ოპერაცია „ბაგრატიონის“ დაგეგმვისას, გენერალ როკოსოვსკის გენერალური შტაბის სარდლობიდან მხოლოდ სტალინმა დაუჭირა მხარი
მაშინ, ბალაშოვის საავიაციო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, მეორე მსოფლიო ომში, თავის გემოზე ფრენის უფლება არ მიეცა. ერთ-ერთ პირველ ბრძოლაში, ხარკოვთან, მისი მოიერიშე „ილ-2“ მტერმა ჩამოაგდო, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, ძლივს მოასწრო კატაპულტირება. შემდეგ გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა და რის ვაივაგლახით მოახერხა, რომ საბჭოთა ჯარების მხარეს მოხვედრილიყო. ამ ამბის შემდეგ ის გამოუცდელ მფრინავად ჩათვალეს, კვალიფიკაციის კურსები გაატარეს და გამნაღმველად გადაიყვანეს. სწორედ ერთ-ერთ დანაღმულ ველზე შეახვედრა ბედმა ის სტალინის ვაჟს, ვასილის. დღეს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი იაზვინსკი, ყირიმში, ქალაქ ალუპკაში ცხოვრობს და მოგონებებს წერს. ის განსაკუთრებულად იხსენებს ამ ისტორიას.
ტალინისა და სარდლობის მიერ შემუშავებულ სამხედრო ოპერაცია „ბაგრატიონს“, შთამბეჭდავი წარმატება მოჰყვა – ორთვიანი შეტევის შედეგად, ვერმახტისგან სრულად გათავისუფლდა ბელორუსია, გერმანელები ნაწილობრივ განიდევნენ ბალტიისპირეთიდან და აღმოსავლეთ პოლონეთიდან. მთლიანობაში, 1 100-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, საბჭოთა ჯარებმა 600 კილომეტრით წინ წაიწიეს. წარმატების შედეგმა სტალინის მოლოდინსაც გადააჭარბა – ვერმახტის არმიის ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცი განადგურდა. ტყვეების რაოდენობამ კი „სტალინგრადსაც“ გადაასწრო და სამ საათზე მეტი დრო დასჭირდა მარშით მათი მოსკოვის ქუჩებში ჩატარებას. ვერმახტის არმიის ჯგუფმა „ცენტრმა“, კატასტროფა განიცადა. „დიდ ვალსს“, სტალინის ინიციატივით, მუსიკალური კომედიის სახელი ეწოდა. ტყვეების ეს მარში 1944 წლის 17 ივლისს ჩატარდა. ტყვეები მოსკოვის იპოდრომსა და დინამოს სტადიონზე შეაგროვეს. სიმბოლურ მარშამდე ყველა კარგად გამოკვებეს. დილის 11 საათისთვის ისინი 600-კაციან ჯგუფებად დაყვეს და წოდებებისა და რანგების შესაბამისად დააწყვეს (ჯარისკაცებს გენერლები და მაღალჩინოსანი ოფიცრები მიუძღოდნენ წინ). კოლონების მსვლელობას ხელმძღვანელობდა გენერალ-პოლკოვნიკი არტემიევი. აღლუმი შვიდი საათისთვის დამთავრდა. ტყვეები სპეციალურ ვაგონებში ჩასვეს და თავისუფლების აღკვეთის ადგილებისკენ გაამგზავრეს. ღონისძიების საერთო ხელმძღვანელმა, მარშალმა ლავრენტი ბერიამ სტალინს უპატაკა, რომ „მსვლელობის დროს იყო ანტიფაშისტური შეძახილები, მაგრამ აგრესიულ ანტიგერმანულ გამოხდომებს მოსახლეობის მხრიდან ინციდენტები არ მოჰყოლია“. ასეთი კატასტროფით დასრულდა გერმანული ვერმახტისთვის ოპერაცია „ბაგრატიონი“, რომლის დაგეგმვისას, უმაღლესი სარდლობა და მთელი გენერალური შტაბი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გენერალ როკოსოვსკის ახალ ინიციატივას. ცხარე კამათიც გაიმართა, მაგრამ ამ დროს სტალინი ჩაერია და თქვა: „ამ კაცმა იცის თავისი საქმე, მართალია რისკავს, მაგრამ რომ არ დავეთანხმოთ, შეიძლება, ვინანოთ”. ოპერაცია „ბაგრატიონი“ სტალინის ვაჟს, ვასილისაც შეეხო. მისი თავგადასავლების შესახებ მთელმა ქვეყანამ იცოდა, ხშირად თავისი ინიციატივითაც დაფრინავდა სხვადასხვა ფრონტზე, რისთვისაც არაერთხელ მიუღია საყვედური. ამ ოპერაციის დროსაც მინსკთან, ერთ-ერთმა გერმანულმა „მესერმა“ თითქოს კუთხეში მოიმწყვდია, მაგრამ ვასილმა ფანტასტიკური მანევრის განხორციელება მოახერხა. თუმცა, იძულებით, დანაღმულ ველზე მოუწია დაშვება. გერმანელებმა იცოდნენ, რომ ასეთი ნიშნების მქონე თვითმფრინავით მხოლოდ მაღალჩინოსნები დაფრინავდნენ და მფრინავთა განადგურების, ან დატყვევების შემთხვევაში, ჰიტლერი მათ რკინის ჯვრით დააჯილდოებდა. მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდათ, ტერიტორია მიატოვეს. სწორედ ამ დროს, ოთხი გამნაღმველი, უდიდესი რისკის ფასად, დანაღმული მოედნის გავლით, მიფოფხდა თვითმფრინავთან და ორი დაჭრილი მფრინავი გადმოათრია. შემდეგ კი ხელმძღვანელობას გადასცეს. ერთ-ერთი მაშველი, ზემოთ ხსენებული იაზვინსკი იყო, რომელიც საღამოს დივიზიის შტაბში გამოიძახეს. მიწისქვეშ, კონსპირაციულად მოწყობილ სამალავში, შესანიშნავი სუფრა იყო გაწყობილი, რომელსაც ოფიცრები უსხდნენ და ქეიფობდნენ. ერთ-ერთი წამოდგა, ის გამნაღმველების მიერ გადარჩენილი ვასილი იყო. მან დიდ ჭიქაში კონიაკი ჩამოასხა, იაზვინსკის შესთავაზა, ამის მერე, ტელეფონის ნომერი მისცა და უთხრა, ომის შემდეგ დაკავშირებოდა, შენთან ვალში ვარ და მეც დაგეხმარებიო.
გამარჯვების შემდეგ, იაზვინსკი სამხედრო კოლეგიის მდივნად მუშაობდა (ტრიბუნალი მაშინ მოსკოვში, არბატის ქუჩაზე იყო). კუნცევოს აგარაკზე მიმავალი, ვასილი სტალინი ამ ქუჩით ჩაივლიდა ხოლმე. ერთხელ, ასეთი ვოიაჟის დროს, მან ყოფილ გამნაღმველს ქუჩაში თვალი მოჰკრა. იაზვინსკი სადილზე მიდიოდა, როცა ბოროვიცკის კარიბჭიდან მანქანამ ჩაუქროლა, მხოლოდ გენერალ-ლეიტენანტის ფორმას მოჰკრა თვალი. თუმცა, მანქანა გაჩერდა, იქიდან ორი პოლკოვნიკი გადმოხტა, ხელი ჩაავლეს და სალონში შეათრიეს ისე, რომ არათუ იარაღისკენ ხელის წაღება, განძრევაც ვერ მოახერხა. წინ მჯდომმა გენერალმა ჰკითხა: გეტყობა, ნაომარი ხარ. გამნაღმველი ხომ არ იყავი და ორი მფრინავი ხომ არ გამოგიყვანია დანაღმული ველიდან. კი, ერთხელ მე და ჩემმა ბიჭებმა ორი შტერი გამოვიყვანეთ, საოცარია, როგორ არ აფეთქდნენო – უპასუხა იაზვინსკიმ. ვასილის ბევრი არ უფიქრია, ჯერ უთხრა, რომ ერთ-ერთი შტერი მოსკოვის ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი, ვასილ სტალინი, ანუ თვითონ იყო, შემდეგ კი იაზვინსკი თავის ადიუტანტად დანიშნა. ამ „საკადრო ცვლილებამ“ გაამართლა...
საიდუმლო ოპერაცია
ცნობილია, რომ ამერიკელები იაპონიის დაბომბვას ომის შემდეგაც განაგრძობდნენ. ამომავალი მზის ქვეყანა, მათ, ფაქტობრივად, საცდელ პოლიგონად აქციეს. ერთ-ერთმა ავიაგამანადგურებელმა, „B-29-მ“, სამხედრო ამოცანის შესრულების შემდეგ, დაუზიანებლად გამოსვლა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა, შორეულ აღმოსავლეთში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დამჯდარიყო. ცხადია, სტალინმა სასწრაფოდ დაგეგმა საიდუმლო ოპერაცია, რომლის თანახმადაც, პირველ ეტაპზე ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა. ყველა ამერიკელს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბელადს არ შეშლია მოკავშირეების პატივისცემა. ყველაზე რთული ამ საიდუმლო ოპერაციაში, თვითმფრინავის მოსკოვში ბუქსირით გადაყვანა იყო, რასაც ლავრენტი ბერიამ და ვასილ სტალინმა ჩინებულად გაართვეს თავი. ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვასილის ადიუტანტმაც – სწორედ მისი მახვილგონიერი შენიღბვის მეთოდით მოხერხდა ის, რომ ცნობები ზუსტი მარშრუტისა და გადაადგილების შესახებ დღესაც გასაიდუმლოებულია და არავინ იცის. არის მხოლოდ ვერსიები: თითქოს თვითმფრინავის ტრანსპორტირება საზღვაო გზით მოხდა. არის ჭორიც, რომ ის ციმბირში შეაკეთეს და შემდეგ იაზვინსკიმ გადააფრინა მოსკოვში, ამბობენ, ჩვეულებრივად ჩაიყვანეს მოსკოვში – ისე, რომ, თვითმფრინავი შენიღბული იყო და ვერავინ იფიქრებდა, ბუქსირით საფრენი აპარატი გადაჰქონდათო. ფაქტია, რომ ერთ კვირაში მის დასათვალიერებლად სტალინი და მთელი პოლიტბიურო მივიდა. ბელადმა თავის ჩვეულ სტილში შემოუარა აპარატს, ცოტა ხნის შემდეგ კი ბრძანა, მისი ასლი გაეკეთებინათ. აშკარად უკმაყოფილო დარჩა აკადემიკოსი ტუპოლევი, რომელმაც შეპასუხება გაბედა და თქვა, რომ საბჭოთა კავშირს საუკეთესო საკონსტრუქტორო ბიურო აქვს და გაცილებით უკეთესის გაკეთება შეუძლიათ. სტალინმა კატეგორიულად გაუმეორა, ისიც კი უთხრა, ცუდად თუ გესმით, ყურსასმენებს გამოგიწერთო.
ხელმძღვანელობიდან მხოლოდ ორმა ადამიანმა სტალინმა და ბერიამ იცოდა (ცხადია დაზვერვის გარდა), თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ საჰაერო ხომალდს. საქმე ისაა, რომ ეს ის „B-29“ იყო, რომელმაც თავის დროზე ხიროსიმა და ნაგასაკი დაბომბა და პირველი ატომური იერიში განახორციელა. იაზვინსკი – დღეს უკვე, მეცნიერი და აკადემიკოსი, დარწმუნებულია, რომ მის შეფს, ვასილის რომ სცოდნოდა, აუცილებლად ეტყოდა, რადგან ძალიან ენდობოდა. იმასაც ამბობს, სწორედ სტალინის დამსახურებაა, რომ ამერიკული „B-29“, საბჭოთა „რს-4-ის“ წინამორბედი გახდა.
P.S. ბელადის დამოკიდებულება ავიატორებისა და საერთოდ, ავიაციის მიმართ საყოველთაოდ იყო ცნობილი. ამისთვის კონსტრუქტორ ილიუშინის, მფრინავების – კოკინაკისა და ჩკალოვის მოგონებებიც საკმარისია. მხოლოდ მათ ეპატიებოდათ ის, რაც სხვას არა. ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ, მათთვის უცხო იყო მატერიალური პრობლემები. ეს კასტა იყო, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებითა და ხელშეუხებლობით სარგებლობდა. ყველა პრესტიჟულ მიღებასა თუ წვეულებაზე ისინი ბელადს უმშვენებდნენ გვერდს. თუმცა, როგორც თვითონ იხსენებენ, სტალინის აგარაკზე, შინაურ გარემოში ერჩიათ დროსტარება. არც ამ ოპერაციას ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე. კუნცევოს აგარაკზე, აივანზე თითქმის ყველა მთავარი მონაწილე შეიკრიბა. სტალინმა მხიარული თამაში მოიგონა – სტუმარს, რომელიც ჰაერის ტემპერატურას ვერ გამოიცნობდა, ჯარიმის სახით იმდენი ჭიქა არაყი უნდა დაელია რამდენი გრადუსიც იქნებოდა ცდომილება. თავიდან ამ თამაშმა არცთუ დიდი მოწონება დაიმსახურა, მაშინ ბელადმა ბერიას ბილიარდის მაგიდის ქვეშ გაძრომის წესები შეახსენა და ყველა დასთანხმდა (ბერია ბრწყინვალედ თამაშობდა ბილიარდს და პოლიტბიუროს თითქმის ყველა წევრისთვის ჰქონდა მოგებული სანაძლეო მაგიდის ქვეშ გაძრომაზე). ამის შემდეგ სხვა სიურპრიზიც ელოდათ სტუმრებს – სტალინმა იატაკის ლუქი ახადა და შიგ მყოფ ოფიცერ ორლოვს ჰკითხა, თავს როგორ გრძნობ პოსტზეო. მას ღვინის მარანი ებარა და შიგნით იყო ჩაკეტილი. „ზამეჩატელნო“ (ბრწყინვალედ), – უპატაკა ოფიცერმა და თოკით ჩაშვებული კალათა გამოართვა, შიგ საუკეთესო ღვინოები ჩააწყო და ამოაწოდა.