როგორ მოკლა 24 წლის ქართველმა სპეცრაზმელმა, მეტსახელად „ბესმა“, ცნობილი ავღანელი საველე მეთაური, ისმაილ აბუ-ბეგი
1981 წლის 23 ივნისს პაკისტანის დედაქალაქ ისლამ-აბადში 48 წლის ბულგარელი დიპლომატი პლამენ ბორემოროვი მოიტაცეს, რომელიც ერთ-ერთ ჩაიხანაში იმყოფებოდა. დიპლომატის გატაცება ავღანელი საველე მეთაურის, ისმაილ აბუ-ბეგის მეომრებმა განახორციელეს და ბორემოროვი ავღანეთში, ღაზნისთან მდებარე მთიან საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. გატაცების ფაქტი კი აბუ-ბეგის ხელქვეითებმა, გავრცელებული ვიდეოკადრების მეშვეობით, იმით ახსნეს, რომ ბულგარელი დიპლომატი საბჭოთა „გრუს“ დავალებით მოქმედებდა და პაკისტანის დედაქალაქში ავღანელი მოჯაჰედების შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბულგარეთის მთავრობამ მკაცრი პროტესტი გამოთქვა და ბორემოროვის სასწრაფო და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. ამუშავდა დიპლომატიური ცხელი ხაზი. პაკისტანის მთავრობა უკიდურესად შეშფოთდა და ისმაილ აბუ-ბეგს ბორემოროვის სასწრაფო გათავისუფლება მოსთხოვა, რაზეც ავღანელი საველე მეთაური დასთანხმდა, ბულგარელი დიპლომატი 26 ივნისს უნდა დაებრუნებინა. თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოყვანილი დიპლომატი, რომელიც ვერტმფრენში უნდა ჩაესვათ და ისლამაბადში წაეყვანათ, სნაიპერის მიერ გასროლილმა ტყვიამ მოკლა. ეს ყველაფერი საერთაშორისო მისიების თვალწინ მოხდა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ბორემოროვის გათავისუფლების პროცესს. ბულგარელ დიპლომატს, რომელიც მართლაც „გრუზე“ მუშაობდა, 7,62 კალიბრის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა და ტვინი გაასხმევინა. ავღანელი მოჯაჰედების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისლამ-აბადში, მუსტაფა საიდმა პაკისტანური ტელევიზიით გამოსვლისას ბორემოროვის მკვლელობა საბჭოთა მხარეს დააბრალა და ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ თითქოს საბჭოეთი პროვოკაციულ მიზეზს ეძებდა ავღანელებისთვის მორიგი გენოციდის ჩასატარებლად. სინამდვილეში კი, ბორემოროვი, ისმაილ აბუ-ბეგის პირადი ბრძანებით იქნა განადგურებული და ეს ყოველივე ერთადერთი მიზნით განხორციელდა. ბორემოროვი უზარმაზარ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა ავღანელი პარტიზანების შესახებ და „ცეერუს“ რეკომენდაციით, გამოცდილი ბულგარელი მზვერავი ამგვარად გაანეიტრალეს.
27 ივნისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოსკოვიდან სპეციალურად ჩაფრინდა გენერალ-ლეიტენანტი ბოგდან ანდრონიკოვი. ეს ორვარსკვლავიანი „კაგებეს“ გენერალი წარმოშობით ქართველი იყო და ავღანეთის დედაქალაქში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩავიდა, რომ ბორემოროვის მკვლელობის შემკვეთი ისმაილ აბუ-ბეგი უმკაცრესად დაესაჯა. 53 წლის ბოგდან ვარლამის ძე ანდრონიკოვი, რომელიც 1928 წელს იყო დაბადებული, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, სადაც ის 13 წლის ასაკში გაიპარა, ბერლინამდე ჩავიდა და 17 წლის ჭაბუკი ოთხი საბრძოლო ორდენით და უმცროსი ლეიტენანტის ჩინით დაბრუნდა მოსკოვში, რაც უპრეცედენტო რამ იყო. მოგვიანებით, ანდრონიკოვმა ორი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, პარალელურად კი კორეის და ვიეტნამის ომებში მიიღო მონაწილეობა. ავღანეთის ომის დაწყების დროს კი ის „კაგებეს“ სპეცოპერაციების სამმართველოს მეთაურობდა და ქაბულში პირადად იური ანდროპოვის ბრძანებით ჩაფრინდა. ანდრონიკოვმა საგანგებო თათბირი მოიწვია, ძალიან ვიწრო წრეს მისი ვიზიტის მიზანი აუწყა და თქვა:
– მე ერთი მამაცი, ჭკვიანი და ძალიან ფრთხილი კაცი მჭირდება. გყავთ ასეთი?
გენერალმა გრომოვმა, რომელიც ავღანეთში საბჭოთა ჯარებს სარდლობდა, „კაგებეს“ ორვარსკვლავიან გენერალს უთხრა:
– არის ერთი მასეთი კაცი, ბოგდან ვარლამოვიჩ, მაგრამ ის ჰაუპტვახტშია და კიდევ სამი დღე აქვს დარჩენილი – 24 წლის ბესიკ ნაკაშიძე, მეტსახელად „ბესი“.
თანამემამულის ვინაობამ ანდრონიკოვი დააინტერესა და გრომოვს უთხრა:
– საჰაუპტვახტო რა ჩაიდინა?
– „ლიმონკას“ გადაეფარა საკუთარი სხეულით და საბედნიეროდ, არ აფეთქდა. ლიმონკა 10 წლის ნაბიჭვარმა ავღანელმა ბავშვმა გახსნა ხელში და საკუთარ თავთან ერთად ჩვენც გვაფეთქებდა. „ბესმა“ კი იმ შეშლილმა, ბავშვს ლიმონკა წაართვა და ხელი ჰკრა. თვითონ კი მუცლით დაეფარა, მაგრამ, როგორც გითხარით, არ აფეთქდა. ამიტომ, ნაკაშიძე ამ სიგიჟისთვის ჩავსვით.
– ბავშვი? ბავშვს რა უქენით? – იკითხა გენერალმა.
– გავუშვით, ამხანაგო გენერალო, და ესეც „ბესის“ დამსახურებაა.
– ნაკაშიძე რატომ ჩასვით, მან ხომ არა მარტო ბავშვი, არამედ თქვენც გადაგარჩინათ? – თქვა ანდრონიკოვმა.
გრომოვმა თავი გააქნია და ანდრონიკოვს მიუგო:
– საქმე ისაა, ამხანაგო გენერალო, რომ „ბესს“ ღობის იქით შეეძლო გადაეგდო „ლიმონკა“, სადაც ავღანელი ტყვები იყვნენ გამომწყვდეულნი. მან კი ისინიც დაინდო და საკუთარი თავი გაწირა. ისე კი, „ბესი“ საუცხოო მეომარია, ჭკვიანი და ფრთხილი, თან უმამაცესი.
ანდრონიკოვმა ნაკაშიძე სასწრაფოდ გამოაშვებინა და 24 წლის თბილისელ ლეიტენანტს 2 საათი ქართულ ენაზე, პირისპირ ესაუბრა. მეორე დღეს კი ბესარიონ ნაკაშიძე 136 კილომეტრით დაშორებულ ადგილზე გადასვეს და „ბესი“ მოჯაჰედების კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიპარა. სულ რაღაც 48 საათის მერე, „ბესის“ მიერ გასროლილმა ტყვიამ ისმაილ აბუ-ბეგს მარცხენა თვალი გაუხვრიტა, ტვინი გაასხმევინა და ადგილზევე მოკლა. „ბესი“ მშვიდობიანად დაბრუნდა ბაზაზე და ამ დავალების შესრულებისთვის საბრძოლო წითელი დროშის ორდენი მიანიჭეს...