ვინ დაკარგა ბავშვობის მეგობარი ტერიტორიული სიშორის გამო და რატომ ეძებს კახეთში მცხოვრები ბიჭი რუსეთში წასულ ყოფილ თანაკლასელს
27 წლის ენრი ნოდარის ძე ღვედაშვილი ეძებს 27 წლის ნატაშა ავსიანიკოვას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ყოფილ თანაკლასელსა და ბავშვობის მეგობარს, 27 წლის ნატაშა ავსიანიკოვას (მამის სახელი არ მახსოვს). მე და ნატაშა ერთად ვსწავლობდით კახეთში, ქალაქ წნორის ¹2 საშუალო სკოლაში. ბავშვობიდანვე ვმეგობრობდით და თითქმის ერთად გავიზარდეთ. დაახლოებით მეხუთე კლასის შემდეგ მე ის აღარ მინახავს, რადგან ნატაშას ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში წავიდა და ჩვენი ურთიერთობაც ამის გამო შეწყდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.
– როდის ან როგორ გადაწყვიტე მეგობრის მოძებნა და რა იცი მის შესახებ?
– ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბიჭი ვიყავი, სკოლაშიც ძლივს ვჩერდებოდი გაკვეთილებზე. პირველ კლასში გავიცანი ნატაშა, რომელიც ჩემი თანაკლასელი იყო. სათანადო მაგალითს იძლეოდა ქცევითა და სწავლით; ამას გარდა, ძალიან კარგი და თბილი ადამიანი იყო და დარწმუნებული ვარ, ის არც ახლა შეიცვლებოდა. პირველად ნატაშა რომ დავინახე, მახსოვს, თმა დიდი ბაფთებით ჰქონდა შეკრული და სასწაულად უხდებოდა. შემდგომ მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთ მერხზე ვისხედით და გაკვეთილებზე სულ ერთად ვიყავით. დავმეგობრდით და, როდესაც თავისუფალი დრო გვქონდა, ეზოშიც ერთად ვთამაშობდით. ნატაშა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. სამწუხაროდ, არ მახსოვს, ჰყავს თუ არა მას და ან ძმა, არც მამამისის სახელი მახსოვს, მაგრამ, ვიცი, რომ ნატაშას დედა ეროვნებით რუსი იყო. ნატას ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, მე და ნატა მაშინ მეხუთე კლასში ვიყავით. მას შემდეგ მასთან კავშირი დაკარგული მაქვს. ძალიან მინდა მისი პოვნა და მეგობრობის აღდგენა. ბავშვობის წლები ყველასთვის ძალიან ძვირფასია, ხოლო, რაც დრო გადის და შენს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მით უფრო, გინდება ახლობლების მოძებნა და მონახულება.
– აქამდე თუ ეძებდი მეგობარს და რა ხერხებით?
– მე კახეთში ვცხოვრობ და საცხოვრებელი მისამართი არ შემიცვლია. ნატას კი, როგორც ვიცი, წნორში ნათესავები აღარავინ ჰყავს, ვისაც კი შეეძლო, მასთან დაკავშირებაში დამხმარებოდა. მე ნატას მხოლოდ ინტერნეტით ვეძებდი, იმ საიტებზე, სადაც მეც ვარ დარეგისტრირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. არ არის გამორიცხული, რომ ის გათხოვდა და მეუღლის გვარზეა. მეც, რა ხანია, ოჯახი მაქვს და ძალიან მინდოდა, ნატა ჩემი ოჯახისთვის გამეცნო.
– სანკტ-პეტერბურგში ნატას ნათესავები ჰყავდა? ცნობილია თუ არა შენთვის, ვისთან გადავიდა მისი ოჯახი რუსეთში?
– ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ჰყავს თუ არა ნატას სანკტ-პეტერბურგში ნათესავები. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ დედა ეროვნებით რუსი ჰყავს და თვითონ ნატასაც რუსის გარეგნობა აქვს. არც ის არის გამორიცხული, რომ ამჟამად ნატა არა სანკტ-პეტერბურგში, არამედ, რუსეთის სხვა ქალაქში ცხოვრობდეს.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა მასთან შეხვედრას?
– თუ ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით და, აღმოჩნდება, რომ ნატა საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს, მაშინ, ვერ შევხვდებით, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში კი აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს. ძალიან გამიხარდებოდა მისი პირისპირ ნახვა. ამდენი წელია გასული. თითქმის ყველა თანაკლასელთან დღემდე, ასე თუ ისე, მაქვს კავშირი, ერთადერთი ნატაა ჩვენგან ძალიან შორს.
– შენ გარდა კიდევ თუ ეძებს ვინმე ნატას, მაგალითად, თქვენი საერთო თანაკლასელები?
– ნამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, ეძებენ თუ არა. შეიძლება, ყველა თავისებურად ცდილობს კიდევაც მის მოძებნას, მაგრამ, ეს არც ისე ადვილია, რადგან, უკვე წლებია გასული მას შემდეგ, რაც ის რუსეთშია. თანაც, გოგოა და, შეიძლება, გათხოვდა და გვარიც შეიცვალა. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ: ყველა ჩვენს თანაკლასელს ძალიან გაუხარდება მისი პოვნა და დაკარგული კავშირის აღდგენა, რადგან, საკმაოდ მეგობრული კლასი გვქონდა.