კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაწერა ნობელის პირადმა მდივანმა პირველი თხზულება ქუთაისში და როგორ მიიღო მან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში

ავსტრიელი წყვილის, ბერტა და არტურ ფონ ზიუტნერების შესახებ ქართველებმა ცოტა რამ თუ იციან. ბერტას მემორიალურ დაფას უზნაძის ქუჩაზე შეხვდებით. ბერტა ზიუტნერი მცირე ხნით თვით ალფრედ ნობელის პირადი მდივანი იყო. ასევე, იგი გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ეკატერინე დადიანის ამალის სეფექალი და ცნობილი ლოველასის, ერეკლე ბატონიშვილის სატრფო. ზიუტნერების შესახებ მკვლევარი გერმანისტი, ბატონი გურამ ჭოხონელიძე გვესაუბრება.

– ბერტა ზიუტნერის ნამდვილი გვარი იყო კინსკი. ის დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა, მისი ბიძა გენერალი გახლდათ და მამაც სამხედრო პირი იყო. ის მის მშობლებს საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში ეყოლათ, თუმცა, შვილის დაბადებას მამა ვერ მოესწრო, ამიტომ ბიძებმა ბერტა არ მიიღეს – მას ძმისწულად არ აღიარებდნენ. ბერტას დედა კაბარეს მოცეკვავე იყო, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ბოჰემური ცხოვრებით გატაცებული ქალბატონი, რომელმაც მთელი ქონება სამორინეში წააგო და გაანიავა. ბერტას კლასიკური განათლება არ მიუღია, ამის საშუალებაც აღარ ჰქონდა – დედამისის ცხოვრების წესის გამო ერთადერთი საგვარეულო გულსაბნევიღა შერჩა. თუმცა, დედამისს დაჟინებული ჰქონდა, რომ მისი ქალიშვილი აუცილებლად „პრინცს“ უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მართლაც, ბერტა დაინიშნა ერთ საკმაოდ სახელოვან ადამიანზე, თუმცა, მალე ის გემით გაემგზავრა ამერიკაში. მას შემდეგ ბერტა ისევ დაინიშნა – ამჯერად ჰაინრიხ ჰაინეს ძმაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი საწოლში ვერ მორიგდნენ – ბერტა მომხიბლავი და მგზნებარე ტემპერამენტის მქონე ქალბატონი იყო, საქმრო კი – საკმაოდ ხანდაზმული. ამიტომ, ეს ნიშნობა ჩაიშალა. ბერტა ამ პერიოდში უსამსახუროდ დარჩა და ფონ ზიუტნერების ოჯახში გუვერნანტად დაიწყო მუშაობა. მისი ბიოგრაფიიდან განსაკუთრებით საყურადღებოა, ურთიერთობა ალფრედ ნობელთან. ბერტა მისი პირადი მდივანი იყო ძალიან მცირე ხნით – მხოლოდ ერთი თუ ორი კვირის განმავლობაში. ნობელმა მას ცოლობა სთხოვა, მაგრამ ბერტა არაფრით არ დასთანხმდა, რადგან ნობელი უკვე ასაკოვანი იყო. ნობელმა შემდგომ მის ჯინაზე სხვა ქალი შეირთო, თუმცა, მალევე განქორწინდა მასთან.
როგორც გითხარით, ბერტამ ავსტრიელ დიდგვაროვნებთან დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. მოხდა ისე, რომ ბერტამ და არტურ ზიუტნერმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბეს. მათ მალულად დაიწერეს ჯვარი და საქართველოში გამოიქცნენ, რადგან არტურის ოჯახი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. მეუღლეზე შვიდი წლით უფროსი ბერტა, ყველანაირად გამოცდილი დედაკაცი იყო, არტური კი – 17 წლის გამოუცდელი ყმაწვილი. ალბათ, მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა: რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორ შეიტყვეს მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ? იმ პერიოდში გერმანიაში სამკურნალოდ ძალიან ხშირად დადიოდა ეკატერინე დადიანი. იქ შეხვდა იგი ბერტას, ძალიან მოეწონა და ჩაწერა თავის ამალაში. როცა სალომე დადიანმა ჯვარი დაიწერა აშილზე, ბერტა იყო სალომეს მეჯვარე. სწორედ ამის შემდეგ წამოვიდნენ ბერტა და არტური გემით საქართველოში, კერძოდ, ბათუმში. ავსტრიელი წყვილისთვის მაშინდელი ბათუმი და განსაკუთრებით კამეჩის ნაკელით სავსე ქუჩები ნამდვილი შოკი იყო. სამაგიეროდ, დიდი ზარ-ზეიმით მიიღო ზიუტნერები ეკატერინემ ზუგდიდში. თავიდან წყვილი ეკატერინესთან ცხოვრობდა, თუმცა, შემდგომში ისინი ერთ მომცრო სახლში გადავიდნენ, სადაც საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ: ორი ბატი ჰყავდათ და ძირითადად იმის კვერცხებით იკვებებოდნენ. თუმცა, ნიჭიერმა არტურმა იქაურობას მალე აუღო ალღო, შესანიშნავად შეისწავლა მეგრული და დადიანების საქმის მწარმოებელი გახდა. ახლაც კი, დადიანების სახლ-მუზეუმში არტურის მიერ მოხატული შპალერია გაკრული. ამავდროულად, ცოლ-ქმარი მუსიკისა და ფრანგულის გაკვეთილებსაც ატარებდა. სხვათა შორის, ბერტა წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ქალებს, განსაკუთრებით კი მეგრელ ქალბატონებს, დიდი სიყვარული აქვთ მოდის მიმართ. მისი თქმით, პარიზში გამოსვლას ვერ ასწრებდა სამოსი თუ სუნამო, რომ მეორე დღეს ზუგდიდში უკვე ეცვათ მოდის უკანასკნელი ტენდენციების შესაბამისად. როდესაც ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა გარდაიცვალა, ტრადიციისამებრ, მოტირალ ქალებს შორის იყო ფეხშიშველი და თმაგაშლილი ბერტაც, რომელმაც მეგრულად დაიტირა ეკატერინე.
– თუ არ ვცდები, ბერტა ზიუტნერმა თავისი პირველი მოთხრობა ქუთაისში დაწერა.
– დიახ, ასეა. ზიუტნერები თავდაპირველად ყოველდღე დადიოდნენ ზუგდიდიდან ქუთაისში ეტლით, სადაც მუსიკისა და ფრანგულის გაკვეთილებს ატარებდნენ. იქ ხშირად მიდიოდნენ სტუმრად წარჩინებულების: ღოღობერიძეების, ლორთქიფანიძეებისა და სხვათა ოჯახებში, თუმცა შემდგომ ისინი ქუთაისში ქირით გადავიდნენ. სწორედ ამ ქალაქში დაწერა ბერტამ პირველი მოთხრობა, რომელიც „ფრაიე დოიჩე პრესეში“ დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ბერტა და არტურ ზიუტნერები კორესპონდენტები იყვნენ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს და ისე ოპერატიულად აწვდიდნენ მასალებს ევროპულ პრესას, რომ ინფორმაცია მეორე დღესვე იბეჭდებოდა. ზიუტნერები იმდენად მიღებულები იყვნენ ქუთაისის ინტელიგენციის წრეში, რომ მათ დიდი შეხვედრაც მოუწყვეს დავით წერეთლის ოჯახში.
– საუბრის დაწყებამდე თქვენ გვითხარით, რომ ბერტას რომანი ჰქონდა ერეკლე მეორის შვილიშვილთან, ერეკლე ბატონიშვილთან.
– დიახ, მათ ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. როგორც მოგახსენეთ, ბერტა ეკატერინე დადიანის ამალაში ირიცხებოდა და ამ გზით გაიცნეს ერთმანეთი. ერეკლეც ხშირად დადიოდა სამკურნალოდ გერმანიაში (თუ არ ვცდები, თირკმელები აწუხებდა). მოკლედ, მოეწონა ბერტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა, თუმცა, ჰერაკლიუსი, როგორც მას ევროპაში ეძახდნენ, იმდენად, გამოუსწორებელი მექალთანე იყო, რომ ნათესავებიც კი ვერ იტანდნენ. ერეკლემ სიტყვა არ შეასრულა და ცოლად თამარ ჭავჭავაძე შეირთო. სხვათა შორის, ერეკლე განთქმული ცხენოსანი იყო მთელ იმპერიაში და საუკეთესო ჯიშის ცხენები ჩამოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან.
– როგორც ვიცი, არტურ ზიუტნერს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და კავკასიის წინაშე.
– არტურ ზიუტნერმა დაწერა რომანი შამილზე, ასევე, რომანი „აჭარლები“; იგი ხშირად წერდა კავკასიურ სიტუაციებზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ორი – „ვალსი ენგურზე“ და „თამარის ვალსი“, რომელთა ნოტები, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე. თუმცა, რომანი „დემონი“ არტურს ეკუთვნის და არა ბერტას, როგორც ეს საზოგადოებაშია ცნობილი.
– მათ შვილი არ ჰყავდათ?
– სამწუხაროდ, შვილები არ დარჩენიათ და, როგორც ვიცი, ამის გამო ურთიერთობაც გაუცივდათ. ერთხანს ბერტა ავად იყო და არტური პატარა ბავშვივით უვლიდა. შემდეგ კი ისინი ავსტრიაში დაბრუნდნენ, რადგან ბერტას დედა მძიმედ ავად შეიქნა, თან, ეტყობა, მაინც მობეზრდათ საქართველოში ცხოვრება.
– ცნობილია, რომ ბერტა ზიუტნერმა პირველმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
– ბერტა ზიუტნერი იყო პირველი ნომინანტი ნობელის პრემიისა მშვიდობის დარგში, თუმცა, ნობელის პრემია მანამდეც არსებობდა. მხოლოდ დავძენ, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის დაწესება ბერტას იდეა იყო და მისი პირველი მფლობელიც თავად გახდა.

скачать dle 11.3