდდით.
– არა! ღმერთი რომ არსებობდეს, ჩემისთანა ადამიანს დასჯიდა. მე ხომ ათასობით ადამიანი მოვატყუე და სიცოცხლე მოვუსპე მათ. სიტყვა – აი, რა არის ყველაფერზე საშიში, მით უფრო, თუ ეს სიტყვა სულელ ხალხს ჩაუგდე, დააჯერე და აამოქმედე. არა, არა, ღმერთი არ არსებობს!
– აბა, რა არსებობს, პროფესორო?
– ქაოსი და ტოტალური სისულელე. კიდევ – რევოლუციონერები, რომლებიც ხალხს აწვალებენ და, კიდევ – მე, რომელმაც ამ წამებას იდეური საწყისი მივეცი, – პროფესორი დადუმდა, ჩაფიქრდა და მოიწყინა. ორიოდე წუთის შემდეგ კი სახეზე წამოწითლდა და აფეთქდა, – მაგრამ მე ვიცი, როგორ უნდა გამოვისყიდო ჩემი დანაშაული: მე ჩემს ახალ წიგნს გამოვცემ, რომელშიც იმ ნაძირლების ბინძური საიდუმლოებები წერია და ხალხი მათ დაამხობს.
– ახალი რევოლუციისკენ მოუწოდებთ ხალხს? – ვკითხე ფილოსოფოსს, – იქნებ, თქვენი ხელნაწერის ფრაგმენტები გამაცნოთ ექსკლუზიურად?
– სიამოვნებით, მაგრამ, იმ პირობით, თუ წიგნის გამოსვლამდე საიდუმლოდ შეინახავთ, – მითხრა ფილოსოფოსმა.
– რა თქმა უნდა, – მივუგე მე და შევპირდი: – პატიოსან სიტყვას გაძლევთ.
პროფესორი გვერდით ოთახში გავიდა, ხუთიოდე წუთში თაბახის ნაბეჭდი ფურცლების დასტა მოიტანა და მითხრა:
– აი, ჩემი მომავალი წიგნი. მცირე კორექტურაც და – წიგნის ბეჭდვაში ჩაშვებაც შეიძლება.
– საკმაოდ სქელტანიანი გამოვა, – ვუთხარი ფილოსოფოსს, მან კი მომიგო:
– ორტომეულს ვგეგმავ.
– პროფესორო, ხელნაწერები არ გაანადგურეთ?
– არა, სეიფში მაქვს. ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს მუზეუმს რომ გახსნიან, იქ გამოფენენ, – მომიგო ფილოსოფოსმა და წასაკითხად მოემზადა, მაგრამ მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიით შუბლი გავუხვრიტე. შემდეგ სეიფიდან ხელნაწერები გამოვიღე და ნაბეჭდ ფურცლებთან ერთად ჩავალაგე, მოკლულს დავხედე და წავედი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში