ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა დავიცვათ ძაღლი მკბენარებისგან?
პასუხი: ამ პრობლემისგან ძაღლის დასაცავად არსებობს მარტივი ხერხებიც. პირველ ყოვლისა, სასურველია ძაღლი კარგად ვაბანაოთ, მან სამი დღის განმავლობაში უნდა აღიდგინოს კანის გარე შრეზე ცხიმი, რომელიც კანს იცავს დაზიანებისგან. ამის შემდეგ კი, ვიწყებთ კანის დამუშავებას რომელიმე პრეპარატით. პრეპარატები ძირითადად ორი სახის არსებობს: ზეთოვანი და პულვერიზატორის სახით. თუ პულვერიზატორს გამოვიყენებთ, მისი დამუშავება უნდა დავიწყოთ კისრის ზედა ზოლიდან და დავასხათ ბეწვის ზრდის საპირისპირო მიმართულებით, ანუ, რომელ მხარესაც დაწვენილია ბეწვი, საპირისპირო მხარეს გადავწიოთ და ისე მივასხუროთ პრეპარატი.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, როგორ შევურჩიო ძაღლს ჭურჭელი? ანუ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ ჭურჭლს მოვახმართ ცხოველს წყლისთვის და კვებისთვის?
პასუხი: ჭურჭელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ცხოველის ჯანმრთელობისთვის. ძაღლს, რომელიც ოჯახში გყავთ და ძალიან გიყვართ, შეიძლება ძალიან ლამაზი ჯამი შეურჩიოთ წყლისთვის და საკვებისთვის, მაგრამ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს ჯამი რისგან არის დამზადებული. თუ შემთხვევით არარეკომენდებული ჭურჭლიდან აჭამეთ ძაღლს საკვები, ცოტა ხანში შეატყობთ, რომ მას ბეწვი სცვივა, ვერც ხასიათზე იქნება, თვალები გაუდიდდება, ღვიძლი გაუღიზიანდება, დილაობით პირღებინება დაეწყება და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჭურჭლის დასამზადებლად ტყვიის მინარევებიან კომპონენტებს იყენებენ. როცა ძაღლი საკვებს ასეთი ჯამიდან იღებს, ტყვია მის ორგანიზმში გადადის და იწყება ქრონიკული მოწამვლა. ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჭურჭლის ხარისხი. ძაღლისთვის კარგია პლასტმასის სპეციალური თასები ან მომინანქრებული ჭურჭელი, რათა დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.
კითხვა: როგორ უნდა მოვაშოროთ ძაღლის კბილებს ქვები?
პასუხი: ამისთვის არსებობს პროფილაქტიკური საშუალებები: დაპრესილი ტყავები, რომლებსაც ძვლის ფორმა აქვს. ძაღლი მას ღეჭავს და კბილები ეწმინდება. არის, ასევე, მამაპაპური საშუალება, როცა ძაღლს კარგად დამდუღრულ ძვალს ვაძლევთ, რათა მას ბაქტერიები არ ჰქონდეს. თუ ძაღლი პატარაა, უმჯობესია, ხერხემლის ან ნეკნის ძვალი მივცეთ, რომელსაც ხრტილოვანი ნაწილი ბევრი აქვს და მის კბილებს ნაკლებ ზიანს აყენებს. ასევე, კარგია ბარძაყის ძვალი, რომელიც ძალიან დიდია და ამიტომ შუაზე უნდა გაიჩეხოს, მჭრელი კიდეები კი უნდა ჩამოვატეხოთ, გლუვი რომ გახდეს, დავმდუღროთ და ისე მივცეთ ძაღლს. მას ეს მოსწონს – თამაშობს, ღრღნის და კბილებიც ეწმინდება. ეს უნდა გავიმეოროთ მხოლოდ თვეში ან ორ თვეში ერთხელ, რადგან ზედმეტი კალცის გამოყოფა, რასაც ეს იწვევს, კუჭ-ნაწლავის შეკრულობასაც უკავშირდება. შეიძლება, ამან ზოგ შემთხვევაში კოლიტიც გამოიწვიოს. ზოგ ჯიშში, მაგალითად, პუდელებში, ეს ხშირად საკმარისი არ არის, რადგან მათი კბილები და ქვა ისეა ერთმანეთში შეზრდილი, რომ მას ამ მეთოდით კბილი უფრო მოსტყდება, ქვა კი არ მოშორდება. ასეთ შემთხვევაში ლეკვი კლუბში სპეციალისტთან უნდა მიიყვანოთ, სადაც თანამედროვე აპარატით მოაშორებენ კბილებიდან ქვებს.