კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი ფხიზელ სახლის პატრონზე

„ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ესეც იცოდეთ: სახლის პატრონს რომ სცოდნოდა, რომელ საათზე მოვიდოდა ქურდი, იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლს. ამიტომ თქვენც იყავით მზად, რადგან, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა, რა დროსაც არ ელით“.
მათე 24, 42-44.

რატომ არ უნდა იცოდე უფლის
მეორედ მოსვლის ჟამი?
ძე კაცისა უფალი იესო ქრისტეა, რომელიც დიდებით მოვა ზეციდან და ცოდვა-მადლს ყველას მოჰკითხავს – ცოცხლებსაც და მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებსაც. ამ დიდებულ დღეს ყოველი ქრისტიანი ელოდება, მაგრამ განა ყველა შეხვდება ქრისტე უფალს მომზადებული?
გაიხსენე, როგორ ემზადებით ხოლმე ოჯახში სადღესასწაულოდ მოწვეული სტუმრების დასახვედრად? მშობლები ჯერ სასურველ სტუმრებს მოიპატიჟებენ და შეარჩევენ ადგილს, სადაც სადღესასწაულო სუფრა უნდა გაიშალოს; სტუმრების რაოდენობის მიხედვით, მოამზადებენ ჭურჭელს; დედა ბინას დააწკრიალებს, მამა ბაზრიდან მოზიდავს სურსათს და სამზარეულოში ნაირ-ნაირი კერძის სურნელება დატრიალდება; გაიშლება სუფრა და, ბოლოს, მასპინძლებიც ხომ უნდა გაემზადონ სტუმრების დასახვედრად?
მეორედ მოსვლის დღეს სტუმარს კი არა, ზეციურ მეუფეს, ქრისტე მაცხოვარს უნდა შევეგებოთ! განა შეიძლება, მოუმზადებელი დახვდე უფალს?! შენ ალბათ იკითხავ: თუკი ასეა, და საგულდაგულოდ უნდა მოვემზადო ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის – რატომ არ გვიმჟღავნებს უფალი თავისი მეორედ მოსვლის დღეს და საათს? ეს რომ ვიცოდე, ხომ უფრო კარგად მოვემზადებოდი?
პასუხს ამ იგავში მოძებნი. უფალი იმასაც გასწავლის, რატომ არ უნდა იცოდე ამ შეხვედრის დღე და საათი, და იმასაც, თუ როგორ უნდა ემზადებოდე მასთან შეხვედრისთვის.
უფალი გვირჩევს, რომ ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ. სიფხიზლე სულიერი მხნეობა და სიმტკიცეა. როცა შეეცდები, დღიდან დღემდე ყოველდღიურად ღვთის მოსაწონად იქცეოდე – მაშინ იქნები ფხიზლად; როცა სიხარულით გაეშურები ეკლესიაში, უფლის სახლში, გულმოდგინედ ილოცებ, გულისყურით მოისმენ შენი მოძღვრის ქადაგებას და ხალისიანად მოჰკიდებ ხელს სწავლა-განათლებას – მაშინაც ფხიზლად იქნები; თუკი მთელი გულით გეყვარება შენი მშობლები, და-ძმები, ნათესავები და მეგობრები, გულმოწყალე იქნები გაჭირვებულის მიმართ – ესეც სიფხიზლეა.
უფალი ყოველდღიურ მზადებას გულისხმობს, როცა ამბობს: თქვენც მზად იყავითო. ქურდი და ყაჩაღი მაშინ მოდის მოსაპარად, როცა სახლში არავინაა ან სახლის პატრონს თავის დაცვა არ შეუძლია. გონიერი და ფხიზელი სახლის პატრონის შიშით კი ქურდი ერიდება მოსვლას.
ახლა წარმოიდგინე, რომ სახლის პატრონმა იცის, როდის მოვა ქურდი. რა თქმა უნდა, თავის სახლს ის მხოლოდ იმ დღეს უდარაჯებს ფხიზლად, სხვა დღეებში კი ღამეს არ გაიტეხს, მაგრამ ასე არ ხდება.
და რაკი არ იცის, როდის შეიძლება, ქურდი შემოიპაროს, ამიტომ ამ უსიამოვნო მოულოდნელობისთვის ყოველდღე უნდა იყოს მზად.
აი, რატომ არ უნდა ვიცოდეთ ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე და საათი! უფალი გვაიძულებს, მუდამ ფხიზლად ვიყოთ. ეს დღე და საათი რომ ვიცოდეთ, მაშინ ხომ მარტო ამ დღის მოახლოებისას შევუდგებოდით მზადებას, მანამდე კი ვიფიქრებდით: ჯერ კიდევ შორსაა ეს დღე, რისთვის შევიწუხო თავი?
სახლი ამ იგავში ეკლესიაც არის, სახლის პატრონი ეკლესიის მსახურია: წინამძღვარი ან მღვდელი. ქურდი ბოროტი ეშმაკია, რომელსაც ეკლესიის დაქცევა განუზრახავს. უფალი ეკლესიის მსახურებსაც და მრევლსაც ურჩევს, ყოველთვის ფხიზლად იყვნენ, ლოცვითა და მარხვით, სათნოებითა და სიყვარულით, რწმენითა და სასოებით გაძლიერებულნი დახვდნენ მტერს. მაშინ ქურდივით მოსული  ეშმაკი კუდამოძუებული გაბრუნდება და განშორდება უფლის სახლს.
ნუ შეშფოთდებით იმის გამო, რომ ამ იგავში მოულოდნელ გაქურდვასთან არის შედარებული უფლის მეორედ მოსვლა. უფალი ამ იგავით გვაფრთხილებს, რომ მეორედ მოსვლის დღე ისევე მოულოდნელად დადგება, როგორც სახლის გაქურდვა დაატყდება ხოლმე ოჯახს თავს ელდასავით. შენც ფხიზლად იყავი! რადგან არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი უფალი.

скачать dle 11.3