რა გაიტაცა ცოლისდის მკვლელობის შემდეგ სიძემ მოკლულის სახლიდან და რატომ ეძინა მას ცხედრის გვერდით
47 წლის მანონ ჭიღლაძის დასახიჩრებული ცხედარი სოფელ კონის მოსახლეობამ უცნაურ ვითარებაში აღმოაჩინა. ნიკო კვაჭაძე, რომელიც უკვე ხუთი წელია სოფლის მოსახლეობას მწყემსად ჰყავს დაქირავებული, კონის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს ბალახს აძოვებდა. სწორედ მან აღმოაჩინა ქალის გვამი. მწყემსმა შემთხვევის ადგილზე სოფლის მოსახლეობას უხმო, მათ კი სამართალდამცველებს აცნობეს გვამის აღმოჩენის შესახებ.
ამონაწერი ნიკო კვაჭაძის ჩვენებიდან: „საქონელი საძოვარზე დილაადრიან გავიყვანე. ერთი-ორი საათი იყო გასული, რომ ჩემი ძაღლი საძოვრების მახლობლად, ხის ქვეშ გაჩერდა და ყეფა დაიწყო. იქით უკვე ტყე იწყება, არ მინდოდა ძროხები ტყისკენ წასულიყვნენ. რამდენჯერმე შევუძახე ძაღლს, მაგრამ, იმ ადგილს არ შორდებოდა. ძროხებს თავი მივანებე და მეც იქით წავედი. ძაღლი მიწას თხრიდა, საკმაოდ ღრმად ჰქონდა გათხრილი და მიწიდან ტომრის ნაწილები და სისხლიანი ტანსაცმელი ამოაძრო. ამან ძალიან შემაშინა, მეც დავიწყე მიწის თხრა და, მოულოდნელად ქალის ხელს წავაწყდი. ისეთ დღეში ჩავვარდი იქაურობას თავი დავანებე, ორმოს ისევ მიწა მივაყარე და სოფლისკენ გავიქეცი. ეს ამბავი რომ მოვყევი, ხალხს ეგონა, გავგიჟდი. ზოგი ამბობდა, პოლიცია გამოვიძახოთო; რამდენიმემ ისიც თქვა, ხომ არ მოგეჩვენა, ტყუილად ხომ არ დავუძახებთო. რამდენიმე მამაკაცი გამომყვა თან, ერთად ავედით საძოვარზე, უფრო ღრმად გავთხარეთ მიწა და ქალის ცხედარიც გამოჩნდა. ცხედარი ზეწარში იყო გახვეული, რომელიც მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. გათხრილ ორმოში ხელი ისე ეგდო, თითქოს ცხედრისთვის მოეჭრათ და ცალკე ჩაეგდოთ. მერე, როდესაც ტყეში სამართალდამცველები მოვიდნენ, შემთხვევის ადგილს აღარ მიგვაკარეს, მაგრამ, ის, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, საზარელი იყო”.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და მოწმეთა დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი იმავე სოფელში მცხოვრები მანონ ჭიღლაძე იყო. სამართალდამცველებმა შეიტყვეს, რომ მანონ ჭიღლაძე მარტოხელა ქალი იყო – მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდა, სოფელში მარტო ცხოვრობდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი მეზობელ სოფელში იყო გათხოვლი, მაგრამ, დედასთან ხშირად არ მოდიოდა, რადგან დედა-შვილს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. მარტოხელა ქალზე, რომელიც სოფლის განაპირას, ძველი ფერმის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, უამრავი ჭორი დადიოდა, რის გამოც მის ქალიშვილს ქმარი დედასთან იშვიათად უშვებდა. შვილის ინფორმაციით, დედა თურქეთში უნდა ყოფილიყო წასული, სადაც ის დროებითი სამუშაოს საძიებლად ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე. იმავე ინფორმაციას ფლობდნენ სოფელში მისი ნაცნობებიც, მათი განცხადებით, მანონი სოფელში ბოლოს ხუთი დღის წინ ნახეს, მეორე დღეს კი ის თურქეთში გამგზავრებას აპირებდა. ამონაწერი ლეილა კუროშვილის ჩვენებიდან: „მანონს დიდი ხანია, ვიცნობ, 17 წელი მაინც იქნება. ადრე ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, პოლიკლინიკაში მუშაობდა ექთნად. ძალიან ლამაზი ქალი იყო, მომხიბვლელი გარეგნობა აქამდეც კი შემორჩა. თავიდან, როცა ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობდა, არაფერი უჭირდათ. მერე მანონმა ვაჭრობა დაიწყო, კომერციული მაღაზია გახსნა, მაგრამ, ვალები დაედო და იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. სწორედ მაშინ გაშორდა მეუღლეს, რომელმაც ნერვიულობის ნიადაგზე სმა დაიწყო. თვითონ უსახლკაროდ დარჩენილი მანონი, ძველ ფერმაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც მათი საკუთრება იყო. იქ ყველაფერი ისე მოაწყო, სახლს დაამსგავსა. ბოლო წლებში ცოტა წელში გაიმართა, რადგან, თურქეთში დაიწყო სამუშაოდ სიარული და ფულსაც აგროვებდა – სახლი უნდა ვიყიდოო. ბოლოს სოფელში მისი გვამის პოვნამდე ხუთი დღით ადრე ვნახე, ფერმაში მივედი მასთან, ჩემი ქმარი იქვე დარაჯად მუშაობს და იმას მივაკითხე, მერე მანონსაც შევუარე. ხვალ დილით თურქეთში მივდივარ და ორი თვე მაინც დავრჩებიო, მითხრა. ეს დღეები არავის მოგვიკითხავს, ჩემმა ქმარმა მითხრა, ფერმას ბოქლომი ადევს, ეტყობა, უკვე წავიდაო. ბოლოს მწყემსმა ეს საზარელი ამბავი ჩამოიტანა სოფელში. ყველა შოკში ვართ. სიმდიდრე მანონს არ ჰქონდა, რომ ვინმეს გაექურდა, არც მტრები ჰყოლია არასდროს. ვის უნდა გაემეტებინა ის სასიკვდილოდ, წარმოდგენა არ გვაქვს არავის”.
სამართალდამცველებმა ქალის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს, დაიწყო გამოძიება. ცხედრის დათვალიერების, მოგვიანებით კი სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მანონ ჭიღლაძეს ორი დაზიანება ცულით ჰქონდა მიყენებული და ორივე დაზიანება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო – ქალს ცული კისრისა და მხრის მიდამოებში ჰქონდა დარტყმული; მას, ასევე, ჭრილობა ჰქონდა თავის არეშიც. მოგვიანებით, მკვლელის დაკავების შემდეგ, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილი იქნა მიწაში ჩაფლული მკვლელობის იარაღიც – დიდი ზომის ნაჯახი, რომლითაც სასტიკი მკვლელობა იყო ჩადენილი. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მკვლელობა მანონ ჭიღლაძის საცხოვრებელ ადგილას, ძველი ფერმის შენობაში იყო ჩადენილი. იმის მიუხედავად, რომ მკვლელს მკვლელობის ყველა კვალი წაეშალა, მათ შორის სისხლის ლაქებიც, მანონ ჭიღლაძის საძინებელი მკვლელობის რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებდა: არაბუნებრივად დალაგებული ხის ტახტი, სავარაუდოდ მკვლელის მიერ სახელდახელოდ უნდა ყოფილიყო გასწორებული. სავარაუდოდ, მკვლელი სწორედ საწოლში უნდა დასხმოდა თავს გარდაცვლილ ქალს, რომლის გვამიც მოგვიანებით ტყის პირას გათხრილ ორმოში იპოვეს.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, მკვლელობაში სავარაუდოდ მონაწილე პირის ძიება დაიწყო: პირველ ყოვლისა შესწავლილ იქნა გარდაცვლილის სანათესაო წრე: დაიკითხნენ გარდაცვლილის ყოფილი ქმარი, შვილი და სიძე, ასევე, მამაკაცი, რომელსაც სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, გარდაცვლილ ქალთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. მანონ ჭიღლაძის ოჯახის წევრების მონაწილეობა ამ სასტიკ მკვლელობაში თავიდანვე გამოირიცხა, მაგრამ, ეჭვქვეშ დარჩა გარდაცვლილის კიდევ ორი ახლო ნათესავი – და და სიძე, რომლებსაც მანონ ჭიღლაძესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე დღეში დააკავეს წარსულში ორჯერ (ქურდობისა და ყაჩაღობისთვის) ნასამართლევი, 40 წლის ზურაბ ოქროშვილი, მანონ ჭიღლაძის დის ქმარი, რომელიც თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მოგვიანებით, სამართალდამცველების მიერ მიკვლეული რამდენიმე გარემოების შემდეგ, ზურაბ ოქროშვილი იძულებული გახდა, ცოლისდის მკვლელობა ეღიარებინა.
ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ჩემი ცოლი და მანონი დები არიან, მაგრამ, ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდათ. მანონმა გაყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემს ცოლსაც ეკუთვნოდა და ჩვენი წილი 500 ლარი არ მოგვცა. ამაზე დებმა რამდენჯერმე იჩხუბეს და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. მე ამ საქმეში არ ჩავრეულვარ, მაგრამ, იმ დღეს ჩემმა ცოლმა წამაქეზა: შენ რა კაცი ხარ, ჩვენი ფული ვერ დავაბრუნებინეთ ამ ქალსო. ცოტა ნასვამი ვიყავი და მანონთან ფერმაში წავედი. დალევა მანონსაც უყვარდა და ერთი ბოთლი არაყი გავიყოლე. მანონი კარგად დამხვდა, ხვალ თურქეთში მივდივარო – მითხრა. ცოტა დავლიეთ, მერე ფულზე ჩამოვუგდე ლაპარაკი. ოღონდ ახლა მაცადეო, – მითხრა, – ეს ხუთასი ლარი თან უნდა წავიღო, თბილისში რაღაც ვალი მაქვს გადასახდელი და, თურქეთიდან რომ ჩამოვალ, მაგ ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთო. მანონი უკვე კარგად ნასვამი იყო, როცა ვუთხარი, აბა ფული მაჩვენე-მეთქი, მერე კი დავამატე 500 ლარი სად გაბადია-მეთქი, მან კი გამოიტანა ფული და ხუმრობით შუბლზე მომაკრო. ბევრი ვიხუმრეთ და ვიმხიარულეთ. უკვე კარგად შექეიფებულები ვიყავით, მანონმა მითხრა: ახლა წადი, დილით ადრე ვარ გასასვლელი და გამოვიძინოო. ეს მითხრა თუ არა, საწოლში გადაწვა და მაშინვე დაეძინა. არ ვიცი, სწორედ მაშინ რატომ გადავწყვიტე, რომ მანონი მომეკლა. გარეთ გავედი და ღრმად ჩაძინება ვაცადე. იქვე ცული იდო, რომლითაც ღუმლისთვის შეშას ჭრიდა, ავიღე ის ცული, ოთახში დავბრუნდი და მანონის თავში დავარტყი. მას თავი გაეპო და სისხლი თქრიალით წამოუვიდა. სისხლმა ისე გამახელა, ცული კიდევ დავარტყი მხარსა და კისერში. ნასვამი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რას ჩავდიოდი, ქალი უცბად გარდაიცვალა. გადავწყვიტე, რომ ცხედარი ტყეში წამეღო და დამემარხა, მანამდე კი ცოტა ხანს იქვე ტახტზე მივწექი, ვიფიქრე: კარგად რომ მოშუაღამევდება, მერე წავალ-მეთქი, მაგრამ იქვე ჩამძინებოდა. რომ გამომეღვიძა, უკვე დილა იყო. გათენებულზე ვეღარ გავიტანდი ცხედარს სახლიდან. ამიტომ, დრო ბევრი მქონდა დაღამებამდე და სახლი მივალაგე, ყველა კვალი წავშალე, სისხლი ყველგან მოვწმინდე. მანონის კარადაში ორი ზეწარი ვიპოვე, გვამი იმაში გავახვიე, შიგვე ჩავყარე სისხლიანი თეთრეული და თოკით ისე გამოვკარი ფქვილის ტომარაში, რომელიც ფერმაში ვიპოვე, რომ ზურგზე იოლად მომეკიდებინა. ფერმიდან მალულად გავედი, წავედი ტყეში, გავთხარე ორმო და ნიჩაბი იქვე დავტოვე, ღამით კიდევ დამჭირდებოდა. სახლიდან გამოსულმა ფერმას კლიტე დავადე, რომ ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეჰქმნოდა, თითქოს მანონი თურქეთში წავიდა და მისი ძებნა არ დაეწყოთ, ვფიქრობდი, ვითომ თურქეთში დარჩა და ამისი მომძებნიც არავინ იქნება-მეთქი; ის ფული კი, რომელიც მანონს სახლში ჰქონდა, თან წავიღე, საფულეში კიდევ ორასი ლარი ვუპოვე და ისიც გავაყოლე ხელს. ცოლისთვის თავიდან არ მითქვამს, ფული საიდან მივიტანე, მერე კი ვუთხარი, მანონს წავართვი-მეთქი. მან ნამდვილად არ იცოდა, მანონი რომ მოვკალი – მკვდარი მარტომ ავიტანე საძოვრების ტყეში, მარტომ ჩავმარხე მიწაში, მერე იქვე მეორე ორმოც გავთხარე, სადაც ცული ჩავფალი, ნიჩაბი ტყეში დავტოვე და ისე დავბრუნდი სოფელში”.
სასამართლოზე, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა შვილმა, დეიდასა და ბიძას ბრალდება 500 ლარის დაბრუნებაზე წაუყენა, რის გამოც სასამართლოზე ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა. გარდაცლილი ქალი არავის ახსოვდა, ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება სახლიდან გატაცებულ ფულს ეხებოდა. მოსამართლემ მოისმინა განსასჯელის აღიარებითი ჩვენება და, დამამძიმებელი გარემოებების გამო ზურაბ ოქროშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.