კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ესროლა ვასო გოძიაშვილმა ფრანგული უზარმაზარი გასაღები თავის უფროსს

„მერე რაა, რომ წლები გავიდა, ხმაში გამიჩნდა ბზარი, ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ...“ ეს ვასო გოძიაშვილის სიმღერის ფრაზაა სპექტაკლიდან „ძველი ვოდევილები“, რომლის დამდგმელიც თავადვე გახლდათ. მის გამოჩენას უბრალოდ კარგი განწყობილება მოჰყვებოდა. ყველა იმ მონაცემითა და უბრალოებით, რაც მასში იყო თავმოყრილი, ერთიმეორეს მიყოლებით უნიკალური სახეთა კოლაჟი იქმნებოდა“. გიორგი ციციშვილის წიგნში „ვასო გოძიაშვილი“ არტისტის საყოველთაო აღიარებამდე განვლილი ეტაპებია გადმოცემული, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ახლა კი ერთად გადავათვალიეროთ ის.
„ვასო გოძიაშვილის მამა, დავით ყარამანის ძე გოძიაშვილი ადრე დაქორწინდა. ცოლად გარეკახელი გლეხის, იაგორა ხატიაშვილის ქალი, ეკატერინე მოიყვანა. ვასო ორწლინახევრისაც არ იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ეკატერინე საოცრად ყოჩაღი, ენერგიული და შვილების მოყვარული გამოდგა. ას წელს მიტანებული ბოლო დრომდე თავის ნაბოლარა შვილთან ცხოვრობდა. სამიოდე წლის იქნებოდა ვასო, როცა მისი ოჯახი ანჩისხატიდან კუკიაზე გადასახლდა... გოძიაშვილების მეზობლად მცხოვრებ ზაქარია ჭიჭინაძეს სურდა, ვასო სასულიერო პირად გამოეყვანა და ამიტომ დაბეჯითებით ურჩევდა ეკატერინეს, ბავშვის სასულიერო სასწავლებელში მიბარებას. მანვე მიიყვანა ვასო სიონის ტაძარში, სადაც უნაკლო სმენისა და კარგი ხმის მქონე ბავშვი კოტე ჩარკვიანის მგალობელთა გუნდში ჩარიცხეს. რამდენიმე თვის შემდეგ ვასო პირველი ქართველი მღვდელმთავრის – კირიონ კათალიკოსის ხელთმსახური გახდა. ხშირად ემსახურებოდა ის მეორე ცნობილ სამღვდელო პირს, მიტროპოლიტ ლეონიდეს (შემდგომში კათალიკოსს) და მიტროპოლიტ ანტონსაც. ვასომ შეისწავლა ზარების რეკვა და მალე „სააღდგომოს“ ერთ-ერთი საუკეთესო „დამკვრელის“ სახელი მოიპოვა...
7 წლისა თბილისის ერთკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1912 წელს დაამთავრა. საჭირო იყო სწავლის გაგრძელება, მაგრამ მრავალრიცხოვანი, წვრილშვილიანი, გაჭირვებული ქვრივისთვის ეს მეტად ძნელი აღმოჩნდა და ვასო საზეინკლო სახელოსნოში მიაბარეს შეგირდად... ეს საზეინკლო სახელოსნო თავის დროზე ცნობილ თბილისელ ოსტატს, გოცირიძეს ეკუთვნოდა. გოცირიძე მომთხოვნი, მკაცრი ხელოსანი იყო და შეგირდებიც ბლომად ჰყავდა. მისი სახელოსნო ყოფილი ფეოდოსიევის ქუჩაზე იყო. ზოგჯერ პატარა სახელოსნოს მეპატრონის საამებლად, „ქარხანას“ უწოდებდნენ. აი, სწორედ ამ „ქარხანაში“ მიაბარეს ვასო. მაგრამ, შინაურთა ყურადღებით განებივრებული ვასო, რომელსაც მიმზიდველი გარეგნობის, მკვირცხლი ბუნებისა და მიმნდობი ხასიათის გამო ყველა ესიყვარულებოდა, ვერ იტანდა კუშტი და მწყრალი ოსტატის ტუქსვას. ერთ მშვენიერ დღეს მან თავის ოსტატს უზარმაზარი ფრანგული გასაღები ესროლა და სახელოსნოდან გაიქცა... გარბოდა წლები. ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. მართალია, ეკატერინეს უკვე უფროსი შვილი გიორგი ამოუდგა მხარში, მაგრამ ხელმოკლე ოჯახს ათასი ხარჯი, ათასი საზრუნავი ჰქონდა. მცირე შემოსავალი ბინის გადასახადისა და პურის ფულსაც ძლივს სწვდებოდა. განსაკუთრებით გაუჭირდა გოძიაშვილის ოჯახს პირველი მსოფლიო ომის წლებში, როცა საშინელმა სიძვირემ და სურსათის ნაკლებობამ არაერთი ხელმოკლე ოჯახი გაწირა საშიმშილოდ... გოძიაშვილების ოჯახს დღე და ღამის გასწორება უხდებოდა, რომ როგორმე თავი გაეტანა. ამ ხანებში ვასომ მუშაობა დაიწყო შიკრიკად ჯერ ქალაქის თავის, ცნობილი ხატისოვის კანცელარიაში, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩამტარებელ კომისიაში. ორი გროშისთვის იძულებული იყო, მთელი დღე სულმოუთქმელად ერბინა, რათა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადრესატებისთვის ქაღალდები მიეტანა. თუმცა, ამ სირბილმა მომავალში კეთილი ნაყოფიც გამოიღო: შიკრიკად ყოფნის დროს მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შემდგომ გაამდიდრეს და გაამრავალფეროვნეს მის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეთა გალერეა. თუ არა შიკრიკობა, აბა, ვინ შეუშვებდა მას თბილისელი მილიონერების მდიდრულ „ოსობნიაკებში“... გაიძვერა ხატისოვი თბილისში მცხოვრები სომეხი პლუტოკრატიის მესაიდუმლე და ერთგული დამქაში იყო. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა „არეული დროით შეშფოთებულ თავის ამომრჩევლებთან“ და ამიტომ ფეხმარდი შიკრიკი გამალებული დაარბენინებდა ხატისოვის კანცელარიიდან გამოტანებულ საიდუმლო ცირკულარებს, ინსტრუქციებსა და პირად ბარათებს... უფრო იშვიათი, მაგრამ არცთუ მთლად უცხო სტუმარი იყო ჭაბუკი ვასო დიდგვაროვანი ქართველი არისტოკრატიის სადარბაზოებისაც. აქ გაცილებით ნაკლები სიმდიდრე, მაგრამ გაცილებით მეტი ამპარტავნობა სუფევდა. ისე იღებდნენ შიკრიკისგან დალუქულ, ლურჯ კონვერტებს, როგორც ნაღმს. მაგრამ, განუწყვეტელმა გაჭირვებამ, ლუკმაპურის ძიებაში, წელში გამწყვეტმა მძიმე ფიზიკურმა შრომამ მაინც ვერ გატეხა ფხიანი ჭაბუკის გული... ერთ საღამოს მეზობლის ბიჭმა პატარა ვასო საიდუმლოდ გაიხმო და ჩურჩულით გაანდო: წამოდი, შაურიანს გაშოვნინებო. სირბილით დაეშვნენ კუკიიდან. გამოიარეს ვორონცოვის ხიდი, გოლოვინის პროსპექტზე ამოუხვიეს და ოპერის გვერდითა შესასვლელთან ზარი ჩამოჰკრეს. მეზობლის ბიჭმა ოპერის თეთრწვერა კაპელდინერს რაღაც წასჩურჩულა და ისინი ოპერაში შეუშვეს. ხელიხელჩაკიდებულმა ბიჭებმა ვიწრო დერეფანი გაიარეს და დაბალი კარით სცენაზე მოხვდნენ. ისინი წინ უძღვოდნენ ნეფე-დედოფალს, გუნდრუკს უკმევდნენ მათ და გზაზე ვარდებს უფენდნენ. მხოლოდ შემდეგ გაიგო ვასომ, რომ ეს იყო აბესალომ და ეთერის ქორწინების სცენა. გულის პირველი ძვრა სწორედ იქ იგრძნო მომავალმა ხელოვანმა... დრო გარბოდა და ყოველ ახალ დღეს ახალი ცვლილებები მოსდევდა. მძიმე, მეტად მძიმე იყო ის დღეები, როცა ნესტიან სარდაფში, მსუსხავ სიცივეში, დღიური შრომით მოქანცული ოჯახის წევრები მბჟუტავი ჭრაქის სინათლეზე მაგიდას შემოუსხდებოდნენ და შვიდ ნაწილად ჰყოფდნენ ოთხიოდე კარტოფილსა და დაფშვნილ პურს...
პატარა ვასო, ისევე, როგორც ოპერაში, პირველად ცირკშიც შემთხვევით მოხვდა. მერე კი არათუ სპექტაკლს, რეპეტიციებსაც კი არ აცდენდა და ფარდულში ჩუმად შეპარული თვალმოუშორებლად ათვალიერებდა ყველაფერს, რაც კი ცირკის არენაზე ხდებოდა. ტკაჩოვმა ყურადღება მიაქცია 13-14 წლის მიმზიდველი გარეგნობის ბიჭუნას, რომელსაც შესანიშნავი ხმაც აღმოაჩნდა და თანაც, ისეთი პლასტიკა, რომ მისი ცეკვა ყველას ხიბლავდა. ეს ჭირვეული ანტერპრენიორი კარგ ანაზღაურებას აძლევდა „პატარა არტისტს“ და არც სხვა მხრივ აკლებდა დახმარებას. ტკაჩოვმა მოაწყო ის თავისი მეგობრის, იმ დროს კარგად ცნობილი საცირკო კლოუნის, „დონატოს საცირკო სკოლაში“. ვასო თან სწავლობდა და თან, ბალაგანში „არტისტობდა“, მაგრამ მისი ეს საცირკო კარიერა მეტად მოულოდნელად შეწყდა. ხმებმა პატარა არტისტის შესახებ კუკიამდეც მიაღწია და ვასოს უფროსი ძმა, გიორგი დააინტერესა. ერთ დღეს, გიორგიც ეწვია ტკაჩოვის ბალაგანს, რათა თბილისელი კინტოებისა და ვაჭარ-ხელოსანთა წრეში უკვე განთქმული და პოპულარული პატარა „კინტუა-მომღერალი“ ენახა. ვასოსთვის ეს ერთობ სამახსოვრო წარმოდგენა ძალზე არასასიამოვნოდ შეწყდა: ვასოს უფროსი ძმა, რომელსაც ეგონა, ვასო მხოლოდ ხელობის დაუფლებით არის საზეინკლო სახელოსნოში გართულიო, უეცრად მანეჟზე აიჭრა, უმცროსი ძმა იქვე გაასილაქა, და ყურით წაათრია გასასვლელისკენ, მაგრამ ასეთ წინდაუხედავ ჩარევას ბალაგანის მაყურებლის აჯანყება მოჰყვა. რამდენიმე ფიცხი და გაგულისებული მაყურებელი გადმოიჭრა საყვარელი „მურაზის“ დასახსნელად. უფროსების მოთხოვნით (განსაკუთრებით გიორგის მუქარისა და დედის ვედრების გამო) ვასო იძულებული იყო ბალაგანისთვის თავი დაენებებინა და სხვაგან ეძებნა თავისი მოწოდების საგანი, მაგრამ ბალაგანში გამოსვლებმა ერთი დიდი სარგებლობა მოუტანა მომავალ მსახიობს. ვასომ არტისტობით ორმოც მანეთამდე „თეთრი“ შეაგროვა. ამ თანხას დედისა და ძმის მონაგარიც დაემატა და ეს შეგროვებული ფული გიმნაზიაში შესასვლელ საგამოცდო თანხად შეიტანეს. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ის, როგორც ერთკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელდამთავრებული, გიმნაზიის მეორე კლასში ჩარიცხეს. ამრიგად, პატარა „ცირკაჩი“ გიმნაზისტი გახდა და კოხტა ფორმაში გამოეწყო. ქართული გიმნაზიის კედლებში იწყება ვასოს, როგორ მოქალაქისა და შემოქმედის ფორმირება. ამ ხანებიდან იგი ხდება მუდმივი და ერთგული გულშემატკივარი ქართული დრამატული თეატრისა. მომავალი მსახიობი ხშირი სტუმარი იყო „სახალხო სახლისა“ (ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის შენობა), სადაც ქართული დასი გამოდიოდა. რა იცოდა მაშინ გიმნაზიის ფორმაში გამოწყობილმა ჭაბუკმა, რომ იმავე კედლებში გაიშლებოდა მისი სცენური ნიჭი და ჩაივლიდა თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება“.
***
რაც შეეხება ვასო გოძიაშვილის პირად ცხოვრებას, ის რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე, აგრეთვე ყველასთვის საყვარელი მსახიობი, სესილია თაყაიშვილი გახლდათ, ბოლო მეუღლე კი – ევგენია აკაბეკოვა.
ვასო გოძიაშვილმა და სესილია თაყაიშვილმა ერთმანეთი აკაკი ფაღავას სტუდიაში გაიცნეს. ვიდრე იქორწინებდნენ, ცოლ-ქმარი მათ სცენაზე, გორგო ფულდის „ვირის ჩრდილში“ განასახიერეს. გოძიაშვილი მევირეს, არაჩვეულებრივი სესილია კი, მის ცოლს თამაშობდა. რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ. სესილიას რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადასვლის მიზეზი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ მას მარჯანიშვილის რეჟისურა უფრო მოსწონდა, ვიდრე ახმეტელის. როდესაც გოძიაშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, თაყაიშვილსაც გულმა მისკენ გაუწია. შემდეგ  დაქორწინდნენ. ვაჟი შეეძინათ – დათო. წყვილი ძალიან მალე დაშორდა. ლამაზი ქალების მოტრფიალეს და თავადაც სიმპათიურ გოძიაშვილს ცოლმა ღალატი არ აპატია. მსახიობი წლების შემდეგ ამ ფაქტს შვილიშვილებთან ღიმილით იხსენებდა – „ვაა, ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა, კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!“ სესილია კი, თავის მხრივ, როცა ყოფილი ქმრის ახალი რომანის შესახებ მოჰკრავდა ყურს, იტყოდა – აბა, ამას როგორ გავუძლებდიო.

скачать dle 11.3