ექიმის რჩევები
კითხვა: იქნებ მირჩიოთ როგორ ვუმკურნალოთ ნაწოლებს?
პასუხი: მეთილურაცილის მალამო რეგულარულად, დღეში 2-ჯერ, თხელი ფენით უნდა წაუსვათ დაზიანებულ ადგილს. მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი, დაავადების სიმძიმისა და დადებითი დინამიკის მიხედვით.
კითხვა: არის თუ არა საჭირო რაიმე განსხვავებული კვება ეგზემის დროს?
პასუხი: ეგზემით დაავადებულთათვის სასურველია ჰიპოალერგენული დიეტა: მოხარშული ხორცი, რძის ნაწარმი, ფაფები, ვაშლის წვენი, კომპოტები, ბოსტნეული, ხილი. აკრძალულია ციტრუსები, შესაზღუდავია სითხისა და ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების (შოკოლადი და სხვა) მიღება. არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელები, მლაშე და ცხარე საკვები, კონსერვები და მარინადები.
კითხვა: დაბადებისას ჩემს შვილს აღმოაჩნდა ჰემანგიომა. ახლა ის 14 წლისაა, ჰემანგიომა არ გაზრდილა. არის თუ არა ის კეთილთვისებიანი და შეიძლება თუ არა, რომ გადაგვარდეს?
პასუხი: ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნია, რომელიც ემბრიონის სისხლძარღვების ჩამოყალიბების დროს მომხდარი დარღვევის შედეგია. მისი გადაგვარება არ ხდება.
კითხვა: რა დაავადებაა აკნე და რით იკურნება?
პასუხი: აკნეს, ანუ ფერიმჭამელას მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულების დახშობა. მის განვითარებას ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, სებორეა, ფუნქციური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს. ასევე, ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი და კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის ან ენდოკრინოლოგის პრეროგატივაა.
კითხვა: ვარ 41 წლის. ბოლო 8 წლის განმავლობაში ზურგზე და მუცელზე უამრავი ყავისფერი ხალი (არა პაპილომა) გამიჩნდა, რომლებიც ფრჩხილით ადვილად ძვრება (რასაც ზოგჯერ ვაკეთებ კიდეც). ექიმმა მითხრა, მოსაშორებელიაო, მაგრამ, იმდენია, რომ ამისთვის ფული არ მეყოფა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: სავარაუდოთ, ეს წარმონაქმნები კერატომებია, რომლებიც ხშირად ჩნდება 35 წლის ასაკის შემდეგ, ძირითადად, ულტრაიისფერი სხივებით დასხივების შედეგად. არავითარ შემთხვევაში მათი თვითნებურად მოშორება ან ტრავმირება არ შეიძლება (ავთვისებიან სიმსივნედ ტრანსფორმაციაა შესაძლებელი). ესთეტიკური თვალსაზრისით, შეგიძლიათ, მოიშოროთ ის წარმონაქმნები, რომლებსაც ტანსაცმელი არ ფარავს, დანარჩენი კი მაქსიმალურად დაიცავით მზის სხივებისგან.
კითხვა: ჩემს მეგობარ ბიჭს 13 წლიდან აქვს ალერგიული ასთმა. მე პატარა ძაღლი მყავს, რომლის ოთახში შემოსვლისთანავე მას ცემინება, ცრემლდენა და ხრჩობა ეწყება. შეიძლება თუ არა ამის მორჩენა?
პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს „გამღიზიანებელ“ ფაქტორთან კონტაქტი. სიმპტომატური მკურნალობის სახით ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
კითხვა: როგორ უნდა მივიღოთ ესპუმიზანი შებერილობის დროს?
პასუხი: მიიღეთ 1-2 კაფსულა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ. ურიგო არ იქნებოდა მეტეორიზმის (შებერილობის) მიზეზის გამოკვლევა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი