ნუ დაატანჯვინებთ თავს ღამის უძილობას
ბევრს უჭირს ღამით დაძინება, რის შედეგადაც დილით თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან თავის აწევა უჭირს. თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.
* დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექტორული ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე.
* თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის.
* უძილობის დასამარცხებლად უებარია შემდეგი სახის აბაზანები: აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, წყალში ჩაყარეთ გვირილის ხმელი ყვავილი, ნაძვის წიწვები და ჩაწექით დაახლოებით 15-20 წუთით.
ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა. ძილის წინ კი არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება, რადგან სუფთა ჰაერი მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პირობაა.
ჰიპერტონიკებისთვის
აუცილებელია პომიდვრისა და ნიგვზის ყოველდღე ჭამა
წნევიანმა ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ყოველდღიურ კვების რაციონს. წნევას შეუმჩნევლად სწევს დაბლა ახალი, ცოცხალი მწვანილი, ასევე, ძალიან სასარგებლოა ყოველდღე თითო მუჭა ნიგვზის ჭამა.
შესანიშნავად წმენდს და აფართოებს სისხლძარღვებს ნატურალური თაფლი, მწვანე ხახვი და ახალი ნიორი.
სისხლძარღვოვან ტონუსს აწესრიგებს წყალში გაზავებული ახალგამოწურული ჭარხლის წვენი. სვით დღეში ერთი ჭიქა.
ჰიპერტონიკებისთვის ძალიან სასარგებლოა და აუცილებელი პომიდორი, რადგან ის შეიცავს ბევრ კალიუმს. მარილის მიღება კი, უნდა შეზღუდოთ. ასევე, მენიუდან გამორიცხეთ კარაქი და ცხიმიანი ყველი. ჭამეთ ქათმის ხორცი, ძროხის მჭლე ხორცი, თევზეული, მოერიდეთ ქონიან და შემწვარ ხორცს.
ხშირი ყელის ტკივილი
რევმატიზმისა და გულის
დაავადებების მიზეზი ხდება
რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ხდება ინფექცია, შემდეგ კი, ორგანიზმის დასუსტების გამო, დაავადება გრძელდება. რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის არსებობასთან. ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება.
ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებს არა მარტო ბაქტერია სტრეპტოკოკზე, არამედ, ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზეც და იწვევს მის დაზიანებას. თუ ეს მოხდა, მაშინ ვითარდება რევმატიზმი, რომელიც პერიოდული გამწვავებით დიდხანს გრძელდება.
რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება შემაერთებელი ქსოვილისგან აგებული ორგანოები, კერძოდ, გულის სარქველები, სახსრები, გულის კუნთი. გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს. რევმატიზმის პირველი შეტევა, შემდგომ კი მისი გამწვავებები, დაკავშირებულია ტონზილიტთან ანუ ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებასთან. შესაძლოა, ეს გამოვლინდეს სახსრების ანთებით-პოლიართრიტით: იწყება ტკივილი სახსრებში, ხდება მათი შესიება, შეწითლება, იზღუდება მოძრაობა. თუმცა, რევმატიზმისგან გულის დაზიანება სახსრების ანთების გარეშეც შეიძლება მოხდეს. გულში ვითარდება რევმატიული ანთება ანუ რევმატიული კამდიტი. ანთებაში ჩართულია შიგნითა გარსი და სარქველები, გულის კუნთი და გულის გარეთა გარსი. შიდა გარსისა და სარქველების დაზიანების შედეგად შეიძლება, ჩამოყალიბდეს გულის მანკი. ეს პროცესი ხშირად ფარულად მიმდინარეობს.
ყოველი გამწვავების შემდეგ, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს გულის სარქველოვანი აპარატი და კუნთი. ამიტომ, რევმატიზმით დაავადებული ადამიანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.
რევმატიზმის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი. მკურნალობა უნდა უტარდებოდეს ანტიბიოტიკებით, არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებებით. ანთებითი პროცესის დიდი აქტიურობის დროს ავადმყოფს უნიშნავენ ჰორმონებს. რევმატიზმის გამწვავების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია, წელიწადში ორჯერ მაინც, ავადმყოფმა პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროს.
რევმატიზმის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს სტრეპტოკოკული ინფექციური კერების დროულ გამოვლენას და მკურნალობას. ყველაზე მეტად ეს ეხება ქრონიკულ ტონზილიტს.
თუ ხშირად გტკივათ ყელი და გაქვთ ჩირქოვანი ტონზილიტი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა, იყოს რევმატიზმის განვითარების საწყისი ეტაპი.
ნახშირწყლებით ღარიბი საკვები ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის
ისინი, ვინც ხანგრძლივად და ხშირად იცავენ ნახშირწყლებით ღარიბ დიეტას, სერიოზული დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგებიან. კვების რაციონში ნახშირწყლების მკვეთრმა დეფიციტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმელების მუშაობის სერიოზული დარღვევები.
ასეთი ტიპის დიეტა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის, ინსულტისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკს. მას ხანმოკლე გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება და ასე შემდეგ.
ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით შეიცავს: კარტოფილი, შაქარი, მაკარონი, ბურღულეული, პური, არაჟანი, ქიშმიში. ამიტომ, მათი მთლიანად გამორიცხვა საკვები მენიუდან ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ნუ დაატანჯვინებთ თავს ცისტიტს
ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა და ამით ბევრი ადამიანი იტანჯება. ხალხურ მედიცინაში არსებობს უძველესი მეთოდები, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს:
* ერთმანეთში აურიეთ 10 გრამი ოხრახუში, 25 გრამი არყის ხის ფოთოლი და 25 გრამი ღვიის ნაყოფი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ წამოადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყოველდღე, გამოჯანმრთელებამდე.
* აურიეთ ერთმანეთში 20-20 გრამი არყის ხის ფოთოლი, სიმინდის ულვაში და ძირტკბილას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 5-6 საათი. შემდეგ წამოადუღეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.
* აიღეთ თანაბარი რაოდენობით წითელი მოცვის ფოთოლი, კრაზანა, დიდგულა და გვირილა, დაასხით 3 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, 2-2 სადილის კოვზი.
შეგიძლიათ ამ ნარევს, ცოტა თაფლი, შაქარი ან მურაბა შეურიოთ, რომ დალევა არ გაგიჭირდეთ. ასევე, სანამ ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ, შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარის მიმართ.
რომელი ხილ-ბოსტნეული წვავს ორგანიზმში დაგროვილ ცხიმებს
აუცილებელია, რომ ადამიანმა დიდი რაოდენობით ჭამოს ცხიმის დამწველი პროდუქტი. ცხიმების დამწველ პროდუქტებში კი შედის ყველა ის საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო დაბალი ენერგეტიკული ღირებულებებით, არამედ, ცხიმების დაწვის მაღალი უნარით.
ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ბევრი გასახდომი პრეპარატების შემადგენლობაში შედის.
ავოკადო ცხიმიანი ხილია, მისი ცხიმი კი განსაკუთრებით სრულფასოვანი ცხიმმჟავაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის აუცილებელია. ავოკადოს ნაყოფი ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას, ამავდროულად, აქვეითებს ინსულინის დონეს და მავნე ტკბილეულის მიმართ მოთხოვნილებას თრგუნავს.
ცხიმების დაგროვების შემაფერხებლად ითვლება პარკოსნები – ბარდა და სოია. ეს მცენარეები შეიცავს საპონინებს, რომლებიც ქოლესტერინის მოლეკულებს დროებით აჩერებენ, ანუ სანამ ისინი ნაწლავებიდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდებიან.
სტაფილოსა და ვაშლში შემავალი პექტინი საკვებ მასას ასქელებს და ნაწლავებისკენ უბიძგებს; ასევე, აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის ცხიმების გარდაქმნას ცხიმუჯრედებად. უცხიმო პროდუქტების დიეტური ღირებულება კი ის არის, რომ, ცხიმების დაბალი შემცველობის გამო, შეგიძლიათ, რაციონში შეუზღუდავი რაოდენობით ჩართოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ბოსტნეულსა და ხილს. მათში კალორიები ცოტაა, სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი და სასარგებლო ფიტონაერთი.
კომბოსტო, სალათის ფოთლები და კიტრი შეგიძლიათ, განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ. მათ ორგანიზმიდან გამოაქვთ ზედმეტი სითხე და საჭმლის მონელების პროცესს უწყობენ ხელს.
პომიდორი მდიდარია კალიუმით, რომელიც არეგულირებს წყალ-მარილის ცვლას ორგანიზმში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წონის სტაბილურობისთვის. ასევე, კარგია ამ მხრივ ვაშლის ძმარი, კერძოდ, გახსენით 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში და უზმოზე დალიეთ. დღის განმავლობაში კი, სადილამდე და ვახშმამდე ათი წუთით ადრე, დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ის ბევრ ვიტამინს შეიცავს და ცხიმების დაწვის უნარი აქვს.
რაც შეეხება მწვანე ჩაის, მის შემადგენლობაში ბევრი პოლიფენოლია, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ამით მეტი კალორია იწვება.